Monday, January 30, 2012
25 დღე უმზეოდ
სქრიმინ ჯეი ჰოუკინსმა პერიოდულად (არც თუ ისე იშვიათად მოუწევს) თავისებურად შემომძახოს – დიეტა :–)
25 დღე ცოტა არაა.
თქვენი იმედი მაქვს, ჩემო მზეებო :–)
Wednesday, August 24, 2011
იქ, სადაც მსუბუქად დადიხარ და ღრმად სუნთქავ
Monday, July 4, 2011
"ჩვენ ვართ ისეთები, როგორებადაც თავს წარმოვაჩენთ. ასე რომ, ფრთხილად ვიყოთ ჩვენი როლის შერჩევისას" – კურტ ვონეგუტი
Wednesday, May 18, 2011
მიხაილ ზოშჩენკო – სატირიკოსი სევდიანი თვალებით
Monday, April 4, 2011
К черту репутация, ანუ, მკვდარი ადგა, აღარ დადგა:-))
თოლია ვნებას რამდენიმე მოვლენის მიმართ განიცდის:საპატიო პირველ ადგილს ძილი იკავებს, რომელსაც ფეხდაფეხ მოყვება ჭამა. ისე, რომანტიკული ადამიანია. ოღონდ ეს მარტო თვითონ იცის. ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდა გოგო, ადვილად უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს - დადის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, მანქანით სიარულისას, არ იბნევა და ადვილად იგნებს გზას, მკაცრი სახით იშორებს უიმედოდ შეყვარებულ კალათბურთელ გოგონებს (აქ ისმის ბიტლზის სიმღერა Soldier of love). ჰომოფობი არ არის, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრად საპირისპირო სქესზე უჭირავს თვალი. თუმცა მისი მოსაწონი ბიჭი გაგიკვირდებათ და ჯერ არ გამოჩენილა.
ყველაფერი კი დაბადების დღიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო.
–მოკლე კაბა მაინც ჩამეცვა. ფიქრობდა გულდაწყვეტილი და საერთოდ აღარ ესმოდა მეგობრების ლაქლაქი. ბიჭი კარს უახლოვდებოდა, როცა ზურგზე ხელის შეხება იგრძნო. მობრუნდა. მის წინ ზომიერად დეკოლტირებული და შესამჩნევად აღელვებული გოგო იდგა, რომელიც ხელში ნერვულად აწვალებდა „სელპაკის“ ერთჯერად ცხვირსახოცს (აქ ისმის chemical brothers-ის სიმღერა Hey boy, Hey girl)
-თუ გნებავთ ჩვენს მაგიდასთან დაჯექით. შევამჩნიე, რომ თავისუფალ ადგილს ეძებთ
ლავიწის ძვლებამოცვენილი ბიჭი გაოცებული უყურებდა აწითლებულ თოლიას.
–დიახ, დიახ, წამოდით, აი იმ მაგიდასთან. მე და ჩემი მეგობრები გეპატიჟებით.
გოგო პასუხს არ დაელოდა, ბიჭს ხელი დაავლო და მაგიდისკენ წაათრია.
–ჰო, მართლა, მე თოლია მქვია, თქვენ?
–მე ჯემიკო. და ისა, დიდი მადლობა, მაგრამ წავალ........
–ნუ გრცხვენიათ ჯემიკო, წამოდით.
კატეგორიული ტონით წარმოსთქვა თოლიამ. ჩონჩხისებრ ჯემიკოს უბიძგა და თავისუფალ სკამზე დაანარცხა.
–ეს ჯემიკოა, ამაყად გამოაცხადა თოლიამ, თან მღელვარებისგან ხმა ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა.
მოქაქანე მეგობრები (რომლებმაც ისიც ვერ შეამჩნიეს, როდის ადგა თოლია) გაჩუმდნენ და ინტერესით მიაჩერდნენ უცნაურ ბიჭს, რომელიც დაბნეულობისგან თითებს ატკაცუნებდა.
–ჩვენთან ერთად დალევს ყავას. წარმოიდგინეთ, შემოვიდა კაფეში, თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და წასვლას აპირებდა. მე კი ჩვენთან დავპატიჟე. მაგარია, არა? არ ჩერდებოდა თოლია.
დაბნეული მეგობრები ჯემიკოს უღიმოდნენ, რომელიც ამასობაში უკვე კისრის ქექვაზე გადასულიყო.
