Monday, March 22, 2010

ფორთოხლის მთა, ლეონარდო და ოსკარი

ამასწინათ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი ვნახე - "შეშლილთა კუნძული".
სადაც სალვადორ დალი "გაპაპსავიკდა" და "ჩუპა-ჩუპსის" დიზაინის კეთებაზე დახურდავდა, რა მოხდა სკორსეზესაც რომ გადაეღო ცუდი ფილმი. ცოტა ცუდი შედარებაა - დალი ყოველთვის ბევრად ნიჭიერი იყო თავის საქმეში (უკვე გაკომერციულებულიც), ვიდრე სკორსეზე, მიუხედავად მისი რამდენიმე კარგი ფილმისა.
"შეშლილთა კუნძული" თუ რამედ ვარგოდა, ამისთვის რეჟისორი ლეონარდო დიკაპრიოს მადლიერი უნდა იყოს.
შეცდომები ლეონარდოსაც მოსვლია. შავი ლაქები - "ტიტანიკი" და "რომეო და ჯულიეტა", მაგრამ მართლა გულწრფელად მიკვირს, სანდრა ბალოკს მისცეს და ამ კაცს რატომ არ აძლევენ ოსკარს? რა გახდა? .
თუმცა ოსკარი არაა ნიჭიერების საზომი. ლეონარდოს შავ ლაქად წოდებული "ტიტანიკი" არ იყო, მთელი დუჟინი ოსკარები რომ მოხვეტა თავის დროზე?
ან წლევანდელ დაჯილდოვებაზე ქეთრინ ბიგელოუს რომ უთხრეს, აჰა შენ ოსკარი, საუკეთესო რეჟისორი ხარო. ამ დროს დარბაზში პირშიჩალაგამოვლებული კვენტინ ტარანტინო იჯდა. რა აბსურდული სელექციაა.
აბსურდზე და ლეონარდოზე ჩემი სიზმარი გამახსენდა.
ზაზა ბურჭულაძის "ადიბასის" კითხვისას ჩამეძინა. სიზმარს რომანის შემდგომ თავებად აღვიქვამდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეღვიძა, ისეთი ცხადი იყო ეს აბსურდი და ოდნავადაც არ მეშინოდა. ყველაზე საშიში კი მგონი ეს იყო.
პირველი ეპიზოდი მწვანე, ნეონის ეფექტებით გაკაშკაშებულ მინდორზე მორბენალი ძაღლი იყო, წაბლისფერი თმებით და ღია ლურჯი თვალებით. არა, აქ საშიში არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს უცნაურად მოცუნცულე ძაღლი არც მეტი, არც ნაკლები, ბიძაჩემი გახლდათ - მელაპარაკებოდა და ჩემი სამომავლო გეგმებით ინტერესდებოდა.
სადაც ძაღლი-ბიძის არ შემეშინდა, ის ბოზი როგორღა შემაშინებდა, უეცრად რომ აღმოცენდა მინდორზე. გამომწვევად ჩაცმული და მომეტყველე. ერთი ისაა, რომ მისმა იაფფასიანმა სუნამოს სუნმა გამაღიზიანა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხვირწინ ფეიხოას კომპოტით სავსე ქილა მედგა.
ერთი კია, ერთ-ერთმა ეპიზოდმა, სადაც აბაზანაში გაუთავებლად ვეძებდი შამპუნს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემს თვალწინ აორთქლდა, ცოტა შემაფიქრიანა. ისიც იმიტომ, რომ შამპუნს მძინარე ვეძებდი და გამოფხიზლებას ვერაფრით ვახერხებდი.
