Wednesday, August 24, 2011

იქ, სადაც მსუბუქად დადიხარ და ღრმად სუნთქავ

–აი, ესაა კალა პი, გვითხრა ტაქსის მძღოლმა, თვალი ჩაგვიკრა, 30 ევრო წაგვგლიჯა და სტვენა–სტვენით დაეშვა ქალაქისკენ მიმავალ გზაზე.
–კიბეებით ჩადით, ქვემოთაა სანაპირო, ფანჯარაში თავგამოყოფილმა მოგვაძახა, ხელი აგვიწია და გიჟური სისწრაფით გაუჩინარდა მოსახვევში.
ესპანური არ ვიცი, მაგრამ ზუსტად მივხვდი რა გვირჩია მძღოლმა. რამდენიმე ნაბიჯში მართლაც აღმოვაჩინეთ ქვის კიბე.
როცა ჩემს მეგობრებს, კარგი ახალი ამბავი აქვთ მოსაყოლი, არასდროს არ მინდა, რომ უცებ გავიგო – ტელეფონით, ან მითუმეტეს გზავნილით. სიამოვნებას ვიხანგრძლივებ თითქოს – "კარგად მოყოლამდე" აბსტრაქტულად მიხარია ხოლმე "რაღაც". ზუსტად ასე ვიხანგრძლივებდი სიამოვნებას მაიორკის იმ მთიანეთში – მოაჯირს დაყრდნობილი, ზემოდან ვუყურებდი ჩალისფერ ქვიშას და კლდეებს შორის მოქცეულ ზურმუხტისფერ ზღვას.
ქვიშა ისეთი ცხელია, სწრაფად და მსუბუქად უნდა მიირბინო წყალთან, ზღვა ისეთი რბილი, გეგონება ფუმფულა პლედში გაეხვიე.
გახურებული შეზლონგიდან კლდის სველ და გრილ ქიმზე გადავინაცვლე. მზე აცხუნებდა, ცაზე კურდღლის ფორმის თეთრი ღრუბლები უძრავად იდგნენ, თითქოს ვიღაცას მიუჭედებიაო, ურიკით "coco-melone"-ს დაატარებდნენ, მთის ძირში ესპანელი მოხუცი უტკბილესი ხმით მღეროდა "cucurrucucu paloma"-ს და მე ვფიქრობდი, რომ დაუსრულებლად ვიწვებოდი ზღვაში შეჭრილ კლდეზე, ღრმად ჩავისუნთქავდი წყალმცენარეების სუნით გაჟღენთილ ჰაერს და საერთოდაც, ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სხვათა შორის, მაიორკაზე ერთი კარგი რადიოსადგური აქვთ. Rock and Gol ქვია. ერთ–ერთი "კალა"–დან პალმას ცენტრში მივდიოდით. სწორედ იმ ტაქსისში აღმოვაჩინე ეს რადიო. ერთმანეთს ისეთი მუსიკოსები ცვლიდნენ, ნახევარი საათი როგორ გავიდა ვერ გავიგე. ბობ დილანის Forever Young-მა ესპანეთის მოედანზე მოგვისწრო. ცოტა მენანებოდა მანქანიდან გადმოსვლა. მძღოლს ვუთხარი, მაგარ მუსიკას უსმენ თქო. გაუხარდა – გრასიას სინიორიტაო. მეც სახელდახელოდ ნასწავლი "ნადა" მოვიშველიე და რაზეც შევთანხმდით, იმაზე 5 ევროთი ნაკლები გადამიხადეთო :–) გეუბნებით, კარგ მუსიკას ცუდი ტიპები არ უსმენენ :–)
ისე, უცნაურია, რატომ დაარქვეს პალმას ასეთი არასერიოზული სახელი. თუ პალმის ხეების სიმრავლის გამო, ასეთივე წარმატებით შეეძლოთ ლეღვი, წითელი ტყემალი ან ქლიავი დაერქმიათ – პალმებზე მეტიცაა მგონი. ქალაქი ტურისტებით სავსეა, მაგრამ 12 საათზე ყველა კაფე იკეტება. სულაც არ ადარდებთ, შენ რომ არ გეძინება და აქეთ–იქით ბოდიალის ხასიათზე ხარ. მთელს პალმაში ერთადერთი კაფე მუშაობდა გვიანობამდე და ჩვენც ყოველ ღამე დაბარებულებივით იქ მივდიოდით. მე ყოველ ჯერზე, ახალ ოფიციანტთან ვცდილობდი გამერკვია, რომელი ხილის ნატურალური წვენი ქონდათ ფორთოხლის გარდა, რაზეც ყოველთვის ერთიდაიგივე პასუხს ვიღებდი – Yes! ამიტომ, კალა სანტინიში, ხილის კი არა, სტაფილოს წვენიც გვაქვსო რომ მითხრეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა იქ ჩემს მეგობარს არ გაუმართლა, რომელმაც ცივი ყავა შეუკვეთა და გაბადრულმა ოფიციანტმა ერთი ფინჯანი მდუღარე ყავა და ერთი ყინულებით სავსე ჭიქა მოართვა. შეკითხვაზე, მე ხომ ცივი ყავა შევუკვეთეო, ესპანურ, ინგლისურ და ჟესტების ენაზე მშვენივრად ჩამოაყალიბა პასუხი – დაასხი ამ ყინულებს ეგ შენი ცხელი ყავა და ცივი გამოვაო :–))
მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია, პალმას ქუჩებში სიარულისას სულ მქონდა შეგრძნება, რომ კინოს გადასაღებ დიდ პავილიონში დავდიოდი. თითქოს ისიც კინოს ნაწილი იყო, პატარა, ვიწრო ქუჩაზე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მანქანით, მეფემ რომ ჩამიარა და ღია ფანჯრიდან ხელი დამიქნია. სხვათა შორის, არც არაფერი გადაუკეტიათ და სულ რაღაც ორი კინკილა მოტოციკლეტი მოყვებოდა უკან. იმ ქუჩაზე მე და ერთი პოლიციელი ვიდექით მხოლოდ. ჩემს სახეზე დიდი აღფრთოვანება რომ ვერ შენიშნა (რა ვქნა, ვერ ვიცანი ასე უცებ მეფე :)) ), მომიახლოვდა და განსაკუთრებული სიამაყით მითხრა – "ით ვოზ ა ქინგ, ჟუან კარლოს. ჟუან კარლოს იზ ქუულ". უყვართ ესპანელებს თავისი ჟუან კარლოსი, რომელმაც სასახლეში ცხოვრებაზე და ზედმეტ ფუფუნებაზე უარი განაცხადა და მთლად ჩვეულებრივი ესპანელივით არა, მაგრამ მეფესავით ნამდვილად არ ცხოვრობს. და მე, იმ ქუჩაზე მდგომს, შემშურდა ესპანელების, რომ მათ თავისი მეფე (ამ შემთხვევაში მაინცდამაინც მონარქს არ ვგულისხმობ. წინამძღოლს, ლიდერს, როგორც გინდათ დაარქვით) გულწრფელად უყვართ და ის ამას იმსახურებს.
ყველაზე შთამბეჭდავი პალმაში უძველესი კათედრალია – "La Seu" - უზარმაზარი და მისტიკური. რომ შეხვალ, ზემოთ რომ აიხედავ და ენა რომ ჩაგივარდება, ისეთი.
პალმაში თუ მოხვდებით, ჩემი რჩევა იქნება – შეელიეთ რამდენიმე საათით ზღვას (რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ნამზეური) და აუცილებლად წადით მიროს სახლში – იქ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. შეიხედეთ მის სახელოსნოში, შემოიარეთ დარბაზები, სადაც ბევრი მიროა, ბევრი ფერადი, ნამდვილი მირო, ჩამოჯექით ბაღში, ადით ვერანდაზე და თუ გიყვართ ეს არაჩვეულებრივი კაცი, ბედნიერებას ისევე მძაფრად შეიგრძნობთ, როგორც მე დამემართა. თუმცა როგორი და რამხელა იყო ეს ბედნიერება, რამდენიც არ უნდა ვწერო, მაინც ვერ გადმოვცემ. ამიტომ, სიტყვაზე მენდეთ.
ცოტა ხელოვნური ქალაქია თქო, კი ვამბობ, მაგრამ პალმას ყველაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ იქ "La Seu" –ს კათედრალი და მიროს სახლია.
––––––––––––––––
ბარსელონას აეროპორტიდან ცხვირს გაყოფ თუ არა, ათასგვარი სუნის და არომატის სამყაროში აღმოჩნდები. პირველი სავიზიტო ბარათი მაინც მარილიანი ზღვის სურნელია, მსუბუქ ბრიზს რომ მოაქვს შენამდე (უცნაურია, მაგრამ პალმას აეროპორტიდან გამოსულს, მსგავსი არაფერი მიგრძვნია).
თენდებოდა ჩვენ რომ ჩავედით. არკ დელ ტეატროს შესახვევში, პალმის ხის ძირში, თუთიყუშებს ისეთი გნიასი ქონდათ ატეხილი, აშკარად ნერვებს უშლიდნენ ახლო–მახლო მყოფ მტრედებს.
ჰოდა, საოცარია როგორი ჰარმონიულია ერთ ქალაქში თავმოყრილი, ამ რადიკალურად განსხვავებული სუნების თანაარსებობა.
დილით, როცა ვიწრო ქუჩებში დადიხარ, შმორის და ნესტის სუნს, უცებ ენაცვლება ყავის, კრუასანის და ახლადგამოწურული ციტრუსის სურნელი. შუადღისთვის დომინანტი სანელებლების არომატი ხდება და შენც გახსენდება, რომ სადილის დროა. საღამოს შოკოლადის სუნი თამბაქოს სუნთან ზავდება და ნისლივით დგება ქალაქის თავზე.
ისე, ყველა ის მითი, რასაც ბარსელონაში წასვლამდე მიყვებოდნენ, დაიმსხვრა – ის, რომ იქ გაუსაძლისი სიცხეა, რომ ქურდები პირდაპირ ხელიდან გგლეჯენ ჩანთას და საფულეს, რომ უგემური საჭმელი აქვთ და თევზი თუ არ გიყვარს, მშიერი მოკვდები, 3–დან 6–მდე ყველას ძინავს და ყველაფერი დაკეტილია, რომ საგრადა ფამილია ყველაზე მაგარია, რომ სიძვირეა და ბევრი ტურისტის მიუხედავად, ნაგავს ყველა ურნებში ყრის :–))
ამ ქალაქის მთავარი ხიბლი ისაა, რომ პირველივე დღიდან გიჩნდება შეგრძნება, რომ მისი შემადგენელი ნაწილი გახდი. პალმასგან განსხვავებით, ის ცოცხალია და ნამდვილი. ბინძურია და თან ლამაზი, ემოციური და ხმაურიანი, თავისუფალი, ლაღი და არადაბოღმილი.
ბარსელონა არაა მარტო საგრადა ფამილია, როგორც ბევრი თვლის. ლამაზი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ტაძარში უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან შინაარსიანია. ფაქტობრივად მთელი ნაგებობა ქვად ქცეული ფლორა და ფაუნაა. ყოველი პატარა დეტალით ხვდები, შთაგონების როგორი უწყვეტი წყარო იყო ბუნება გაუდისთვის. თუმცა ჩემთვის პალმას კათედრალი ბევრად უფრო მომნუსხველი აღმოჩნდა (არ გეგონოთ ოღონდ, რომ იქ გაუდის ხელი არ ურევია :) ).
ბარსელონა გაუდის ქალაქია, უდაოდ. და კიდევ მიროსი. ვერ ნახავთ ვერცერთ საგამოფენო დარბაზს, მიროს ერთი ნამუშევარი მაინც რომ არ იყოს წარმოდგენილი. აღარაფერს ვამბობ უზარმაზარ სკულპტურებზე ქუჩებში, მის მუზეუმზე და მისი სახელობის პარკზე.
არ მინდა იმ არქიტექტურული ძეგლების და მუზეუმების ჩამოთვლა დავიწყო, სადაც ვიყავი. ეს ალბათ ისედაც გასაგებია. მთავარი მაინც ისაა, რა შეგრძნებას იწვევს ადამიანში ესა თუ ის ქალაქი.
თუ გინდა, რომ ბარსელონა კარგად შეიგრძნო, ფეხით უნდა იარო. ბევრი. სხვანაირად შეუძლებელია. სხვანაირად მართლა მარტო მუზეუმებს ნახავ და მორჩა.
ერთ დღეს, ჯორჯ ორუელის მოედანზე (დიახ, ზუსტად იმ ჯორჯ ორუელის, საგრადა ფამილია რომ სძულდა და ნეტა დაებომბათ და დაენგრიათო რომ ამბობდა) ქუჩის მომღერალს გადავაწყდი, რომელიც სუად მასის "Le Bien Et Le Mal"-ს ისეთი გრძნობით მღეროდა, ადგილზე გამაშეშა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, შუაგულ ბარსელონაში ამ ალჟირელი ქალის სიმღერას თუ მოვისმენდი, თან ასე ემოციურად ნამღერს და თან ქუჩის მუსიკოსისგან. ეს პირველი "დარტყმა" იყო.
მოკლედ, თუ გინდათ კარგი მუსიკა მოისმინოთ, ის მუსიკოსები ეძებეთ, ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში და პატარა მოედნებზე რომ სხედან. ზუსტად ასეთ ქუჩაზე წავაწყდით ახალგაზრდა ბიჭს, მინუს ფონოგრამაზე არიებს რომ მღეროდა ოპერებიდან. მივედით, დავსხედით და ნახევარი საათი ვეღარ ავდექით.Nessun Dorma-თი დაასრულა კონცერტი, "ტურანდოტი"–დან. ტაშს რომ ვუკრავდი მეტირებოდა.
წმინდა ეულალიას კათედრალის წინ, ორი გოგო და ერთი ბიჭი, ყოველ საღამოს მღეროდნენ "სუპერსტარიდან" ნაწყვეტებს, ფრედი მერკურის, ბობ დილანის და ჯონ ლენონის სიმღერებს. და რაც მთავარია, ყოველი მათგანი ბევრად უფრო კარგად აკეთებდა ამ საქმეს, ვიდრე ისინი, ჩვენთან მომღერლები რომ ქვიათ და სცენაზე დგანან. მე ბარსელონა მათთან ერთად შემიყვარდა. ეს ეტყობა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ როცა მე და ჩემი ორი მეგობარი ერთად ვისხედით, მოწყალების სათხოვნელად ყველა მაინცდამაინც ჩემთან მოდიოდა. ზოგი იქვე, "კონცერტზე", ზოგი კაფეში მაკითხავდა. მერე მახსენდებოდა – "აა, ეს ის არ იყო, ქსილოფონზე რომ უკრავს?" –"ეს ისაა, ხო, აკორდეონიანი ტიპი?" და მე სიხარულით ვაძლევდი მათ ფულს, ოღონდ არა მოწყალებას – ისინი გასამრჯელოს კარგი მუსიკისთვის იღებდნენ.
ისე, ბარსელონელ პოლიციელებს ეტყობათ, რომ ჰიმნი მათთვის არავის დაუწერია, თორემ ასეთი ზედაპირულები არ იქნებოდნენ :–)) როცა პორტში, სკამზე მჯდარი ძალიან მთვრალი კაცი ვნახე, რომელიც პერიოდულად "კე პასას" ბურტყუნით წამოდგომას ცდილობდა, სულ დამავიწყდა ჩემი კრემიანი და შოკოლადიანი, უგემრიელესი ვაფლი. მივხვდი, რომ ერთ–ერთ წამოდგომაზე, მინიმუმ 4 ნაბიჯი წინ და პირდაპირ თავით გადაეშვებოდა ზღვაში. მარტო დატოვება, პრინციპში მის სიკვდილს ნიშნავდა. პოლიციაში დავრეკეთ. ჩემდა გასაოცრად ინგლისური იცოდნენ, დიდი მადლობაც გადამიხადეს ყურადღებისთვის და პოლიციელის გამოგზავნასაც დამპირდნენ, მაგრამ 1 საათიანი ლოდინის შემდეგ მივხვდი, რომ არავინაც არ მოვიდოდა. ბოლოს, ბედზე ვიღაც გამვლელის ნაცნობი აღმოჩნდა და იმას გადავაბარეთ, საწყალი.
ქუჩებშიც ხშირად შეხვდებით პოლიციის მანქანებს, მაგრამ რატომღაც ყველა ცარიელია :–)

