Wednesday, December 29, 2010

მტრის ხატი – ზღაპრიდან რეალობამდე

იყო და არა იყო რა..... ასე იწყება ყველა ზღაპარი. ზოგან ბოროტი დედინაცვალია მთავარ როლში, რომელიც გამოსაჯანმრთელებლად აუცილებლად გერის გულ–ღვიძლს ითხოვს, ზოგან წყაროსთან ჩასაფრებული ცხრათავიანი დევი, თავების რეგენერაციის უბადლო უნარით დაჯილდოვებული, რომელიც ხალხს წყურვილით კლავს, ზოგან ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი, ზოგან ინტრიგანი მელია, რომელიც დედური ინსტინქტების არმქონე ჩიტს არხეინად უჭამს შვილებს..... რამდენი წლის იყავით ამ ზღაპრებს რომ გიკითხავდნენ მშობლები? სავარაუდოდ 3 – 4–ის. სიხარულის ის შეგრძნებაც გახსოვთ ალბათ – თავმოჭრილი დევების და დახოცილი დრაკონების ამბის შეტყობით გამოწვეული. სწორედ ამ ასაკიდან ყალიბდება ბავშვის ცნობიერებაში მტრის ხატის ცნება.
ქართული ზღაპრები ხომ პირდაპირ მტრის ხატების სამჭედლოა :–)
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუქარა მშობლების მხრიდან: –თუ არ შეჭამ. მგელი მოვა; –თუ არ დაიძინებ, ძაღლი შეგჭამს; – თუ არ დამიჯერებ, ბოროტი კაცი გუდაში ჩაგსვამს და წაგიყვანს......
ვინმეს უფიქრია, როგორ იზაფრება ბავშვი იმის წარმოდგენით, რომ ან მგელი მოუვარდება, რომლისგანაც კარგს არაფერს უნდა ელოდეს, ან ძაღლის ლუკმა გახდება, ან ვიღაც უცხო "ბიძია" ტომარაში ჩატენის და სად წაიყვანს კაცმა არ იცის.
მტრის რაობა ასაკის მატებასთან ერთად ტრანსფორმირდება. თუმცა თვითონ ფაქტი მისი არსებობის შესახებ, ღრმად ილექება მეხსიერებაში, რომლის წაშლა ფაქტობრივად შეუძლებელია.
არ ვიცი ეცალა თუ არა სტალინის დედას შვილისთვის ზღაპრების საკითხავად, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ვაჟის წყალობით დამკვიდრებულმა ტერმინმა "ხალხის მტერი" (რომელიც ფრანგებისგან მოიპარა) და ასეთებად გამოცხადებულების დასჯის მეთოდებმა, მოაზროვნე ქართველების (და არა მარტო ქართველების) უდიდესი ნაწილი შეიწირა. ასე მგონია, მაშინდელი "მტრების" განადგურების საზღაურს ვიხდით დღემდე. ის ხალხი რომ გადარჩენილიყო, იქნებ არ მიგვეღო ასეთი სავალალო შედეგები, იქნებ ავცდენოდით იმ კედელს, ცხვირი რომ მივარტყით დღეს ყველამ.
არადა როგორი ადვილია მასა დაარწმუნო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს "მტერი". მაშინ ერთ–ერთი მთავარი პირობა ის იყო, რომ "მტერი" "მოყვარეზე" ნიჭიერი უნდა ყოფილიყო.
როცა ჩემი დიდი ბაბუა დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ ჩვენება ერთ–ერთმა თანამშრომელმა მისცა, რომელიც ადასტურებდა, რომ ბრალდებული საკუთარ სახლში ანტისაბჭოთა კრებებს ატარებდა. შეკითხვაზე, საიდან იცოდა მან ეს, უპასუხა, რომ კრებებს თვითონაც ესწრებოდა. რა თქმა უნდა უტვინო დამსმენიც ბაბუაჩემის გზას გაუყენეს. ის დაბრუნდა გადასახლებიდან, ჩემი დიდი ბაბუა არა. ათეულობით წლების შემდეგ მივიღეთ ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ის რეაბილიტირებულია. თუმცა ამას მისი შვილებისთვის შვება არ მოუტანია. მათ ხომ ძალიან დიდხანს იცხოვრეს, როგორც ხალხის მტრის შთამომავლებმა. მამა რომ "მავნებელი" არ იყო, ეს ისედაც იცოდნენ.
მტერი მრავალნაირი არსებობს. უხილავი და ხილული, აგრესიული და ეშმაკი, ნამდვილი და სხვების მიერ თავსმოხვეული. მათთან ბრძოლის მეთოდებიც მრავალნაირია. ზოგი მისაღები, ზოგი მიუღებელი, ზოგი კარგის მომტანი, ზოგიც დამღუპველი.
მთავარი ალბათ მაინც სწორი დეფინიციაა.
საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი მტრები "საზიზღარი კაპიტალისტები" იყვნენ. ტელევიზიის ორად–ორი არხიდან გაუთავებლად გვიკიჟინებდნენ, რა ცუდი იყო ყველაფერი დასავლური. იმის ფონზე, როგორ კოცნიდა ტუჩებში ბრეჟნევი პოლიტბიუროს წევრებს და ჩამოსულ სტუმრებს, მოგვიწოდებდნენ დავწეოდით და გაგვესწრო ამერიკისთვს. ძალიან მაინტერესებს, როცა ამ სლოგანს ქმნიდნენ, ნუთუ არავის უფიქრია იმაზე, ქვეყანა,რომლის დაწევას და მერე გასწრებასაც აპირებ, გამოდის, რომ შენზე უკეთესია. აბა მაშინ რატომ გაგიჩნდა სპორტული ჟინი გაეჯიბრო? იქიდანაც არ გვაკლებდნენ "კეთილ სიტყვებს" – ბოროტების იმპერიას გვეძახდნენ და ვიყავით ასე სიამტკბილობაში.
იმ დროს, ამერიკის მერე მტრების სიაში საპატიო მეორე ადგილს ეკლესია და მისი მესვეურები იკავებდნენ. მახსოვს ერთხელ ჩემმა კლასელმა, გამოცდაზე გასვლის წინ პირჯვარი გადაიწერა და ამის გამო შავ დღეში ჩააგდეს.
მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და გაივსო ქვეყანა კრემლის და "სუკის" აგენტებით. ახლა მტერყოფილ, აწ უკვე მეგობარ ამერიკას ვთხოვდით დახმარებას და აღიარებას. როლები შეიცვალა – "მოძმე რუსეთი" მოსისხლე მტერი გახდა, "გარყვნილი ამერიკა" ერთგული მეგობარი. სწორედ ის ამერიკა, In God We Trust რომ უწერია თავის მწვანე დოლარებზე. სხვათა შორის, ის მასწავლებელი, რამდენიმე წლის წინ ყველაზე მეტად რომ აქტიურობდა და პირჯვრის გადაწერის გამო ბავშვის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვდა, მიტინგებზე სანთლებით და ფსკვნილით დადიოდა. არა, სასწაულის მომსწრენი არ ვყოფილვართ. მორწმუნე კი არ გახდა ყოფილი კომკავშირის მდივანი. იმ პერიოდში "ხალხის ოპიუმად" წოდებული რელიგია აღარ მიიჩნეოდა მტრულ ელემენტად. მეტსაც გეტყვით, მოდური გახდა ეკლესიაში სიარული. ასე იყო საჭირო მაშინ და იმიტომ.
90–იან წლებში ერთმანეთს დავერიეთ, სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ, იარაღით ვირბინეთ, თბილისი გადავწვით, "ამისტებმა" "იმისტებს" ვესროლეთ, მეგობრები დავხოცეთ. მაშინ ვინ იყო ჩვენი მტერი? არადა გვიყვარს გადაბრალება. ჩვენ ხომ დამნაშავეები არასდროს ვართ. სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა მტრის ბრალია ჩვენს მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული.
შემდეგ გადავიტანეთ ომი, სადაც არც ჩვენ ვიყავთ ანგელოზები და არც ჩვენი მტრები. შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე ამდენი წელია აფხაზეთი ჩვენი აღარაა. ის მოსაზრება, რომ ომში მტერი მტერია და რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა მოკლა, იმ ერთმა ამბავმა გამიბათილა, რომელიც უკვე სამშვიდობოს, თბილისში ჩამოსულმა გაგრელმა მოხუცმა ცოლ–ქმარმა მომიყვა. ვისაც დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ.
იყო ისეთი პერიოდიც, როცა თითქოს მივჩუმდით. ეს კრემლის აგენტებიც სადღაც გაქრნენ. გაჩნდა "მტრის ხატის ვაკანსია", ტელევიზიებიც დუმდნენ და მოვიწყინეთ. ამიტომ, სახელდახელოდ შევქმენით ახალი "მტერი" (რომელიც ან მანამდე რატომ იყო "მოყვარე" ეგეც გაუგებარია. არადა ჩვენი ხვეწნა–მუდარით და ხოხვა–ფორთხვით გამოვითხოვეთ "მტრის ბანაკიდან") და დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები მის ჩამოსაგდებად. როგორ დამთავრდა ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ამერიკას კიდევ ერთხელ დავუმეგობრდით და რუსეთი ვლანძღეთ. ხო. ასე იყო ეს ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რატომღაც მათ ჩავაბარეთ, გინება განვაგრძეთ (და ვაგინებთ ყოველ დღე 9–ზე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე და 9–ზე). ძალიან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს მტრების მიმართ. შეუძლებელია არ დაიბნე.
2008–ში რაც მოხდა ყველას გვახსოვს და სანამ ცოცხლები ვართ არც დაგვავიწყდება – აგვისტოში ბომბების წვიმა მთელი ქვეყნის თავზე, სასოწარკვეთა და დაუცველობის ისეთი შეგრძნება, რომ მოგინდება დაჯდე და გულამოსკვნილმა იტირო.
დღეს ძალიან ბევრი რუსოფობია საქართველოში. იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. ანალოგიური მდგომარეობაა იქ, იმ 200 მილიონიან ქვეყანაში. მათთვის ჩვენ ვართ მტრები – პატარა ამბიციური ერი, რომელიც თან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს თმობს და თან მათი ბატონობის ქვეშ მოქცევა არ უნდა.
ძნელია არ გძულდეს ის, ვინც სახლში შემოგივარდა, დაგბომბა, მოგკლა, წაგართვა, დაგზაფრა. გახსოვთ ალბათ იმ ზაფხულს, რეალური ომის პარალელურად სოციალური ქსელებით რომ მიმდინარეობდა ორთაბრძოლა. ვისაც სად წაგვასწრებდნენ იქ გვივარდებოდნენ, გვლანძღავდნენ, ნიშნს გვიგებდნენ. ასეთივე მეთოდებით ვპასუხობდით ჩვენც. და ამით კიდევ უფრო ვუღვივებდით ერთმანეთს სიძულვილს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსოფობია ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ქსენოფობია, ჰომოფობია, რასიზმი და ასე შემდეგ. ემოციაზე აგებული ბრძოლა არასდროს მოიტანს სასურველ შედეგს.
მე არ შემიძლია შევიძულო ვისოცკი, იმიტომ, რომ ის რუსი იყო. ვერ უარვყოფ ჩეხოვს და ბულგაკოვს, იმიტომ, რომ მომწონს მათი შემოქმედება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობას ადეკვატურად არ აღვიქვამ, ვერ ვხვდები რა ხდება ირგვლივ. იმის გამო, რომ ვიღაც რუსულ ფილმს ნახავს და მოიწონებს, არ შეიძლება მოღალატე უწოდო. ბევრჯერ დავინახეთ, რამდენი რამის გადატანა შეგვძლებია, რამდენი ძალადობის და უკიდურესი გაჭირვების , მაგრამ როცა საქმე მორალურ შეურაცხყოფამდე მიდის, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ამას ვერავის ვეღარ ვპატიობთ და საბოლოო ჯამში ვიღაცის გამო (სულ ერთია მერე ვინ იქნება მტრად წოდებული ის მესამე პირი) ერთმანეთს დავერევით და ვხოცავთ.

"იბრძოლეთ საქმის და არა პიროვნებების წინააღმდეგ";
"უნდა გძულდეთ მართვის ბრიტანული სისტემა და არა თვითონ ბრიტანელები";
ამ სიტყვებს ერთ–ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი, მაჰათმა განდი ამბობდა. რომ არა ის, დღეს ინდოეთი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. მისი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის დაკავშირებული იყო მის ზნეობრივ მრწამსთან. მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, ოღონდ იბრძოლო გულწრფელად. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრიტანეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განდი იყო პირველი, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა მისთვის "ზურგში დარტყმის მიყენებაზე". მან თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ პატიოსნებაზე და თავგანწირვაზე დაფუძნებული ბრძოლა შესაძლებელია და პოლიტიკა ყოველთვის და ყველას ხელში არაა "ბინძური საქმე".
სიძულვილი ყველაზე დიდი მტერია, რომელსაც კაცობრიობა დამღუპველ შედეგებამდე მიყავს. სიძულვილით შეპყრობილი ადამიანი საკუთარ თავსაც ვნებს და ირგვლივ მყოფებსაც.
ზღაპრებიდან დავიწყე და მაჰათმა განდიმდე მივედი.
რაც შეგვეხება ჩვენ, ყოველთვის იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ და ეს საქმე ასეთი წარმატებით ჯერ ჩვენს არცერთ მტერს არ გამოსვლია.

ქატო იქა, ფქვილი აქა
ჭირი იქა, ლხინი აქა....

აჰა, ხომ გეუბნებოდით ქართული ზღაპრები მტრის ხატების სამჭედლოა თქო? :–)

Tuesday, December 14, 2010

ვაცლავ ჰაველი – ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი პრეზიდენტი

