Monday, November 3, 2014

ოდა, იგივე ბალადა მამუკა გოგილავაზე

აზრზე მოვა, ხიდზე გავა
თარჯიმანი გოგილავა
სპეცნაზიდან მთაში წავა
ჩაისუნთქავს სუფთა ჰავას.
მოსკოვში რომ  ჩავიდა და წამოიწყო „ბიზნესი“,
ვით საქმოსანი მოდური, უმალ დაკავდა ფიტნესით,
შმოტკა ქონდა და არ აკლდა პუმა, ნაიკ, ჰუგოები,
მაგრამ ბოლოს დაიჭირეს,  აჭედინეს კუბოები.
მრავალი პროფესიის და მრავალი ჯილდოს მფლობელი
პარიკმახერი ქალების დიადი გულთამპყრობელი.
ოციანი წლების სტილი ისევ უკრთის მიმიკაში
თავის ფეხით გამოცხადდა კუზანოვის კლინიკაში.  
-ჰოლივუდური ღიმილით უნდა მოვხიბლო ქალები
ორი დღე დამრჩენია და სჯობს მოვიკრიბო ძალები.
მაგრამ ბოროტმა დანტისტმა გულში სულ სხვა რამ გაივლო
და სამსახურში ერთ დღესაც გამოგვეცხადა „მაილო“.
-პარიზი ახლა სულ სხვაა, არ შეედრება ძველსაო
სადღა იპოვი ადრინდელ, ფრანგული გუდის ყველსაო.
აღარც ქალები ვარგა და არც მწერალ მუსიკოსები
კაცებიც რას დაემსგავსნენ, დადიან როგორც ქოსები.
ფერი ედება მუმიის, კარგად თუ არ დაიძინა
ხშირად ნახულობს სიზმარში მაჩვების მეფე ბიძინას.
ჭიათურაში დადიან ფერადი ფარშევანგები
მაგრამ მამუკას არ ესმის მათი საამო ჰანგები,
გერმანიაში ტახებთან  მეგობრობს კარგა ხანია,
იმერელია, თუმც ხშირად იქცევა, როგორც სვანია.
ვინც იცნობს დამეთანხმება
ანტიკვარია ნამდვილი,
ეგვიპტურ პირამიდაში
დაჯავშნული აქვს ადგილი.










Sunday, July 6, 2014

თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი – მითი და რეალობა

ყოველთვის, ბავშვთა სახლის ხსენებისას ხალხის უმრავლესობას ავტომატურად ცუდი პირობები, დაჩაგრული ბავშვები და „ფრეკენ ბოკი“ ძიძები ახსენდება. მათ შორის ვიყავი მეც, სანამ ერთ დღეს სრულიად შემთხვევით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში არ აღმოვჩნდი. ვერც იმას ვიფიქრებდი,  ერთი მისვლა ასეთ მიჯაჭვულს თუ გამხდიდა იქაურობაზე. თუმცა ეს სულ სხვა თემაა და ამაზე ბევრ ლაპარაკს აქ არ ვაპირებ.