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მგონი მანიაკის ჩანაწერებს დაემსგავსა უკვე და ჯობს შევჩერდე.
სულ რაღაც 10–11 დღე გავიდა და მე უკვე მომენატრა ბოკერიას ბაზრის თვალისმომჭრელი ფერები და ათასნაირი სურნელი, პორტში ხიდის გახსნის ყურება, უგემრიელესი პაეია, მიროს ასე მძაფრად, ყოველ ნაბიჯზე შეგრძნება, გუელის პარკი, მონოპოლისტი თუთიყუშები, ფერადი დარაბები და აივნებზე გადმოფენილი დიდი, თეთრი ფარდები. რამბლაც კი მომენატრა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ლამაზი ქუჩაა მთელს ბარსელონაში.
თურმე მართლა შეიძლება ასეთ მოკლე დროში, მთელი გულით შეიყვარო ქალაქი, სადაც მუდმივად უბერავს მსუბუქი ბრიზი, სადაც სევდიანთვალებიანი მოხუცი სუად მასის მღერის, სადაც ბავშვებს დაუნის სინდრომით სახლში არ მალავენ (არასდროს არ დამავიწყდება ის ულამაზესი პატარა გოგო, MACBA-ს დერეფანში რომ იჯდა ექსპონატივით), სადაც ღამით, განათებული კასა ბატლოს შემხედვარე, დაიჯერებ, რომ ჯადოსნური სამყარო არსებობს. თურმე შეიძლება შეიყვარო უცხო ქალაქი თავისი მათხოვრებიანად, თავისი მოტოებით და არცერთი ჯიპით, ხმაურით, სიცილით, ინგლისურის არმცოდნე, გულღია კატალონიელებით, ფორთოხლის ხეებით და სიმსუბუქით. სწორედ იმ სიმსუბუქით, თავისუფლებას რომ შეგაგრძნებინებს. თავისუფლებას და ბედნიერებას.
ჩვენი თვითმფრინავი მშობლიურ ქალაქში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
თბილისში შუქი არ იყო....


Monday, July 4, 2011

"ჩვენ ვართ ისეთები, როგორებადაც თავს წარმოვაჩენთ. ასე რომ, ფრთხილად ვიყოთ ჩვენი როლის შერჩევისას" – კურტ ვონეგუტი