"სულ უფრო ვრწმუნდები, რა აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება, რადგანაც გემოვნება პირველ რიგში განსაზღვრავს , რამდენს ილაპარაკებ, რამდენად ღირს რაღაცის თქმა ან შეკითხვის დასმა. გემოვნება განგასაზღვრინებს სად იხუმრო, სად ილაპარაკო სერიოზულად, როდის ილაპარაკო ქარაგმებით, როდის – პირდაპირ.... როდესაც გემოვნებაზე ვლაპარაკობ, ცხადია ვგულისხმობ გემოვნებას ყველაზე ფართო გაგებით და არა მხოლოდ ჰალსტუხის შესარჩევად საჭირო გემოვნებას".
1936 წლის ოქტომბერში, პრაღაში გაჩნდა პატარა ბიჭი. გახარებულ უფროს ჰაველს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მე–20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ჩეხი პოლიტიკოსის მამა გახდა.
ჰაველები მდიდრები იყვნენ. ვაცლავის მამა პრაღის ყველა მაღალ წერტილზე განლაგებულ უბან "ბარანდოვს" ფლობდა. დედა კი ცნობილი ჟურნალისტის და ელჩის ქალიშვილი იყო. სხვათა შორის, 1920–40–იან წლებში ოჯახი საკმაოდ ინტესიურად იყო ჩაბმული ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში.
ინტელიგენტი მშობლების წყალობით ვაცლავ ჰაველმა, მაჰათმა განდის მსგავსად, საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა მიიღო ოჯახში. თუმცა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ,ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო, მას ფორმალური განათლების მიღება აუკრძალეს. 50–იანი წლების დასაწყისში ჰაველმა ერთ–ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში, ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 4 წლის შემდეგ მისი სურვილი, სწავლა განეგრძო ჰუმანიტარული განხრით, იგივე პოლიტიკური მოსაზრებების გამო სურვილად დარჩა. ამიტომ იძულებული გახდა ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. თუმცა იქ მხოლოდ 2 წელი ისწავლა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, თეატრში, სცენის ასისტენტად დაიწყო მუშაობა და პარალელურად პრაღის თეატრალურ აკადემიაში დრამის ლექციებს ესწრებოდა.
გასაკვირია, მაგრამ ვაცლავ ჰაველმა ცოლად პროლეტარი ოლგა სპლიჩალოვა მოიყვანა.
პირველად ჩეხოსლოვაკიაში მისი სახელი მაშინ გაჟღერდა, როცა თეატრ ბალუსტრადაში მისი პიესა "ბაღის წვეულება" დაიდგა. პიესა მოეწონათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ავტორი გასცდა სოციალისტურ ჩარჩოებს. 1968 წელს, მისი პიესის "მემორანდუმის" ნიუ იორკის საჯარო თეატრში გამოჩენამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა. სწორედ ამიტომ არ იწვევდა პრაღის უნივერსიტეტის რექტორატი ჰაველს აღფრთოვანებულ სტუდენტებთან შესახვედრად. სწორედ ამიტომ კიცხავდნენ კრიტიკოსები "ბურჟუა" ვაცლავს.
თუმცა ეს ხელს სრულებით არ უშლიდა, ჩაეტარებინა ლიტერატურული საღამოები, მოესმინა ახალგაზრდების აზრი, ეწერა ჟურნალ "ტვარჟში", რომელიც სწორედ მისი სტატიების წყალობით გახდა პოპულარული. კომუნისტური მმართველობა იმ პერიოდში აღარ იყო ისეთი მკაცრი, მაგრამ ჟურნალის ბაზაზე არაკომუნისტი მწერლების გაერთიანების შექმნა უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა.
ჟურნალი დაიხურა. იდგა 1968 წელი. პრაღაში რუსული ტანკები შევიდნენ. ვაცლავ ჰაველი მაშინ პირველი იყო, ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი, ვინც მოითხოვა წინ აღდგომოდნენ ამ უსამართლობას. "პრაღის გაზაფხული" ჩაახშეს. დისიდენტი ჰაველი კი 4 თვე ციხეში აყურყუტეს. აიკრძალა მისი პიესები. ციხიდან გამოსულმა ჰაველმა დისიდენტური ორგანიზაცია "ქარტია 77" დააარსა. პარალელურად წერას განაგრძობდა . მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთში, თუმცა ძალიან მალე ის ისევ დააპატიმრეს. ამჯერად 4 წლით.
ამასობაში საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაიწყო. 88–ში ოპოზიციურმა მოძრაობამ ჩეხოსლოვაკიაში პიკს მიაღწია. მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა – ვაცლავ ჰაველი. მან შექმნა "სამოქალაქო ფორუმი" და განაცხადა, რომ მალე ყველა ერთად კომუნისტურ რეჟიმს დაამხობდნენ.
1989 წელს, მაშინ როცა ჩვენ ბარებით და ნიჩბებით დაგვხოცეს და ჩვენი დისიდენტები ხელისუფლებაში დაბინავდნენ, იქ, პრაღაში, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა ჩაეხშო მათი პროტესტი, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს პირველ რიგში ამ საპროტესტო ტალღის ავტორის, ვაცლავ ჰაველის დამსახურება იყო. მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ეკლესიამაც. ეკლესია ჩვენს დისიდენტებსაც ედგა მხარში, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად და რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად განვითარდა.
ჩვენთან 1989 წელს სისხლიანს ეძახიან, ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში კი "ხავედოვანი რევოლუციის" წლადაა ცნობილი.
ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.
როდესაც სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჰაველმა თქვა, რომ ცუდია თუ სლოვაკებს მათთან ერთად ცხოვრება არ სურთ, მაგრამ თუკი ეს ნება ხალხმა რეფერენდუმით გამოხატა, რა გაეწყობა.
ამის გამო ის ბევრმა გააკრიტიკა. ამერიკის მარიონეტს უწოდებდნენ, ლანძღავდნენ, ჩეხოსლოვაკიის დაშლაში სდებდნენ ბრალს.
გავიდა რაღაც პერიოდი და ყველამ თქვა, რომ ჰაველი სწორად მოიქცა. სწორედ მისი წყალობით არ დაერია სამკვდრო–სასიცოცხლოდ ერთმანეთს ორი ერი.
მან ხომ იცოდა. განათლებული კაცია ვაცლავ ჰაველი, მარტო პატრიოტი კი არა. გადასარევად იცოდა სლოვაკეთში ჰიტლერის ჩადებული ნაღმის შესახებ. მას მხოლოდ უნდა შეხებოდნენ. ჰაველი ყველაფერთან ერთად "განაღმვის" ოსტატიც აღმოჩნდა :–)
"პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული ადამიანებში არსებული საუკეთესო თვისებების მობილიზება მოხდება თუ ცუდის. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების მოღვაწეობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე და მათი მოვალეობაა ადამიანებში გამოძებნონ და განავითარონ ყოველივე საუკეთესო. ზოგიერთებს გულუბრყვილო მეოცნებე ვგონივარ, მეოცნებე, რომელსაც, არათავსებადის, ანუ პოლიტიკის და ზნეობის შეთავსება სურს. ეს ძველი სიმღერაა!"
"გულუბრყვილო მეოცნებე" 1993 წელს ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა.
მისი მმართველობის 13 წლის მანძილზე, ქვეყანამ რადიკალური და რაც მთავარია დადებითი ცვლილებები განიცადა.
2003–ში წავიდა. წავიდა მშვიდად, მადლობით. და ამავდროულად მობოდიშებით – "მათ ვისაც იმედები გავუცრუე, გულწრფელად ვწუხვარ და მჯერა, რომ მაპატიებთ".
მართალია ევროკავშირში ჩეხეთი 2004 წელს შევიდა, მაგრამ ეს მთლიანად მათი პირველი პრეზიდენტის დამსახურება იყო.
ვაცლავ ჰაველმა მოახერხა ყველაზე მთავარი – არ აჰყვა პოსტკომუნისტური რეალობის გავრცელებულ ტენდენციებს, არც ფანატიკოსი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ ბელადად იქცა და არც პრაგმატულ ლიდერად. ჩეხოსლოვაკიის დაშლაც ღირსეულად მიიღო და ზნეობრივი პოლიტიკის ერთ–ერთი სიმბოლოც გახდა.
"არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკაში იმარჯვებენ მხოლოდ უსულგულო ცინიკოსები, თავხედები და უტიფრები. ასეთ ადამიანებს პოლიტიკა მართლაც იზიდავს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ყველაზე მეტად პატიოსნება და კარგი აღზრდა ფასდება".
კარგად დავფიქრდეთ და დავიმახსოვროთ, როგორი აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება... მისი ყველაზე ფართო გაგებით.

P.S. ჰო, და მისი გემოვნების მაჩვენებელი ერთი პატარა შტრიხიც – ფრენკ ზაპამ უარი უთხრა, თორემ ვაცლავ ჰაველმა მას ჩეხეთის კულტურის მინისტრობა შესთავაზა.
ეს(ჰაველი) – რა გემოვნებიანი, ის(ზაპა) – რა ჭკვიანი.
ამაზეც ღირს დაფიქრება :–)

Wednesday, December 1, 2010

სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?

ერთი წლის წინ გავიგე, რომ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ბორჩხაძე (სახელი და გვარი თუ მეშლება, მაპატიეთ :–) ) სადებიუტო ფილმის გადაღებას აპირებდა, რომ ფილმს "სეზონი" ერქმეოდა და მისი გმირები ბათუმში უცნაურ ისტორიაში გაეხვეოდნენ. მაშინ მემგონი დავწერე კიდეც, რომ ძალიან მინდოდა ამ ფილმის ნახვის მერე მაინც არ გამოვსულიყავი დარბაზიდან ტექსტით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე".
რამდენიმე დღის თუ ერთი კვირის წინ, ფილმის პრემიერა შედგა. პრემიერაზე წასვლა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ მოვისმინე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი, მათ შორის ისეთებისაც, ვისაც ძირითად შემთხვევებში ვეთანხმები ხოლმე. ფილმის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი იყო. აღნიშნავდნენ, რომ ფილმის ხარისხი კარგია, თუმცა თვითონ ფილმი არ ვარგა, რომ მწირი სიუჟეტი აქვს, რომ არაფერი არ ხდება და შეიძლება ჩაგეძინოს კიდეც. იძლეოდნენ რჩევებს – " თუ მკითხავთ, წახვიდეთ თუ არა ფილმის სანახავდ, მე გეტყვით რომ არ ნახოთ" და კიდევ მრავალი სხვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილმის სანახავად მაინც წავედი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არც "ამარკორდი" დამხვდებოდა, არც "კაბირიას ღამეები" და არც "სანაპირო", თუ "ნაპირი", როგორ ქვია ლეონარდო დიკაპრიოს "Пляж"-ს ქართულად?
მოკლედ ფილმი ვნახე. სხვათა შორის ველოდებოდი როდის დამეძინებოდა, მაგრამ გაგიკვირდებათ და არ დამეძინა :–)))) ხო და კიდევ, აქვე დასაწყისშივე ვიტყვი, ფილმის სპონსორები არიან ლუკოილი, VTB ბანკი და ბილაინი. ეს ისე, რუსოფობებისთვის. მერე, ფილმის ყურებისას პირკატა რომ არ ეცეთ და შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნონ თავი :–))))))))
ხოდა რას ვამბობდი? ფილმი, ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც ხარისხიანია და არ გავს აღიარებული ქართველი რეჟისორების (რა თქმა უნდა გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, ისედაც ყველა მიხვდება) მობილურით გადაღებულ ფილმებს. ჩანს, რომ არც სცენარი დაწერილა "სალფეტკის" ერთ ფარატინა ფურცელზე, ისიც ჩანს, რომ მთელს გადამღებ ჯგუფს უმუშავია და არ უმაიმუნია, როგორი შთაბეჭდილებაც ზემოთხსენებული ფილმების ნახვის შემდეგ მრჩება ხოლმე. კარგია ისიც, რომ ფილმში არაა დაკავებული არცერთი პროფესიონალი მსახიობი. რომ ვთქვა, პროფესიონალი მსახიობებით დახუნძლული ახლადგადაღებული ქართული ფილმები პირდაპირ ფურორს ახდენენ მაყურებელზე თქო, ტყუილი იქნება. ფილმში არაა არცერთი გაცვეთილი და ყელში ამოსული სახე. არაპროფესიონალების კვალობაზე ყველა მშვენივრად ართმევს თავს დავალებას.
აღსანიშნავია ფილმის მუსიკალური გაფორმება. ჩანს, რომ რეჟისორს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ტრაილერში ზეპელინიც ჟღერდა და სად წაიღეს კაშმირი? ველოდი არადა. აი იმ დრამატულ მომენტში, როცა საბოლოოდ დაიჯერებენ, რომ ცუდადაა საქმე და სასოწარკვეთილები გასცქერიან არარსებულ მშველელს.
გამიკვირდა ისიც, რატომ ამბობდა ხალხი, რომ ვერ გაიგეს ფინალი? რა იყო იქ გაუგებარი, ნუ გადამრიეთ :–)
მე არც კინოკრიტიკოსი ვარ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი. არ დავინახოთ ის, რომ რეჟისორი დებიუტანტია და ფაქტია, რომ უკვე გამოცდილ რეჟისორებს (რამდენიმეს მაინც) აჯობა ამ თავისი "სეზონით".
მართლა კარგი იქნებოდა ცოტა დინამიური რომ ყოფილიყო ფილმი, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაუყარო ადამიანს. არა – მაინცდამაინც უარყოფითი შეფასება უნდა მივცეთ ყველაფერს, არ დავინდოთ, არ ვაპატიოთ ერცერთი ლაფსუსი და ამისთვის მედლებს დაგვირიგებენ. ასეთი მიდგომა არ შეიძლება და მორჩა. ამ კრიზისის ფონზე რამეს მაინც თუ დავინახავთ კარგს, ვთქვათ რა. კარგიც ვთქვათ, ხომ შეიძლება?
და კიდევ. ერთი საგულისხმო ფაქტი – ფილმის გამოსვლამდე თვეებით ადრე შემოქმედებით ჯგუფს არ შევუწუხებივართ ფილმის წინასწარი ქება–დიდებით, არ გაუხვრეტიათ ჩვენთვის ტვინი სხვადასხვა შოუებიდან. ამისთვის ნამდვილად არიან მადლობის ღირსები.
მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ამიტომ ვეცდები ნელ–ნელა დავასრულო. ვინმეს არ ჩაეძინოს კითხვისას :–)))))
ერთი რამ მინდა ვთქვა მხოლოდ – ნუ ჩავუკლავთ ყველაფრის კეთების სურვილს ახალგაზრდა რეჟისორებს, მათ ვისშიც არის იმის პოტენცია, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწონ და კარგი ფილმები გვაჩვენონ. ეს რა, ჩვენთვისაც კარგი არ იქნება?
მე წარმატებას ვუსურვებ რეჟისორს და ვეტყვი, რომ მისი ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ნამდვილად არ გამოვსულვარ ტექსით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე" :–))

Monday, November 1, 2010

"შუშანიკის წამება" – ოჯახური დრამა

"იყო მერვესა წელსა, სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძეი არშუშაისი".
პირადი კეთილდღეობის სურვილით შეპყრობილმა ვარსქენმა უპრობლემოდ უარყო სარწმუნოება და მეფის გულის მოსაგებად ასულის ხელიც ითხოვა. თანხმობაც მიიღო და სახლში იმ იმედით წამოვიდა, რომ ცოლ–შვილსაც ადვილად მოაქცევდა ახალ რჯულზე. თუმცა მაინც თადარიგი დაიჭირა და გზიდან შეატყობინა ოჯახს, არტოშანი ვაღიარე, მოვდივარ და თქვენც იგივეს გიპირებთო. იცოდა ალბათ თავისი ცოლის ხასიათი და იფიქრა, სანამ მე ჩავალ მანამდე მოითავებს ჩხუბს და სიბრაზესო. და ძალიანაც შეცდა. შუშანიკი ის ქალი არ იყო ასე ადვილად გადაეყლაპა შეურაცხყოფა.
"ქუეყანასა ზედა დავარდნა და თავის დამართ ცემა" მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვერავინ იტყვის იმას, რომ შუშანიკი არ იყო ნამდვილად მორწმუნე ქრისტიანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მისი პირველი ასეთი მწვავე რეაქცია მხოლოდ ვარსქენის გამაზდეანებას არ გამოუწვევია. პირველ რიგში ის იყო ქალი, რომელმაც გაიგო, რომ სხვაში გაცვალეს. მისი თავმოყვარეობა შეილახა. ამიტომაც წავიდა მახლობელ ეკლესიაში და "მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა". შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, რომ შუშანიკი ცხარე ცრემლით მხოლოდ ქმრის გაურჯულოებას დასტიროდა.
ის პირველი ქალი იყო (საქართველოში. სხვაგან არ ვიცი ამ დროს რა ხდებოდა), რომელიც ქმარს გაეყარა – "არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ". როდესაც ვარსქენმა სახლში დაბრუნება უბრძანა, შუშანიკმა საკმაოდ მკვახე პასუხი შეუთვალა – მე შევქმენი შენთან ოჯახი და მევე შემიძლია მისი დანგრევაო. აქედან ჩანს, რომ ის საკმაოდ ჯიუტი და თამამი ქალი იყო.
შუშანიკმა თავიდანვე იცოდა ვარსქენის სპარსეთში წასვლის მიზანი. მას შეეძლო წინასწარ, მის წასვლამდე გაეკეთებინა ის, რაც ქმრის ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ვარსქენი "საქმიანი შეხვედრიდან" ახალი ცოლით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდა. აი სწორედ მაშინ გადაწყვიტა შუშანიკმა სამაგალითოდ დაესაჯა მოღალატე ქმარი.
მათი დაპირისპირება კარგად ჩანს "პურობის" ეპიზოდში, როდესაც პიტიახშმა მოინდომა ჯოჯიკის და მისი ცოლის გარემოცვაში შერიგებოდა მეუღლეს. აქ გამოიკვეთა პირველად შუშანიკის მძიმე ხასიათი, როდესაც მან "ჭიქაი იგი პირსა შეალეწა" მაზლისცოლს. ამ უტაქტო საქციელმა ვარსქენი გადარია და გათამაშდა "გრუზინი" ქმრის და ურჩი ცოლის სკანდალური სცენა თავისი ასტამებით, თვალის დაბუშტვით, მძვინვარებით და ყივილით. კეთილშობილი ჯოჯიკი შუშანიკის დაცვას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსანახულებლად მისულს, რძალმა არც მას დააკლო ჩხუბი – "და შენ ჯოჯიკ არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს".
ნაცემ დედოფალს იმის თავი მაინც ჰქონდა, რომ იაკობ ხუცესისთვის მოეთხოვა თავისი სამკაულები ვარსქენისთვის დაებრუნებინა. მაგისი არაფერი აღარ მინდაო :–))) და თან ამშვიდებდა სულიერ მოძღვარს, ნუ ნერვიულობ, "დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე"–ო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ღრმად მორწმუნე ადამიანმა ქმარი, თან რეგვენი, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, რომ თავი აცემინო და ამით კიდევ უფრო დაუმძიმო ისედაც ურწმუნო სული?
ვარსქენმა თავის მხრივ, ძალიან კმაყოფილმა მიითვალა სამკაულები და ნიშნისმოგებითაც თქვა: "მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს"–ო. ისიც მეშჩანი :–)))
ჩვეულებრივი ოჯახური დრამაა, არა?
შემდეგ? შემდეგ შუშანიკი კვლავ განაგრძობდა ვარსქენის დასჯას, უინტელექტო პიტიახში კი ცოლის წამებას. თუმცა, არა მგონია, რომ ვარსქენის ასეთი სადისტობა მაინცდამაინც გამაზდეანებით ყოფილიყო გამოწვეული. ის ნებისმიერი აღმსარებლობის შემთხვევაში იქნებოდა ე.წ. "ვირი ქმარი", რომელსაც ცოლი არცერთ სიტყვას არ არჩენდა.
შეეძლო ალბათ შუშანიკს, ქმრის გამაზდეანების შემდეგ, წასულიყო რომელიმე შორეულ მონასტერში, აღკვეცილიყო მონაზვნად და ელოცა თავისი უბადრუკი ქმრის სულისთვის. არა მგონია ვარსქენს თავი მოეკლა და მონასტერ–მონასტერ ეძებნა ხვეწნით,დამიბრუნდი შენი ჭირიმეო. მოქცეულიყო ისე, როგორც მრავალი საუკუნის მერე რუსუდან დედოფალი მოიქცა, როცა მისმა ქმარმა დავითმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ყივჩაღი ქალი მოიყვანა ცოლად. იტირა იმ ქალმა, იგლოვა თავისთვის და არავინ არ შეუწუხებია ისე წავიდა მონასტერში. რატომ არ იხსენიებენ არსად რუსუდანს? იმიტომ, რომ ის არ უცემიათ, მას სხეული არ დაწყლულებია, მატლები არ დახვევია და არავისთვის მიუცია საშუალება გაეროზგათ.
შუშანიკი ცდილობდა ვარსქენის გამაზდეანება და მისი წამება ქართლის საპიტიახშოს საზღვრებს გასცდენოდა და მთელს საქართველოს მოსდებოდა. რასაც მიაღწია კიდეც.
შუშანიკს ძაძები ეცვა, თუმცა ამას ძვირფასი სადედოფლო წამოსასხამით ფარავდა. მიუხედავად ზეციური ცხოვრებისკენ სწრაფვისა, თავმოყვარეობა არ აძლევდა ნებას ძაძები გამოეჩინა. ან ეს დიდებული წამოსასხამი რაღად უნდოდა ნაგვემ დედოფალს, ესეც გაუგებარია. ქმარს გაშორდა და წამოსასხამს მაინც ვერ თმობდა.
მისი წამება 7 წელს გაგრძელდა.
დარმაედი ვარსქენი გადაწყვეტილებას არ ცვლიდა.
არ თმობდა არაფერს შუშანიკიც.
თუმცა წლებმა ქალს ბრაზი ვერ გაუნელა, ვერ აპატია ქმარს დანაშაული. ის ამდენი წლის მერეც ვერ შეეგუა არსებულ მდგომარეობას. მაინც მისტიროდა თავის ძველ ცხოვრებას და ღმერთს ვარსქენის სათანადოდ დასჯას თხოვდა – "მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო და შუენიერებაი სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა".
მასთან თითქმის ყოველ დღე მიდიოდა მისი სულიერი მოძღვარი, ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სასულიერი პირები, უბრალო ხალხი (ერთი მოგვი ქალი მოექცა კიდეც), მოინახულეს ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა. დიახ, სწორედ იმ ქალმა, ჭიქა თავზე რომ გადაალეწა შუშანიკმა.
ასეთი ყურადღების და პატივისცემის მიუხედავად, სიცოცხლე შუშანიკმა მაინც უკმაყოფილო სიტყვებით დაასრულა– "არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის".