იმას, რომ ჩემი ერთი სახლის აბაზანის კარმა პირდაპირ მეორე სახლის სამზარეულოში გამიყვანა, დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე. მხოლოდ არჩილ სულაკაურის "ჯადოსნური სარკე" გამახსენდა. გოგონა კარადაში რომ შედის და იქიდან აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხვდება.
ხოდა, სამზარეულოში ძველი, ფეხებიანი ტელევიზორის ჩარჩოში ჩასმული კომპიუტერის ეკრანი ციმციმებდა და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს ხოცავდნენ , რომელი დაჯდებოდა პირველი. ეს სხვათა შორის ერთადერთი არააბსურდული დეტალი იყო ჩემს სიზმარში:-).
მე ვუყურებდი ამ ორთაბრძოლას და რაღაცნაირად მსუბუქად ვიცინოდი. იცით როგორ? მუცლიდან ნიავივით რომ დაიძვრება სიცილის შემცველი ჰაერი და პირიდან რომ ამოგიფრინდება.
სანამ მე ამდენი ვიარე და ვიცინე, მინდორში, ფორთოხლებისგან აგებულ უზარმაზარ მთაზე ლეონარდო დიკაპრიო ასულიყო, ხელში ოსკარის ქანდაკება ეჭირა და ქართულად, თანაც არცთუ ისე კულტურულად გაჰყვიროდა - არ მჭირდება თქვენი ოსკარი, გაიკეთეთ (ბოდიში და) ტრაკშიო. (რა ვქნა, ჩემი ბრალი არაა, ლეონარდოს ვციტირებ).
მე აღფრთოვანებული ვიდექი ფორთოხლის მთის ძირში და ლეონარდოს ვეძახდი, ყოჩაღ, რომ ოსკარზე მაღლა დადექი, მართლა რაში გჭირდება ეს იდიოტური ქანდაკება თქო :-)
ლეონარდო იღიმოდა და მე, იქაც, იმ აბსურდშიც კი იმას ვფიქრობდი, როგორ გავს ეს კაცი კატას და როგორ არ მომწონს ის ამ გარეგნული მსგავსების გამო.
მოკლედ, ლეონარდოს ხოტბა შევასხი და მანაც გამარჯვებული სახით, ოსკარი მწვანე მინდორში, ძაღლის მიმართულებით მოისროლა.
რომ გავიღვიძე, დედაჩემმა რაღაც მკითხა. მგონი ყვავილებზე. ჩემი აზრი აინტერესებდა, სად დაგვერგო ტიტები (საშინელი თვისება აქვს ისე, თვალები ბოლომდე გახელილი არ მაქვს, რომ აქტიურად ცდილობს დიალოგში შემოსვლას). მე ჯერ მიდევ სიზმრის გავლენის ქვეშ მყოფმა, უფოკუსოდ შევხედე და ვუპასუხე: არ მისცემენ და ნუ მისცემენ. რაში ჭირდება ეს ოსკარი. თუ მისცემენ, მაინც გადააგდებს. აი ნახავ.
დედამ გაკვირვებულმა შემომხედა და ოთახიდან გავიდა (იქნებ ამის შემდეგ მაინც დამაცადოს ხოლმე გამოფხიზლება).
ბალიშზე გადაშლილი "ადიბასი" იდო და იქ ლეონარდო დიკაპრიოზე ნამდვილად არაფერი ეწერა.