რამდენიმე თვის წინ ერთ–ერთ არხზე სწორედ ამ ბავშვთა სახლის შესახებ რეპორტაჟი გაკეთდა, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რა ცუდად ექცევიან იქ ბავშვებს, როგორ აწამებენ მათ და  ტკივილგამაყუჩებელ წამლებსაც კი არ ასმევენ. დაახლოებით იგივე შინაარსის სტატია დაიწერა ერთ–ერთ ინტერნეტ გაზეთშიც ( სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ). ჩემი ადრესატები პირველ რიგში სწორედ ამ სიუჟეტის და სტატიის ავტორები არიან (რომელთა სახელებიც ასევე სამწუხაროდ არ მახსოვს, თუმცა ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა და მოისმინა, რა დესპოტურად ეპყრობიან ბავშვებს ბავშვთა სახლებში). მე ნამდვილად არ ვიცი რა ხდება სხვაგან, მაგრამ თბილსის ჩვილ ბავშვთა სახლზე ძალიან ბევრი რამის მოყოლა შემიძლია. შემიძლია ვთქვა ის, რასაც სექტემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი თვალით ვუყურებ. სანამ კონკრეტულ ფაქტებზე გადავალ, სიუჟეტის და სტატიის ავტორებს (რომელთა გვარებსაც იმედია ვინმე მეტყვის) მინდა ვთხოვო, მინიმუმ 24 საათი გაატარონ „წამებულ“ ბავშვებთან და ბავშვთა სახლის „დესპოტ“ მესვეურებთან ერთად. ერთი ღამე მაინც გაათიონ თუნდაც ყველაზე „მსუბუქ“ ჯგუფში, მერე აიღონ ხელში კამერა და გააკეთონ სიუჟეტი, მოყვნენ ამბავი სახლზე, სადაც დიახ, მართლაც დაჩაგრული ბავშვები ცხოვრობენ, დაჩაგრულები, იმიტომ, რომ მათზე საკუთარმა მშობლებმა თქვეს უარი, იმიტომ, რომ საავადმყოფოში „ჩვეულებრივი“ ბავშვების მშობლები მათთან ერთად პალატაში ყოფნას აპროტესტებენ, იმიტომ, რომ დედებს, რომლებმაც 9 თვე მუცლით ატარეს, მათი ცხვენიათ, ზოგიერთი მათგანი ნაცნობ მეგობრებში იმასაც ამბობს, რომ ბავშვი მშობიარობისას გარდაიცვალა. 
ეს „გარდაცვლილი“ ბავშვები კი სინამდვილეში ნუცუბიძის 3–ში ცხოვრობენ, მათ სხვები უვლიან, სხვები უთევენ ღამეებს, სხვები ეფერებიან, სხვები ნერვიულობენ. ეს სხვები გაგიკვირდებათ და  „დესპოტი“ აღმზრდელები, ექიმები, ექთნები და ბავშვთა სახლის ხელმძღვანელები არიან.  
სტატიის ავტორი ერთხელ მაინც შეეცადოს და უბრალოდ ხელში აიყვანოს რომელიმე პატარა, ჰიდროცეფალიის დიაგნოზით და თუ ეს არ შეუძლია მაშინ იმას მაინც უყუროს, როგორ უვლიან მათ იქაური აღმზრდელები, უყუროს  როგორ ეფერებიან საკუთარი დედისგან უარყოფილ უსუსურ ბავშვებს. იმ სტატიის ავტორს ერთი საათი მაინც რომ შეძლებოდა იმ ოთახში გაძლება, სადაც პატარა ილიკო ცხოვრობდა, (რომელიც მრავლობითი ორგანული და გარეგნული ანომალიების გამო მიატოვეს), იმის უკაცრავად და ტრაკი რომ ქონოდა, უბრალოდ შეეხედა და უკანმოუხედავად არ გამოქცეულიყო  ამ ყველასგან მიტოვებული პატარის დანახვაზე, აუცილებლად შეამჩნევდა იქ ქალს. ხო,  შეამჩნევდა აღმზრდელს, რომელსაც ისეთი სიყვარულით უყვარდა ეს პატარა, საბრალო ბავშვი, რომლის მსგავსი მე მხოლოდ წიგნში წამიკითხავს, ან ფილმში მინახავს. შეიძლება ბევრისთვის ეს ძნელად გასაგებია, მაგრამ დამიჯერეთ, მე მინახავს და მინახავს ისე,  სულ რომ არ ცოდნია ამ ოქრო  ქალს ჩემი არსებობა. პატარა ილიკო ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ქალბატონი დარეჯანი დღემდე ცხარე ცრემლით მისტირის თავის ლამაზ „პაწკუს“.  ბავშვის გარდაცვალების შემდგომ დაიწყო ექიმების და ექთნების გაუთავებელი დაკითხვები, ყოველ დღე მოდიოდნენ „სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის მსხვერპლთა) და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“  (ჩვილ ბავშვთა სახლის უშუალო ზემდგომი ორგანოს) გაბღენძილი თანამშრომლები და „იძიებდნენ“ ბავშვის გარდაცვალების მიზეზს. იმას კი არავინ კითხულობდა, როგორ მიაღწია ამ მდგომარეობაში მყოფმა ბავშვმა 4 წლის ასაკამდე. ყოვლად უვიცები ერთ–ერთ ექიმს ეუბნებოდნენ „პიკოვიტი“ არ მიგიციათ წინა საღამოს და იმიტომ გარდაიცვალაო. პიკოვიტი რომ შველოდეს იქ მყოფი ბავშვების დიდ უმრავლესობას შეიძლება დედებსაც  აღარ მიეტოვებინათ.  „პიკოვიტს“ უყიდიდნენ რამენაირად.... ალბათ. 