P.S. ამას რომ ვწერდი, ერთი, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში წაკითხული მოთხრობა გამახსენდა. ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს. სადაც უმცროსი ძმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გაუმწაროს უფროს ძმას. ერთხელაც, მშობლები 2 დღით დატოვებენ ძმებს მარტო და რაღაც საქმეზე სხვა ქალაქში წავლენ. იმავე საღამოს უმცროსი ბიჭი სახლის სახურავზე ავა და იქიდან გადმოხტება. თავს მოიკლავს. გადმოხტომის წინ კმაყოფილი გაიფიქრებს – ოჰ, რა დღეში ჩააგდებენ ჩემს ძმას, იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ მომაქციაო.

Monday, September 6, 2010

ყვავილებს შორის გაფრენილი პეპლები

ნიკამ ფული კიდევ ერთხელ გადათვალა. კონვერტში ჩადო და უჯრაში შეინახა.
–50 ლარი დამრჩა საშოვნელი, გაიფიქრა კმაყოფილმა და გაიღიმა.
ყოველთვის, როცა თვალებს ხუჭავდა, ფერად–ფერადი ფოიერვერკი და ელენეს გაბრწყინებული სახე წარმოუდგებოდა თვალწინ.
–ელენე ჭკვიანია. ყველაფერს მიხვდება. თუ არადა, ვეტყვი, გაიფიქრა და შეეშინდა.
სახლიდან გამოვიდა.
ელენეს აივანთან ნაბიჯი შეანელა. აიხედა.
–ნიკა, როგორ ხარ?
ელენე ხელს უქნევდა და უღიმოდა.
გაწითლებულმა ნიკამ სირბილით გადაჭრა ქუჩა.
–––––––––––
–ჩემთვის არ გაქვთ საქმე?
–აბა მოუსვი აქედან. ძალიან შემოგვეჩვიე შენ.
–გეხვეწებით რაა. აი, ამ ბლოკებს გადავზიდავ.
–წადი მეთქი. რას გადაგვეკიდა ეს ჭკუასუსტი.
–ნუ ეჩხუბები. ჭკუასუსტია, მაგრამ ძალა ერჩის. კარგი ბიჭია. წამოდი ბიძია ჩემთან.
კაცმა თავჩაღუნულ ნიკას მხარზე ხელი დაჰკრა.
–ქვიშას აი იმ სახლთან მიიტან. შეძლებ?
გახვითქული ნიკა მთელი დღე კმაყოფილი დააგორებდა ქვიშით სავსე ურიკას ხარაჩოების მიმართულებით.
–სკოლაში არ დადიხარ ბიძია შეენ?
–არა, ჩემნაირებს სკოლაში არ იღებენ.
–ეს ფული რაში უნდა დახარჯო?
–ვაგროვებ. სალუტები უნდა გავუშვა.... ერთი გოგოს ფანჯრებთან
–კარგი ბიჭი ხარ შენ.
–შეიძლება ხვალაც რომ მოვიდე?
–მოდი ბიძიკო, მოდი.
გახარებული ნიკა სახლისკენ გარბოდა.
–ჭკუასუსტი ეძახე შენ. გოგოს სიურპრიზს უმზადებს. არ ეჩხუბო ხვალ. იმუშაოს.
–პრემიაც ხომ არ მივცეთ? დამცინავად ჩაიცინა წითურმა მუშამ
–ხვალ მოვა და იმუშავებს, დამარცვლით თქვა კაცმა და წამოდგა.
––––––––––––––
ნიკა ლოგინში იწვა. ელენეზე ფიქრობდა. თვალებს ხუჭავდა და ყვავილებს შორის გაფრენილ პეპლებს ხედავდა.
–––––––––––––––
–ნიკა, მოდი აქ. დაისვენე. აი, პური და ძეხვი. შეჭამე. დღეს კარგად იმუშავე. ამიტომ დამატებით 10 ლარს მიიღებ.
ნიკა გაბადრული ჭამდა ბუტერბროდს და ენის ბორძიკით ცდილობდა მადლობის გადახდას.
––––––––––––––––
დიდხანს ითვალა ფული.
–ერთი დღეც და ბოლომდე შევაგროვებ. ელენეს გაუხარდება. ვიცი.
კონვერტი ისევ უჯრაში ჩადო.
ქუჩაში გავიდა.
ელენეს აივნის ქვეშ ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
-მაინც როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
–რა ვქნა?
–რას ქვია რა ქნა, ბავშვს ხვალ–ზეგ სწავლა ეწყება. წიგნები არ აქვს.
–რამეს მოვახერხებ.
–ვიცი მე შენი მოხერხებულობის ამბავი. წელსაც იმ დახეული ფეხსაცმლით გავუშვათ სკოლაში? დიდია უკვე. დაკომპლექსდება. პალტოც დაუმოკლდა, მესამე წელია აცვია.
–რა ვქნა, არ მაქვს. ვიქურდო?
–რაც გინდა ის ქენი. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. ბავშვი მეცოდება, თორემ ჩემი თავი ჯანდაბას.
ნიკა შეშინებული უსმენდა ცოლ–ქმრის დიალოგს.
კაცი აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა.
ქალი ნერვიულად ფენდა სარეცხს.
–და სხვათა შორის , სარეცხის ფხვნილიც დამთავრდა. იარე გასარეცხი ტანსაცმლით.
კაცმა სიგარეტი მოისროლა და ოთახში შევიდა.
ნიკა წამოდგა, შარვალი ჩამოიფერთხა და ნელი ნაბიჯით სახლისკენ წავიდა.
–ელენეს წიგნები არ აქვს. ელენეს დახეული ფეხსაცმელი აცვია. ელენეს პალტო დაუმოკლდა; ჩუმად იმეორებდა.
უჯრიდან კონვერტი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო.
–ნიკა, ნიკაა, მოდი გვეთამაშე
ბავშვები ყვირილით მისდევდნენ. ნიკას მათკენ არც გაუხედავს, ხელი აუქნია და ქუჩაზე გადავიდა.
სადარბაზოში შევიდა. საფეხურები მუხლების კანკალით აიარა.
კონვერტს კიდევ ერთხელ დახედა, კართან ფრთხილად დადო, ზარი დარეკა და კიბე კისრისტეხით ჩაირბინა.
–––––––––––––––––––––
ოთახს ლამპიონების შუქი მკრთალად ანათებდა.
ნიკა ლოგინში იწვა.
–კიდევ შევაგროვებ ფულს, გაიფიქრა და თვალები დახუჭა.

Friday, September 3, 2010

შორეული ნაოსნობის მეზღვაური :–)))

ამ ქალაქში ყველას ყველაფერი რომ აინტერესებს, ეს ახალი ამბავი არაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც აუცილებელი ვალდებულება იმისა, რომ, შეხვედრისას რამდენიმე შაბლონური შეკითხვა დაგისვან. დარწმუნებული ვარ ყველა გოგო, ვინც ჯერ არ გათხოვილა, ჩემსავით დატანჯულია შეკითხვით:
–შენ კიდევ სახლში ზიხარ? როდის უნდა გათხოვდე?
ამ დროს ზრდილობა არ გაძლევს უფლებას, ბოლოს და ბოლოს მიახალო, რომ აბსოლუტურად არავის საქმე არაა, რამდენ ხანს ვიჯდები სახლში და როდის გადავწყვეტ გათხოვებას. ამიტომ იძულებული ხარ გაუღიმო და რამე სისულელე უპასუხო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბოლო დროს შეკითხვა გაახალგაზრდავდა. ანუ, ადრე თუ მარტო ხანშიშესული ქალები ინტერესდებოდნენ, ახლა შეტევაზე უკვე ახალგაზრდა თაობა გადმოვიდა. თან ძირითადად ისეთები ინეტერესდებიან, ისევ ზრდილობის გამო რომ არ უპასუხებ
– "ზუსტად იმიტომ, რომ შენნაირი ქმარი არ მინდა მყავდეს".
ორი თუ სამი დღის წინ, ჩემი მეგობარი მარიამი შემომჩიოდა, აღარ შემიძლია, რატომ ადარდებს ამ ხალხს ჩემი ბედი, ნუთუ არ შეიძლება სხვა თემაზე ელაპარაკონ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ ნაცნობს, რომელიც გზად რომ არ შეხვედროდა, შეიძლება ისე გასულიყო თვეები, საერთოდ არ გახსენებოდაო.
საქმეც მაგაშია. აქ ზრუნვასთან კი არა, თავისმომაბეზრებელ და დაზეპირებულ შეკითხვასთან გვაქვს საქმე, რომელიც თუ არ დასვეს, თვლიან, რომ მოკითხვის "პროგრამა მინიმუმი" შეუსრულებელი დარჩებათ. ვალს კარგად ვერ მოიხდიან :–)))
სწორედ ამ დროს მომივიდა აზრი და მარიამსაც შევთავაზე. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულისგამაწვრილებელი და ყოვლად უაზრო შეკითხვები პირადი ბედნიერების შესახებ, გამოვაცხადოთ, რომ გავთხოვდით. წინასწარ ვიზრუნოთ იმაზეც, რომ (მერე ქმრების გაცნობაც რომ არ მოგვთხოვონ), ყველა პოტენციურ ცნობისმოყვარეს ჩვენ თვითონ ვუთხრათ, რომ ჩემი ქმარი მეზღვაურია და შორეულ ნაოსნობაშია წასული, მარიამის კი სამხედროა და რომელიღაც გადაკარგულ ქვეყანაში (ეს მარიამის პრეროგატივაა და ქვეყანა თვითონ აირჩიოს) იბრძვის :–)))))
დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნით დავისვენებთ.
თუმცა, რაღაც პერიოდის მერე იგივე მზრუნველი ნაცნობები ახალი შეკითხვებით დაგვესხმიან თავს:
– ბავშვს არ აპირებთ? (ჯერ რა ფორმულირებაა, რას ნიშნავს ეს "აპირებთ"?).
ხოდა ვფიქრობ, რა მოვიგონო? ისღა დამრჩენია, ყველა დაინტერესებულ ნაცნობს ვუთხრა:
–ბავშვი გავაჩინე, ბიჭი, როგორ გამოგეპარათ? მამასთან გავაგზავნე, გემზე, იუნგობას სწავლობს. მინდა პატარაობიდანვე მიეჩვიოს სირთულეების გადალახვას :–))))
მარიამმა თვითონ მოიფიქროს სად გაუშვებს შვილს, ჯერ კადეტთა კორპუსში ჩვილთათვის, თუ პირდაპირ მამასთან, ფრონტის ხაზზე :–))))

Sunday, August 29, 2010

ამსტერდამი–თბილისი

იმ წელს ნაადრევად აცივდა. სექტემბრის ბოლოს ქუჩები ქურთუკიანი ადამიანებით გაივსო. მომაბეზრებლად წვიმდა; წვრილად, მონოტონურად, გადაუღებლად. წვიმის წვეთები ციდან ნემსებივით ცვიოდა.
აეროპორტის ფოიეში ზურგჩანთიანი ბიჭი იდგა, ჩალისფერი თმებით.
–არა მგონია მიგნება გამიჭირდეს. პატარა ქალაქია. ტაქსისტს ეცოდინება ცოტა ინგლისური ბოლოს და ბოლოს.
გარეთ გამოსულმა პირველივე ტაქსი გააჩერა.
-Lisilidze street, please
–ლესელიძეზე გინდა, ჯიგარო?
–Yes, yes, Leselidze street.
ფანჯრიდან ხედავდა გაცრეცილ ცას. თაკოს გაოცებული სახის წარმოდგენაზე წინასწარ ეცინებოდა.
–პირველი შოკი როგორც კი გადაუვლის, მაშინვე ცხელ ყავას მოვთხოვ. ნეტა უკოფეინო ყავა იყიდება ამ ქვეყანაში?
ზარი დარეკა.
კარი მოხუცმა ქალმა გააღო.
–თაკო?! მე მისი მეგობარი ვარ, ბილი, ამსტერდამიდან.
ქალმა მხოლოდ თაკო, ბილი და ამსტერდამი გაიგო, დაბნეულმა თავი დაუქნია და სახლში შეიპატიჟა.
ჰოლში ხელით ანიშნა, აქ დამელოდეო და ოთახში შევიდა.
–შენ გკითხულობენ. ბილი ვარო, ამბობს. ამსტერდამიდან. მემგონი მისამართი შეეშალა.
–რას ამბობ? ბილი? როგორ, აქაა?
გაფითრებული გოგო საწოლში წამოჯდა.
–უთხარი, რომ მისამართი შეეშალა, ან უთხარი, რომ დღეს დილას მოვკვდი. რაც გინდა ის უთხარი. არა, სჯობს უთხრა, რომ სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად და მისამართი არ იც...
სიტყვა გაუწყდა.
კარში ბილი იდგა. ზურგჩანთამოკიდებული და ოდნავ დაბნეული.
–მე, მე....... მე არ მეგონა, რომ....... რატომ ჩამოხვედი, მისამართი როგორ გაიგე? მე .... საწოლიდან ვერ ვდგები. მაქსიმუმ იმ სავარძელში გადავჯდე. მინდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ მეშინოდა, რომ აღარ მოინდომებდი ჩემთან ლაპარაკს. მე.... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩამოხვიდოდი.
გოგოს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. სახეს ხელისგულებით იწმენდდა.
ბილიმ ზურგჩანთიდან რვეული ამოიღო, რამდენიმე წინადადება დაწერა და თაკოს მიაწოდა.
–მუნჯი ხარ?
ბილიმ თავი დაუქნია.
–მეც არ ვიფიქრე რა უცნაური ბიჭია თქო. ქაღალდზე დაწერილი რომ მომაწოდა წეღან – ბილი ვარ და თაკო მინდაო.
სიტუაციაში უცებ გარკვეულმა მოხუცმა ღიმილით მოუსვა მხარზე ხელი ბიჭს და ოთახიდან ფეხების ფრატუნით გავიდა.
–მარტო მუნჯი ხარ? რასაც გელაპარაკები, გესმის?
ბილიმ გაუღიმა და ისევ დაუქნია თავი.
თაკო აღარ ტიროდა. გაოცებული შესცქეროდა მომღიმარ ბიჭს, რომელსაც ნაცრისფერი თვალები და ჩალისფერი თმა ჰქონდა.
–დაჯექი, ბილი. გარეთ წვიმს. შეგცივდებოდა. ცხელ ყავას არ დალევ?
–მთელი გზა ყავაზე ვოცნებობდი.
უკოფეინო ყავის მოთხოვნა მოერიდა.
–დიდი ხანია ვერ დადიხარ?
–ასეთი დავიბადე. ეს ეტლი რომ არ მქონდეს, სახლიდანაც ვერ გავიდოდი. შენც დაბადებიდან მუნჯი ხარ?
–არა, მე 10 წლის ასაკში ვირუსი გადავიტანე. მას მერე ვარ ასე.
–რა საოცრებაა. მე ვერ დავდივარ, შენ ვერ ლაპარაკობ. და მაინცდამაინც ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი.
–ჰო, მართლა საოცრებაა. იქნებ ჩემს ქვეყანაში შველიან შენნაირებს. გავაგზავნოთ შენი დიაგნოზი.
თაკოს გაეღიმა.
–არ გამოვა ჩემი ეტლიდან ადგომა.
–ვცადოთ.
–შეგიძლია აქ დარჩე. სასტუმრო ოთახში დაიძინე. ხვალ თუ არ იწვიმებს, გავისეირნოთ.

–––––––––––––––
ქუჩაში ციოდა. ბილი ფურცელზე რაღაცას წერდა.
–გინდა ცოტა შორს გავისეირნოთ. მე ხომ აქ ვარ, დაგეხმარები.
–კარგი. მოედნამდე ავიდეთ. იცი ეს ქალაქი რამდენი წლისაა?
ბილიმ ხელები გაშალა, საიდან უნდა ვიცოდეო.
–ათას ხუთასის. ძველია. გინდა ლეგენდა მოგიყვე?
ბილი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
თაკო ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა და ბილის უღიმოდა.
ბილი ღრმად ისუნთქავდა საფუნთუშედან გამოსულ სურნელს და უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობდა. თითქოს ჰაერში დადიოდა. გამჭვირვალე ჰაერში. თაკოს ხმა მელოდიური მუსიკასავით ჩაესმოდა.
–აქ უნდა გადავიდეთ.
თაკო წინ მიდიოდა. ბილიმ გაცრეცილ ცას ახედა და გაიფიქრა, რომ თბილისი კარგი ქალაქია. იმიტომ, რომ აქ თაკო ცხოვრობს.
მანქანის მუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა.
საჭეარეული მძღოლი ტროტუარზე ასული თაკოსკენ მიქროდა.
–თაკო, ხმამაღლა დაიყვირა ბილიმ. –თაკო, მარჯვნივ გაიწიე.
მანქანამ დაამუხრუჭა და გაჩერდა.
ბილიმ თაკოსთან მიირბინა და ეტლთან ჩაჯდა. 
–შენ ლაპარაკობ, თქვა ნირწამხდარმა გოგომ.
ბილიმ ზურგჩანთიდან რვეული ამოიღო, სწრაფად დაწერა და თაკოს მიაწოდა:
–ჰო, ყველა დანარჩენისთვის ვლაპარაკობ. შენთვის მუნჯი ვარ. და შეწინააღმდეგებას ნუ ეცდები.
თაკო უყურებდა ასფალტზე ჩამომჯდარ ბიჭს, რომელსაც მზე, რომელიც თბილისის თავზე გამომკრთალიყო, ჩალისფერ თმას კიდევ უფრო უღიავებდა.