1945 წლის 13 თებერვალს, მოკავშირეების საჰაერო ფლოტმა დრეზდენის ინტენსიური დაბომბვა დაიწყო. ქალაქი სავსე იყო მშვიდობიანი მოსახლეობით, ლტოლვილებით და სამხედრო ტყვეებით. იმ დროს იქ გერმანული სამხედრო დანაყოფები პრაქტიკულად აღარ იმყოფებოდნენ. 2 დღიანი კოშმარის შედეგად, ქალაქის 80 % დაინგრა, 140 000 ადამიანი კი დაიღუპა. ამ საოცარ ჟლეტას მხოლოდ 7 ტყვე გადაურჩა, 7 ამერიკელი ჯარისკაცი. ერთ–ერთი მათგანი კურტ ვონეგუტი იყო. ომის დასრულების შემდეგ, 23 წლის ბიჭმა სამაგისტრო თემა დაწერა: "სიკეთეს და ბოროტებას შორის მერყეობა". ანთროპოლოგიის კათედრაზე, განხილვის შემდეგ, ნაშრომი ყველამ ერთხმად უარყო. მხოლოდ 27 წლის შემდეგ, მაშინ როცა უკვე 'კატის აკვანი" დაწერილი ჰქონდა, კურტ ვონეგუტს დასდეს პატივი და ანთროპოლოგიის მაგისტრის ხარისხი მიანიჭეს.
მეცნიერებაში განცდილი კრახის შემდეგ, 50–იან წლებში, სანამ საკუთარ თავში საბოლოოდ გაერკვეოდა, მწერალმა ბევრი პროფესია გამოიცვალა – პოლიციის რეპორტიორიც იყო, "ჯენერალ ელექტრიქსში" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერიც და მოხალისე მეხანძრეც კი. მისი, როგორც სპორტული ჟურნალისტის კარიერა, მხოლოდ ერთდღიანი აღმოჩნდა. როდესაც დაევალა დაეწერა სტატია შეჯიბრებაში მონაწილე ცხენზე, მთელი დღის წვალების შემდეგ, ნერვებმოშლილმა ფურცელზე ერთი წინადადება დაწერა, პალტო ჩაიცვა და რედაქციის კარი სამუდამოდ გამოიხურა. მეორე დღეს რედაქტორს მაგიდაზე "შესანიშნავი" სტატია დახვდა: "ცხენი გადაახტა იმ დედა.....ნულ ღობეს".
მართალია ცხენზე სტატიის დაწერა გაუჭირდა, მაგრამ სამაგიეროდ თავის რომანებში ფასეულობების თანამედროვე სისტემის პროტოტიპებად არაჩვეულებრივად გამოიყენა "ამერიკულ ოცნებად" წოდებული ცნებები – სიმდიდრე, სილამაზე, ჯანმრთელობა. კარგად დაგვანახა, რომ დღეს ოცნებების ასრულებაში ადამიანებს სისასტიკე, ანგარება და მეწვრილმანეობა ეხმარება. ვონეგუტის ყველა რომანში ხაზგასმულია როგორ დაღუპეს საკუთარი ხელით ადამიანებმა კულტურა, გააუკუღმართეს პროგრესი, შექმნეს ბედნიერების და სიხარულის ხელოვნური, სინთეტიკური შემცვლელები. ამ ყველაფრის შედეგად კი გადაიქცნენ ნევროტულ მარტოსულებად. ვონეგუტის გმირები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამე შეცვალონ.
მწერალი არ თვლის საჭიროდ, რომ თავისი პერსონაჟები თავიდანვე თანმიმდევრულად გააცნოს მკითხველს, არ აყალიბებს მათ პიროვნულ თვისებებს. მთელს რომანში აქა–იქ მიმოფანტული პატარ–პატარა სურათებით ქმნის გმირის ხასიათს, მის გარეგნობას, ზოგად პორტრეტს. როცა ვონეგუტს კითხულობ, თითქოს რაღაც შეგრძნებების საფუძველზე იკვეთება პერსონაჟის საბოლოო სახე. ვონგუტი ხომ სწორედ შეგრძნებების გამძაფრების ოსტატია. თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა, თვითნასწავლი მწერალია და არავითარი თეორიული ცოდნა ლიტერატურაში არ გააჩნია. მისი ლექციების მოსმენის შემდეგ ამას ნამდვილად ვერ იტყვი. როცა ვწერ, საკუთარ თავს ვემსგავსებიო, ამბობდა. და იმასაც ამატებდა, მოუქნელად დავდივარ და მოხერხებულად ვცურავო.
ბევრი რამ მის ცხოვრებაში კონკრეტული ფაქტების წყალობით მოხდა. ჯარში წასვლა პერლ ჰარბორის დაბომბვის შემდეგ გადაწყვიტა. იქ კი, დრეზდენის სასაკლაომ მისი ცნობიერება აბსოლუტურად შეცვალა და ალბათ სწორედ ამ შემზარავმა ფაქტმა აიძულა წერა დაეწყო. ჩათვალა, რომ თავისი რომანებით უნდა ემხილებინა სამყაროს სისასტიკე, გულცივობა და სიყალბე. "დროის რღვევაში" ატომური ბომბის შემქმნელებს ჩვეული შავი იუმორით დასცინის. იაპონიის ტრაგედიაზე საკუთარი მოსაზრება აქვს: "ჰოდა ეს ბომბი ბოლოს ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოაგდეს "პატარა ყვითელი ნაბიჭვრების" გასანადგურებლად. ეს აღარ იყო ომი. უფრო რაღაც ამდაგვარი – "გმადლობ, იანკებო, კარგი ნამუშევარია." ეს იყო შოუბიზნესი". "დროის რღვევა" რომ დაწერა 70–ს გადაცილებული იყო. არადა, ისე წერს, ახალგაზრდა გეგონება. ბევრი სხვა მწერლისგან განსხვავებით, ვონეგუტის ფრაზებს ერთი იშვიათი თვისება აქვთ – ერთხელ თუ წაიკითხე, არასდროს აღარ გავიწყდება. აი, თუნდაც ეს ფრაზა რად ღირს: "შენი ტვინი დინამიტი რომ ყოფილიყო, თავზე ქუდსაც კი ვერ აგიფეთქებდა".
თვითნასწავლი ვარ და თეორიის არაფერი გამეგებაო კი ამბობდა, მაგრამ საგნების და მოვლენების მიმართ ასეთი განსხვავებული მიდგომა იშვიათად მინახავს. მე ამ კაცმა უმნიშვნელო დეტალების შემჩნევა და მათი მნიშვნელობის აღქმა მასწავლა. მასწავლა როგორ უნდა დავწერო გულწრფელად და საერთოდ, რისი დაწერა ღირს. მასწავლა, რომ არ შეიძლება ყველაფერზე გაჩუმდე, რომ საკუთარი აზრი ყოველთვის უნდა გაგაჩნდეს და შეგწევდეს ძალა, არგუმენტირებულად დაიცვა შენი მოსაზრებები.
დრეზდენის საშინელი კადრები მწერალს მუდამ თან სდევდა. "სასაკლაო N5" სწორედ ამ თემას ეძღვნება, სადაც მთავარი გმირი დროსა და სივრცეში მოგზაურობს და ცეცხლში გახვეული დრეზდენიდან თანამედროვე სამყაროში ხვდება. რომანის გამოცემა ამერიკა–ვიეტნამის ომს დაემთხვა. სიუჟეტმა მთელი ამერიკა შეძრა. კრიტიკოსები ბევრს წერდნენ, აქებდნენ, თუმცა პაცეფისტ მწერალს ნობელის პრემია მაინც არ მისცეს. ასეთი ცინიკური ლიტერატურა სუფთა ჰაერის ტოლფასი უნდა გამხდარიყო გასამხედროებული თაობისთვის, ეს უნდა ყოფილიყო ბიძგი იმისა, რომ თავისი ნაფიქრი ხმამაღლა ეთქვათ და გაეპროტესტებინათ ძალადობა, სახელად ომი.
ფანტასტიკის და გროტესკის შერწყმა, ირონია, შეუნიღბავი სატირა და წარმოსახვის უნებური გამძაფრება, ვონეგუტის ნაწარმოებების სიუჟეტებს ისეთ სიმწვავეს სძენს, მკითხველი ვერც ხვდება, როდის გადაეშვა რომანში უკანმოუხედავად და სანამ ბოლომდე არ წაიკითხავს, წიგნს ხელს არ გაუშვებს.
თავის მთავარ მასწავლებლად მწერალს მარკ ტვენი მიაჩნდა. "წმინდანს" ეძახდა და იმასაც სიხარულით აღნიშნავდა, რომ გარეგნულადაც წააგავდა თავის ფავორიტს. თვითონ თვლიდა, რომ ჰუმანისტი და სოციალისტი იყო. ინტერესდებოდა მარქსით და მისი ნაშრომებით. მაგრამ მაინც, მოკლედ და ყოვლისმომცველად ის "New York Times" -მა დაახასიათა: "მან თავისი შემოქმედებით დაამტკიცა, რომ ლიტერატურის ნამდვილ და სხვა დანარჩენ ნაწილებად დაყოფა დიდი სისულელეა. იმიტომ, რომ ის ერთდროულად იცინის და წუხს, იმიტომ, რომ მისი სეროიზულობა არაა პათეტიკური, კურტ ვონეგუტი უნიკალური მოვლენაა ამერიკულ მწერლობაში".
ჰუმანისტად თვლიდა თავს და ამ გზიდან არცერთხელ არ გადაუხვევია – ყოველთვის იყო გულწრფელი, კეთილშობილი და ამისთვის სანაცვლოდ ჯილდოს არასდროს ითხოვდა.
მწერალი 70–იანი წლების კონტრ–კულტურის სიმბოლოდ იქცა. თავის ლექციებში და წიგნებში ყოველთვის აკრიტიკებდა ამერიკის მთავრობას. გამოთქვამდა პრეტენზიებს ამერიკის მმართველების მისამართით. მისი აზრით, ეს ადამიანები ისეთივე შიშს და ზიზღს იწვევდნენ მთელს მსოფლიოში, როგორსაც თავის დროზე განიცდიდა მთელი სამყარო ნაცისტების მიმართ. მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, როგორ ჩამოერთვა ადამიანის წოდება ხალხის ძალიან დიდ ჯგუფს რელიგიური შეხედულებების და რასობრივი ნიშნით გამორჩევის გამო.
რომანების წარმატების მიუხედავად, მწერალი მთელი ცხოვრება დეპრესიას ებრძოდა. მძიმედ გადაიტანა მამის და დის სიკვდილი, დედის თვითმკვლელობა. როგორც მოგვიანებით თქვა, თავს მხოლოდ იმიტომ არ იკლავდა, რომ შვილებისთვის ცუდი მაგალითი არ მიეცა. შვილები კი ბევრი ჰყავდა – სამი საკუთარი, სამი, გარდაცვლილი დის, რომელებსაც თვითონ ზრდიდა და ერთიც, მოგვიანებით, მეორე ქორწინების დროს ნაშვილები.
სიცოცხლის ბოლო წლებში ვონეგუტი ხშირად იმეორებდა, რომ დაიღალა. და საერთოდაც, ძალიან გაოცებული იყო, რომ 80 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ ცოცხალია. ყოველთვის გაკვირვებას გამოხატავდა თავისი ხანგრძლივი არსებობის შესახებ.
მისი ბოლო რომანი 1997 წელს გამოვიდა. 2000–ში განაცხადა, რომ წერს ახალ წიგნს, სათაურით "ღმერთი რომ ცოცხალი იყოს". თუმცა რომანი დაუსრულებელი დარჩა. თავის ერთ–ერთ ბოლო ინტერვიუში კურტ ვონეგუტმა თქვა, რომ ის ამ რომანს ვერ დაასრულებს, რომ დანებდა. ჟურნალისტს უყვებოდა, რომ ახალგაზრდობაში, არმიაში მხოლოდ იმიტომ აჩერებდნენ, რომ ბეჭდვა იცოდა. ბეჭდავდა სხვებისთვის განცხადებებს და ათასგვარ დოკუმენტებს. "ბოლოს ვთქვი – მე აქ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო. გამიშვით სახლში. ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს ახლაც – მე ბევრი წიგნი დავწერე. გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. შეიძლება ახლა სახლში წავიდე?"
კიდევ ერთი შტრიხი, რის გამოც მიყვარს ეს უცნაური კაცი. მისი ბოლო თხოვნა იყო: "თუკი ოდესმე მართლაც მოვკვდები, გთხოვთ ჩემს საფლავზე პატარა ეპიტაფია დაწეროთ: "ღმერთი რომ მართლაც არსებობს, მან მუსიკის წყალობით დაიჯერა".
და ბოლოს, მათ, ვინც მუდმივად ღიზიანდება ან ეჭვის ჭია ღრღნის, რომ იყენებენ, ვურჩევ დამშვიდდნენ. არგუმენტად კი კურტ ვონეგუტის იუმორნარევ ჭეშმარიტებას შევთავაზებ: "ყველაზე უარესი, რაც კი შეიძლება დაგემართოს, ესაა ყველასთვის და ყველაფრისთვის გამოსაყენებლად უსარგებლო გახდე. მადლობას გიხდით ჩემი გამოყენებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მსურს ვინმეს მიერ გამოყენებული ვიყო".