–ყავას დალევ თუ რამე კოქტეილს? ხომ შეიძლება შენობით მოგმართო?
–კი, რა თქმა უნდა, შენობით. იცი, მე ალკოჰოლს არ ვსვამ. ყავას დავლევ მაშინ და მერე წავალ.
–უიიი, ალკოჰოლი არ გიყვარს? უცნაურად გაიპრანჭა თოლია
–მიყვარს, მაგრამ პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს და ვერიდები.
–ვაიმეე, რა დამთხვევაა, მეც პათოლოგიური სიმთვრალე მაქვს, აღტაცებით შემოკრა ტაში თოლიამ. მოდი ერთხელ ორივემ დავლიოთ.
–რა ვიცი, მე.....
–მორჩა, გადაწყდა, ამ კვირის ბოლოს ორივე ვსვამთ.
მეგობრები ენაჩავარდნილები უყურებდნენ უშნოდ აცუნდრუკებულ, უზადო რეპუტაციით განთქმულ თოლიას და ხმის ამოღების უნარიც კი დაკარგვოდათ.
–ჯემიკო, რას საქმიანობთ? როგორც იქნა ერთ–ერთმა ყველაზე თამამმა მეგობარმა გაბედა და თოლიას მონოლოგში ჩაერთო.
–გასართობ ცენტრ „კუკუდამალობანაში“ ვმუშაობ, ანიმატორად. ბავშვებს ვართობ ხოლმე, ჯემიკომ უხერხულად ჩაახველა.
–ვაიმეე, ერთი კვირის წინ მქონდა დაბადების დღე, ეს რომ მცოდნოდა, ხომ მოვიდოდი თქვენთან. არაუშავს, მომავალ წელს მანდ ვიხდი დაბადების დღეს, გადაწყვეტილია. თოლია სკამზე ცმუკავდა და გაბადრული შეჰყურებდა ჯემიკოს.
–თოლია, საბავშვო ცენტრია ეგ, გაუბედავად თქვა საკომ, თოლიას უახლოესმა მეგობარმა (რომელიც ასევე უზადო რეპუტაციით იყო სახელგანთქმული).
–მერე რა, თოლიამ თვალები დაუბრიალა მეგობარს. ჩვენც ბავშვები არ ვართ? არა, ჯემიკო?დამტკბარი ხმით და ღიმილით მიუბრუნდა ჩონჩხისებრს.
–კი, კი, უცნაურად აქიცინებდა თავს ჯემიკოდ წოდებული ჯემალი და ცხენივით ფრუტუნებდა.
–გაგიჟდა თუ რა ჭირს, საიდან მოათრია ეს საოცარი არსება? ჩუმად გადაულაპარაკა ნატამ ტაისიას.
–მოიცა, არ გაიგოს, ვერ ხედავ, გიჟივითაა. მერე გაოცდი, დამაცადე, ხშირად კი არ მოისმენ ასეთ დიალოგებს. ჯემიკო და თოლია უკვე ხმაშეწყობილად იცინოდნენ და კვირის ბოლოს დალევის გეგმებს აწყობდნენ. (აქ ისმის Аквариум–ისВсе говорят, что пить нельзя, а я говорю что буду).
---------------------------------------------------------------------
კარგა გვარიანად შემთვრალი წყვილი, დუქანში, შემწვარ გოჭზე დამაგრებული შუშხუნების ფონზე, ვახტანგურად სვამდა კახურ ღვინოს.
–უხ, თოლია შენ გენაცვალე, რა სადღეგრძელოები გცოდნია.
თოლია კმაყოფილი იღიმოდა. – დაასხი კაცო, ქება მერე, ჯერ დავლიოთ.
გაგიკვირდებათ და ჩონჩხისებრი ჯემიკო ჯენტლმენი გამოდგა. არც სიტყვა–პასუხი რომ არ ეშლება და არც ქალის პატივისცემა(ყოველ შემთხვევაში, სანამ ძალიან დათვრებოდა, ასეთი იყო). აღტაცებული თოლია ზურგზე ხელს უტყაპუნებდა და დუქნიდან სადმე, ბარში წასვლას სთავაზობდა. საბრალო ბიჭის ზურგზე ბრაგაბრუგი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
–უხ, მამაჩემი მირეკავს. ხო, მამა, დუქანში ვარ. მაიცა რაა, რა სახლში მოვიდე. ვსვამ. დამაგვიანდება. აეგრე.