Monday, March 15, 2010

საევაკუაციო გაკვეთილები საქართველოში

სპიტაკის მიწისძვრა რომ მოხდა, მახსოვს მერე კაი ხანს სკოლაში გვავარჯიშებდნენ, რამდენ წუთში დავტოვებდით შენობას. ე.წ. "მცდარი განგაში" ტყდებოდა და ჩვენც ორგანიზებულად დაწყობილები ჩავრბოდით ეზოში და ძალიან გვიხაროდა, გაკვეთილი რომ გვიცდებოდა. თან ეს განგაში რატომღაც სულ გეომეტრიის გაკვეთილს ემთხვეოდა და მე პირველი გავრბოდი ხოლმე საევაკუაციოდ.
არა მგონია რომელიმე მოსწავლე ტრავმირებული დარჩენილიყო ამ "მცდარი განგაშით". თან გეომეტრია ცდებოდა ხოლმე თქო, ხომ გითხარით და რა ტრავმა, რის ტრავმა, თავპირისმტვრევით ჩავრბოდი ეზოში და მეტი ეფექტისთვის ქუჩაშიც გავდიოდი :-)
ისიც მახსოვს, ამ უცნაური ვარჯიშის ერთი კვირის თავზე, დედაჩემი რომ გაბრაზდა, ხომ არ გაგიჟდნენ მაგ შენს სკოლაშიო.
ორი დღის წინ, ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ტელევიზიამ (ჯერ აქედან განსაზღვრეთ რა ქვეყანაა, ეგ რომ მთავარ ტელევიზიად მოიაზრება) საზოგადოებას არაჩვეულებრივი ექპერიმენტი ჩაუტარა. არა მგონია მიზანი ხალხის პანიკაში ჩაგდება ყოფილიყო. ალბათ სხვა რამ ქონდათ მიზნად, უფრო მასშტაბური.
ის, რომ უამრავი ადამიანი ისტერიკაში ჩავარდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, სულ ფეხებზე ეკიდათ. დიადი მიზნები ხომ მსხვერპლს საჭიროებს. მერე? ჯერ არ გაუღიათ მსხვერპლი საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე თუ რა? ისეთები გადაუტანია ამ ხალხს, ეს "მცდარი განგაში" რა მოსატანია, არა? მერე რა, რომ ამ უსულგულო ცინიზმის 15 წუთს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მერე რა, რომ ჯერ არდაბადებული ბავშვი ამ უბედური ქვეყნის მოქალაქეობას ვერ ეღირსა. მერე რა რომ უკვე ომგამოვლილი ბავშვები დაიზაფრნენ. მერე რა? ხომ მოიხადეს ბოდიში. თან ტექნიკური წუნისთვის. დიახ, ტექნიკური წუნისთვის. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, როგორ მოიხადა ბოდიში რადიო "იმედმა", სხვას არ დავუჯერებდი. იცოდით, რომ არარეალური და შემაშფოთებელი ინფორმაციების გავრცელება ტექნიკურ წუნს ნიშნავს?? დღეიდან იცოდეთ.
წამაკითხეთ სისხლის სამართლის კოდექსი (ნორმალური ქვეყნის ოღონდ, ამათი არაფერი მწამს), სადაც მსგავსი ქმედება კანონით არ ისჯება.
მომასმენინეთ კომპეტენტური ადამიანების მსჯელობა, მაინტერესებს - ეს არ არის გარკვეულწილად გენოციდი? ჯანმრთელი ადამიანი საინფორმაციო გამოშვების სმენას რომ დაიწყებს და გამოშვების ბოლომდე ვერ გაატანს, იმიტომ, რომ ვიღაცეებმა რაღაცეები დაგეგმეს (გაუგებარი რაღაცეები. აბსურდი).
იმ საღამოს ვიგრძენი, როგორ შემეშინდა. ეს შიშის ძალიან ნაცნობი შეგრძნება იყო, ორი წლის წინანდელი - წარმოუდგენელი სასოწარკვეთა. გაცნობიერება, რომ ქვეყნის მმართველებს იმის თავი არ ექნებათ, სულ ცოტათი მაინც უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. ომის პირველი სიმპტომიც რამოდენიმე წამში სახეზე იყო (ესეც ძველი გამოცდილებიდან) - ტელეფონების მომენტალური გათიშვა. სწორედ ამ სიმპტომის შემდეგ გავიფიქრე, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა და იწყებოდა უფრო სწრაფად. შეუგუებლად. უკვე თბილისში, უკვე შენს სახლთან.
წარმომიდგენია რას გრძნობდა ამ დროს ხალხი გორში. და წარმოდგენაც არ მინდა რა ხდებოდა კახეთში, სადაც ამ მარაზმატული სიუჟეტის დამთავრებისთანავე შუქი ჩაქრა.
და ტექნიკური წუნიო. და კიდევ, ბოდიშიო.
ხომ არ იცით ვის ჭირდება ეს ბოდიში? თქვენ გჭირდებათ? მე - არა.
გამაგებინეთ, რა ქვეყანაა ეს, სადაც არავინ დანაშაულის ადეკვატურად არ ისჯება. სად ვცხოვრობთ?
შარშან აპრილში, საქართველოს ბოლო, ოცწლიან, სამარცხვინო მონაკვეთზე დავწერე და ახლა, 2 დღის წინ მივხვდი. მივხვდი კი არა, დავრწმუნდი - ეს არასოდეს არ დასრულდება. ეს იქნება სულ.
და ყოველთვის მოგადგებიან კონცერტზე (და არა მარტო კონცერტზე) და გეტყვიან, აქ მერი უნდა დაჯდესო (ის მერი, წინა დღეს კრავის სახით რომ იძლეოდა ინტერვიუს და "წუხდა" იმის გამო, რაც მოხდა ). მერე რა, შენ რომ ბილეთი გაქვს, აქ მაინც მერი უნდა დაჯდესო. მერე რა რომ ჯიუტობ, მაინც ადგები გოგონაო.
-არ ავდგები! და მეტსაც გეტყვით, მაპატიეთ, მაგრამ ფეხებზე მკიდია თქვენი მერი.