Wednesday, May 18, 2011

მიხაილ ზოშჩენკო – სატირიკოსი სევდიანი თვალებით

სესტრარეცკში, ოგოროდნაიას ქუჩაზე, ეზოში, სადაც გაზაფხულობით იასამანი ყვავის, დღესაც დგას ხის ორსართულიანი სახლი. მეორე სართულზე ვიწრო კიბე ადის. ასასვლელთან, მანძილი პირველი სართულის ჭერამდე უცებ მცირდება, აიხედავთ და სახლის პატრონის გაკეთებული წარწერა დაგხვდებათ – "ფრთხილად, დაიხარეთ". ინსტრუქციას უნებურად ასრულებთ, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ და ასე თავდახრილი შედიხართ მიხაილ ზოშჩენკოს სამუშაო ოთახში.
პატარა ვიყავი პირველად რომ წავიკითხე მისი მოთხრობები – "არისტოკრატი ქალი", "აბანო", "ნერვებმოშლილი ხალხი", "კულტურის მშვენიერებანი"..... ეს იმ პერიოდში მოხდა, ყოველი ახალი წაკითხული წიგნი შედევრი რომ გგონია. მერე წლები გადის და შენს მაშინდელ შეფასებებზე გეცინება. წლები გავიდა და მე დღესაც ზუსტად ისე მიყვარს ზოშჩენკო, როგორც მაშინ, როცა პირველად წავიკითხე.
ყველაფერი ორიგინალური მართლაც გამორჩეულობის საწყისია, მაგრამ მარტო ერთი ნიშან–თვისებით მწერლის განსაკუთრებულობის შეფასება, მთლად სწორი არ უნდა იყოს. ზოშჩენკოს შემოქმედების საყრდენი კომპლექსურია – წერის მანერა, ექსპრესიული თხრობა, კომპაქტური სიუჟეტი, ზმნის, მხოლოდ მწერლისთვის დამახასიათებელი, ინვერსიული გამოყენება, გასაოცარი ჟარგონები და დიალექტები.
ყველაზე მთავარი კი, რის გამოც ზოშჩენკო მიყვარს, ისაა, რომ მისთვის ცხოვრების მიღმა არაფერი არ არსებობს. ნამდვილი რეალისტია. ცხოვრებას არც ალამაზებს და არც ამახინჯებს, თუმცა, როგორც ჭეშმარიტი სატირიკოსი, სინამდვილეში არსებული მახინჯი მხარეების გამოვლინებითაა დაკავებული. ის საოცრად ცოცხალი და ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანისთვის გასაგები ენით დასცინის იმ მანკიერებებს, რაც მაშინდელი რუსეთისთვის იყო დამახასიათებელი და რასაც მწერალი ყოველ დღე საკუთარი თვალით ხედავდა.
ხალხური ენის არაჩვეულებრივად ცოდნის გამო, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სტიქიურად შეიგრძნობდა, ზოშჩენკომ შეძლო თავისი მოთხრობებისთვის ნაირ–ნაირი პერსონაჟები შეექმნა – მეშჩანი ტიპები, ყოფილი მემამულეები, ძუნწი, დაკომპლექსებული ახალგაზრდები, გაუმაძღარი ქალები....
თუმცა, მორიდებულმა მწერალმა, თავისი პირველი კრებული "ბატონ ნაზარ ილიჩ სინებრიუხოვის მოთხრობები", გამოგონილი გვარით გამოსცა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი ნაწერები მხოლოდ კრიტიკას იმსახურებდა და არავითარ შემთხვევაში ქებას.
კითხულობ მის მოთხრობებს და იცინი – ზუსტად ისე, როგორც მრავალი წლის წინ, ზაფხულის არდადეგებზე, ჰამაკში კომფორტულად მოკალათებული იცინოდი. მისი ყოველი მოთხრობა ხომ სარკეა, სასაცილო სარკე, სადაც სარკაზმი, ცინიზმი და უწყინარი იუმორი ერთმანეთშია არეული. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ნათელი მოთხრობების ავტორი სინამდვილეში ძალიან იშვიათად იღიმოდა. ხო, იცინი გრიგოლ ივანიჩზე, კომუნალურ ბინაში მომხდარ აყალ–მაყალზე, გეცოდება ვასილ მიტროფანოვიჩი, რომელსაც თეტრში ღამის პიჟამოთი მოუწია ყურყუტი, მაგრამ აუცილებლად გახსენდება "მზის ამოსვლის წინ" – ავტობიოგრაფიული წიგნი–კვლევა. პატარ–პატარა ნოველებისგან შემდგარი მთელი ცხოვრება, ცხოვრება ადამიანისა, რომელიც დეპრესიით და ციკლოთიმიით იტანჯებოდა. რომლისთვისაც უფრო ხშირად ყველაფერი ნაცრისფერი იყო.
ამ ნაწარმოებს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მხატვრული, მაგრამ მეორეს მხრივ, მე ნოველების ამ ერთობლიობას სულ სხვაგან მივყავარ. ეს უფრო მეცნიერული ნაშრომია, თუმცა, როგორც ყოველთვის, უბრალო ენით დაწერილი. იმ ენით, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები მეტყველებენ, ისინი, ვისაც არც არანაირი მეცნიერული მომზადება გააჩნიათ და არც სურვილი, გაიგონ რა ხდება ზედაპირული ცხოვრების მიღმა.
მწერალმა ამ წიგნის წერა ზუსტად იმიტომ დაიწყო, რომ გამოეკვლია გაუსაძლისი დეპრესიის მიზეზი. საკუთარი ქვეცნობიერი აიძულა, მაქსიმალურად ამოეტივტივებინა ყველა ის ნეგატივი, რომელიც წლების წინ ფსკერზე დალექილიყო და თვლემდა. ზოშჩენკომ გადაწყვიტა თვითონვე განეკურნა საკუთარი თავი ამ მომაკვდინებელი სენისგან. თუმცა ამ წიგნს წინ უძღოდა დოკუმენტური ნაწარმოები "წერილები მწერალს". ეს იყო ცდა, ექსპერიმენტი, გაერკვია ხალხის გუნება–განწყობა, სულიერი მოთხოვნილებები. წერილები მოდიოდა ყოველ დღე, ზოგი სულელური, ზოგი სასაცილო, ზოგიც ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი. უამრავი წერილის წაკითხვის შემდეგ ზოშჩენკო იტყვის: "მე ყოველთვის მაოცებდა ერთი ამბავი. მხატვარმა, ვიდრე ადამიანის სხეულის ხატვას დაიწყებს, აუცილებლად უნდა შეისწავლოს ანატომია. და მწერალი, რომელიც მოწოდებულია ასახოს ადამიანის სხეულზე უფრო მნიშვნელოვანი – მისი სული, მისი ცნობიერება, არ ისწრაფვის მიიღოს ცოდნა ამ მიმართულებით".
დეპრესიული შემოტევების, უჟმური ხასიათის და მთელი რიგი უცნაურობების გამო. მწერალს ბევრი უვრცელებდა ხმას, რომ გიჟია, მაგრამ ზოშჩენკოს უყვარდა მასზე გამოგონილი (ან რეალური) ამბების მოსმენა და მერე მოყოლა.
ერთხელ, მატარებელში ლამაზი, ახალგაზრდა ქალი გაიცნო. ორივე იალტაში მიდიოდა დასასვენებლად, მაგრამ გოგონა რამდენიმე დღით სიმფეროპოლში უნდა დარჩენილიყო. გამომშვიდობებისას ზოშჩენკომ დაითანხმა, რომ მისთვის ყოველ დღე წერილები მიეწერა. ფოსტაში რამდენჯერმე მისულ მწერალს წერილი არც ერთხელ არ დახვდა. სასაცილო მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნილიყო (საინტერესოა ოღონდ ვისთან უნდა ჩავარდნილიყო სასაცილო მდგომარეობაში), თვითონ დაიწყო წერილების წერა, რომელსაც საკუთარ თავს უგზავნიდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა და მწერალი იალტელ ნაცნობს ლენინგრადში შემთხვევით შეხვდა. ორი–სამი საღამოს შემდეგ, დაბნეულმა ქალმა უთხრა – "კი მაგრამ, თქვენ ხომ აბსოლუტურად ნორმალური ხართ. გახსოვთ ის მატარებელი სადაც გაგიცანით? ჩემი ქმარი მაშინ იალტაში მსახურობდა. სადგურზე რომ დამხვდა, მითხრა – აქ მწერალი ზოშჩენკო ჩამოვიდა, მგონი ჭკუაზე ვერ არის, ყოველ დილით საკუთარ თავს წერილებს წერსო–მეც ამიტომ არაფერი აღარ მოგწერეთ".
მოკლედ, კითხულობდა ზოშჩენკო წერილებს. მდგომარეობა კი ყოველ დღე მძიმდებოდა. ამას დაემატა ექიმთან ვიზიტი, რომელმაც მწერალი ვერ იცნო და განწყობის გამოსაკეთებლად პაციენტს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ყოველ საღამოს ზოშჩენკოს 2 მოთხრობის წაკითხვა გამოუწერა.
კრიზისი 1926 წელს დადგა. როცა მწერალმა ჭამა შეწყვიტა და შიმშილისგან კინაღამ გარდაიცვალა კიდეც.
მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ უშველიდა. და დაიწყო განვლილი ცხოვრების გახსენება. შეეცადა ფსიქოლოგიური კუთხით გაეაზრებინა წარსულში განცდილი და გადატანილი ამბები. ნელ–ნელა მიხვდა, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები, ის "წამიერი სურათები" უფრო მეტად აღელვებდნენ, ვიდერე მოზარდობისას თავს გადახდენილი ისტორიები. მოთხრობაში "გონებისთვის", რომელიც ფაქტობრივად "მზის ამოსვლის წინ"–ის გაგრძელებაა, მან თავისი ბავშვობისდროინდელი კოშმარული სიზმრები აღწერა და ბევრი ძიების შემდეგ მელანქოლიის სათავეს მიაკვლია. როგორც თვითონ ამბობდა, ამ სიზმრებმა შექმნეს "სახიფათო კავშირები", რომლებიც მის ბავშვობაში წარმოიშვა და მრავალი შემთხვევითობის წყალობით, წლების განმავლობაში, მის გონებაში განმტკიცდა, როგორც რაღაც ნამდვილი, მაგრამ უხილავი, თავს დატეხილი ტრაგედია. მწერალმა საბოლოოდ შეძლო არარეალურის რეალურისგან განცალკევება და ნაცრისფერ მელანქოლიას საყრდენი გამოაცალა.
არ ვიცი, რამდენად ბოლომდე მოახერხა მწერალმა ამ მეთოდით განკურნება, მაგრამ ფაქტია, რომ მან, თუ ვერ გახსნა, ყოველ შემთხვევაში მოსინჯა მაინც ზოგიერთი ის ინტიმური მექანიზმი, რომელიც ყოველი ადამიანის ფსიქიკის სიღრმეებშია ჩაბუდებული.
ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ზოშჩენკოს მოთხრობებს ვკითხულობ და ნელ–ნელა ვგრძნობ, როგორ მსუბუქდება სული, როგორ მწკრივდებიან ჩემს წინ ეს გონებაშეზღუდული, მოკინკლავე, გაუნათლებელი პერსონაჟები, რომლებსაც თავისი ჩვეული ხერხებით დასცინის მიხაილ ზოშჩენკო – იუმორისტი სევდიანი თვალებით.