–ჯერ ბარში შევიაროთ, გოგოები იქ არიან
–მოდი არ გვინდა დღეს გოგოები
–არა, გვინდა. ალკოჰოლი თოლიას თავში უკვე სერიოზულ ტრიუკებს ასრულებდა.
–არა, დაიღრიალა არანაკლებ გონებაარეულმა ჯემიკომ და მაგიდას მუშტი დაარტყა. შუშხუნებით მორთული გოჭი შეხტა და პირიდან ბოლოკი გადმოუვარდა.
–შენ ვის უბედავ ყვირილს. ახლავე აიღე ბოლოკი. და ბოდიშიც მომიხადე.
–აჰა შენ ბოლოკი და შეჭამე. ახლავე, შეჭამე.
დროშასავით გაწითლებულმა თოლიამ ძლიერი დარტყმით ძირს დასცა ჯემიკო.
დუქანს საპატრულო პოლიციის მანქანა მოადგა.
გაკოჭილი წყვილი დიდი წვალებით ჩატენეს მანქანაში. თოლიას კივილი გოიმური ქალაქის ხმაურს შეერია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–ჯემიკო, როგორ მრცხვენია ვერ წარმოიდგენ
–პირიქით, კიდევ უფრო მომეწონე, მაგარი გოგო ხარ, მებრძოლი.
დალილავებული თოლია მორცხვად იღიმოდა და ცდილობდა შეუმჩნევლად გაესწორებინა ზომიერად დეკოლტირებული "ბლუზონი", რომელიც ჩხუბის დროს აქა–იქ შემოხეოდა.
–ისე, შენც მაგარი ხარ. რა უცებ მოაგვარე ყველაფერი. მე მეგონა მთელი ღამე პოლიციაში მოგვიწევდა ყურყუტი.
შექებით ნასიამოვნები ჯემიკო კმაყოფილი აფუილებდა სიგარეტს.
–წავიდეთ ბარში?
რა ვიცი. არ მინდა გოგოებს ასეთ მდგომარეობაში დავენახო, თან, შეიძლება აღარც არიან იქ.
–ნეტა რომელი გჯობია. მაგ შემოხეული კაბით, ყველა გამოპრანჭულ გოგოს მირჩევნიხარ. ჯემიკომ ბედნიერებისგან სახეალეწილ გოგოს ხელი გადახვია და ფოქსტროტის ილეთების შესრულება დაიწყო. ქუსლმორყეული თოლია მონდომებით ცდილობდა, ჩონჩხისებრ გმირს ცეკვაში არ ჩამორჩენოდა. (აქ ისმის ვან მორისონის Brown eyed girl).
–რა ვქნათ ახლა, ჯემ?
–მოდი ტელეფონები გადავყაროთ და ბედნიერების მორევში გადავეშვათ.
თოლიამ ელვის სისწრაფით მოისროლა ტელეფონი ნაგვის ურნაში და ჯემიკოს ორივე ხელი წელზე შემოხვია.
–მიდი, შენც გადააგდე.
–ჯემალ, წამიყვანე შენთან. სურნელოვანი სანთლები გაქვს, თუ ვიყიდოთ? შენც ხომ რომანტიკული ხარ ჩემსავით?
-----------------------------------------------------------------
-თოლია, დავრეკოთ მშობლებთან, ვუთხრათ ჩვენი ამბავი
–კაი, ჯემიკო, რა საჭიროა.
–ნამდვლად საჭიროა და თან, რაც შეიძლება მალე
თმაგაჩეჩილი ჯემიკო ღიმილით დასცქეროდა უზადო რეპუტაციის კვალობაზე, თამამად დეკოლტირებულ თოლიას.
–თოლია, ცოლად გამომყვები?
–მოიცა რა, ჯემ. რა დროს ეგაა. სად გვეჩქარება. რომელი საათია ისე?
–პირველი
–უი, შუადღეა უკვე? კაი ხანს გვძინებია. ქალაქის ტელეფონი მუშაობს? მომაწოდე ერთი.
თოლია ზარმაცად წამოჯდა ლოგინში და ტელეფონის ციფერბლატზე თითების სწრაფი მოძრაობით ნომერი აკრიფა.