Wednesday, August 25, 2010

ამბავი


–ეგ რადიო იქნება რომ დაგღუპავს.
–დაღუპული არ ვარ? საკუთარი სახლის სარდაფში ვიმალები. უარესი რაღა დამემართება.
–თუ უარესის არ გეშინია, რატომ იმალები, წადი, სახლში დაჯექი, შუქიც აანთე და ტელევიზორიც ჩართე. წადი, რატომ არ მიდიხარ?
–ნუ იცი შენ სიტყვებზე გამოკიდება
–ნერვებს მიშლის შენი ფილოსოფოსობა
–ცოლად რომ შეგირთე რა კარგი ხასიათი გქონდა. სიბერეში როგორ გაავდი.
–შენ მაშინაც ტრაბახა იყავი და ახლაც.
–კაი, კაი, ნუ გეწყინა. გაავდი, მაგრამ სამაგიეროდ ისევ ისეთი ლამაზი ხარ.
–ავიც არ ვარ, ხანდახან რომ გავბრაზდები, თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.
–ჰო, არ ხარ. მოდი დაწექი. იქნებ ცოტა გავთბეთ და დაგვეძინოს. რაც აქ ვართ, ძილი შემიყვარდა. თითქმის ყოველ ღამე ჩვენი ახალგაზრდობა მესიზმრება. მზით განათებული ქალაქი, სანაპირო და თოლიები.
ჭიშკარმა გაიჭრიალა. მოხუცები გაჩუმდნენ. თითქოს დროებით სუნთქვაც შეაჩერეს.
–რძე, ცოტა მჭადი და ყველი მოგიტანეთ. აქამდე ვერ მოვედი. ხომ იცით, სანამ არ დაბნელდება, საშიშია.
–შენ რომ არ იყო, შიმშილით დავიხოცებოდით, სუსანა.
–აბა რის მეზობელი ვარ, ნინა. წავალ მე სანამ სიწყნარეა. ვეცდები ხვალაც მოვიდე.
გიორგიმ მჭადის მოზრდილი ნაჭერი ნინას მიაწოდა.
თვითონ რძე მოსვა. ცივი იყო. შეაჟრჟოლა.
–შენ მჭადი და ყველი ჭამე. მე რძეს დავლევ, არ მშია.
–მადა სარდაფის ჰაერმა გაგიქრო, გიორგი? ჭამე, გამომართვი, ორივეს გვეყოფა.
ჩუმად ჭამდნენ. სანთელი ბჟუტავდა.
–ეს ბოლო სანთელია. ხვალიდან ბნელში მოგვიწევს ჯდომა.
–მთავარია, რომ ერთად ვართ.
–ჰო.
გიორგის ღამე მზით გამთბარი ზღვა ესიზმრა.
––––––––––––
–ფეხის ხმა იყო
–სუსანა იქნება. კეთილი ქალია, არ ვავიწყდებით.
კარი გაიღო.
– აი, თუ არ არიან.
სარდაფში სამი სამხედრო იდგა.
–ადექით და სწრაფად გარეთ. მოუწყვიათ რომანტიკა ბებრებს.
მოხუცები უსიტყვოდ წამოდგნენ.
–სუსანას არ ავიწყდებით. ხრინწიანად გაიცინა წვეროსანმა.
ნერწყვგამშრალი გიორგი თავჩაქინდრული მიაბიჯებდა სამხედროს წინ.
ეზოდან გასვლისას ნინამ დაინახა, როგორ შეირხა ოდნავ შესამჩნევად მეზობლის ფარდა.
––––––––––––––
–აი კიდევ ორი ქართველი იმ ქუჩიდან. "პატაკი" ჩააბარა წვეროსანმა უფროსს.
უფროსს კეხიანი ცხვირი და მწვანე თვალები ჰქონდა.
–ხოდა გაიყვანეთ ეზოში.
ნინა დაჟინებით მისჩერებოდა მწვანეთვალება სამხედროს. კაცმა მზერა იგრძნო. მოხუცისკენ გაიხედა....
–ამათ მე მოვუვლი, ცალკე. აქ დატოვეთ. თქვენ ეზოში გადით და დანარჩენებს მიხედეთ.
გიორგი ერთ წერტილს მიშტერებოდა იატაკზე.
ნინა თვალს არ აშორებდა სამხედროს.
–საზღვრამდე ჩემი მეგობარი მიგიყვანთ. მერე თქვენც მოახერხებთ რამეს. უკვე სამშვიდობოს იქნებით.
გიორგი გაოცებული უყურებდა ნინას, რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
––––––––––––––––
–აქედან აღარაა საშიში. ვინმე შეგიფარებთ. თქვენიანები ცხოვრობენ.
–გმადლობ, შვილო. ძლივს გასაგონად თქვა ქალმა.
ცოტა ხანს ჩუმად იარეს.
–ცოცხლები ვართ.
–ვინ იყო ის კაცი, ნინა?
–ხუთი წლის წინ მომაკვდავი შვილი გადავურჩინე.
ქალს ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა ნიკაპი.
იმ ღამეს, სამშვიდობოს გასულ გიორგის თავისი სახლის სარდაფი ესიზმრა. ზღვის ხმა და თოლიების კივილი.

P.S. ამ ისტორიაში არაფერი არ შემიცვლია. სახელებიც კი. დავწერე ის, რაც წლების წინ მოვისმინე უკვე თბილისში ჩამოსული მოხუცი ცოლ–ქმრისგან.
ძალიან მინდა ისევ შემეძლოს მათ კოხტა სახლში მისვლა, სადაც თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი დასასვენებლად, სანამ იქაურობას წაგვართმევდნენ.

Wednesday, August 18, 2010

სურამი Open Air Horror


შენიშვნა: მოთხრობაში ნახსენებ ყოველ პერსონაჟს (ორის გარდა, რომლებიც გამოგონილნი არიან) თავისი პროტოტიპი ყავს რეალურ ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, ყოველი მათგანი თავის თავს ამოიცნობს :–)


მოქმედი პირები:
პაციენტები: 1. გიიომ მესაბლიშვილი
2. შოსტაკოვიჩ ციხითათრიშვილი

ექიმები: 1. დიტმარ ფონ დერ ფოგელვაიდე
2. ლუსიენ კუზნეცოვი

სურამის ადგილობრივი მოსახლეობა (დიტმარის და ლუსიენის მეგობრები):
1. მერიდიტ პარწიკანაშვილი
2. თეთნულდ ბერგმანი
3. ნაომი პაკაცოშვილი
4. ცეზარია დონღუზაშვილი
5. მარჯორი ოქრუაშვილი

ეპოზოდებში: 1. ზიგმუნდი
2. სასწრაფო დახმარების ექიმები



––––––––––––––

–უჰ, პარიკი ოთახში დამრჩა.
გიიომ მესაბლიშვილი პარიკის გარეშე ნახევარი კაცი იყო.
–შოსტაკოვიჩის გამო ღირს უკან აბრუნება?
ხელი ჩაიქნია და თავის ოდნავ შესამჩნევი კანტურით აგურისფერ ბილიკს დაადგა. ბაღის ბოლოში, ტბორთან მისი საყვარელი ვარხვი, მარტოხელა ზიგმუნდი ბუდობდა.
–დილა მშვიდობის, ზიგმუნდ. შენი საყვარელი კაკლის მურაბა მოგიტანე.
ზიგმუნდმა ალმაცერად შეხედა გიიომს და დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა სკორეთი წაებილწა მისი ვარდისფერი სკალპი.
გიიომმა მურაბის ქილა ხელის ცახცახით ჩამოდგა ტბორთან. თვითონ იქვე თავშავას ბუჩქთან ჩაიმუხლა. მორიდებულად იღიმოდა და პერიოდულად იფურთხებოდა. გარეთ გამოსულს სულ ჰქონდა იმის შიში, ცოცხალი არსებები არ გადაყლაპვოდა. სწორედ ეს იყო, მისი ფურთხების მიზეზი – პრევენციის მიზნით. თორემ ისე საკმაოდ კულტურული ადამიანი ბრძანდებოდა.
ტყიდან შავგვრემანი ყმაწვილი გამოვარდა. თვალებს უცნაურად აბრიალებდა და ხმადაბლა ბუტბუტებდა.
გიიომის ყურს ტრანზისტორის ხრიალი მისწვდა.
–მაინც შემეფეთა წყეული შოსტაკოვიჩი.
ერთხელაც გადააფურთხა, გაჭირვებით წამოდგა და კოჭლობით გაემართა სახლისკენ.
–ჰეი, სად გარბიხარ, ნაგიჟარო?
გიიომი შედგა და ისე, რომ უკან არ მოუხედავს, კბილებში გამოსცრა:
–ზიგმუნდთან ნაგიჟარს ნუ მეძახი!
–ყველამ და მათ შორის ზიგმუნდმაც კარგად იცის ამ სახლის ბინადრების ამბავი. სირცხვილი ის იქნებოდა რომ არ გემკურნალა.... მოიცა, მოიცა, პარიკი ვინ აგაგლიჯა მაგ ბურთივით მრგვალი თავიდან?
–შოსტაკოვიჩ, შეწყვიტე.
გიიომს ნერვიულად აუთამაშდა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი. ყოველთვის ასე ემართებოდა ძლიერი აღელვების დროს.
შოსტაკოვიჩ ციხითათრიშვილს თავი უკან გადაეგდო და ისტერიულად ხარხარებდა. ნელ–ნელა ტუჩის კუთხეებში ქათქათა დუჟი მოადგა.
–სიცილის შეტევა დაეწყო, გაიფიქრა გიიომმა. ახლა ყველაფერს მე დამაბრალებენ.

––––––––––––––

დიტმარ ფონ დერ ფოგელვაიდემ ბოლო პაციენტი გაისტუმრა, რამდენიმე, სხვადასხვა ფერის აბი გადაყლაპა და ხელების ფშვნეტით გაემართა ბუფეტისკენ. დღეს შემწვარი ბატი ქონდათ სადილად.
ექიმი ლტოლვილი იყო გერმანიიდან, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. ყოველთვის აკურატულად გამოწყობილი, ღიღინით დადიოდა კლინიკის დერეფნებში. ოღონდ რატომღაც ყოველთვის ქალის პარტიას ასრულებდა სხვადასხვა ოპერებიდან. თავისთვის, ხმადაბლა მღეროდა. მხოლოდ ხანდახან თუ შეიჭრებოდა როლებში და წამოიკივლებდა, მაგრამ მალევე მოეგებოდა გონს და დაბნეულ პაციენტებს ღიმილით ესალმებოდა.
შოსტაკოვიჩის ხარხარი დიტმარს ბუფეტისკენ მიმავალ გზაზე შემოესმა.
სასწრაფოდ ეზოში გავარდა. ჭიშკართან გიიომი შეეფეთა, რომელიც დაოთხილი გამორბოდა კლინიკის მიმართულებით.
–ისევ უპარიკოდ დაენახეთ, არა? ხომ იცით მისთვის გაცინება არ შეიძლება. ბოროტი ადამიანი ხართ, გიიომ.
–მე ზიგმუნდთან ვიყავი სტუმრად. სულ არ მიფიქრია, რომ შოსტაკოვიჩი ამ დილაადრიან გადაწყვეტდა ტყეში გასეირნებას.
დიტმარი აღარ უსმენდა. ტყისკენ გარბოდა. გიიომიც ცახცახით მიყვებოდა უკან.
შოსტაკოვიჩი ხავსმოდებულ მიწაზე იჯდა თვალებგადმოკარკლული და სიცილისგან ღონემიხდილი, ხაოდა.
დიტმარი შეეცადა პირი გაეღო მისთვის და წამალი ჩაესხა, თუმცა იცოდა, რომ აუცილებლად დაკბენდა შოსტი, როგორც თვითონ შეარქვა მოფერებით საყვარელ პაციენტს.
რამოდენიმე წუთში დაკბენილი ექიმი ვენაში დამამშვიდებელს უკეთებდა თავჩაქინდრულ შოსტაკოვიჩს.
–ექიმო, ხელში ამიყვანეთ და ისე წამიყვანეთ ჩემს ოთახში, ძლივს ამოილუღლუღა.
წამალი მოქმედებას იწყებდა.
–გიიომ მესაბლიშვილო, მე არ ვიყო შოსტაკოვიჩი, შენ თუ გონების დაკარგვამდე არ გატირო. ოღონდ შეტევა რომ დაგემართება, შენ კი არ აგიყვანს ხელში დიტმარი. მიდი მერე და შენს ქეციან ზიგმუნდს თხოვე დახმარება.
–ნუ ლაპარაკობ ამდენს, შოსტ. შენ ახლა უნდა დაიძნო.
გიიომი დამნაშავის სახით უყურებდა დიტმარის მკლავებზე გადაწოლილ და თითქმის გათიშულ შოსტს, რომელიც პერიოდულად თვალებს ისევ აბრიალებდა.
–ბატი გაცივდებოდა, ფიქრობდა გაავებული დიტმარი, რომელსაც ხელები ჩამოაწყდა საკმაოდ მძიმე პაციენტის თრევით.
საწოლში ფრთხილად ჩააწვინა, კიდევ ერთი ნემსი გაუკეთა, საღამური პერანგი ჩააცვა, თავზე ჩაჩი დაახურა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა.
–ახლა ამას უყარაულე, რომ გიიომი არ ატიროს. ღმერთო, რა დღეში ვარ.
თუმცა ბუფეტისკენ მიმავალი უკვე საკმაოდ ხმამაღლა ღიღინებდა ჯულიეტას პარტიას.

–––––––––––––––––––––

ლუსიენ კუზნეცოვი უკვე სადილობდა. დიდი ხანია მობეზრდა დიტმარის ლოდინი. უკმაყოფილო სახით კვნეტდა ბატის ფრთას და ვაშლის თბილ კომპოტს აყოლებდა.
–გადაყევი მაგ არანორმალურებს. მალე შენც მათნაირი გახდები.
–რა ვქნა ლუსიენ, შეტევა ქონდა შოსტაკოვიჩს. არ მიმეხედა? შენ რა გიჭირს, მშვიდი პაციენტები გყავს.
–დროზე შეჭამე და სოფელში ჩავიდეთ. ნაომიმ დამირეკა, ნამცხვარზე გვეპატიჟება.
ნამცხვრის ხსენებით ნასიამოვნები დიტმარი ხარბად დააცხრა ბატის ფერდს და პირისკენ გაიქანა.
–ბრინჯი არ გვაქვს დღეს? პირგამოტენილი ფონ დერ ფოგელვაიდე ოფიციანტს მიუბრუნდა.
–იქნებ ნაწლავების გადახლართვა დაიმართო. ამდენი საჭმელი სად გეტევა?
–შენ მეუბნები მაგას? რაც სურამში ჩამოხვედი კანში ვეღარ ეტევი.
–გადაყლაპე და ისე ილაპარაკე. მაინც რა უკულტურო ხარ
–რას ამბობ, ჩემზე დახვეწილ და რაფინირებულ ადამიანს მთელს სურამში ვერ იპოვი.
დანაყრებული დიტმარი სკამის საზურგეზე ზანტად გადაწვა.
ლუსიენი სიგარეტს ეწეოდა და დაფიქრებული გაჰყურებდა მწვანეში ჩაფლულ ეზოს.

–––––––––––––––––

ნაომი კლინიკისგან მოშორებით, ერთსართულიან კოხტა სახლში ცხოვრობდა.
მუდმივად დიეტაზე მყოფი, ისტერიულად აცხობდა ნამცხვრებს და საღამოობით, კითხვაში გართული, ვერც ამჩნევდა როგორ ავლებდა მუსრს ტკბილეულს.
უკვე ბინდდებოდა, როცა ლუსიენი და დიტმარი ნაომის ეზოს მიადგნენ.
ნაომის უკვე მოესწრო ორი ნაჭერი ნამცხვრის შეჭმა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოედგა და მეგობრების მოლოდინში, სავარძელში კომფორტულად მოკალათებული, შონ პენის ახალი ფილმით იქცევდა თავს.
–ოჰ, მობრძანდით? გოგოები სად არიან?
–ცეზარია, მარჯორი და თეთნულდი გზაში არიან. მერედიტი სიმონს და არეტას დააძინებს და მოვა. თვითონაც თუ არ დაიძნა მანამდე. საბრინა და ნათანიელი ვერ მოვლენ. ვალენტინს ვერ უტოვებენ ვერავის.
–ყავა მზადაა. დიტმარ, შენ უშაქრო. ლუსიენ, შენ ჩაი ხომ არ გირჩევნია?
დიტმარმა არაფრისმთქმელი სახით მოსვა ყავა.
–ნაომი, ცივი წყალი არ ჩამიმატე ყავაში? ნამცხვარი მომიჭერი და მომიტანე, რაა
–ღმერთო ჩემო, რა მომაბეზრებელი ადამიანი ხარ. სულ რაღაცას ითხოვ გაუთავებლად. შეხედე ლუსიენს, ზის თავისთვის, ჩაი მივუტანე და სვამს. ამას ყავა მოუმზადე, მერე ცივი წყალი დაუმარე, მერე ნამცხვარი მიართვი....
–ისტერიჩკა, ჩაილაპარაკა დიტმარმა და სიგარეტი აიღო. –ასანთიც გამოაყოლე, რაა.
ნაომი ჩხუბობდა და თან მორჩილად ასრულებდა ფონ დერ ფოგელვაიდეს მოთხოვნებს.
–რა ხდება პლანტაციაზე, დაკმაყოფილდა სარანჩების გუნდი?
–არა, ჯერ კიდევ ეზიდებიან მოსავალს. მემგონი გადაწყვიტეს ბოლო მარცვლამდე წაიღონ ყველაფერი.
ნაომი აშკარად შეწუხებული იყო პლანტაციის ბედით.