Monday, April 4, 2011

К черту репутация, ანუ, მკვდარი ადგა, აღარ დადგა:-))

მე მინდა მოგიყვეთ გოგოზე, რომელიც ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს (აქ ისმის ჯონი კეშის სიმღერა This town).მოდი,გოგოს პირობითად თოლია დავარქვათ. მას კარგი სამსახური და უზადო რეპუტაცია აქვს. მეტსაც გეტყვით, კორპუსში უკვე ყველა გოგო გათხოვდა მის გარდა. დილით თავისი იმპორტული მანქანით (აბა რა ქნას, პატრიოტი კია, მაგრამ ქვეყანა, სადაც ცხოვრობს, მანქანებს არ აწარმოებს) პრესტიჟულ სამსახურში მიდის და ოცნებობს დღის იმ მონაკვეთის დადგომაზე,  ქალაქში “ლანჩ თაიმს” რომ ეძახიან. პირველი საათისთვის, მკვეთრად გამოკეთებული გუნება–განწყობით, თოლია მკვირცხლად მიაშურებს საზ.კვების რომელიმე ობიექტს (აქ ისმის ტომ უეითსის სიმღერა Eggs and Sausage), სადაც მთელი თავისი არსებით ეძლევა ლხენას.
თოლია ვნებას რამდენიმე მოვლენის მიმართ განიცდის:საპატიო პირველ ადგილს ძილი იკავებს, რომელსაც ფეხდაფეხ მოყვება ჭამა. ისე, რომანტიკული ადამიანია. ოღონდ ეს მარტო თვითონ იცის. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდა გოგო, ადვილად უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს - დადის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მანქანით სიარულისას, არ იბნევა და ადვილად იგნებს გზას, მკაცრი სახით იშორებს უიმედოდ შეყვარებულ კალათბურთელ გოგონებს (აქ ისმის ბიტლზის სიმღერა Soldier of love). ჰომოფობი არ არის, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრად საპირისპირო სქესზე უჭირავს თვალი. თუმცა მისი მოსაწონი ბიჭი გაგიკვირდებათ და ჯერ არ გამოჩენილა.
თოლიას რომანტიკული განწყობა განსაკუთრებით ზაფხულის ბოლოს უმძაფრდება, საკუთარ დაბადების დღეზე. შარშანაც, დილას გაღვიძებულმა, ფანჯარაში ზარმაცად გაიხედა, მადისაღმძვრელად გაიზმორა, გაიღიმა და გაიფიქრა: – აი, ოცდამეთორმეტე ზაფხულსაც შევხდი.
–უჰ, ტორიკი და მარინი უნდა ვიყიდო, საღამოს გოგოები მოვლენ.
ამ ფიქრში იუბილარს მშვიდად ჩაეძინა. ნეტარად მფშვინავ თოლიას აზრადაც არ მოსდიოდა, რას უმზადებდა მისი ცხოვრების ოცდამეთორმეტე ზაფხული.
ყველაფერი კი დაბადების დღიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.
გარუჯული და ზომიერად დეკოლტირებული (ხომ გითხარით უზადო რეპუტაციით სარგებლობს თქო) თოლია პატარა გოიმური ქალაქის „სვეტურ“ კაფეში იჯდა. პინაკოლადას წრუპავდა და ნახევარიც არ ესმოდა, რას ლაპარაკობდნენ მეგობრები. მისი ყურადღება მაღალმა და კახექსიურად გამხდარმა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც კაფეში შემოსულიყო და ამაოდ ეძებდა თავისუფალ მაგიდას. თოლიამ 32 წლის მანძილზე, პირველად იგრძნო როგორ დაიწყო სისხლმა ძარღვებში მოძრაობა (აქ ისმის რონი ჯეიმს დიოს Love is all).და იმასაც მიხვდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კახექსიური ბიჭი კაფედან არ უნდა გაეშვა.
–მოკლე კაბა მაინც ჩამეცვა. ფიქრობდა გულდაწყვეტილი და საერთოდ აღარ ესმოდა მეგობრების ლაქლაქი. ბიჭი კარს უახლოვდებოდა, როცა ზურგზე ხელის შეხება იგრძნო. მობრუნდა. მის წინ ზომიერად დეკოლტირებული და შესამჩნევად აღელვებული გოგო იდგა, რომელიც ხელში ნერვულად აწვალებდა „სელპაკის“ ერთჯერად ცხვირსახოცს (აქ ისმის chemical brothers-ის სიმღერა Hey boy, Hey girl)

-თუ გნებავთ ჩვენს მაგიდასთან დაჯექით. შევამჩნიე, რომ თავისუფალ ადგილს ეძებთ
ლავიწის ძვლებამოცვენილი ბიჭი გაოცებული უყურებდა აწითლებულ თოლიას.
–დიახ, დიახ, წამოდით, აი იმ მაგიდასთან. მე და ჩემი მეგობრები გეპატიჟებით.
გოგო პასუხს არ დაელოდა, ბიჭს ხელი დაავლო და მაგიდისკენ წაათრია.
–ჰო, მართლა, მე თოლია მქვია, თქვენ?
–მე ჯემიკო. და ისა, დიდი მადლობა, მაგრამ წავალ........
–ნუ გრცხვენიათ ჯემიკო, წამოდით.
კატეგორიული ტონით წარმოსთქვა თოლიამ. ჩონჩხისებრ ჯემიკოს უბიძგა და თავისუფალ სკამზე დაანარცხა.
–ეს ჯემიკოა, ამაყად გამოაცხადა თოლიამ, თან მღელვარებისგან ხმა ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა.
მოქაქანე მეგობრები (რომლებმაც ისიც ვერ შეამჩნიეს, როდის ადგა თოლია) გაჩუმდნენ და ინტერესით მიაჩერდნენ უცნაურ ბიჭს, რომელიც დაბნეულობისგან თითებს ატკაცუნებდა.
–ჩვენთან ერთად დალევს ყავას. წარმოიდგინეთ, შემოვიდა კაფეში, თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და წასვლას აპირებდა. მე კი ჩვენთან დავპატიჟე. მაგარია, არა? არ ჩერდებოდა თოლია.
დაბნეული მეგობრები ჯემიკოს უღიმოდნენ, რომელიც ამასობაში უკვე კისრის ქექვაზე გადასულიყო.
–ყავას დალევ თუ რამე კოქტეილს? ხომ შეიძლება შენობით მოგმართო?
–კი, რა თქმა უნდა, შენობით. იცი, მე ალკოჰოლს არ ვსვამ. ყავას დავლევ მაშინ და მერე წავალ.
–უიიი, ალკოჰოლი არ გიყვარს? უცნაურად გაიპრანჭა თოლია
–მიყვარს, მაგრამ პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს და ვერიდები.
–ვაიმეე, რა დამთხვევაა, მეც პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, აღტაცებით შემოკრა ტაში თოლიამ. მოდი ერთხელ ორივემ დავლიოთ.
–რა ვიცი, მე.....
–მორჩა, გადაწყდა, ამ კვირის ბოლოს ორივე ვსვამთ.
მეგობრები ენაჩავარდნილები უყურებდნენ უშნოდ აცუნდრუკებულ, უზადო რეპუტაციით განთქმულ თოლიას და ხმის ამოღების უნარიც კი დაკარგვოდათ.
–ჯემიკო, რას საქმიანობთ? როგორც იქნა ერთ–ერთმა ყველაზე თამამმა მეგობარმა გაბედა და თოლიას მონოლოგში ჩაერთო.
–გასართობ ცენტრ „კუკუდამალობანაში“ ვმუშაობ, ანიმატორად. ბავშვებს ვართობ ხოლმე, ჯემიკომ უხერხულად ჩაახველა.
–ვაიმეე, ერთი კვირის წინ მქონდა დაბადების დღე, ეს რომ მცოდნოდა, ხომ მოვიდოდი თქვენთან. არაუშავს, მომავალ წელს მანდ ვიხდი დაბადების დღეს, გადაწყვეტილია. თოლია სკამზე ცმუკავდა და გაბადრული შეჰყურებდა ჯემიკოს.
–თოლია, საბავშვო ცენტრია ეგ, გაუბედავად თქვა საკომ, თოლიას უახლოესმა მეგობარმა (რომელიც ასევე უზადო რეპუტაციით იყო სახელგანთქმული).
–მერე რა, თოლიამ თვალები დაუბრიალა მეგობარს. ჩვენც ბავშვები არ ვართ? არა, ჯემიკო?დამტკბარი ხმით და ღიმილით მიუბრუნდა ჩონჩხისებრს.
–კი, კი, უცნაურად აქიცინებდა თავს ჯემიკოდ წოდებული ჯემალი და ცხენივით ფრუტუნებდა.
–გაგიჟდა თუ რა ჭირს, საიდან მოათრია ეს საოცარი არსება? ჩუმად გადაულაპარაკა ნატამ ტაისიას.
–მოიცა, არ გაიგოს, ვერ ხედავ, გიჟივითაა. მერე გაოცდი, დამაცადე, ხშირად კი არ მოისმენ ასეთ დიალოგებს. ჯემიკო და თოლია უკვე ხმაშეწყობილად იცინოდნენ და კვირის ბოლოს დალევის გეგმებს აწყობდნენ. (აქ ისმის Аквариум–ისВсе говорят, что пить нельзя, а я говорю что буду).
---------------------------------------------------------------------
კარგა გვარიანად შემთვრალი წყვილი, დუქანში, შემწვარ გოჭზე დამაგრებული შუშხუნების ფონზე, ვახტანგურად სვამდა კახურ ღვინოს.
–უხ, თოლია შენ გენაცვალე, რა სადღეგრძელოები გცოდნია.
თოლია კმაყოფილი იღიმოდა. – დაასხი კაცო, ქება მერე, ჯერ დავლიოთ.
გაგიკვირდებათ და ჩონჩხისებრი ჯემიკო ჯენტლმენი გამოდგა. არც სიტყვა–პასუხი რომ არ ეშლება და არც ქალის პატივისცემა(ყოველ შემთხვევაში, სანამ ძალიან დათვრებოდა, ასეთი იყო). აღტაცებული თოლია ზურგზე ხელს უტყაპუნებდა და დუქნიდან სადმე, ბარში წასვლას სთავაზობდა. საბრალო ბიჭის ზურგზე ბრაგაბრუგი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
–უხ, მამაჩემი მირეკავს. ხო, მამა, დუქანში ვარ. მაიცა რაა, რა სახლში მოვიდე. ვსვამ. დამაგვიანდება. აეგრე.
–მოდი ჩემთან ავიდეთ, თოლია. ცივი ლუდი, თხილი, ჰა?(აქ ისმის salt N pepa–ს Let's talk about sex).
–ჯერ ბარში შევიაროთ, გოგოები იქ არიან
–მოდი არ გვინდა დღეს გოგოები
–არა, გვინდა. ალკოჰოლი თოლიას თავში უკვე სერიოზულ ტრიუკებს ასრულებდა.
–არა, დაიღრიალა არანაკლებ გონებაარეულმა ჯემიკომ და მაგიდას მუშტი დაარტყა. შუშხუნებით მორთული გოჭი შეხტა და პირიდან ბოლოკი გადმოუვარდა.
–შენ ვის უბედავ ყვირილს. ახლავე აიღე ბოლოკი. და ბოდიშიც მომიხადე.
ჯემიკომ გოჭს ხელი დაავლო და მეზობელი მაგიდის მიმართულებით გაისროლა. (აქ ისმისAC/DC-ის Givin the dog a bone).
–აჰა შენ ბოლოკი და შეჭამე. ახლავე, შეჭამე.
დროშასავით გაწითლებულმა თოლიამ ძლიერი დარტყმით ძირს დასცა ჯემიკო.
დუქანს საპატრულო პოლიციის მანქანა მოადგა.
გაკოჭილი წყვილი დიდი წვალებით ჩატენეს მანქანაში. თოლიას კივილი გოიმური ქალაქის ხმაურს შეერია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–ჯემიკო, როგორ მრცხვენია ვერ წარმოიდგენ
–პირიქით, კიდევ უფრო მომეწონე, მაგარი გოგო ხარ, მებრძოლი.
დალილავებული თოლია მორცხვად იღიმოდა და ცდილობდა შეუმჩნევლად გაესწორებინა ზომიერად დეკოლტირებული "ბლუზონი", რომელიც ჩხუბის დროს აქა–იქ შემოხეოდა.
–ისე, შენც მაგარი ხარ. რა უცებ მოაგვარე ყველაფერი. მე მეგონა მთელი ღამე პოლიციაში მოგვიწევდა ყურყუტი.
შექებით ნასიამოვნები ჯემიკო კმაყოფილი აფუილებდა სიგარეტს.
–წავიდეთ ბარში?
რა ვიცი. არ მინდა გოგოებს ასეთ მდგომარეობაში დავენახო, თან, შეიძლება აღარც არიან იქ.
–ნეტა რომელი გჯობია. მაგ შემოხეული კაბით, ყველა გამოპრანჭულ გოგოს მირჩევნიხარ. ჯემიკომ ბედნიერებისგან სახეალეწილ გოგოს ხელი გადახვია და ფოქსტროტის ილეთების შესრულება დაიწყო. ქუსლმორყეული თოლია მონდომებით ცდილობდა, ჩონჩხისებრ გმირს ცეკვაში არ ჩამორჩენოდა. (აქ ისმის ვან მორისონის Brown eyed girl).
–რა ვქნათ ახლა, ჯემ?
–მოდი ტელეფონები გადავყაროთ და ბედნიერების მორევში გადავეშვათ.
თოლიამ ელვის სისწრაფით მოისროლა ტელეფონი ნაგვის ურნაში და ჯემიკოს ორივე ხელი წელზე შემოხვია.
–მიდი, შენც გადააგდე.
რამდენიმე წუთში, უტელეფონი წყვილი, გოიმურ ქალაქში, ლამპიონების შუქზე, თავდავიწყებით ცეკვავდა ჯიგას. (აქ ისმის ლეონარდ კოენის Dance me to the end of love).
–ჯემალ, წამიყვანე შენთან. სურნელოვანი სანთლები გაქვს, თუ ვიყიდოთ? შენც ხომ რომანტიკული ხარ ჩემსავით?
-----------------------------------------------------------------
-თოლია, დავრეკოთ მშობლებთან, ვუთხრათ ჩვენი ამბავი
–კაი, ჯემიკო, რა საჭიროა.
–ნამდვლად საჭიროა და თან, რაც შეიძლება მალე
–რამდენჯერაც სექსი გვექნება იმდენჯერ მშობლებს ვურეკოთ? რა სასაცილო ხარ, ჯემ. (აქ ისმის Ian Dury-ს Sex and drugs and rock'n'roll). (ან არ ისმის, როგორც გინდათ :–) )
თმაგაჩეჩილი ჯემიკო ღიმილით დასცქეროდა უზადო რეპუტაციის კვალობაზე, თამამად დეკოლტირებულ თოლიას.
–თოლია, ცოლად გამომყვები?
–მოიცა რა, ჯემ. რა დროს ეგაა. სად გვეჩქარება. რომელი საათია ისე?
–პირველი
–უი, შუადღეა უკვე? კაი ხანს გვძინებია. ქალაქის ტელეფონი მუშაობს? მომაწოდე ერთი.
თოლია ზარმაცად წამოჯდა ლოგინში და ტელეფონის ციფერბლატზე თითების სწრაფი მოძრაობით ნომერი აკრიფა.
– საკო, ჯემიკოსთან ვარ, ჩემებს უთხარი ძებნა არ დამიწყონ.
ჯემიკოს ყურს საკოს განწირული კივილი მისწვდა.
–ძებნა არ დაგიწყონ? შენ სულ მთლად გააფრინე? შენ არ იყავი, ნატა კინაღამ რომ მოკალი, რას ქვია ყოფილ შეყვარებულს ხმას სცემო. როგორ, ტელეფონშიც არ წაგიშლია მისი ნომერიო? შენ არ იყავი? გაგიჟდი? მთელი ღამე გეძებდით
–კაი რა საკო, რა გოიმივით იქცევი. რა ისტერიკა მომიწყვე, რა გინდა? იცი რა მაგარია? შენც გირჩევ. როდემდე უნდა იარო ნეტა ეგრე. წავედი და დაგირეკავ საღამოს.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–ჯემ, ხალათი მომიტანე რაა. და აბაზანა მოამზადე.......... (აქ ისმის ერიკ კლაპტონის Wonderful tonight).
–სურნელოვანი სანთლები უკვე ავანთე.
–რომანიკა, გაიფიქრა თოლიამ და თხილი გაკვნიტა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფარდა.