– საკო, ჯემიკოსთან ვარ, ჩემებს უთხარი ძებნა არ დამიწყონ.
ჯემიკოს ყურს საკოს განწირული კივილი მისწვდა.
–ძებნა არ დაგიწყონ? შენ სულ მთლად გააფრინე? შენ არ იყავი, ნატა კინაღამ რომ მოკალი, რას ქვია ყოფილ შეყვარებულს ხმას სცემო. როგორ, ტელეფონშიც არ წაგიშლია მისი ნომერიო? შენ არ იყავი? გაგიჟდი? მთელი ღამე გეძებდით
–კაი რა საკო, რა გოიმივით იქცევი. რა ისტერიკა მომიწყვე, რა გინდა? იცი რა მაგარია? შენც გირჩევ. როდემდე უნდა იარო ნეტა ეგრე. წავედი და დაგირეკავ საღამოს.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–ჯემ, ხალათი მომიტანე რაა. და აბაზანა მოამზადე.......... (აქ ისმის ერიკ კლაპტონის Wonderful tonight).
–სურნელოვანი სანთლები უკვე ავანთე.
–რომანწიკა, გაიფიქრა თოლიამ და თხილი გაკვნიტა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფარდა.
Monday, March 28, 2011
SAMO is dead - Nobody saves idiots
ჟან მიშელ ბასკია – 1960–1988
მეოცე საუკუნის 70–იან წლებში, ნიუ იორკის ქუჩებში, კედლებზე უცნაური წარწერები გაჩნდა - SAMO saves idiots… SAMO as a neo art form… SAMO as an end to mind wash religion, nowhere politics, and bogus philosophy….
წარწერების ავტორს ღამ–ღამობით სკვერებში, სკამებზე ეძინა.
15 წლამდე ჟან მიშელ ბასკია მშობლების საყვარელი შვილი იყო, დამჯერი და ბეჯითი. წერა–კითხვა 4 წლისამ ისწავლა. 11 წლის ასაკში უკვე ფრანგულად და ესპანურად ლაპარაკობდა, ხატავდა. მამას ხშირად მოჰქონდა პატარა ჟან მიშელისთვის ფერადი ფანქრები. დედას მუზეუმებში დაყავდა. ხატვის გაკვეთილებზე სიარულისას, მასწავლებლებმა ძალიან მალე აღმოაჩინეს პატარა შავკანიანი ბიჭის განსაკუთრებული ნიჭი. მშობლები შვილის ამ გატაცებას მაქსიმალური თანადგომით პასუხობდნენ. მოკლედ, ჰაიტელი ჟერარ და პუერტორიკოელი მატილდა ბასკიების ოჯახი მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდა.
ერთხელ, ქუჩაში მოთამაშე ჟან მიშელს მანქანა დაეჯახა და ბიჭი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოხვდა. დიდხანს წოლით თავმობეზრებულ ბასკიას დრო რომ უფრო ადვილად გაეყვანა, დედამ გასართობად ანატომიის წიგნი მოუტანა. იქ ნანახი სქემები იმდენად ჩარჩა მის გონებაში, რომ მოგვიანებით, თავის ნამუშევრებში, ხშირად იყენებდა ანატომიურ ჩანახატებს. ამ ისედაც რთულ პერიოდს დაემთხვა მშობლების განქორწინებაც. ცოლ–ქმარმა შვილები გაიყო. მამამ გოგონები წაიყვანა, ჟან მიშელი დედასთან დარჩა.
ოჯახური იდილია დასრულდა.