–––––––––––––––

ცეზარია დონღუზაშვილი უკვე ერთი საათია თეთნულდ ბერგმანს ელოდება, რომელიც "2 წუთში" უნდა მოვიდეს.
–დროის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
ცეზარია ნერვულად დადიოდა ოთახში და პერიოდულად სარკისკენ აპარებდა თვალს.
მისი მთავარი გატაცება უცხოპლანეტელებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება იყო. შეეძლო საათობით მჯდარიყო მარტო და ვარსკვლავებისთვის ემზირა, იმ იმედით, რომ რომელიმე პლანეტის ბინადარი მის ფანჯარასთან ჩამოფრინდებოდა.
ახლაც, ლოდინისგან დაღლილი, აივანზე ჩამოჯდა და ცას თვალი გაუშტერა.
ფიქრი თეთნულდის ზარმა შეაწყვეტინა.
მანქანაში, აჟიტირებული მარჯორი ოქრუაშვილი, რომელსაც თმის გაშრობა ვერ მოესწრო და ისე გამოქცეულიყო აუზიდან, ყვებოდა როგორ გაიცნო ბოლოს და ბოლოს ნოელი. ცეზარია კვლავ ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე ფიქრობდა. თეთნულდი კი უკვე მესამედ არტყამდა წრეს სურამის ციხეს და კიდევ ვერ გაერკვია რა მიმართულებით უნდა გაეხვია, ნაომის სახლთან რომ მისულიყო.

–––––––––––––––––––

შუაღამე გადასული იყო, როცა ნაომის სახლის კარი აქოშინებულმა მერიდიტ პარწიკანაშვილმა შეაღო.
–დიტმარ, ნაომის ეზოში შენი პაციენტია. ხელში უზარმაზარი კალია უჭირავს და ტირის.
თეთნულდის კივილმა სურამი შეძრა.
კალიის ხსენებაზე ყოველთვის წარმოუდგენელი ძალა ეძლეოდა. ახლაც, ფეხის ერთი დაკვრით კარადის თავზე მოექცა და იქიდან იმუქრებოდა, სანამ მაგ საზარელ მწერს არ მოკლავთ, აქ ვიჯდებიო.
თუმცა იმ საღამოს თეთნულდზე მნიშვნელოვანი გიიომი იყო.
სახლის კიბესთან იდგა, ცრემლგამშრალი, უკვე გაბმულად ზმუოდა და კალიის მოკვლით იმუქრებოდა, თუ თავის პარიკს არ დაუბრუნებდნენ.
–მოკალით კალია, კარადის თავიდან ბრძანება გასცა თეთნულდმა
–არ მოკლათ, რა დააშავა. შენ ვინმეს რომ ეზიზღებოდე, უნდა მოგკლას? და საერთოდ, რა დროს ესაა, უშველეთ ამ მელოტ კაცს რომელიმემ. ნაომი შეაშინებული უყურებდა გიიომს.
–დიტმარ, შეეშვი ამ ნამცხვარს და მიხედე ადამიანს, შეწუხებული სახით ამბობდა ცეზარია.
მარჯორი უკვე გარეთ იყო და ამაოდ ცდილობდა გიიომის დამშვიდებას.
–დამიბრუნოს ჩემი პარიკი. თმის გარეშე ნახევარი კაცი ვარ. მოთქვამდა შეშლილი და თავში ხელებს იცემდა.
–წამალი მაინც გვქონდეს თან, ჩაილაპარაკა ნერვებმოშლილმა ლუსიენმა
დიტმარი კუზნეცოვის დახმარებით ცდილობდა როგორმე გაეკოჭა გიიომი.
მერედიტი სასწრაფო დახმარების სამსახურში რეკავდა.
ვერავინ ვერ დაინახა როდის შემოვიდა ეზოში შოსტაკოვიჩი. დიტმარს და გიიომს უკნიდან მიეპარა და ექიმს ზურგზე მოახტა. ფონ დერ ფოგელვაიდე წაიქცა, პაციენტი ზემოდან დაეცა. კალიამ დრო იხელთა, ისკუპა და სწორედ იმ ოთხში შევარდა, სადაც თეთნულდი იყო გამაგრებული. ცეზარიამ ინსტიქტურად კარი მიხურა. ბერგმანის შეყვირებამ სახლი შეაზანზარა. ფანჯარა ხმაურით გაიღო. თმაგაშლილმა თეთნულდმა გაურკვეველი ტრაექტორიების ხაზვა დაიწყო ეზოში.
მერედიტი ფანჯრიდან ხედავდა, როგორ ებრძოდა დიტმარს მისი საყვარელი პაციენტი შოსტი.
ნახევრადგაკოჭილი გიიომი მარჯორისკენ მიიწევდა და ყველა უბედურებაში, რაც თავს გადახდა, მას სდებდა ბრალს. მარჯორი ოქრუაშვილის განრისხებამ პიკს მიაღწია და გიიომს სახეში სახლიდან ხელს გამოყოლილი მარაო გაარტყა.
სწორედ ამ დროს შეამჩნია ცეზარიამ, როგორ ჩაიქროლა ცაზე სფეროსებრმა მანათობელმა ობიექტმა.
ჭიშკარს სასწრაფო დახმარების მანქანა მოადგა.
უჩვეულოდ გაავებული დიტმარი ერთ დროს საყვარელ პაციენტს ახრჩობდა.
მერედიტი ცდილობდა დუჟმორეული შოსტი გამხეცებული დიტმარისგან დაეხსნა და თვითონაც იმ გორგლის შემადგენელი ნაწილი გახდა, საიდანაც ხან შოსტის თავი და ხანაც ფოგელვაიდეს ფეხი ჩანდა.
თმაგაჩეჩილი ნაომი დიტმარს ლანძღავდა და პარალელურად მორბენალი თეთნულდის შეჩერებას ცდილობდა.
მარჯორი ნახევრადგაკოჭილი გიიომის გვერდზე იჯდა და თავის სველ თმას დასტიროდა, რომლის გაშრობაც ვერ მოასწრო. პერიოდულად ნოელს ეძახდა, უხილავი კონსულისგან გერმანიის ვიზას ითხოვდა და გიიომს პარიკის დაბრუნებაში დახმარებას პირდებოდა.
ცეზარია ხელებგაშლილი მიიჩქაროდი იმ ადგილისკენ, სადაც მანათობელი სფერო ჩამოვარდა.
ლუსიენ კუზნეცოვი ცდილობდა ექიმებისთვის აეხსნა ვინ იყო შეშლილი და ვინ საჭიროებდა სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას. თან იქვე დასძენდა, რომ ასე მაგრად გიიომი მან გაკოჭა.

–––––––––––––––

–რა კარგია ყველა ერთად რომ ვართ. –იქნებ ჭამის დროს მაინც გაგვიხსნათ ხელები. გააპროტესრა ნაომიმ.
–დღეს ნამცხვარი გვექნება დესერტად? იკითხა დიტმარმა და ტუჩები გაილოკა.
–ნამცხვარს ექიმებს აჭმევენ, ჩვენ ალბათ ისევ კისელი, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თეთნულდმა.
–მერედიტ, მოდი ვთხოვოთ იმ ექიმს, კეთილი სახე აქვს, იქნებ გაგვიშვას ეზოში სასეირნოდ.
–არა მგონია მარჯორი, ხომ ნახე გუშინ ცეზარია რომ გაიპარა, ყველა როგორ დაგვსაჯეს.
–ცეზარია, არ გშია? გასძახა ნაომიმ
–არა, მალე დაღამდება. მანათობელ სფეროს ველოდები. ცეზარია იღიმოდა.
–რამდენი უნდა ჭამო დიტმარ?
–კარგი რა ლუსიენ, შენს თავს შეხედე, კანში ვეღარ ეტევი.

–––––––––––––––––

–გიიომ, აი წებო. პარიკი დაიწებე და აღარ დაგინახო შოსტაკოვიჩთან ერთად გავლილი.
–გმადლობ, ექიმო.

აცრემლებულმა გიიომმა თავზე წებო დაისხა და პარიკი დაიხურა.
თავჩაქინდრული შოსტაკოვიჩი ეზოს კუთხეში იჯდა და მიწას ჩიჩქნიდა.
ზიგმუნდი ამაოდ ელოდა კაკლის მურაბას.


P.S. მარიკამ როგორც ყოველთვის, პირველივე აბზაცზე მიმატოვა და დაიძინა :–))))
თუმცა პერსონაჟების სახელების შერჩევაში მონაწილეობა მიიღო :–))





Monday, August 16, 2010

პრინციპში, მხიარული ისტორია. თავის დროზე დიდ ტრაგედიად აღქმული :–)

არაფერი ისეთი ადვილი არაა, როგორც 15 წლის გოგოს გამიჯნურება, რომელსაც რეპეტიტორებთან სიარული ტანჯვად აქვს გადაქცეული, ზამთრის ერთფეროვან დღეებს კი იმ ბიჭზე ფიქრი უხალისებს, რომელიც ცოტა ხნის წინ მეგობრის სახლში გაიცნო და პირველი ნახვისთანავე გადაწყვიტა, რომ უყვარს.
დიახ, ეს პირველი სერიოზული გატაცება გახლდათ (თუ არ ჩავთვლით ბაღელ ალიოშკას, რომელმაც წარმოუდგენელი გმირობის ფასად დაიმსახურა ჩემი სიყვარული :–) )

გატაცება თქო ახლა ვამბობ, თორემ მაშინ, საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული 15 წლის "ძალიან დიდი გოგო" ვიყავი და ვერავინ დამიმტკიცებდა, რომ ის ბიჭი ცხოვრების ბოლომდე არ მეყვარებოდა.
იმ საბედისწერო შუადღეს, მასწავლებლის სახლისკენ მიმავალმა, ქუჩის ბოლოში მისი თეთრი მანქანა შევნიშნე. გულისცემა სადღაც ყელის მიდამოებში ვიგრძენი. მანქანა ნელ–ნელა მიახლოვდებოდა და მე ჩუმად ვიმეორებდი – გააჩერებს თუ არა, გააჩერებს თუ არა.....
მანქანამ ოდნავ გამასწრო და გაჩერდა.უკვე ბუნდოვნად ვხედავდი ჩემსკენ მომავალ, გაღიმებულ ბიჭს, რომელიც მომიახლოვდა და გადამკოცნა. ნახევრად გონდაკარგული ვიდექი და აბსოლუტურად ვეღარ აღვიქვამდი რეალობას. ის მელაპარაკებოდა და მეც შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი. რას არ მახსოვს. რაღაცნაირად, შიგნიდან მესმოდა საკუთარი ხმა.
ცოტა რომ დავმშვიდდი, შევამჩნიე, რომ ბიჭი პერიოდულად ჩემს ჩექმებს აკვირდებოდა. დაბნეული გამიღიმებდა, რაღაცას მკითხავდა და ისევ ჩექმებისკენ აპარებდა თვალს. კი მიკვირდა, მაგრამ უკვე ნელ–ნელა გონს მოსული, ვუყვებოდი, როგორ ვიტანჯები მასწავლებლებთან სიარულით და გაუთავებელი მეცადინეობით. როცა აღმოვაჩინე, რომ ისევ ჩემი ჩექმებისკენ გაექცა თვალი, ცოტა გავბრაზდი, გავიფიქრე, რა უცნაური ტიპი ყოფილა, ტალახიანი მაქვს ეს ჩექმა თუ რას უყურებს თქო. დავიხედე და......
ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, უბედურება, ტრაგედია და აპოკალიფსი.
ჩემს ჩექმებზე არც მეტი არ ნაკლები ჩემი ნაცრისფერი "юბკა" ეგდო(პრინციპულად არ დავწერ ბოლოკაბას. ვინმეს ამ სიტყვის უკეთესი ქართული ვერსია თუ გაქვთ, შემომთავაზეთ). თავზარდაცემული დავყურებდი ჩემს ფეხებს და ვოცნებობდი გამღვიძებოდა.
ჩემდა საუბედუროდ მეღვიძა, ჩემი საოცნებო ბიჭის წინ ვიდექი და ასფალტზე ჩემი юბკა თეატრის ფარდასავით იყო დაფენილი :–))
მერე.......
ნამდვილად არ მახსოვს რას ვამბობდი, მახსოვს მხოლოდ ის, როგორ ავიღე ის საძულველი ნაჭრის გროვა, ჩანთაში ჩავიტენე და ყურთასმენადაკარგული დავემშვიდობე გაოგნებულ ბიჭს. ის მომდევდა, მაგრამ სირცხვილისგან დროშასავით გაწითლებულს მისი არცერთი სიტყვა არ მესმოდა.
გონს ჩემი მეგობრის სახლში მოვედი, რომელიც ჩემი ტრაგედიის მოსმენის შემდეგ პერიოდულად ისტერიულად იცინოდა. მე კი მეგონა რომ ცხოვრება დამთავრდა და ამის შემდეგ ვერასდროს ვეღარ ვიქნებოდი ბედნიერი.
ბიჭს შევუყვარდი :–))))))))
თუმცა მალე მივხვდი, რომ ის ცხოვრების ბოლომდე ვერ მეყვარებოდა :–)

P.S. დღეს ამ ისტორიაზე ძალიან მეცინება, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მქონდა სამხიარულოდ საქმე :–)))

Saturday, July 24, 2010

Sabato


წვიმა.
10-ის ნახევარზე გიჟივით წამოხტომა - ვაიმე, დამაგვიანდა. კართან დაწეული ფიქრი - "დღეს ხომ შაბათია". ნელა, კმაყოფილი სახით უკან დაბრუნება. ყველაზე გემრიელი ძილი და მერე "როცა გინდა" მაშინ გაღვიძება. სამზარეულოში ყავის მძაფრი არომატი.
ტელევიზორი - ჩართე, გადართე, გადმორთე, გამორთე.
აივანი. რძისფერი ღრუბლები.
სანიშნეჩადებული გოლდინგი.   ფიქრი - რა კაია, შემიძლია როცა მინდა მაშინ წავიკითხო.
უბრძოლველად მოპოვებული კომპიუტერი :-):-) როცა მინდა დავჯდები. ისე, ეს მართლა ძალიან უცნაურია :-) როგორ, როცა მინდა?  ვააა... ნამდვილად მღვიძავს? :-):-)
სიგრილე და Cool cat. ამ კაცის პერიოდული გიჟური ამოჩემება იმის ნიშანია, რომ ვინმეს ამოჩემების მანია მაქვს, თუ უბრალოდ ისეთივე სიყვარულის, როგორი სიყვარულითაც ტომ ვეიტსი და ბიტლზი მიყვარს ვთქვათ? რაღა "ვთქვათ", ფაქტია, რომ ასეთ სიყვარულს მარტო მათ მიმართ განვიცდი.  რა, გგონიათ სხვები არ მიყვარს ? რამდენიც გინდათ, იმდენი, მაგრამ ასე უპირობოდ, ნებისმიერ ხასიათზე, ასე wellcome-ურად არცერთი.
მაპატიე, ჯიმი ჰენდრიქს, შენც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ყოველთვის ვერ გისმენ, მთრგუნავ ხანდახან :-) დანარჩენებმაც მაპატიეთ, თქვენც  მიყვარხართ :-)
და შენც მაპატიე ბარი უაიტ, რომ ვერ გიტან, რომ შენი ხავერდოვანი ხმის სმენა ისტერიკაში მაგდებს და მგონია, რომ ამ დროს მარტო მე კი არა, მთელი ქვეყნიერება ბანძდება :-)
ისევ წვიმა, შაბათი და golden slumbers.
ისევ წვიმა და Jesus gonna be here.
ისევ შაბათი და another one bites the dust.
ყავა და გოლდინგი.
აივნის თავზე კონდიციონერებივით ჩამომდგარი ღრუბლები.
დღის გმირები - ფრედი, ტომი, 4 ლივერპულელი ბიჭი და უილიამი :–)
დღის ფრაზა - როცა მინდა, რასაც მინდა....  :-)
პერსპექტივა - მალე - seaside rendezvous - გონიო and friends :-)
შაბათია - როცა მინდა, რასაც მინდა იმას ვიზამ :-)
The End.