To be continued....

P.S. ვისაც ეძღვნება იცის თვითონ და მის რეალურ სახელს სახალხოდ აღარ გამოვაჭენებ :–))) (სახელიც შეცვლილია რა თქმა უნდა).თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რეალური გოგოს რეალური ამბავი აქ ძალიან მალე სრულდება და მერე ამ ყველაფერს მე ვუგონებ :–))) ნებართვაც მისგან ავიღე, რომ აქ დამედო. ასე რომ, მადლობა თოლიას :–)))

Monday, March 28, 2011

SAMO is dead - Nobody saves idiots

ჟან მიშელ ბასკია – 1960–1988

მეოცე საუკუნის 70–იან წლებში, ნიუ იორკის ქუჩებში, კედლებზე უცნაური წარწერები გაჩნდა - SAMO saves idiots… SAMO as a neo art form… SAMO as an end to mind wash religion, nowhere politics, and bogus philosophy….

წარწერების ავტორს ღამ–ღამობით სკვერებში, სკამებზე ეძინა.

15 წლამდე ჟან მიშელ ბასკია მშობლების საყვარელი შვილი იყო, დამჯერი და ბეჯითი. წერა–კითხვა 4 წლისამ ისწავლა. 11 წლის ასაკში უკვე ფრანგულად და ესპანურად ლაპარაკობდა, ხატავდა. მამას ხშირად მოჰქონდა პატარა ჟან მიშელისთვის ფერადი ფანქრები. დედას მუზეუმებში დაყავდა. ხატვის გაკვეთილებზე სიარულისას, მასწავლებლებმა ძალიან მალე აღმოაჩინეს პატარა შავკანიანი ბიჭის განსაკუთრებული ნიჭი. მშობლები შვილის ამ გატაცებას მაქსიმალური თანადგომით პასუხობდნენ. მოკლედ, ჰაიტელი ჟერარ და პუერტორიკოელი მატილდა ბასკიების ოჯახი მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდა.

ერთხელ, ქუჩაში მოთამაშე ჟან მიშელს მანქანა დაეჯახა და ბიჭი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოხვდა. დიდხანს წოლით თავმობეზრებულ ბასკიას დრო რომ უფრო ადვილად გაეყვანა, დედამ გასართობად ანატომიის წიგნი მოუტანა. იქ ნანახი სქემები იმდენად ჩარჩა მის გონებაში, რომ მოგვიანებით, თავის ნამუშევრებში, ხშირად იყენებდა ანატომიურ ჩანახატებს. ამ ისედაც რთულ პერიოდს დაემთხვა მშობლების განქორწინებაც. ცოლ–ქმარმა შვილები გაიყო. მამამ გოგონები წაიყვანა, ჟან მიშელი დედასთან დარჩა.

ოჯახური იდილია დასრულდა.

ნელ–ნელა, სანიმუშო ბავშვი მეამბოხე მოზარდად გადაიქცა და ბოლოს სახლიდანაც გაიქცა. აი, ზუსტად მაშინ დაიბადა SAMO (Same Old Shit). გრაფიტით გატაცებული ბასკია და მისი მეგობარი ალ დიასი სწორედ ამ ფსევდონიმით ხატავდნენ ნიუ იორკის ქუჩებში, ყველგან, სადაც მოახერხებდნენ. მამამ გაქცეულ შვილს რამდენიმე კვირაში მიაგნო და უკან დააბრუნა. თუმცა ბეჯითი შვილი წარსულს რომ ჩაბარდა, ეს მისმა მშობლებმა ძალიან მალე დაინახეს. დამამთავრებელ წელს ბასკიამ სკოლა მიატოვა. განრისხებულმა ჟერარ ბასკიამ, ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა უკვე თავად გააძევა შვილი სახლიდან. მაგრამ ეს ჟან მიშელისთვის სულაც არ იყო სასჯელი, პირიქით, მიაჩნდა, რომ ძალიანაც კარგია სახლში მისვლა რომ აუკრძალეს. ახლა უკვე თავისუფლად შეეძლო ეხეტიალა სადაც უნდოდა და როცა უნდოდა, თან, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მოგვიანებით ჯონ ლური იხსენებდა, როგორ ათევდა ღამეებს ბასკია მის სახლში, როგორ ხატავდა მაისურებზე, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ქუჩაში გადაყრილ სკამებზე, კარადებზე და ძველ მაცივრებზე. ხატავდა, იმისთვის, რომ გაეყიდა. რასაც ვერ ყიდდა, აგდებდა, ან იქვე ტოვებდა. როგორც ჯონ ლური ამბობს – მაშინ ბასკიამ ქარს მილიონები გაატანა. იმ პერიოდის ბევრი ნახატი რა თქმა უნდა უკვალოდ გაქრა, ნაგვის ბუნკერებში დაიდო ბინა, გადაყრილ ავეჯთან ერთად.

იდგა 70–იანი წლები. ძალიან საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული, მაგრამ უფულო. სხვათა შორის ამ პერიოდში ბასკიამ, ვინსენტ გალოსთან ერთდ მუსიკალური ჯგუფიც დააარსა – Gray. მათი მუსიკა ედი ბერტოლიოს დოკუმენტურ ფილმში, Downtown 81-შიც ისმის.

SAMO–მ ნიუ იორკის ქუჩებში მოგზაურობა 1979 წელს დაასრულა. ერთ მშვენიერ დილას, უცნაურ წარწერებს მიჩვეულ მანჰეტენელებს, ერთ–ერთი შენობის კედელზე დასასრულის მიმანიშნებელი წარწერა დახვდათ – SAMO IS DEAD.

ბასკიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ჩარლი პარკერით და ჯიმი ჰენდრიქსით შთგონებული მხატვარი, გრაფიტიდან პატარა ბარათების მოხატვაზე გადავიდა. სწორედ მაშინ გაიცნო ენდი უორჰოლი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

მიზანთროპი და უხასიათო პოპარტისტი სოჰოს ერთ–ერთ რესტორანში იჯდა, როცა მას ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა და თავისი ნამუშევრების დათვალიერება შესთავაზა. ბიჭს უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა და ხელში ქაღალდები ეჭირა. უორჰოლი ათვალიერებდა ამ ნაივურ ნახატებს და ხვდებოდა, რომ მის წინ ჯერ აღმოუჩენელი გენიოსი იდგა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების მოძულე, სნობი და ცინიკოსი უორჰოლი აბსოლუტურად შეიშალა ბასკიას შემოქმედებაზე და სიცოცხლის ბოლომდე მის ერთგულ მეგობრად დარჩა.

1982–ში ანინა ნოსეიმ (უორჰოლის რეკომენდაციით) ახალგაზრდა მხატვარს სამუშაოდ გალერეა დაუთმო. ჟან მიშელი ფაქტობრივად ამ გალერეაში ცხოვრობდა. უსმენდა ჯიმი ჰედრიქსს და ხატავდა“ Jimmy Best“-ს, ხატავდა ისე, როგორც თვითონ იცოდა. ხატავდა იმას, რასაც გრძნობდა. ხატავდა ჩარლი პარკერით შთაგონებული. მისი ცნობილი კოლაჟი CPRKR სწორედ ამ ჯაზმენ კაცს ეძღვნება. სათაურიც მისი სახელის და გვარის აბრევიატურაა.