ნელ–ნელა, სანიმუშო ბავშვი მეამბოხე მოზარდად გადაიქცა და ბოლოს სახლიდანაც გაიქცა. აი, ზუსტად მაშინ დაიბადა SAMO (Same Old Shit). გრაფიტით გატაცებული ბასკია და მისი მეგობარი ალ დიასი სწორედ ამ ფსევდონიმით ხატავდნენ ნიუ იორკის ქუჩებში, ყველგან, სადაც მოახერხებდნენ. მამამ გაქცეულ შვილს რამდენიმე კვირაში მიაგნო და უკან დააბრუნა. თუმცა ბეჯითი შვილი წარსულს რომ ჩაბარდა, ეს მისმა მშობლებმა ძალიან მალე დაინახეს. დამამთავრებელ წელს ბასკიამ სკოლა მიატოვა. განრისხებულმა ჟერარ ბასკიამ, ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა უკვე თავად გააძევა შვილი სახლიდან. მაგრამ ეს ჟან მიშელისთვის სულაც არ იყო სასჯელი, პირიქით, მიაჩნდა, რომ ძალიანაც კარგია სახლში მისვლა რომ აუკრძალეს. ახლა უკვე თავისუფლად შეეძლო ეხეტიალა სადაც უნდოდა და როცა უნდოდა, თან, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მოგვიანებით ჯონ ლური იხსენებდა, როგორ ათევდა ღამეებს ბასკია მის სახლში, როგორ ხატავდა მაისურებზე, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ქუჩაში გადაყრილ სკამებზე, კარადებზე და ძველ მაცივრებზე. ხატავდა, იმისთვის, რომ გაეყიდა. რასაც ვერ ყიდდა, აგდებდა, ან იქვე ტოვებდა. როგორც ჯონ ლური ამბობს – მაშინ ბასკიამ ქარს მილიონები გაატანა. იმ პერიოდის ბევრი ნახატი რა თქმა უნდა უკვალოდ გაქრა, ნაგვის ბუნკერებში დაიდო ბინა, გადაყრილ ავეჯთან ერთად.
იდგა 70–იანი წლები. ძალიან საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული, მაგრამ უფულო. სხვათა შორის ამ პერიოდში ბასკიამ, ვინსენტ გალოსთან ერთდ მუსიკალური ჯგუფიც დააარსა – Gray. მათი მუსიკა ედი ბერტოლიოს დოკუმენტურ ფილმში, Downtown 81-შიც ისმის.
SAMO–მ ნიუ იორკის ქუჩებში მოგზაურობა 1979 წელს დაასრულა. ერთ მშვენიერ დილას, უცნაურ წარწერებს მიჩვეულ მანჰეტენელებს, ერთ–ერთი შენობის კედელზე დასასრულის მიმანიშნებელი წარწერა დახვდათ – SAMO IS DEAD.
ბასკიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
ჩარლი პარკერით და ჯიმი ჰენდრიქსით შთგონებული მხატვარი, გრაფიტიდან პატარა ბარათების მოხატვაზე გადავიდა. სწორედ მაშინ გაიცნო ენდი უორჰოლი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
მიზანთროპი და უხასიათო პოპარტისტი სოჰოს ერთ–ერთ რესტორანში იჯდა, როცა მას ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა და თავისი ნამუშევრების დათვალიერება შესთავაზა. ბიჭს უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა და ხელში ქაღალდები ეჭირა. უორჰოლი ათვალიერებდა ამ ნაივურ ნახატებს და ხვდებოდა, რომ მის წინ ჯერ აღმოუჩენელი გენიოსი იდგა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების მოძულე, სნობი და ცინიკოსი უორჰოლი აბსოლუტურად შეიშალა ბასკიას შემოქმედებაზე და სიცოცხლის ბოლომდე მის ერთგულ მეგობრად დარჩა.
1982–ში ანინა ნოსეიმ (უორჰოლის რეკომენდაციით) ახალგაზრდა მხატვარს სამუშაოდ გალერეა დაუთმო. ჟან მიშელი ფაქტობრივად ამ გალერეაში ცხოვრობდა. უსმენდა ჯიმი ჰედრიქსს და ხატავდა“ Jimmy Best“-ს, ხატავდა ისე, როგორც თვითონ იცოდა. ხატავდა იმას, რასაც გრძნობდა. ხატავდა ჩარლი პარკერით შთაგონებული. მისი ცნობილი კოლაჟი CPRKR სწორედ ამ ჯაზმენ კაცს ეძღვნება. სათაურიც მისი სახელის და გვარის აბრევიატურაა.
მის ნახატებში ხშირად გვხვდება გვირგვინი. ეს მისი ერთგვარი ხელმოწერა იყო თავის ნამუშევრებზე. სიმბოლური მინიშნება იმისა, რომ მეფეა.
ბასკია ფართო წრეებისთვის ლარი გაგოსიანის გალერეაში გამართული ჯგუფური გამოფენის „Collaborative Projects Incorporated“–ის შემდეგ გახდა ცნობილი. მალე Artforum-მა რენე რიკარდის რეცენზია გამოაქვეყნა, სადაც მან ბასკიას „მანათობელი ბავშვი“ უწოდა. კოლექციონერებმა მისი შეძენა დაიწყეს. ახალგაზრდა ნეოექსპრესიონისტზე ევროპაშიც ალაპარაკდნენ. ეწყობოდა გამოფენები, იწერებოდა რეცენზიები...