როგორ შეიძლება უყურო ანას (სწორედ ეს პატარა გოგო გახდა ჩემი იქ ხშირი  სიარულის მიზეზი) აღმზრდელებს, ექიმებს, ექთნებს და მადლობის გადახდა არ მოგინდეს. მე ღამე მშვიდად მძინავს. ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ანას ჩემი საყვარელი ლალიკო არც უჭმელს დატოვებს, არც დასაბანს, ბევრსაც აკოცებს და იმასაც ეტყვის „ქერის ორმოში“  რომ ჩავარდა (ეს ბოლო ჩემთვის მნიშვნელოვანია არაა, მაგრამ ლალიკო მაინც ეტყვის). ვიცი, ნამდვილად ვიცი მაიკო, იულია, ნინო, ქეთი  როგორც კი მზე გამოანათებს, აივანზე გაიყვანენ, არ დაავიწყდებათ, რომ ანამ დღეში ორჯერ იოგურტი უნდა ჭამოს, ვიცი ბატონო, ჩემი თვალით მინახავს როგორ კოცნის მაია „თავის ბიჭს“, პატარა ჯუჯას, რომლის მამასაც მისი დანახვაც არ უნდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვიცი, ძალიან კარგად ვიცი რამდენი ღამე გაუთევიათ ნანას და ეკას, რამდენჯერ პირველად საღამოს 8 საათზე უჭამიათ საჭმელი, იმიტომ, რომ ჯერ პატარა თამარას, მართას, თემოს, საბას და კიდევ რამდენის  დაბანის, ჭამის, გამოცვლის, ისევ დაბანის, ისევ ჭამის, ისევ გამოცვლის დრო იყო. ანას შორენას დანახვაზე სახე ებადრება. აბა თუ მიხვდებით რატომ? ტყუილად არცერთი ბავშვი არ უცინის არავის. ალბათ იმ სტატიის ავტორისთვისაც კი ადვილი მისახვედრი იქნება, რატომ უხარია  ანას შორენას დანახვა. ან შეიძლება დავივიწყო როგორ უგროვებდა  ირმა ანას სოფლის კვერცხებს, იმიტომ, რომ ბავშვს კალცი უნდა მიეღო.  
ვიცი, რომ არცერთი ექიმი ღამე თვალს არ მოხუჭავს, თუ რომელიმე ბავშვს რამე უჭირს. ვიცი და ვინც ჩემზე ხშირად ხედავს ამ ყველაფერს მხოლოდ ისინი შემომედაონ, თუ ექნებათ რა თქმა უნდა რაიმე არგუმენტები. ვინმე თუ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი ეპარება, მოვიდნენ და ნახონ როგორ მძიმე ბავშვებთან უწევთ მუშაობა და ნახონ, როგორ აცოცხლებენ ამ ბავშვებს, აცოცხლებენ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.
დაახლოებით ერთი თვის წინ, 5 წლის თაზო სახლში წაიყვანეს. ზუსტად ორ დღეში მამამ უკან დააბრუნა, ვერ გაუძლო. ვერ გაუძლო საკუთარ შვილს, რომელიც თავის დროზე დატოვა, მერე 5 წლის თავზე გონება გაუნათდა, მაგრამ 2 დღეში ისევ იმათ დაუბრუნა ვინც წლების განმავლობაში უვლიდა, ზრუნავდა და უძლებდა მის შვილს.
ასე იმიტომ დავწვრილმანდი, რომ მინდა კარგად წარმოიდგინოთ რა ხდება „საწამებელ“ დაწესებულებაში.