Wednesday, June 30, 2010

არღანზე შესრულებული Revolution-ი და მომღერალი მსაჯი

ეზოში, სადაც ჩემს დაბადების დღეზე მოსული სტუმრები შეიკრიბნენ, არომატული მცენარეების სუნი ტრიალებდა. რაჭიდან ჩემი ხელით ჩამოტანილი ველური, ყვითელი პიონები ყვაოდნენ, ხეებს ნახევრადმკვახე ვაშლი და მწიფე ჟოლო ესხა და ოფიციანტების ფორმებში გამოწყობილი ყვავები ფრთებით მოხერხებულად დაატარებდნენ ლანგრებზე დაწყობილ კოქტეილის ჭიქებს. პერიოდულად ციდან მოცისფრო ფანტელები ცვიოდა, რომლებიც მიწაზე დაშვებისთანავე ადამიანის ფორმას იღებდნენ და ყოველი მათგანი ჩემი მეგობარი იყო.
თუ ჯერჯერობით ვერაფერი უცნაური ვერ შენიშნეთ, იმასაც დავამატებ, რომ იდგა 23 ნოემბერი, შემოდგომის ბოლო თვე და მე, სიხარულისგან ჰაერში ოდნავ აწეული, გაღიმებული ვიღებდი მილოცვებს და საჩუქრებს.
ისიც შევამჩნიე, რომ ბედნიერი სტუმრები ჰაერში ლივლივებდნენ, ნეიტრალურები ბალახზე იდგნენ მყარად, დეპრესიულები კი მუხლებამდე მიწაში ჩაფლულები, დიდი გაჭირვებით გადაადგილდებოდნენ.
ერთ-ერთი დაგვიანებული და საკმაოდ მსხვილი ფანტელი მძიმედ და ხმაურით დაეცა მკვახე ვაშლს, რაღაცნაირად არაბუნებრივად გაიწელა და მიწაზე ჩამოიღვენთა. უკვე ვიცოდი, რომ ჩემი არაპუნქტუალური მეგობარი მოვიდა - დათო - მხარზე არღანმოკიდებული, უკმაყოფილო გამომეტყველებით და ბალახზე დაშვებისთანავე მიწაში მუხლებამდე ჩაფლული. გადაადგილება არც უცდია. იდგა და არღანზე Beatles-ის Revolution-ს უკრავდა.
სტუმრების ნაწილი დიდ, პლაზმურ ეკრანზე უყურებდა, როგორ ეთამაშებოდა გერმანიის ნაკრები პლანეტის ნაკრებს ფეხბურთს (რომელი პლანეტის ვერ გავარკვიე ოღონდ:-):-), ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებოდნენ ისინიც). თქვენ წარმოიდგინეთ, იქაც იყვნენ მუხლებამდე მიწაში ჩაფლული ფეხბურთელები. რეპლიკებიც ისმოდა ეზოში
- "რა არის ეს, დალიონ რამე წამალი, გადათხარეს მთელი სტადიონი ამ დეპრესიულმა მოთამაშეებმაო" :-).
ყოველი ჯარიმის დროს, მსაჯი მღეროდა. რაც უფრო სერიოზული იყო ჯარიმა, მით უფრო ხმამაღლა და მით უფრო უსმენოდ.
გადაქანცული ყვავები უკვე ნამცხვრებს დაატარებდნენ. და მე ყველას ვუყვებოდი, როგორ მივიღე საჩუქრად საგზური კუბაზე, სადაც კარიბის ზღვის ფსკერზე დასახლებული ცივილიზაციის შესასწავლად უნდა გავმგზავრებულიყავი.
მსაჯი გაუთავებლად მღეროდა.
არღანი ისტერიულად უკრავდა Revolution-ს.
ჩემი მაღვიძარა გაჰკიოდა.
გამოღვიძებულს, მინდოდა კიდევ 10 წუთი დამეძინა და გამერკვია, როგორ დასრულდა გერმანიის და პლანეტის ნაკრებების თამაში :-)
P.S. რომელიმე ფსიქოთერაპევტმა ამიხსენით, რატომ ვნახულობ პერიოდულად ასეთ საოცარ სიზმრებს?

Wednesday, June 16, 2010

Vuvuzela and Football are in the air :-)

მიყვარს ჩემპიონატების ზაფხულები. რაღაც განსაკუთრებულად დადებითი ენერგიით იმუხტება ჰაერი.
როგორ მშურს იმ ადამიანების, საკუთარი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა რომ შეუძლიათ - მოგება უხარიათ და წაგება წყინთ.
ვუვუზელას გაუთავებელი ხმიანობის ფონზე უკვე ვნახეთ მოდუნებული მექსიკა, მოზომილი არგენტინა, დაბნეული ინგლისი, ნიგერიის მონდომებული მეკარე, გაუგებარი იტალია და საფრანგეთი, გაუმაძღარი გერმანია, შეურაცხყოფილი ავსტრალია, მარაქაში გარეული ჩრდილოეთ კორეა, უღიმღამო ბრაზილია, "არის რაა" ჰოლანდია, "საღოლ ამათ" პარაგვაი......
ძირითადად ისეთ ფეხბურთს გვთავაზობენ ეს თითქოს ერთმანეთზე უკეთესი გუნდები, გეგონება საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ და არასრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
იმედია ნელ-ნელა მოიმატებს ტემპი და ხარისხი.
იქნებ ხვალ ესპანეთი მაინც არ იყოს გაბრუებული.
ჰო, პორტუგალია გამომრჩა წეღანდელ ჩამონათვალში. არაფრისმთქმელი თამაშის გამო ალბათ. კი, კარგი ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მომკალით და მაღიზიანებს ეს პრანჭია პორტუგალიელი, სტადიონზე ლამის "კოსმეტიჩკით" რომ გამოდის.
ნეტა სამხრეთ აფრიკის ჰავა ხომ არ მოქმედებს ამ ფეხბურთელებზე ცუდად, ან  ალერგიით ხომ არ იტანჯება ყველა და ანტიჰისტამინური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ დააგორებენ ბურთს?
თუმცა, სამხრეთ აფრიკაში ზეიმია. ვუვუზელები (თუ ვუვუზელისტები) ფეხბურთელებისგან განსხვავებით, სრული დატვირთვით მოღვაწეობენ სტადიონებზე.
ისე, საინტერესოა, საქართველოში რომ ჩატარდეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი (აბსურდში ვარ ეხლა :-) ან უფრო უარესი - დადაიზმში), რომელი ნაციონალური საკრავით ხელდამშვენებული მივა ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე - ფანდურებით, სალამურებით თუ ჭიანურით? :-)
ამასობაში ბრაზილიამ იკადრა და როგორც იქნა გოლი გაუტანა ხიბლში ჩავარდნილ ჩრდილოეთ კორეელებს.
თბილისში ცხელა და წვიმს.
სამხრეთ აფრიკაში ზამთარია და თბილა.
I არხის კომენტატორები უშედეგოდ ცდილობენ საინტერესოდ წაიყვანონ რეპორტაჟები.
მსაჯები დაუნანებლად არიგებენ წითელ-ყვითელ ბარათებს.
იტალიელები ისევ გორაობენ მოედანზე და გულისგამაწვრილებლად იცავენ კარს. ტინგიცები ეგენი.
სანამ მე იტალიელებს ვაქილიკებ, ბრაზილიამ მეორე გოლი გაიტანა – გამოცოცხლდნენ,იკადრეს.
I არხი როგორც ჩანს ჭექა-ქუხილისთვის მზად არაა. ერთი ეგენი არიან მეტიჩრები. თუ ხარისხიან ტრანსლაციას ვერ უზრუნველყოფ, თუ კომენტატორები არ გივარგა, რაღას გარბიხარ და ყიდულობ ჩვენების უფლებას.
ძალიან უკმაყოფილო ნოტაზე ავეწყვე დღეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოუთმენლად ველოდები ყოველი საღამოს დადგომას. მიხარია ერთთვიანი "football is in the air" მდგომარეობა და თავგამოდებით ვგულშემატკივრობ გერმანიის ნაკრებს, რომელიც იმედი მაქვს, მე რომ გამეხარდება ისეთ წარმატებას მიაღწევს Vuvuzela World  Cup 2010-ზე :-)

Monday, May 31, 2010

დემოკრატიის მისადგომებთან, თუ ანარქიის ზღვარზე?

მას მერე რაც ვარდით ხელდამშვენებული ხელისუფლება მოვიდა, (წინა, უვარდო ხელისუფლების მსგავსად), ყოველი არჩევნების შემდეგ, საზოგადოებას ამცნობს, რომ ის და მისი გუნდი "არ სდევენ ჟამთა ცვლას და იგივენი არიან მარად და მარად", რომ საქართველოში კიდევ ერთხელ იზეიმა დემოკრატიამ.
ნეტა რა გონიათ დემოკრატია? არჩევნებზე მისული მოსახლეობის 60 პროცენტის არჩევანი? ეს უფრო უმრავლესობის დიქტატს წააგავს.
აბსოლუტურად დემოკრატიულად მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი. უმრავლესობის პრინციპი ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიას, ანუ ჰუმანურობას, როგორც ჩვენთან ხდება ამ ცნების დეფინიცია. ქრისტე სწორედ უმრავლესობამ გააკრა ჯვარზე. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მაშინ ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის აქტი განხორციელდა, მიუხედავად იმისა, სჯეროდათ თუ არა იესოს მესიობის.
თუ ყოველთვის წინა პლანზე უმრავლესობას წამოვწევთ და მათით ვისპეკულიანტებთ, შეიძლება მივიღოთ ჰიტლერიც, სხვადასხვა სახის ფაშიზმიც და ფუნდამენტალიზმიც კი. ასეთი პრინციპით ისლამური ირანიც დემოკრატიულია, რადგან მოსახლეობა მხარს უჭერს და ემორჩილება იმ რეჟიმს.
ზომიერების დაცვის გარეშე საერთოდ თავი უნდა დავანებოთ დემოკრატიაზე არათუ ლაპარაკს, ფიქრსაც კი. სადაც ერთი ადამიანის უფლება მაინც იზღუდება, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება. თუ მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე იქნება ელექტროსკამის და მასზე დასვამს უმცირესობას, ეს არ იქნება დემოკრატია. ასეთი პრინციპებით ხელმძღვანებლობა აუცილებლად ფაშიზმამდე მიგვიყვანს. ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღწევს ჭეშმარიტ დემოკრატიას (თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ ბუნებაში), თუ ახერხებს უმცირესობის უფლებების დაცვის ფონზე გაითვალისწინოს უმრავლესობის უფლებები. მარტივად რომ ვთქვათ, ცალკეულ პიროვნებას აქვს უფლება ააწყოს ცხოვრება ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ოღონდ ამის ფონზე არ უნდა მოახდინოს სხვების უფლებების ხელყოფა.
ქვეყანაში, სადაც რადიკალიზმი და ფანატიზმია გამეფებული, დემოკრატიის განვითარების შანსი ნულს უტოლდება. რატომ? ბოლო შერკინება გავიხსენოთ – რელიგიის დამცველების ლინჩის წესის პრაქტიკაში გამოყენების დაუძლეველი სურვილი. არადა, არც ე.წ. "სირობის" ავტორია დემოკრატიის და ლიბერალიზმის აპოლოგეტი და არც ის რელიგიური დაგჯუფებაა რეალურად მორწმუნე საზოგადოების სახე.
გახსოვთ ალბათ, ევროპულ მედიაში, მუჰამედის კარიკატურის გამო ბოდიში მოიხადეს და აღიარეს, რომ ამით ისლამურ ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა დაგმეს ის მეთოდებიც, რომლითაც მუსლიმანურ ქვეყნებში განსხვავებულად მოაზროვნეებს ებრძვიან.
თუმცა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფო მემგონი კიდევ უფრო დიდი და გრძელვადიანი საშიშროების წინაშე ვდგავართ.
ამ საშიშროებას ქაოსი ჰქვია.
ამ დროს დიქტატურა სანატრელი ხდება. ქაოსს კი საბოლოო ჯამში დაბალი დონის პროფესიონალების მიერ მართული ქვეყანა წარმოქმნის. ასეთები კი თავზე საყრელად გვყავს. ეს რევოლუციის კანონია. რომელი სახელმწიფოსთვის მოუტანია კარგი რევოლუციას ჩვენთვის რომ მოეტანა.
ჰოდა, სანატრელი არ გაგვიხდეს ჩვენში დემოკრატიად წოდებული დიქტატურა.
თუმცა ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ხელისუფლება კი არა, ის ხალხია (სწორედ ის უმრავლესობა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე), რომელმაც ისინი ქვეყნის სათავეში მოიყვანა და აღაზევა. და ისინი, ვინც დღემდე განაგრძობს მათთვის დითირამბების მღერას. და ისინიც, ვინც ნიჰილიზმის მწვერვალზე მოქცეული მშვიდად ადევნებს თვალს რა ხდება ქვეყანაში. და მე. და თქვენ. და ისინი.... ყველა, ვისაც არ მოგვწონს ეს რეჟიმი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ არ მოგვწონს, ამას ვამბობთ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ რამე შეიცვალოს.
და კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა - ერს ყოველთვის ისეთი ხელისუფალი ყავს, როგორსაც იმსახურებს.
ასე რომ, enjoy ......

Sunday, April 11, 2010

სათაურზე, ბოდიში :-) ან კაი - ქიშ, მიშა :-)

თეთრი სახლი, ძველი
ბილ კლინტონი, ქველი,
ლურჯი კაბა, თხელი
და მონიკა, გველი.
გრინგოების კუში
პრეზიდენტი ბუში,
გამოხედვა მუშის,
მოყვარული პუნშის.
ბარაკ ობამა, ბოსტანი-ბაღი,
თეთრი ბებია, შავტუხა ბალღი,
ცოლი - მეურნე, სპორტული, ლაღი,
ბიძია თომას ხსენებაც არ ღირს.
ფანტანი, ხიდი, კორპუსი, "კრიშა",
გოიმებისთვის ნაპოვნი ნიშა,
ქალაქში მტვერი, ნაგავი, ქვიშა
და გაბადრული "ხელმწიფე მიშა".
ნამგალი, ურო, დაზგა და გრდემლი,
მავზოლეუმი, ლენინი, კრემლი,
მოსკოვს არ სჯერა არავის ცრემლის
"владею миром, понятно всем ли?!"

Sunday, April 4, 2010

მუზას ფეხებზე ვკიდივარ

სამსახური მუზას კლავს.
სამსახური მუზას აფერხებს.
სამსახური მუზას ნერვებს უშლის.
სამსახური მუზას ყველაფრის სურვილს უკარგავს.
ვეთანხმები ბუნუელს, რომ მუშაობისგან სიამოვნებას უნდა იღებდე. და არ უნდა ითვლიდე დღეებს ხელფასამდე.
ხოდა რომ ითვლი, აისახება კიდეც ნამუშევარზე – ხელფასისთვის მუშაობ, თუ სწორედაც მუშაობის პროცესი გსიამოვნებს.
მშურს მათი, ვინც მუშაობისგან სიამოვნებას იღებს.

მუზა, რომელიც ხანდახან მსტუმრობდა, სადღაც გადაიკარგა. ალბათ იფიქრა, ერთი შენი დედაც ვატირე, რამდენჯერაც მოვედი, იმდენჯერ ფეხებზე დამიკიდეო. ხოდა იჯექი იმ შენს ოფისში და მერე ჩემთან პრეტენზია ნუ გექნებაო. სწორია. მეტი საქმე არ აქვს, კიდე იქით გეხვეწოს.
ხოდა ვარ ახლა ასე გამოთაყვანებული და გიჟივით ვუსმენ "Queen"-ს ამ აღდგომა დღეს.
გილოცავთ მორწმუნენო და ფანატნო.
იმ კაცს კი არაფერს ვერჩი ისე, თვითონაც მსხვერპლი იყო საწყალი.
ხოდა რა ვთქვა, რა დავწერო.
ისე, ვის რაში ჭირდება ეს ჩემი ნაწერები.
არაფრისმთქმელ ხასიათზე ვარ.
ჩემი მეგობარი გამახსენდა, (ძაან კარგია ისე, უაზროდ ყოფნის დროს, მეგობარს მაინცდამაინც შენ რომ გაახსენდები. ყოველი მგზავრობის წინ რომ მოითხოვს ხოლმე უსაფრთხოების ღვედის (რა ჟღერადობაა ისე – უსაფრთხოების ღვედი – უუუხ) შეკვრას.
მეც მორჩილად ვიკრავ ხოლმე. რატომ არ უნდა შევიკრა რო? ვაიდა ვიღაც დაგეჯახა. მე შენ გეტყვი, ვერ დაგეჯახებიან. პარპრიზზე მაინც არ დატოვებ შენს გამოსახულებას.
მემგონი აი ეს წვრილ–წვრილი რაღაცეები ქმნიან მერე ერთ დიდ და მნიშვნელოვან ცნებას, სამოქალაქო თვითშეგნება რომ ქვია.
მანქანის უსაფრთხოების ღვედი კი არა, მინახავს თვითმფრინავში ქართველები სტიუარდესას მოთხოვნისას, შეიკრან ქამრები, როგორ ჯიუტობენ.
ვითომ, ქამარს რომ არ შეიკრავ, საჭესთან მჯდომი წითელზე რომ არ გააჩერებ და ფეხითმოსიარულე მწვანეს რომ არ დაელოდები, უფრო მაგარი ტიპი იქნები?
ალბათ სჯობს ჯერ ასეთ ელემენტარულ წვრილმანებს მივხედოთ და მერე ვიფიქროთ ევროპაზე და ევროპელობაზე, ზეზვას და მზიას გაპიარებაზე, ნატო–ს დროშების ფრიალზე და საკუთარი თავის ქებაზე, უარგუმენტოდ თან რაც მთავარია.
უსაფრთხოების ღვედის შეკვრით დავიწყოთ. 

შევიკრათ ремен-ი
время от времени.

აი ასე. მუზას ფეხებზე ვკიდივარ და კაცმა არ იცის, როდის მოიბრუნებს კიდევ ჩემსკენ გულს. 