Wednesday, March 3, 2010

ტრაღედია ბოგდანოვკის პოეზდში

ახლადშეღერებული ჯეელი პოეზდით ბოგდანოვკისკენ მიემგზავრებოდა. რონოდის სარკმელში ფურისულათი მოფენილ მინდვრებს არჯაკელის ჭალები ენაცვლებოდა. ყმაწვილკაცს ყალამი მოემარჯვებინა და თვალწინ გადაშლილი ბუნების სურათები მოლბერტზე გადაჰქონდა.

ანაზდად კარი გაიღო.

–სოფრომ! შესძახა შემოსწრებულმა

–ნოე, შენა?! – აღტკინებით შეჰყვირა ვაჟმა, მოლბერტი გვერდზე გადასდო და ძმობილს მხარზე ემთხვია.

ნოეს ოდნავშესამჩნევად შეეფაკლა ღაწვები. ხშირი წამწამებით შემოჯარული თვალები ციებიანივით აუელვარდა.

–რასა იქმ, როგორა ხარ? ჰკითხა ნოემ

–ბოგდანოვკას მივდივარ, საშური საქმე მაქვს.

–კეთილი და პატიოსანი, მეც შენი თანამგზავრი ვიქნები.

–უუჰ, შეჰყვირა უეცრად სოფრომმა.

–რისთვის დაიყვირე?

–ჭვალი რამე დამადგა

–ნუ გეშინია ჩემო ყველავ.

ნოე გაფითრებული მიიჭრა სოფრომთან, მის წინ ჩაიმუხლა და კვირისტავებზე ნიკაპი ჩამოადო.

–გასწი ნოე, გამეცალე. არ გვინდა ეგეთები. ბევრი ვიბჭე ჩემს თავთან და უარი უნდა ვსთქვათ ერთურთზე.

–დასტურ, გეთანხმები, მაგრამ ამ გულს რა ვუყო, ტიალსა? განა შემთხვევით შემოგხვდი აქა. ორი კვირეა ლანდივით დაგყვები.

–იყუჩე ნოე. უნდა გავიყაროთ. ასე სჯობს, მერწმუნე.

ნოე გველნაკბენივით წამოხტა, დაბარბაცდა და რონოდის ნარზე გადაიქცა.

სოფრომი გოროზი სახით გასცქეროდა სარკმელს.

პოეზდმა სვლა შეანელა და ასპინძის სტანციაზედ ჩამოდგა.

გულშემოყრილი ნოე მაინც ვერ შეელია მიჯნურს. პირგამეხებული, უძრავად იჯდა.

რონოდის კიბეები მკვირცხლად აიარა ფერმკრთალმა ყმაწვილქალმა.

კარი მორიდებით შეაღო.

–სალამი. მორცხვად ჩაიბუტბუტა, ცარიელ ნარზედ ჩამოჯდა და ჩემოდანი მუხლებზე დაიდო.

–სალამი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. გამოეპასუხა სოფრომი.

ნოე კვლავაც მდუმარედ იჯდა.

ოდნავ გათამამებულმა ქალმა ხელი გაუწოდა სოფრომს.

–ელიჩკა

–სოფრომი

–საით გაგიწევია, ელიჩკა?

–ბოგდანოვკას მივალ. მასწავლებლად გამომიშვეს გორიდამ. შეგირდები მელიან. ასპინძაში ორი დღით გავჩერდი ძალუასთან.