მის ნახატებში ხშირად გვხვდება გვირგვინი. ეს მისი ერთგვარი ხელმოწერა იყო თავის ნამუშევრებზე. სიმბოლური მინიშნება იმისა, რომ მეფეა.

ბასკია ფართო წრეებისთვის ლარი გაგოსიანის გალერეაში გამართული ჯგუფური გამოფენის „Collaborative Projects Incorporated“–ის შემდეგ გახდა ცნობილი. მალე Artforum-მა რენე რიკარდის რეცენზია გამოაქვეყნა, სადაც მან ბასკიას „მანათობელი ბავშვი“ უწოდა. კოლექციონერებმა მისი შეძენა დაიწყეს. ახალგაზრდა ნეოექსპრესიონისტზე ევროპაშიც ალაპარაკდნენ. ეწყობოდა გამოფენები, იწერებოდა რეცენზიები...

წარმატება მოვიდა. მოვიდა ფულიც. და ფულთან ერთად ნარკოტიკებიც.

გაბრუებული ბასკია ხატავდა „ნილოსს“, ეგვიპტურ ნავებს, ნუბიას, საკუთარი ავტოავარიის სცენებს, ქუჩებს, ლამპიონებს, სახლებს, ხატავდა ქაღალდზე, ხეზე, ნაჭერზე, ხატავდა თავისი მეგობარი გოგონას კაბებზე.... მერე დაღლილ–დაქანცული, ქუჩებში ფეხშიშველი დაეხეტებოდა, ფიქრობდა დედაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ენახა. ღამის პიჟამოში გამოწყობილი სტუმრობდა ჯულიან შნაბელს, რომელმაც მოგვიანებით, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი გადაიღო – „ბასკიასადაც ენდი უორჰოლის როლს, ასევე ჟან მიშელის მეგობარი, დევიდ ბოუი ასრულებს. ფილმი კი ისეთივე ნათელი და არაყალბია, როგორიც თვითონ ბასკია იყო.

ცოტა ხანს სპილოს ძვლის კუნძულებზეც ცხოვრობდა, მაგრამ მალე მობეზრდა და ისევ ნიუ იორკს დაუბრუნდა.

როცა უყურებ ბასკიას ნახატებს, ხვდები როგორ ივსები ენერგიით, ხედავ რა ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან ფერები, სიტყვები, ხაზები....უყურებ და გრძნობ, როგორი გულწრფელი იყო ის ადამიანი, რომელიც ასეთ გემოვნებიან და სინათლით გაჯერებულ ნახატებს ქმნიდა. თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია, მოძრაობს – მეგაპოლისი – ხმაურიანი, არეულ–დარეული, ჭრელი და დიდი ქალაქის ამ ორომტრიალში, სადღაც შორს, ჯიმი ჰენდრიქსი უკრავს. უცებ მანქანების ხმა წყდება. ისმის ჩარლი პარკერი, იწყება აფრიკა, ანტიკური სამყარო, სიმშვიდე, სითბო და ჰაერში სიძველის სუნი ტრიალებს. არაა აუცილებელი მხატვარი ან ხელოვნებათმცოდნე იყო, ეს რომ გაიგო. ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. იგრძნო და შეიყვარო.

1987 წელს, ენდი უორჰოლის გარდაცვალებამ, ბასკიას ჰეროინისგან ისედაც შერყეულ ფსიქიკას, კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა. ის არანორმალურად განიცდიდა მეგობრის სიკვდილს და ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

88–ში, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მორალურად და ფიზიკურად განადგურებულმა ბასკიამ ჰეროინის უკანასკნელი დოზა მიიღო.

ის აგვისტოში გარდაიცვალა. ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ მისი SAMO და ზუსტად იმ ასაკში, როგორც მისი კერპი, ჯიმი ჰენდრიქსი.

გრაფიტის მეფემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. როცა მის ნახატებს ვათვალიერებ, სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა იმ დღეს, იმ ბარში არ შესულიყო უორჰოლი, არ ენახა პატარა შავკანიანი ბიჭი, უცნაური ვარცხნილობით, რომელიც მის წინ მორიდებულად იდგა და ხელში შედევრები ეჭირა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო იმ ფაქტის გამო ღირს უჟმური ენდის პატივისცემა, რომ მან მსოფლიოს ბასკია ანახა.

Monday, February 14, 2011

I love you, Tom Waits

„ცხოვრებას ჩამოვრჩი, სახლში დისკიანი ტელეფონი მაქვს. ვფიქრობ პროგრესი იძულებითი ცნებაა და უკვე აკვიატებულ იდეად გადაიქცა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ადამიანები სახლიდან აღარ გამოდიან, სხედან კომპიუტერებთან და ყველაფერს მხოლოდ ინტერნეტით იგებენ. მაგრამ რაც ხელმისაწვდომი და პოპულარულია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგია. საკანალიზაციო მილიც სასარგებლოა, შარდს და ქიმიკატებს ჩაცლიან ხოლმე. აი რატომ ღირს წყლიანი ბოთლი გაზიან ბალონზე ძვირი. მე მეჩვენება, რომ რევოლუციის ცენტრში ვართ და არავინ იცის სად დაიწყება ციდან ქვების სროლა.“

ტომ უეითსი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, სამოთხეში მოხვედრა რომ არ სურთ. იმიტომ, რომ იქ არც ღამის კლუბები იქნება და ვერც მეგობრებს და მისთვის საინტერესო ხალხს შეხვდება. მახსოვს ერთხელ ვთქვი, წარმოგიდგენიათ ჯოჯოხეთში რა მაგარი ხალხია თავმოყრილი თქო? და ჩემმა მორწმუნე ნაცნობებმა კინაღამ ჩამქოლეს. არ ვარ ათეისტი, მაგრამ ასე ვფიქრობ, რა ვქნა? აი, ტომსაც ასე ჰგონია. ლოგიკურია. მიდი და ედავე.

როგორც ჩანს ლეგენდებით მარტო ქართველები არ ირთობენ თავს. ტომ უეითსზეც ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ–ერთის მიხედვით ის პომონის უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა და მისი გვარიც გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებიდან მოდის – Tom Waits for New Parents(ტომი ელოდება ახალი მშობლებს). მეორე ვერსიით ის რუმინელი ებრაელია, მესამენი ამბობენ, რომ ის სამგზავრო ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაიბადა...... და კიდევ ათას მსგავს ისტორიას ამოიკითხავთ სხვადასხვაგან.

თვითონ ტომს უყვარს ჟურნალისტებთან ათასგვარ სისულელეზე საუბარი. ვერც გაიგებ, როდის ამბობს მართალს და როდის თხზავს ტყუილს.

ბლოკნოტში იწერს მისთვის საინტერესო ამბებს და მერე ყვება, რატომ არ მუშაობენ თეატრები ორშაბათობით. იმიტომ, რომ ადრე სწორედ ამ დღეს ხდებოდა სიკვდილმისჯილთა დასჯა საჯაროდ, მოედნებზე; გაიხსენებს, როგორ გადააქცია პიანინო მაგიდად, რომელზეც ჭიქებს და პალტოებს აწყობდნენ.... მიაჩნია, რომ ცხოვრებაში სასწაულების დეფიციტია. ამიტომაც უყვარს ზებუნებრივი ამბები. „ნუ მომცემთ მათი მოყოლის საშუალებას, თორემ შემიძლია მარადიულად ვილაპარაკო და შეგაშინოთ კიდეც“.

სინამდვილეში კი 1949 წლის ზამთარში, სან დიეგოში დაიბადა. სკოლის მასწავლებლების ოჯახში. მამას თმის შესაჭრელად მექსიკაში დაყავდა. იქ უფრო ადვილად და იაფად შოულობდა დასალევს. პატარა ტომი კი მექსიკის ტრასებზე ავტოსტოპით სეირნობდა.

11 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა. დედასთან ერთად ჯერ კალიფორნიაში ცხოვრობდა. მერე კი ისევ მშობლიურ სან დიეგოს დაუბრუნდა, ამერიკა–მექსიკის საზღვარზე. დიდი დეპრესიის ხანა კარგა ხნის დასრულებული იყო ამერიკაში, მაგრამ ტომს სახლში პიანინო მაინც არ ჰქონდა. იძულებული იყო მეზობლის სახლში ევლო და იქ ევარჯიშა დაკვრაში. მოგვიანებით იტყვის, რომ როკ მუსიკოსებს შორის კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანები არ არსებობენ. ყველას აქვს რაღაც სულიერი ტრავმა, რაც მათ ამ გზის არჩევისკენ უბიძგებს. „კომპენსაცია კი რა არის? ერთხელაც Life-ის ყდაზე რომ მოხვდები? შენ ხომ მთელი ბავშვობა მამას ეძებდი“.

მისი პირველი მუსიკალური მოღვაწეობა ჯგუფ “The system”-ს უკავშირდება. პარალელურად მუშაობდა “Napoleon Pizza House”-ში, რომელიც დღემდე ახსოვს და ამბობს, რომ ისეთი ბედნიერი მას მერე აღარც ყოფილა, როგორც მაშინ, როცა იქ თეფშებს რეცხავდა.

პირველი ალბომი “Closing Time” 1973 წელს ჩაწერა. სულ რაღაც 24 წლის იყო. ამას მოყვა “Nighthawks at the dinner”, 1975–ში.

ჩემი მიზანი არაა, ქრონოლოგიურად ჩამოვთვალო, რომელ წელს რომელი ალბომი გამოუშვა ტომ უეითსმა. მთავარი ისაა, რომ მის სიმღერებში ნამდვილი ამერიკის სახე ჩანს. არა ისეთის, როგორადაც ის სარეკლამო ბუკლეტებზეა წარმოჩენილი. უსმენ და შეიგრძნობ სამყაროს, რომელიც სამუდამო მარტოობისთვისაა განწირული. უსმენ და გახსენდება ფოლკნერი, კერუაკი, კიზი. უიღბლობა. მსოფლიო სევდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა არასდროს ყოფილა.

მისი კერპი ბობ დილანი იყო, თუმცა Woodstock-ი, make peace, no war და flower power დიდად არასდროს აინტერესებდა. წერდა თავის ჯაზ ბლუზებს, მარტივ, მაგრამ არაბანალურ, ნაღვლიან ბალადებს და სულაც არ ადარდებდა, გახდებოდა თუ არა თავისი სიმღერებით პოპულარული. მისი პირველი ხმისჩამწერი სტუდია „Asylum records”-ი თავის დროზე ფიქრობდა, რომ მუსიკოსი თავის კარიერას მიზანმიმართულად ღუპავდა.

“Closing Time” -დან heartattack and wine-მდე მისი მუსიკა ერთგვაროვანია. თითქოს თვითონაა თავისი სიმღერების ლირიკული გმირი – ილუზორული ანარეკლი სარკიდან. ემოციურია და როგორც ყოველთვის მელოდიური. როცა უსმენ, ხან სევდა მოდის, ხან სასოწარკვეთა, ხანდახან შეიძლება გაგეღიმოს კიდეც. ამ ყველაფერს ალბათ თავისი ყველასგან განსხვავებული ხმის ტემბრითაც აღწევს.