Monday, March 22, 2010

ფორთოხლის მთა, ლეონარდო და ოსკარი

ამასწინათ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი ვნახე - "შეშლილთა კუნძული".
სადაც სალვადორ დალი "გაპაპსავიკდა" და "ჩუპა-ჩუპსის" დიზაინის კეთებაზე დახურდავდა, რა მოხდა სკორსეზესაც რომ გადაეღო ცუდი ფილმი. ცოტა ცუდი შედარებაა - დალი ყოველთვის ბევრად ნიჭიერი იყო თავის საქმეში (უკვე გაკომერციულებულიც), ვიდრე სკორსეზე, მიუხედავად მისი რამდენიმე კარგი ფილმისა.
"შეშლილთა კუნძული" თუ რამედ ვარგოდა, ამისთვის რეჟისორი ლეონარდო დიკაპრიოს მადლიერი უნდა იყოს.
შეცდომები ლეონარდოსაც მოსვლია. შავი ლაქები - "ტიტანიკი" და "რომეო და ჯულიეტა", მაგრამ მართლა გულწრფელად მიკვირს, სანდრა ბალოკს მისცეს და ამ კაცს რატომ არ აძლევენ ოსკარს? რა გახდა? .
თუმცა ოსკარი არაა ნიჭიერების საზომი. ლეონარდოს შავ ლაქად წოდებული "ტიტანიკი" არ იყო, მთელი დუჟინი ოსკარები რომ მოხვეტა თავის დროზე?
ან წლევანდელ დაჯილდოვებაზე ქეთრინ ბიგელოუს რომ უთხრეს, აჰა შენ ოსკარი, საუკეთესო რეჟისორი ხარო. ამ დროს დარბაზში პირშიჩალაგამოვლებული კვენტინ ტარანტინო იჯდა. რა აბსურდული სელექციაა.
აბსურდზე და ლეონარდოზე ჩემი სიზმარი გამახსენდა.
ზაზა ბურჭულაძის "ადიბასის" კითხვისას ჩამეძინა. სიზმარს რომანის შემდგომ თავებად აღვიქვამდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეღვიძა, ისეთი ცხადი იყო ეს აბსურდი და ოდნავადაც არ მეშინოდა. ყველაზე საშიში კი მგონი ეს იყო.
პირველი ეპიზოდი მწვანე, ნეონის ეფექტებით გაკაშკაშებულ მინდორზე მორბენალი ძაღლი იყო, წაბლისფერი თმებით და ღია ლურჯი თვალებით. არა, აქ საშიში არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს უცნაურად მოცუნცულე ძაღლი არც მეტი, არც ნაკლები, ბიძაჩემი გახლდათ - მელაპარაკებოდა და ჩემი სამომავლო გეგმებით ინტერესდებოდა.
სადაც ძაღლი-ბიძის არ შემეშინდა, ის ბოზი როგორღა შემაშინებდა, უეცრად რომ აღმოცენდა მინდორზე. გამომწვევად ჩაცმული და მომეტყველე. ერთი ისაა, რომ მისმა იაფფასიანმა სუნამოს სუნმა გამაღიზიანა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხვირწინ ფეიხოას კომპოტით სავსე ქილა მედგა.
ერთი კია, ერთ-ერთმა ეპიზოდმა, სადაც აბაზანაში გაუთავებლად ვეძებდი შამპუნს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემს თვალწინ აორთქლდა, ცოტა შემაფიქრიანა. ისიც იმიტომ, რომ შამპუნს მძინარე ვეძებდი და გამოფხიზლებას ვერაფრით ვახერხებდი.
იმას, რომ ჩემი ერთი სახლის აბაზანის კარმა პირდაპირ მეორე სახლის სამზარეულოში გამიყვანა, დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე. მხოლოდ არჩილ სულაკაურის "ჯადოსნური სარკე" გამახსენდა. გოგონა კარადაში რომ შედის და იქიდან აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხვდება.
ხოდა, სამზარეულოში ძველი, ფეხებიანი ტელევიზორის ჩარჩოში ჩასმული კომპიუტერის ეკრანი ციმციმებდა და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს ხოცავდნენ , რომელი დაჯდებოდა პირველი. ეს სხვათა შორის ერთადერთი არააბსურდული დეტალი იყო ჩემს სიზმარში:-).
მე ვუყურებდი ამ ორთაბრძოლას და რაღაცნაირად მსუბუქად ვიცინოდი. იცით როგორ? მუცლიდან ნიავივით რომ დაიძვრება სიცილის შემცველი ჰაერი და პირიდან რომ ამოგიფრინდება.
სანამ მე ამდენი ვიარე და ვიცინე, მინდორში, ფორთოხლებისგან აგებულ უზარმაზარ მთაზე ლეონარდო დიკაპრიო ასულიყო, ხელში ოსკარის ქანდაკება ეჭირა და ქართულად, თანაც არცთუ ისე კულტურულად გაჰყვიროდა - არ მჭირდება თქვენი ოსკარი, გაიკეთეთ (ბოდიში და) ტრაკშიო. (რა ვქნა, ჩემი ბრალი არაა, ლეონარდოს ვციტირებ).
მე აღფრთოვანებული ვიდექი ფორთოხლის მთის ძირში და ლეონარდოს ვეძახდი, ყოჩაღ, რომ ოსკარზე მაღლა დადექი, მართლა რაში გჭირდება ეს იდიოტური ქანდაკება თქო :-)
ლეონარდო იღიმოდა და მე, იქაც, იმ აბსურდშიც კი იმას ვფიქრობდი, როგორ გავს ეს კაცი კატას და როგორ არ მომწონს ის ამ გარეგნული მსგავსების გამო.
მოკლედ, ლეონარდოს ხოტბა შევასხი და მანაც გამარჯვებული სახით, ოსკარი მწვანე მინდორში, ძაღლის მიმართულებით მოისროლა.
რომ გავიღვიძე, დედაჩემმა რაღაც მკითხა. მგონი ყვავილებზე. ჩემი აზრი აინტერესებდა, სად დაგვერგო ტიტები (საშინელი თვისება აქვს ისე, თვალები ბოლომდე გახელილი არ მაქვს, რომ აქტიურად ცდილობს დიალოგში შემოსვლას). მე ჯერ მიდევ სიზმრის გავლენის ქვეშ მყოფმა, უფოკუსოდ შევხედე და ვუპასუხე: არ მისცემენ და ნუ მისცემენ. რაში ჭირდება ეს ოსკარი. თუ მისცემენ, მაინც გადააგდებს. აი ნახავ.
დედამ გაკვირვებულმა შემომხედა და ოთახიდან გავიდა (იქნებ ამის შემდეგ მაინც დამაცადოს ხოლმე გამოფხიზლება).
ბალიშზე გადაშლილი "ადიბასი" იდო და იქ ლეონარდო დიკაპრიოზე ნამდვილად არაფერი ეწერა.

Monday, March 15, 2010

საევაკუაციო გაკვეთილები საქართველოში

სპიტაკის მიწისძვრა რომ მოხდა, მახსოვს მერე კაი ხანს სკოლაში გვავარჯიშებდნენ, რამდენ წუთში დავტოვებდით შენობას. ე.წ. "მცდარი განგაში" ტყდებოდა და ჩვენც ორგანიზებულად დაწყობილები ჩავრბოდით ეზოში და ძალიან გვიხაროდა, გაკვეთილი რომ გვიცდებოდა. თან ეს განგაში რატომღაც სულ გეომეტრიის გაკვეთილს ემთხვეოდა და მე პირველი გავრბოდი ხოლმე საევაკუაციოდ.
არა მგონია რომელიმე მოსწავლე ტრავმირებული დარჩენილიყო ამ "მცდარი განგაშით". თან გეომეტრია ცდებოდა ხოლმე თქო, ხომ გითხარით და რა ტრავმა, რის ტრავმა, თავპირისმტვრევით ჩავრბოდი ეზოში და მეტი ეფექტისთვის ქუჩაშიც გავდიოდი :-)
ისიც მახსოვს, ამ უცნაური ვარჯიშის ერთი კვირის თავზე, დედაჩემი რომ გაბრაზდა, ხომ არ გაგიჟდნენ მაგ შენს სკოლაშიო.
ორი დღის წინ, ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ტელევიზიამ (ჯერ აქედან განსაზღვრეთ რა ქვეყანაა, ეგ რომ მთავარ ტელევიზიად მოიაზრება) საზოგადოებას არაჩვეულებრივი ექპერიმენტი ჩაუტარა. არა მგონია მიზანი ხალხის პანიკაში ჩაგდება ყოფილიყო. ალბათ სხვა რამ ქონდათ მიზნად, უფრო მასშტაბური.
ის, რომ უამრავი ადამიანი ისტერიკაში ჩავარდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, სულ ფეხებზე ეკიდათ. დიადი მიზნები ხომ მსხვერპლს საჭიროებს. მერე? ჯერ არ გაუღიათ მსხვერპლი საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე თუ რა? ისეთები გადაუტანია ამ ხალხს, ეს "მცდარი განგაში" რა მოსატანია, არა? მერე რა, რომ ამ უსულგულო ცინიზმის 15 წუთს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მერე რა, რომ ჯერ არდაბადებული ბავშვი ამ უბედური ქვეყნის მოქალაქეობას ვერ ეღირსა. მერე რა რომ უკვე ომგამოვლილი ბავშვები დაიზაფრნენ. მერე რა? ხომ მოიხადეს ბოდიში. თან ტექნიკური წუნისთვის. დიახ, ტექნიკური წუნისთვის. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, როგორ მოიხადა ბოდიში რადიო "იმედმა", სხვას არ დავუჯერებდი. იცოდით, რომ არარეალური და შემაშფოთებელი ინფორმაციების გავრცელება ტექნიკურ წუნს ნიშნავს?? დღეიდან იცოდეთ.
წამაკითხეთ სისხლის სამართლის კოდექსი (ნორმალური ქვეყნის ოღონდ, ამათი არაფერი მწამს), სადაც მსგავსი ქმედება კანონით არ ისჯება.
მომასმენინეთ კომპეტენტური ადამიანების მსჯელობა, მაინტერესებს - ეს არ არის გარკვეულწილად გენოციდი? ჯანმრთელი ადამიანი საინფორმაციო გამოშვების სმენას რომ დაიწყებს და გამოშვების ბოლომდე ვერ გაატანს, იმიტომ, რომ ვიღაცეებმა რაღაცეები დაგეგმეს (გაუგებარი რაღაცეები. აბსურდი).
იმ საღამოს ვიგრძენი, როგორ შემეშინდა. ეს შიშის ძალიან ნაცნობი შეგრძნება იყო, ორი წლის წინანდელი - წარმოუდგენელი სასოწარკვეთა. გაცნობიერება, რომ ქვეყნის მმართველებს იმის თავი არ ექნებათ, სულ ცოტათი მაინც უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. ომის პირველი სიმპტომიც რამოდენიმე წამში სახეზე იყო (ესეც ძველი გამოცდილებიდან) - ტელეფონების მომენტალური გათიშვა. სწორედ ამ სიმპტომის შემდეგ გავიფიქრე, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა და იწყებოდა უფრო სწრაფად. შეუგუებლად. უკვე თბილისში, უკვე შენს სახლთან.
წარმომიდგენია რას გრძნობდა ამ დროს ხალხი გორში. და წარმოდგენაც არ მინდა რა ხდებოდა კახეთში, სადაც ამ მარაზმატული სიუჟეტის დამთავრებისთანავე შუქი ჩაქრა.
და ტექნიკური წუნიო. და კიდევ, ბოდიშიო.
ხომ არ იცით ვის ჭირდება ეს ბოდიში? თქვენ გჭირდებათ? მე - არა.
გამაგებინეთ, რა ქვეყანაა ეს, სადაც არავინ დანაშაულის ადეკვატურად არ ისჯება. სად ვცხოვრობთ?
შარშან აპრილში, საქართველოს ბოლო, ოცწლიან, სამარცხვინო მონაკვეთზე დავწერე და ახლა, 2 დღის წინ მივხვდი. მივხვდი კი არა, დავრწმუნდი - ეს არასოდეს არ დასრულდება. ეს იქნება სულ.
და ყოველთვის მოგადგებიან კონცერტზე (და არა მარტო კონცერტზე) და გეტყვიან, აქ მერი უნდა დაჯდესო (ის მერი, წინა დღეს კრავის სახით რომ იძლეოდა ინტერვიუს და "წუხდა" იმის გამო, რაც მოხდა ). მერე რა, შენ რომ ბილეთი გაქვს, აქ მაინც მერი უნდა დაჯდესო. მერე რა რომ ჯიუტობ, მაინც ადგები გოგონაო.
-არ ავდგები! და მეტსაც გეტყვით, მაპატიეთ, მაგრამ ფეხებზე მკიდია თქვენი მერი.

Wednesday, March 3, 2010

ტრაღედია ბოგდანოვკის პოეზდში

ახლადშეღერებული ჯეელი პოეზდით ბოგდანოვკისკენ მიემგზავრებოდა. რონოდის სარკმელში ფურისულათი მოფენილ მინდვრებს არჯაკელის ჭალები ენაცვლებოდა. ყმაწვილკაცს ყალამი მოემარჯვებინა და თვალწინ გადაშლილი ბუნების სურათები მოლბერტზე გადაჰქონდა.

ანაზდად კარი გაიღო.

–სოფრომ! შესძახა შემოსწრებულმა

–ნოე, შენა?! – აღტკინებით შეჰყვირა ვაჟმა, მოლბერტი გვერდზე გადასდო და ძმობილს მხარზე ემთხვია.

ნოეს ოდნავშესამჩნევად შეეფაკლა ღაწვები. ხშირი წამწამებით შემოჯარული თვალები ციებიანივით აუელვარდა.

–რასა იქმ, როგორა ხარ? ჰკითხა ნოემ

–ბოგდანოვკას მივდივარ, საშური საქმე მაქვს.

–კეთილი და პატიოსანი, მეც შენი თანამგზავრი ვიქნები.

–უუჰ, შეჰყვირა უეცრად სოფრომმა.

–რისთვის დაიყვირე?

–ჭვალი რამე დამადგა

–ნუ გეშინია ჩემო ყველავ.

ნოე გაფითრებული მიიჭრა სოფრომთან, მის წინ ჩაიმუხლა და კვირისტავებზე ნიკაპი ჩამოადო.

–გასწი ნოე, გამეცალე. არ გვინდა ეგეთები. ბევრი ვიბჭე ჩემს თავთან და უარი უნდა ვსთქვათ ერთურთზე.

–დასტურ, გეთანხმები, მაგრამ ამ გულს რა ვუყო, ტიალსა? განა შემთხვევით შემოგხვდი აქა. ორი კვირეა ლანდივით დაგყვები.

–იყუჩე ნოე. უნდა გავიყაროთ. ასე სჯობს, მერწმუნე.

ნოე გველნაკბენივით წამოხტა, დაბარბაცდა და რონოდის ნარზე გადაიქცა.

სოფრომი გოროზი სახით გასცქეროდა სარკმელს.

პოეზდმა სვლა შეანელა და ასპინძის სტანციაზედ ჩამოდგა.

გულშემოყრილი ნოე მაინც ვერ შეელია მიჯნურს. პირგამეხებული, უძრავად იჯდა.

რონოდის კიბეები მკვირცხლად აიარა ფერმკრთალმა ყმაწვილქალმა.

კარი მორიდებით შეაღო.

–სალამი. მორცხვად ჩაიბუტბუტა, ცარიელ ნარზედ ჩამოჯდა და ჩემოდანი მუხლებზე დაიდო.

–სალამი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. გამოეპასუხა სოფრომი.

ნოე კვლავაც მდუმარედ იჯდა.

ოდნავ გათამამებულმა ქალმა ხელი გაუწოდა სოფრომს.

–ელიჩკა

–სოფრომი

–საით გაგიწევია, ელიჩკა?

–ბოგდანოვკას მივალ. მასწავლებლად გამომიშვეს გორიდამ. შეგირდები მელიან. ასპინძაში ორი დღით გავჩერდი ძალუასთან.

–მაშ ერთად გვიმგზავრია ბოლომდინ. უთუოდ გამოვნახავთ ბევრ სამასლაათოს.

ქალმა ნაზად გაუღიმა და თავი ჩაღუნა.

რამდენიმე ვერსი მდუმარედ გაიარეს.

–ელიჩკა, შინდის შეჭამანდზე ხომ არ დამეწვევი? დედამ გამომატანა საგზლად.

–სიამოვნებით. უპასუხა გვარიანად გაწითლებულმა ელიჩკამ.

–ნოე, შენ არა გშია, განა?

სოფრომი ამაოდ ელოდა პასუხს. ნოე თვალს არ აშორებდა მინდორზე გამორეკილ ნახირს.

–უპრიანი იქნება აქეთ თუ გადმოჯდები.

ელიჩკამ ჩემოდანი ჩამოდგა და გვერდზე მიუჯდა შეჭამანდის განაწილებით გართულ სოფრომს.

–უუჰ, შენი გულისავ. რა გემრიელია. კარგი ხელი ჰქონია დედაშენს, სოფრომ.

–გეამა?

–ძლიერ

–მაშ ბოგდანოვკაში ხშირად მოგიწვევ ხოლმე პურის საჭმელად. მე ინჟინრად უნდა ვიმუშაო იქა.

მეტად კმაყოფილი ელიჩკა გაბრწყინებული სახით ყლაპავდა შინდის დარბილებულ კერკებს და სოფრომს უკვე არცთუ ისე მორცხვად უღიმოდა.

–მაშ შევხვდებით ერთურთს ბოგდანოვკაში? მე კი ვწუხდი. იქ არავინა მყავს ნაცნობი. კაეშანი მქონდა გულზედ შემოწოლილი.

–უთუოდ ხშირად. მეც არვინ მეყოლება შენს გარდა ამხანაგი.

–რარიგად მიხარია.

–ელიჩკა, რა უნდა შეასწავლო შეგირდებს?

–ფრანციცული, მიუგო ქალმა და ლურჯი თვალები შეანათა.

ნოე წამოდგა და წელათრეული გავიდა დერეფანში. თავი ფანჯარაში გაჰყო და თვალები დახუჭა.

ოთახიდამ ელიჩკას მორიდებული კისკისი ისმოდა.

–ნოე, არ მსურდა შენთვინ გული დამეკოდა.

სოფრომი გვერდით ამოსდგომოდა.

–ნუ, სოფრომ,არ გინდა. შედი. იქ ელიჩკა გელის.

–ზნე უნდა შევიცვალო, ნოე. აკი იცოდი, რომ ქალებიც მომწონდა. შენთან ვეღარ ვიქნები, თუმც ძლიერ მიყვარხარ.

–ოჰ, რა მწარეა ეს სიტყვები

–ნოე, მერწმუნე ასე სჯობს ორივესთვინ.

–გაგეცლები სოფრომ, მაგრამ იცოდე, ჩემი გული მკვდარია.

–ნოე........

–კეთილად იყავ!

ნოე გაჩერებული პოეზდიდამ ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა და სტანციის დუქანს მიაშურა. სოფრომმა თვალებით გააცილა მეგობარი და ელიჩკასთან შებრუნდა.

–სამუშაოს მერე ჭალაში ვისეირნოთ ხოლმე.

–კეთილი. შეჰღიმილა ელიჩკამ.

ორი ხელადა ღვინის შემდგომ ნოეს უფრო ძლიერად შემოაწვა ხვაშიადი. იხსენებდა გარდასულ დღეებს და გამწარებული იცემდა გულში მჯიღს.