წარმატება მოვიდა. მოვიდა ფულიც. და ფულთან ერთად ნარკოტიკებიც.
გაბრუებული ბასკია ხატავდა „ნილოსს“, ეგვიპტურ ნავებს, ნუბიას, საკუთარი ავტოავარიის სცენებს, ქუჩებს, ლამპიონებს, სახლებს, ხატავდა ქაღალდზე, ხეზე, ნაჭერზე, ხატავდა თავისი მეგობარი გოგონას კაბებზე.... მერე დაღლილ–დაქანცული, ქუჩებში ფეხშიშველი დაეხეტებოდა, ფიქრობდა დედაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ენახა. ღამის პიჟამოში გამოწყობილი სტუმრობდა ჯულიან შნაბელს, რომელმაც მოგვიანებით, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი გადაიღო – „ბასკია“ სადაც ენდი უორჰოლის როლს, ასევე ჟან მიშელის მეგობარი, დევიდ ბოუი ასრულებს. ფილმი კი ისეთივე ნათელი და არაყალბია, როგორიც თვითონ ბასკია იყო.
ცოტა ხანს სპილოს ძვლის კუნძულებზეც ცხოვრობდა, მაგრამ მალე მობეზრდა და ისევ ნიუ იორკს დაუბრუნდა.
როცა უყურებ ბასკიას ნახატებს, ხვდები როგორ ივსები ენერგიით, ხედავ რა ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან ფერები, სიტყვები, ხაზები....უყურებ და გრძნობ, როგორი გულწრფელი იყო ის ადამიანი, რომელიც ასეთ გემოვნებიან და სინათლით გაჯერებულ ნახატებს ქმნიდა. თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია, მოძრაობს – მეგაპოლისი – ხმაურიანი, არეულ–დარეული, ჭრელი და დიდი ქალაქის ამ ორომტრიალში, სადღაც შორს, ჯიმი ჰენდრიქსი უკრავს. უცებ მანქანების ხმა წყდება. ისმის ჩარლი პარკერი, იწყება აფრიკა, ანტიკური სამყარო, სიმშვიდე, სითბო და ჰაერში სიძველის სუნი ტრიალებს. არაა აუცილებელი მხატვარი ან ხელოვნებათმცოდნე იყო, ეს რომ გაიგო. ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. იგრძნო და შეიყვარო.
1987 წელს, ენდი უორჰოლის გარდაცვალებამ, ბასკიას ჰეროინისგან ისედაც შერყეულ ფსიქიკას, კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა. ის არანორმალურად განიცდიდა მეგობრის სიკვდილს და ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
88–ში, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მორალურად და ფიზიკურად განადგურებულმა ბასკიამ ჰეროინის უკანასკნელი დოზა მიიღო.
ის აგვისტოში გარდაიცვალა. ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ მისი SAMO და ზუსტად იმ ასაკში, როგორც მისი კერპი, ჯიმი ჰენდრიქსი.
გრაფიტის მეფემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. როცა მის ნახატებს ვათვალიერებ, სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა იმ დღეს, იმ ბარში არ შესულიყო უორჰოლი, არ ენახა პატარა შავკანიანი ბიჭი, უცნაური ვარცხნილობით, რომელიც მის წინ მორიდებულად იდგა და ხელში შედევრები ეჭირა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო იმ ფაქტის გამო ღირს უჟმური ენდის პატივისცემა, რომ მან მსოფლიოს ბასკია ანახა.