–მაშ ერთად გვიმგზავრია ბოლომდინ. უთუოდ გამოვნახავთ ბევრ სამასლაათოს.

ქალმა ნაზად გაუღიმა და თავი ჩაღუნა.

რამდენიმე ვერსი მდუმარედ გაიარეს.

–ელიჩკა, შინდის შეჭამანდზე ხომ არ დამეწვევი? დედამ გამომატანა საგზლად.

–სიამოვნებით. უპასუხა გვარიანად გაწითლებულმა ელიჩკამ.

–ნოე, შენ არა გშია, განა?

სოფრომი ამაოდ ელოდა პასუხს. ნოე თვალს არ აშორებდა მინდორზე გამორეკილ ნახირს.

–უპრიანი იქნება აქეთ თუ გადმოჯდები.

ელიჩკამ ჩემოდანი ჩამოდგა და გვერდზე მიუჯდა შეჭამანდის განაწილებით გართულ სოფრომს.

–უუჰ, შენი გულისავ. რა გემრიელია. კარგი ხელი ჰქონია დედაშენს, სოფრომ.

–გეამა?

–ძლიერ

–მაშ ბოგდანოვკაში ხშირად მოგიწვევ ხოლმე პურის საჭმელად. მე ინჟინრად უნდა ვიმუშაო იქა.

მეტად კმაყოფილი ელიჩკა გაბრწყინებული სახით ყლაპავდა შინდის დარბილებულ კერკებს და სოფრომს უკვე არცთუ ისე მორცხვად უღიმოდა.

–მაშ შევხვდებით ერთურთს ბოგდანოვკაში? მე კი ვწუხდი. იქ არავინა მყავს ნაცნობი. კაეშანი მქონდა გულზედ შემოწოლილი.

–უთუოდ ხშირად. მეც არვინ მეყოლება შენს გარდა ამხანაგი.

–რარიგად მიხარია.

–ელიჩკა, რა უნდა შეასწავლო შეგირდებს?

–ფრანციცული, მიუგო ქალმა და ლურჯი თვალები შეანათა.

ნოე წამოდგა და წელათრეული გავიდა დერეფანში. თავი ფანჯარაში გაჰყო და თვალები დახუჭა.

ოთახიდამ ელიჩკას მორიდებული კისკისი ისმოდა.

–ნოე, არ მსურდა შენთვინ გული დამეკოდა.

სოფრომი გვერდით ამოსდგომოდა.

–ნუ, სოფრომ,არ გინდა. შედი. იქ ელიჩკა გელის.

–ზნე უნდა შევიცვალო, ნოე. აკი იცოდი, რომ ქალებიც მომწონდა. შენთან ვეღარ ვიქნები, თუმც ძლიერ მიყვარხარ.

–ოჰ, რა მწარეა ეს სიტყვები

–ნოე, მერწმუნე ასე სჯობს ორივესთვინ.

–გაგეცლები სოფრომ, მაგრამ იცოდე, ჩემი გული მკვდარია.

–ნოე........

–კეთილად იყავ!

ნოე გაჩერებული პოეზდიდამ ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა და სტანციის დუქანს მიაშურა. სოფრომმა თვალებით გააცილა მეგობარი და ელიჩკასთან შებრუნდა.

–სამუშაოს მერე ჭალაში ვისეირნოთ ხოლმე.

–კეთილი. შეჰღიმილა ელიჩკამ.

ორი ხელადა ღვინის შემდგომ ნოეს უფრო ძლიერად შემოაწვა ხვაშიადი. იხსენებდა გარდასულ დღეებს და გამწარებული იცემდა გულში მჯიღს.

შუაღამე გადავიდა. მიკიტანი დუქნის დაკეტვას აპირობდა.

გამობრუჟული ნოე სტანციაზე ტორტმანით გამოვიდა. ორიოდ ვერსი გაიარა. ხვანჯარი შეიხსნა. ხეზე ყულფი გამონასკვა და კისერზე მოირგო.

ბოლო წუთებში სოფრომზე ფიქრობდა და მთელის გულით სძულდა ელიჩკა.