შუაღამე გადავიდა. მიკიტანი დუქნის დაკეტვას აპირობდა.

გამობრუჟული ნოე სტანციაზე ტორტმანით გამოვიდა. ორიოდ ვერსი გაიარა. ხვანჯარი შეიხსნა. ხეზე ყულფი გამონასკვა და კისერზე მოირგო.

ბოლო წუთებში სოფრომზე ფიქრობდა და მთელის გულით სძულდა ელიჩკა.



Sunday, February 21, 2010

Me VS Me

დილას გავიღვიძე და ვერ გავიხსენე რა მერქვა. თვალების გახელა არც მიცდია.
–მე ის არ ვარ, თბილისში რომ ვცხოვრობ?
–კი, ის ხარ.
საიდანღაც რომ მეცნობა, ისეთმა ხმამ მიპასუხა.
–თმა რომ შევიჭერი და ახლა რომ ვნანობ. ის, ხო?
–ჰო, თმა შეიჭერი, მაგრამ მარტო მაგას ნანობ?
–დამაცადე, თანმიმდევრობას ნუ მირევ
–ყოველთვის ასეთი უთავბოლო იყავი
–რომელი საათია ეგეც მითხარი ბარემ. სამსახურში მაგვიანდება? (ვაა, ვმუშაობ, ეგეც მახსოვს).
–კვირაა დღეს
გავიზმორე.
–ყავას დალევდა კაცი.
–ყავის იქით შენი ტვინი არ მიდის, არა?
–ჯერჯერობით არა. რა, ცუდია დილას ყავა?
–ცუდი ისაა, ინერტულად რომ მიაღოღებ შენს ცხოვრებას. თითქოს რაღაც ძალა გმართავს
–ამით რა გინდა თქვა? მოსამართი თოჯინა ვარ?
–არა, ჯიუტი ხარ, ოღონდ ყოველთვის შეუსაბამო დროს ირჩევ შენი პრინციპულობის გამოსავლენად
–თან ინერტული ვარ, თან ჯიუტი?
–ჰო, ინერტული ჯიუტი ხარ, ანუ მარტივად რომ ვთქვათ – იდიოტი.
–ეგ შენი საქმე არაა. შენ ჩემს კითხვებს უპასუხე, ან კი, ან არა
–ნუ ცდილობ დამიმტკიცო, რომ უხეში ხარ. სინამდვილეში ერთი გულჩვილი გოგო ხარ, რომელსაც ყველა ეცოდება
–გოგო ვარ, ჰო, ეგ მახსოვდა
–დიდი შეღავათი. ეგ არაფერს ცვლის
–მუსიკა მიყვარს, Beatles-ი. ტომ უეითსი. ჯენის ჯოპლინზე და ჯიმი ჰენდრიქსზე ვგიჟდები
–ჰო, ოღონდ ჯოპლინს დიდხანს რომ უსმენ, ითრგუნები
–რა სისულელეა
–ნუ მეკამათები
–რას ამბობ, კამათი ჩემი სტიქიაა
–რატომ, გგონია ერთხელაც ჭეშმარიტებას მიაგნებ? იმედი უნდა გაგიცრუო. უღრან ტყეში დადიხარ. უკომპასოდ
–ქარაგმებით ლაპარაკს მოეშვი. უკვე ნერვებს მიშლი. ეს კომპასი ვითომ საიდან მოიტანე?
–ტვინი უნდა გაანძრიო, ტვინი, ეგაა შენი კომპასი
–ანუ უტვინოც ვარ?
–აბა შენ თავი ჭკვიანი გეგონა?
–არა, ჭკვიანი არ მგონია თავი, მაგრამ..... მთლად დებილიც არ ვარ ალბათ :–)
–წიგნებს რომ კითხულობ და ხანდახან შენთვითონაც რომ ჯღაბნი რაღაცეებს, თავი ჭკვიანი გგონია?
–არა, არა
–კიდევ კარგი
–სამაგიეროდ მეგობრები მიყვარს. ზოგადად, ადამიანები.
–მეგობრები სულელებსაც უყვართ.
–მეგობრებთან ერთად ფილმების ნახვა და მერე განხილვა მიყვარს. მათთან ერთად სეირნობა და სიცილი
–ბევრი სიცილი...
–ჰოო, მიყვარს სიცილი და ის ხალხი, ვინც მამხიარულებს
–მაგან დაგღუპა შენ. და სეირნობამ კიდევ.
–არაფერსაც არ დავუღუპივარ. ძალიანაც კარგად ვგრძნობ თავს
–ჰოდა, იწექი და იხსენე მაშინ რა გქვია
–კარგი, კარგი, ჰო. ნუ გაბრაზდი. რაო რას მეუბნებოდი? გაფუჭებულია ჩემი კომპასი? თუ საერთოდ არ მაქვს?
–არასწორად მუშაობს.
–კი მაგრამ....
–რამდენ რამეს ფიქრობ არასწორად რომ იცოდე.....სამწუხაროა, როცა ფიქრობ, რომ კარგია წყენა ადვილად რომ გავიწყდება.
– კარგია. ამაზე დავა არ მომწყინდება იცოდე. ვერ მაჯობებ
–ჰო, კარგია, მაგრამ რაღაცას უნდა სწავლობდე. ოდესღაც უნდა გაიარო გზა, რომელსაც შენს მაგივრად ვერავინ გაივლის. ხვდები, რომ ისევ დასაწყისში ხარ? წინ რამხელა აღმართია ხედავ?
–მე მანდ ვერ ავალ
–ახვალ თუ მოინდომებ. ინერტული ხარ თქო და იმიტომ ტკეპნი აღმართის მისადგომებს
–კომპასი სწორად რომ მუშაობდეს, ავიდოდი?
–ბოლომდე შეიძლება ვერა, მაგრამ კაი ბლომად კილომეტრებს გაივლიდი
–შენ რა გქვია ამდენი წვრილმანი რომ იცი ჩემს შესახებ?
–ერთი სახელი გვაქვს ორივეს ჩვენ.
–ხოდა თქვი რაა. ბარემ გამახსენე და ავდგები, ყავას დავლევ
–ხომ გითხარი, ყავის იქით შენი ტვინი არ მიდის თქო
–დამეხმარები?
–მაშინ ნუ ბრაზდები, იდიოტს რომ გეძახი
–შევეცდები. მაგრამ ჯერ კომპასი მაქვს გასასწორებელი. ალბათ მერე უფრო გამიადვილდება. აი, ყავას დავლევ და წავალ
–ჰმ. ну и дура.....

სუპერ მარიოს პროტესტი და რეალურ სამყაროში გადმობარგება

სუპერ მარიოს ღამე დაესიზმრა, რომ ვერ ხედავდა სიზმარს. და წუხდა, იმიტომ, რომ იცოდა, აუხდებოდა. სიცარიელე, რომელსაც ვერ, ან არ ამჩნევდა, ნისლი, რომელშიც საგულდაგულოდ გამოეხვა, აბსურდი, რომელიც შეიყვარა.
Game Over.
სუპერ მარიოს გამოელია სიცოცხლეები და კიბის საფეხურზე დაღლილი ჩამოჯდა; ნახევრად გამჭვირვალე და მოციმციმე.
სუპერ მარიოს ეზარებოდა ტირილი.
იქ სადაც მიიჩქაროდა, აღარ იდგა კოშკები.
სუპერ მარიოს მხიარული სვლა მარაზმებით სავსე სამყაროში დასრულდა.
სუპერ მარიო მიხვდა, რომ დიდხანს იარა ბნელში.
სუპერ მარიოს მობეზრდა და შუქი აანთო.
სუპერ მარიომ დაინახა, რომ იქ, იმ სამყაროში, ყველაფერი რეალური, სინამდვილეში ირეალურია.
სუპერ მარიოს სწყინდა.
სუპერ მარიოს უხაროდა.
სუპერ მარიო ფიქრობდა და ციმციმებდა.
მის თავზე ღრუბელივით იდგა ახალი არჩევანი.
სუპერ მარიო ეკრანიდან გადმოვიდა და რეალურ სკამზე დაჯდა.
სუპერ მარიომ გააპროტესტა ის გაბრუებული სამყარო და მისი კანონები.
სუპერ მარიო რეალური სკამიდან წამოდგა და რეალურ გზას გაუყვა.
ირგვლივ ნამდვილი ყვავილები ყვაოდა, ნამდვილი სახლები იდგა და ფანჯრებიდან ნამდვილი ადამიანები იყურებოდნენ.
სუპერ მარიომ ღრმად ჩაისუნთქა და ფილტვები ნამდვილი ჰაერით აევსო. ცოტა ეტკინა და გაუკვირდა – თურმე ტკივილის შეგრძნება არ დაუკარგავს.
სუპერ მარიო რეალურ ქალაქში მიაბიჯებდა.
ქუჩა სავსე იყო ხალხით.
სუპერ მარიომ ნაყინი იყიდა და მზით განათებულ სკვერში, საქანელაზე ჩამოჯდა.
სუპერ მარიო აღარ ფიქრობდა ირეალურ სიცოცხლეზე, რომელიც იქ დატოვა, სიბნელეში.
როგორ განვითარდება მისი ცხოვრება აქ, ამ ქალაქში?
ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ჯერ თვითონაც არ იცის.


P.S. ისე, თუ ჰგონია, რომ ამ სამყაროში ყველა ყვავილებით შეეგებება, ძალიან ცდება :–)


Wednesday, February 17, 2010

შუაღამის რა? სულ ვიჭედები ამ სათაურებში :-) არა, შუაღამის არა. ინტრიგანის ჩანაწერები :-)

ინტრიგანობის ხასიათზე ვარ. არადა რა დროს ესაა, ღამის 3 საათია, დილას 9-ზე ვარ ასადგომი. ისიც ვიცი, ხვალ მარტო უმუშევრების კი არა, მიცვალებულებისაც შემშურდება, როცა იძულებული გავხდები საბოლოოდ გამოვრთო გულისგამგმირავად მოღრიალე მაღვიძარა და ავდგე.
ხედი ჩემი ფანჯრიდან ფრიად დამაიმედებელია - ქარში ბრეიქდანსის მოცეკვავე, ფოთლებშემოტყავებული ხე, გაუგებარი ფერის ცა და მეზობლის სახლის მოსაწყენი სახურავი.
მერე დაიწყება ზომბის რბოლა უკვე დაზეპირებულ ტრასაზე, დაზეპირებული თანმიმდევრობით - აბაზანა, სამზარეულო, საძინებელი, ჰოლი.... სარკე. ეს სარკე აბსოლუტურად ზედმეტია, მაინც ვერაფერს აღვიქვამ.
აბაზანაში თუ შემასწრეს, დაღუპული ვარ - გარანტირებული დაგვიანება სამსახურში და 20 ლარიანი ჯარიმა.
ხომ არსებობენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები, თავგადაკლული პესიმისტები. მე გამოუსწორებელი ღამურა ვარ. Batman-ი :-) ერთი ბეტმენის ფორმა უნდა ვიყიდო და ისე მივიდე სამსახურში. რა მოუვათ :-):-):-)
ჰოო, სამსახურში მოვედი.მერე control alt delete, პროცესორის ზმუილი, ფოსტის შემოწმება...... ვაჰ, სოფელო, რა შიგან ხარ მართლა რააა, რა გინდა, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირს ამისთანა?! გვაბრუნებ კი არა, გვატინგიცებ.
ეეჰ, შოთა, შენც კაი დღეში გქონდა ნერვები :-):-)
არა, ასეთი უჟმურიც არ ვარ. უბრალოდ, ზამთარი ამოვიდა ყელში. "მერე რა რომ ზამთარიაო". რა მერე რა? კაია? ვინ მოიგონა ეს სლოგანი? მაგრა ვეჩხუბებოდი. მარა რატომ? ხომ არიან ვიღაცეები, ვინც გიჟდება სიცივეზე. ისე, ზამთარი რომ მიყვარდეს, ამ რეკლამაზე მაინც გავბრაზდებოდი. რას ქვია მერე რა? შენი "მერე რა" საძახებელია ოქროსავით ზამთარი? :-):-)ხომ გითხარით ინტრიგანობის ხასიათზე ვარ თქო? :-)
პიანისტი შპილმანი გამახსენდა უცებ. ოღონდ არ მითხრათ, რომ დადებითი გმირია. მთელი ფილმის განმავლობაში გვაყურებინებენ, როგორ იბრძვის საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ოღონდ ისეა გართული ამ საქმიანობით, სულაც არ ანაღვლებს მისი მთელი ოჯახი ეშაფოტზე რომ წაასხეს. არც იმას დაგიდევთ, ნაცნობ-მეგობრებს და უცნობებსაც პრინციპში, საფრთხეში რომ აგდებს, ოღონდ თვითონ თავშესაფარი და ლუკმაპური იშოვოს. არავინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა მის ადგილას და მათ შორის მეც, მაგრამ მაინც მაღიზიანებს ამ რაფინირებული მუსიკოსის ეგოისტური და გაუთავებელი რბოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად. როგორ ეტყვის ის გერმანელი ბოლოს? - "მადლობა ღმერთს გადაუხადეთ, მას უნდა, რომ გადარჩეთო". საინტერესოა მისი შემდგომი ცხოვრება. ფილმის გმირს ხომ რეალური პროტოტიპი ჰყავდა. გადაუხადა ნეტა ღმერთს მადლობა? იმ საცოდავ გერმანელს რომ არ გადაუხადა, ფაქტია. არადა, ისეთი იყო, მიწიდან ამოთხრიდა რომ მოენდომებინა.
ან ეს "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" (რა საჭიროა ეს ორი სათაური მაინც ვერ გავიგე :-):-) ) რატომაა საყოველთაოდ აღიარებული რომანტიკული კომედია, გამაგებინეთ. კარგია საცოლესთან ხელის სათხოვნელად მისასვლელი კაცი ორი საათით ადრე ისე გამოთვრეს, რომ სხვა ქალაქში, სხვა ქალის ბინაში აღმოჩნდეს და მერე ეს "სხვა" ქალი ისე გადაირიოს გამობრუჟულ და აქეთ-იქით მობანცალე, ნიფხვიან ჟენя-ზე, რომ დიდი ხნის ნაშენები (ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ სინონიმს ვერ ვიხსენებ) ურთიერთობა ერთ ღამეში ქარს გაატანოს. ან უკვე გამოფხიზლებული, ინტელიგენტი ჟენя რატომ შექანდა საქმროთი ხელდამშვენებულ ნადя-ზე (რომელიც სხვათა შორის, წელს აღმოვაჩინე, რომ ფილმში ჩემი ტოლია, 34 წლის. არადა ნადя ყოველთვის დიდი ქალი მეგონა. ანუ მე დიდი ქალი ვარ? არა რაა. არა!)
არგუმენტი - ერთი ნახვით შეყვარება არ მიიღება :-) (ვხუმრობ რა თქმა უნდა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია ფილმზე).
ბევრი შემედავება, რომ ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში ხდება, მაგრამ იმ "ბევრს" მოდი წინასწარ ვკითხავ - იპოლიტის, ან გალя-ს ადგილას ერთხელ მაინც თუ წარმოუდგენიათ თავი? არადა, ეს საწყალი მსხვერპლებიც რა რეგვენებად ყავთ გამოყვანილი. ისინი ცუდები არიან, შეუგნებლები და ავები. ჟენя და ნადя - კარგები, ლამის აქეთ მსხვერპლები. ერთადერთი ადეკვატური ადამიანი ჟენя-ს დედაა, ფილმის დამაგვირგვინებელი ფრაზით. არადა, რяზანოვს აქვს მართლა კარგი ფილმები, რომლებსაც რატომღაც არასოდეს, ან ძალიან იშვიათად გვაჩვენებენ. რას გადაეკიდნენ ამ "ბედის ირონია"-ს და "Служебный роман"-ს? ბოლოს როდის ნახეთ "Небеса обетованные", ან გარაჟი, რომელიც მართლა შედევრია. ან თუნდაც "Предсказание" .
უკვე ოთხი გამხდარა. რა კინოკრიტიკოსობა ამიტყდა. საქველმოქმედო ფონდის გამდიდრებისთვის ვიღწვი? რას ვაფრიალებ ამ 20 ლარიანებს კაი მეცენატივით :-)
должны все люди ночью спать-ო, გვეუბნებოდნენ ბავშვობაში. სწორი იყო ის ხალხი.
როგორ მენატრება ის დრო. ჩემი საბჭოთა ბავშვობა. რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ნოსტალგია მაქვს იმ პერიოდის. ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება და რა ვქნა? დროის მანქანა რომ არსებობდეს, ერთი–ორი დღით აუცილებლად დავბრუნდებოდი საბჭოთა კავშირში, ბოშებისგან ვიყიდდი რეზინაგამობმულ, ნახერხით გატენილ, ბრჭყვიალა ბურთს, შევჭამდი შოკოლადმოხეხილ ნაყინს, რკინის ვერცხლისფერ ფიალაში და დავღეჭავდი ვარდისფერ პედროს :-)
ეჰ, წავედი, წავედი.
Спокойной ночи, малыши! :-)

P.S. ამ თემას ისევ მივუბრუნდები ახლო მომავალში.

Friday, February 12, 2010

ქალაქში ბამბისფერი თოვლი მოვიდა

თოვლი მოვიდა. ქათქათა, მსუბუქი.
ასეთ ამინდში სულ მგონია,რომ ყველაფერი კარგად იქნება.
სეირნობა მინდა, თოვლისთვის სახის შეშვერა და სიჩუმის აღქმა, მარტო თოვის დროს რომ დგება.
შავ-თეთრ ფოტოს გავს თბილისი. ხარისხიანს და ლამაზს.
ინფანტილური სიხარულის შეგრძნება მაქვს. მარტო ბავშვებს რომ აქვთ, ისეთი. ასაკის მატებასთან ერთად რომ ქრება. კარგია მგონი ინფანტილიზმი.... ხანდახან :-)
თოვს და გადაღებას არც აპირებს.
ქალაქში ბამბისფერი თოვლი მოვიდა....