Monday, February 14, 2011
I love you, Tom Waits
„ცხოვრებას ჩამოვრჩი, სახლში დისკიანი ტელეფონი მაქვს. ვფიქრობ პროგრესი იძულებითი ცნებაა და უკვე აკვიატებულ იდეად გადაიქცა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ადამიანები სახლიდან აღარ გამოდიან, სხედან კომპიუტერებთან და ყველაფერს მხოლოდ ინტერნეტით იგებენ. მაგრამ რაც ხელმისაწვდომი და პოპულარულია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგია. საკანალიზაციო მილიც სასარგებლოა, შარდს და ქიმიკატებს ჩაცლიან ხოლმე. აი რატომ ღირს წყლიანი ბოთლი გაზიან ბალონზე ძვირი. მე მეჩვენება, რომ რევოლუციის ცენტრში ვართ და არავინ იცის სად დაიწყება ციდან ქვების სროლა.“
ტომ უეითსი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, სამოთხეში მოხვედრა რომ არ სურთ. იმიტომ, რომ იქ არც ღამის კლუბები იქნება და ვერც მეგობრებს და მისთვის საინტერესო ხალხს შეხვდება. მახსოვს ერთხელ ვთქვი, წარმოგიდგენიათ ჯოჯოხეთში რა მაგარი ხალხია თავმოყრილი თქო? და ჩემმა მორწმუნე ნაცნობებმა კინაღამ ჩამქოლეს. არ ვარ ათეისტი, მაგრამ ასე ვფიქრობ, რა ვქნა? აი, ტომსაც ასე ჰგონია. ლოგიკურია. მიდი და ედავე.
როგორც ჩანს ლეგენდებით მარტო ქართველები არ ირთობენ თავს. ტომ უეითსზეც ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ–ერთის მიხედვით ის პომონის უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა და მისი გვარიც გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებიდან მოდის – Tom Waits for New Parents(ტომი ელოდება ახალი მშობლებს). მეორე ვერსიით ის რუმინელი ებრაელია, მესამენი ამბობენ, რომ ის სამგზავრო ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაიბადა...... და კიდევ ათას მსგავს ისტორიას ამოიკითხავთ სხვადასხვაგან.
თვითონ ტომს უყვარს ჟურნალისტებთან ათასგვარ სისულელეზე საუბარი. ვერც გაიგებ, როდის ამბობს მართალს და როდის თხზავს ტყუილს.
ბლოკნოტში იწერს მისთვის საინტერესო ამბებს და მერე ყვება, რატომ არ მუშაობენ თეატრები ორშაბათობით. იმიტომ, რომ ადრე სწორედ ამ დღეს ხდებოდა სიკვდილმისჯილთა დასჯა საჯაროდ, მოედნებზე; გაიხსენებს, როგორ გადააქცია პიანინო მაგიდად, რომელზეც ჭიქებს და პალტოებს აწყობდნენ.... მიაჩნია, რომ ცხოვრებაში სასწაულების დეფიციტია. ამიტომაც უყვარს ზებუნებრივი ამბები. „ნუ მომცემთ მათი მოყოლის საშუალებას, თორემ შემიძლია მარადიულად ვილაპარაკო და შეგაშინოთ კიდეც“.
სინამდვილეში კი 1949 წლის ზამთარში, სან დიეგოში დაიბადა. სკოლის მასწავლებლების ოჯახში. მამას თმის შესაჭრელად მექსიკაში დაყავდა. იქ უფრო ადვილად და იაფად შოულობდა დასალევს. პატარა ტომი კი მექსიკის ტრასებზე ავტოსტოპით სეირნობდა.
11 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა. დედასთან ერთად ჯერ კალიფორნიაში ცხოვრობდა. მერე კი ისევ მშობლიურ სან დიეგოს დაუბრუნდა, ამერიკა–მექსიკის საზღვარზე. დიდი დეპრესიის ხანა კარგა ხნის დასრულებული იყო ამერიკაში, მაგრამ ტომს სახლში პიანინო მაინც არ ჰქონდა. იძულებული იყო მეზობლის სახლში ევლო და იქ ევარჯიშა დაკვრაში. მოგვიანებით იტყვის, რომ როკ მუსიკოსებს შორის კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანები არ არსებობენ. ყველას აქვს რაღაც სულიერი ტრავმა, რაც მათ ამ გზის არჩევისკენ უბიძგებს. „კომპენსაცია კი რა არის? ერთხელაც Life-ის ყდაზე რომ მოხვდები? შენ ხომ მთელი ბავშვობა მამას ეძებდი“.
მისი პირველი მუსიკალური მოღვაწეობა ჯგუფ “The system”-ს უკავშირდება. პარალელურად მუშაობდა “Napoleon Pizza House”-ში, რომელიც დღემდე ახსოვს და ამბობს, რომ ისეთი ბედნიერი მას მერე აღარც ყოფილა, როგორც მაშინ, როცა იქ თეფშებს რეცხავდა.