80–იანების მერე თითქოს იცვლება. სიმღერები უფრო დაძაბული და ნევროტული ხდება. თითქოს გაორდა. ბევრი ამბობდა, რომ ის გაუგონარ აბდაუბდას წერს. ამაზე ერთხელაც იტყვის: „უცებ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკისთვის სულ ერთია ვიზეა სიმღერა“. ის ხომ პოპულარობისთვის არასდროს წერდა. ორიგინალურობის და ექსცენტრულობის თამაში არც სჭირდება. ეს ისედაც აქვს, ბუნებრივად. და საერთოდაც, ახალი სიმღერების წერას მაშინ იწყებს, როცა ძველი ბეზრდება.

საკონცერტო ტურნეები ყოველთვის ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნდა. ალბათ გასტროლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 70–იან წლებში ფრენკ ზაპასთან ერთად კონცერტზე გამოსული, მსმენელმა სცენიდან სტვენით გააცილა.

წარმოუდგენელია მის მუსიკას სტადიონებზე და მრავალათასიან მოედნებზე, ეგზალტირებულ ბრბოსთან ერთად უსმინო. ეს მარტოხელების სიმღერებია.

ბოლო დროს პატარა დარბაზებიც აღარ იზიდავს. თუმცა მსმენელი ყოველთვის იტოვებს იმედს, რომ კონცერტს ხანდახან მაინც ჩაატარებს. მის ბრიტანულ კონცერტზე, რომელიც ალბომ „Real Gone“–ის გამოსვლას მიეძღვნა, ბილეთები 30 წუთში გაიყიდა.

კონცერტები არ უყვარს, სამაგიეროდ მოსწონს მისი სიმღერების რადიოში გაჟღერება. სახალისოაო, ამბობს :–) ისე, თბილისში ერთადერთი რადიო მეგულება, სადაც მისი მოსმენაა შესაძლებელი. ვერ იტანს, როცა სიმღერა კომერციული მიზნით გამოიყენება. ამის გამო დიდი ხნის წინ სასამართლოშიც ჰქონდა დავა და სხვათა შორის ეს პროცესი მოიგო. სამაგიეროდ უყვარს, როცა მის ქავერს კარგი მომღერალი ასრულებს. განსაკუთრებული კმაყოფილებით ჯონი კეშის ნამღერ „Down there by the train“-ს იხსენებს, ბრიუს სპრინგსტინმაც იმღერა „Jersey girl“ და საკმაოდ კარგად. სხვებმაც, მაგრამ ახლა რატომღაც მხოლოდ ეს ორი გამახსენდა.

ყველაზე ამაღელვებელ მუსიკად, სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტების აწყობის პროცესი მიაჩნია. (აი კიდევ ერთი დამთხვევა, ჯოჯოხეთის არ იყოს :–)) ) სასურველია, რომ ეს გაშლილ მინდორში ხდებოდეს და თან ერთვოდეს უცაბედად ცაში გამოჩენილი თვითმფრინავის, ან ტრასაზე ჩავლილი სატვირთო მანქანის ხმიანობა.

ბოლო წლების სიმღერები რაღაცნაირად სულ გახსენებს 2001 წელს ამერიკის თავს დატეხილ ტრაგედიას, ერაყს. სიცარიელის თემა კიდევ უფრო მძაფრდება.

I'm not fighting
For justice
I am not fighting
For freedom
I am fighting
For my life
And another day
In the world here
I just do what I've been told
You're just the gravel on the road
And the one's that are lucky
One's come home
On the day after tomorrow

ტომი ერაყში დაღუპული ამერიკელი ბიჭის წერილს ყვება. რომელიც არც სიმართლისთვის და არც თავისუფლებისთვის არ იღწვოდა იქ. ის საკუთარი ცხოვრებისთვის იბრძოდა. და აქვე მისი კიდევ ერთი ნაღვლიანი ფრაზა „Make it Rain“-იდან – „I want to believe in the mercy of the world again” (ვოცნებობ ისევ დავიჯერო სამყაროს გულმოწყალება). „Real Gone“-ში ყველაზე მძაფრადაა ხაზგასმული სიკვდილის თემა. თვითონ ჩვეული ექსცენტრულობით აცხადებს, რომ ეს ალბომი ყველაზე მეტად პატარა ბავშვებს მოსწონთ. იმიტომ, რომ მათ უყვართ სიკვდილზე სიმღერების მოსმენა. და საერთოდაც „Real Gone“-ი საცეკვაო ალბომია. იმასაც ამბობს, რომ ამ ალბომში შესული სიმღერები კუბისტური ფანკია და ისინი საკუთარი სახლის აბაზანაში ჩაწერა. მის ჩაწერაში ცოლი და შვილი, კესიც დაეხმარნენ. მიაჩნია, რომ ეს მისი ოჯახური ბიზნესია და ფერმერი რომ ყოფილიყო, მთელი მისი ოჯახი ერთობლივი ძალებით მიწასაც მოხნავდა.

სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ ტომ უეითსის კინო კარიერა ჯიმ ჯარმუშთან თანამშრომლობით დაიწყო. სინამდვილეში , მისი დებიუტი კინოში ფრენსის ფორდ კოპოლას უკავშირდება, ფილმით „One From the Heart“. იმედგაცრუებული და ძალაგამოცლილი ტომი რეჟისორს თანამშრომლობაზე დათანხმდა. ამ ფილმმა მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა ორიგინალური საუნდტრეკისთვის. თუმცა ეს ამბავი ტომს დიდად არც ანაღვლებდა. კრიზისი დაძლეულ იქნა და თანაც, სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, კეტლინ ბრენანი, რომელიც მას მერე მისი შეუცვლელი თანაავტორია.

შემდეგ იყო ჯარმუში, „down by Law“, “Coffee and Cigarette ”….. ის ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება ამ უფულო რეჟისორთან თანამშრომლობას. მისთვის ერთგვარი პატივიცაა, თავისი წვლილი შეიტანოს ჯარმუშის ფილმებში – ზოგან მსახიობია, ზოგან, ფილმის კომპოზიტორი. ფაქტია, რომ მისი გამოჩენაც და მისი მუსიკაც ჯარმუშის გენიალურ ფილმებს ნამდვილ სრულყოფილებად აქცევს.

1987 წელს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ითამაშა ჰექტორ ბაბენკოს ფილმში „Ironweed.

1992 წელს კოპოლამ ისევ მიიწვია. ამჯერად „დრაკულაში“, ეპიზოდრ როლში. ამავე წელს მისმა „Bome Machine-მა “გრემი“ დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ალტერნატიულმა ალბომმა.

„გრემი“ საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომისთვის, „The Black Rider“-ით მიიღო. ამ ალბომის მიხედვით რობერტ უილსონმა სპექტაკლი დადგა. ამას მოყვა თეატრალური დებიუტი „Frank’s Wild Years“, რომლის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღო კეტლინ ბრენანმა, ტომის მეუღლემ.

1999 წელს გამოსულმა ალბომმა „Mule Variations -მა მილიონ გაყიდულ ეგზემპლართან ერთად მას კიდევ ერთი “გრემი“ მოუტანა, ამჯერად საუკეთესო თანამედროვე ფოლკ ალბომისთვის.

მერე იყო ტონი სკოტის ფილმი, „დომინო“ – 2005–ში. და რობერტო ბენინის კომედია, „The Tiger and the Snow“, სადაც საკუთარ თავს თამაშობს.....

და კიდევ ბევრი მუსიკა, ფილმი, სპექტაკლი.........

შეუძლებელია ერთხელ მოისმინო ტომ უეითსი და მისი სხვა სიმღერების ძებნა არ დაიწყო. მახსოვს, საკმაოდ პატარა ვიყავი, პირველად რომ მოვისმინე მისი „Jesus gonna be here“. ჰო, ეს იყო პირველი სიმღერა, რომლითაც ტომ უეითსი გავიცანი. მერე მახსოვს, როგორ დავეძებდი ყველგან და როგორ მიხაროდა, რამეს თუ წავაწყდებოდი სადმე. მაშინ ასე ადვილი არ იყო. მაშინ არც youtube-ი არსებობდა და არც რაიმე სხვა საძიებო საშუალება. რა youtube-ი, კომპიუტერი არ გვქონდა ნანახი. თბილისი ინგრეოდა. ღამ–ღამობით, ელემენტებიან მაგნიტოფონში ვუსმენდი ტომ უეითსის, სხვადასხვა ადამიანების წყალობით შეკოწიწებულ და მრავალჯერ მანიკურით დაწებებულ კასეტას. დღემდე ვერ მომინელებია, რომ დავკარგე. თეთრი კასეტა, პასტით მიჯღაბნილი წარწერით – Tom Waits.

სხვათა შორის, რელიგიურ თემაზე დაწერილი „Chocolate Jesus“–ის გამო გააკრიტიკეს. მკრეხელი ეძახეს. არადა სიმღერა იმ კაცზეა, კვირაობით ეკლესიაში წასვლის ნაცვლად ტკბილეულობის მაღაზიაში რომ დადის. კაცი, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს „შოკოლადის იესოს“ მიირთმევს. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა, რატომაა ეს სიმღერა მკრეხელური. უმრავლესობა რეალურ ცხოვრებაში ხომ ზუსტად ასე ვიქცევით?

მართლა ბევრი შეიძლება ილაპარაკო ტომ უეითსზე. დაუსრულებლად. განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინმე თანამოაზრეს თუ იპოვი. სათითაოდ რომ ჩამოთვლი ყველა სიმღერას, რომელიც გიყვარს და თან დაამატებ, რომ ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი „The World Keeps Turning“-ია, თუმცა იმასაც დაეთანხმები, ვინც გეტყვის, რომ მას „I’ll Shoot the Moon“ უყვარს, ან „You are innocent when you dream“, ან “If I have to go”, ან „Hold on“ ან…... ან........ ეს ჩამონათვალი რომ განვაგრძო, ალბათ ძალიან შორს წავალ. ბევრი ფურცელი გაივსება. და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებით ვიტყვი – აუ, ხოო, ეგეც რა მაგარია.......

ჩემი ოცნებების უმრავლესობა არარეალურია. მათ შორისაა ისიც, რომ მინდა, ერთხელ მაინც დავესწრო ტომ უეთსის კონცერტს. ვიცი, რომ აბსურდია, მაგრამ მაინც ვოცნებობ. თუმცა, სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ თბილისში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მის კონცერტზე ნამყოფია, თანაც ორჯერ. გამოდის, რომ თეორიული შანსი მაინც არსებობს. ხომ შეიძლება გათენდეს ასეთი დილა? თუმცა ალბათ მაინც ბოლომდე მეგონება, რომ სიზმარს ვხედავ, ტკბილ სიზმარს, სადაც ცოცხლად მღერის ტომ უეითსი.

და მე ვიჯდები ბედნიერი, მოვწევ სიგარეტს და ჩუმად ვიტყვი – მიყვარხარ, ტომ!

Monday, February 7, 2011

განათლების კვირეული. 5 – 13 მარტი. გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია"


2011 წლის 5 – 13 მარტს, გამოფენების ცენტრ, "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება განათლების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ყველა უნივერსიტეტის "ღია კარის დღე".
ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, მემგონი არ იქნება ცუდი, თუ მიხვალთ და ნახავთ.
მისამართი: წერეთლის გამზირი N118. მე–11 პავილიონი.