ცოტა ხნის წინ  გავიგე, რომ ბავშვთა სახლების დახურვას  აპირებენ. ეს ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაა, არა? ხოდა შეკითხვა მაქვს, პატივცემულო სერგეენკო, სად მიგყავთ ეს ბავშვები, დარწმუნებული ხართ, რომ ყველა ბავშვს გამოუჩნდება მიმღები, ე.წ. „ფოსტერ“ ოჯახი? მე რაღაც ეჭვი მეპარება. არა იმიტომ, რომ ისინი არ შეიძლება ვინმეს შეუყვარდეს. შეიძლება, როგორ არ შეიძლება, ისეთ ნაგავ საზოგადოებაშიც კი, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია, არიან გამონაკლისები, აი თუნდაც ქალბატონი დარეჯანი, რომელზეც წეღან ვყვებოდი. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმე თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს და სახლში წაიყვანს თუნდაც იმ ჰიდროცეფალებს, რომლების  მხოლოდ თავის წონა 20–25 კილოგრამს შეადგენს? ასეთ ბავშვებს საავადმყოფოებშიც  კი არ აქცევენ ყურადღებას (საავადმყოფოები და მათი დამოკიდებულება ბავშვთა სახლის ბავშვების მიმართ კიდევ ცალკე თემაა, რომელზეც აუცილებლად უნდა დაიწეროს) .  თუ პალეატიური განყოფილებების იმედი გაქვთ, რომელიც თუ არ ვცდები სულ ორია საქართველოში და ორივე გადავსებული.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს კი ვურჩევ, ხშირად მოვიდნენ და ნახონ ბავშვები, რომელთა ოფიციალურ მეურვეებად ითვლებიან. მარტო მაშინ ნუ მორბიან, როცა  ვინმე ყავთ „დასაკითხი“. ჯერ კარგად გაერკვნენ და მერე მოთხოვონ პასუხი ამ ხალხს. ხალხს, რომლებისგანაც სრულიად საპირისპიროს ველოდი ჩემი იქ მისვლის პირველ დღეებში და რომლებიც რადიკალურად განსხვავებულები აღმოჩნდნენ. ბოდიში, საშინელი ხალხი რომ მეგონეთ. ალბათ მეც იმ ტენდენციის მსხვერპლი ვიყავი, როგორიც ზოგადად თქვენზეა საზოგადოებაში გავრცელებული.
თუმცა ამ სააგენტოშიც აღმოჩნდა ერთი კარგი ადამიანი, ლალი ღლონტი, რომელიც ჩემზე იქნა უშუალოდ მომაგრებული, როგორც სოც, აგენტი და რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ანა მალე წავიყვანო სახლში. ის ევროპული და ამერიკული კანონებიდან დაკოპირებულ რეგულაციებზე დაყრდნობით არ ფიქრობს, როგორც იმ საბჭოს 10 წევრი, რომელთა გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, წავა ანა ამ ზაფხულს დასასვენებლად თუ არა. ის კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე ფიქრობს, იცის, რომ საჭიროა ის რასაც ვითხოვ, ისიც იცის სააგენტო ბავშვის დასასვენებლად წაყვანას რომ ვერ (ან არ)  უზრუნველყოფს და იბრძვის იმისთვის, რომ რამე გამოუვიდეს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. სამწუხაროა, რომ ასეთი კარგი ადამიანები სააგენტოში უმცირესობაში არიან.
მე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. დავწერე ის, რა ემოციაც მაქვს, დავწერე ის, რასაც ვუყურებ და ვგრძნობ. ეს ხალხი მე შემიყვარდა.  და როდესაც „მითიური საბჭო“ ნებას დამრთავს, რომ ანა სახლში წავიყვანო, ჩვენ ორივე ხშირად მივალთ ხოლმე ნუცუბიძის 3–ში სტუმრად და მე ყოველთვის მოვუყვები, როგორ უვლიდნენ მას სანამ მე გავიცნობდი. და როგორ უვლიან ახლაც, მაშინ როცა მე არ ვარ.
ხოდა, ამ ხალხს მედლები ეკუთვნის.