პირველი ალბომი “Closing Time” 1973 წელს ჩაწერა. სულ რაღაც 24 წლის იყო. ამას მოყვა “Nighthawks at the dinner”, 1975–ში.
ჩემი მიზანი არაა, ქრონოლოგიურად ჩამოვთვალო, რომელ წელს რომელი ალბომი გამოუშვა ტომ უეითსმა. მთავარი ისაა, რომ მის სიმღერებში ნამდვილი ამერიკის სახე ჩანს. არა ისეთის, როგორადაც ის სარეკლამო ბუკლეტებზეა წარმოჩენილი. უსმენ და შეიგრძნობ სამყაროს, რომელიც სამუდამო მარტოობისთვისაა განწირული. უსმენ და გახსენდება ფოლკნერი, კერუაკი, კიზი. უიღბლობა. მსოფლიო სევდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა არასდროს ყოფილა.
მისი კერპი ბობ დილანი იყო, თუმცა Woodstock-ი, make peace, no war და flower power დიდად არასდროს აინტერესებდა. წერდა თავის ჯაზ ბლუზებს, მარტივ, მაგრამ არაბანალურ, ნაღვლიან ბალადებს და სულაც არ ადარდებდა, გახდებოდა თუ არა თავისი სიმღერებით პოპულარული. მისი პირველი ხმისჩამწერი სტუდია „Asylum records”-ი თავის დროზე ფიქრობდა, რომ მუსიკოსი თავის კარიერას მიზანმიმართულად ღუპავდა.
“Closing Time” -დან „heartattack and wine“-მდე მისი მუსიკა ერთგვაროვანია. თითქოს თვითონაა თავისი სიმღერების ლირიკული გმირი – ილუზორული ანარეკლი სარკიდან. ემოციურია და როგორც ყოველთვის მელოდიური. როცა უსმენ, ხან სევდა მოდის, ხან სასოწარკვეთა, ხანდახან შეიძლება გაგეღიმოს კიდეც. ამ ყველაფერს ალბათ თავისი ყველასგან განსხვავებული ხმის ტემბრითაც აღწევს.
80–იანების მერე თითქოს იცვლება. სიმღერები უფრო დაძაბული და ნევროტული ხდება. თითქოს გაორდა. ბევრი ამბობდა, რომ ის გაუგონარ აბდაუბდას წერს. ამაზე ერთხელაც იტყვის: „უცებ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკისთვის სულ ერთია ვიზეა სიმღერა“. ის ხომ პოპულარობისთვის არასდროს წერდა. ორიგინალურობის და ექსცენტრულობის თამაში არც სჭირდება. ეს ისედაც აქვს, ბუნებრივად. და საერთოდაც, ახალი სიმღერების წერას მაშინ იწყებს, როცა ძველი ბეზრდება.
საკონცერტო ტურნეები ყოველთვის ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნდა. ალბათ გასტროლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 70–იან წლებში ფრენკ ზაპასთან ერთად კონცერტზე გამოსული, მსმენელმა სცენიდან სტვენით გააცილა.
წარმოუდგენელია მის მუსიკას სტადიონებზე და მრავალათასიან მოედნებზე, ეგზალტირებულ ბრბოსთან ერთად უსმინო. ეს მარტოხელების სიმღერებია.
ბოლო დროს პატარა დარბაზებიც აღარ იზიდავს. თუმცა მსმენელი ყოველთვის იტოვებს იმედს, რომ კონცერტს ხანდახან მაინც ჩაატარებს. მის ბრიტანულ კონცერტზე, რომელიც ალბომ „Real Gone“–ის გამოსვლას მიეძღვნა, ბილეთები 30 წუთში გაიყიდა.
კონცერტები არ უყვარს, სამაგიეროდ მოსწონს მისი სიმღერების რადიოში გაჟღერება. სახალისოაო, ამბობს :–) ისე, თბილისში ერთადერთი რადიო მეგულება, სადაც მისი მოსმენაა შესაძლებელი. ვერ იტანს, როცა სიმღერა კომერციული მიზნით გამოიყენება. ამის გამო დიდი ხნის წინ სასამართლოშიც ჰქონდა დავა და სხვათა შორის ეს პროცესი მოიგო. სამაგიეროდ უყვარს, როცა მის ქავერს კარგი მომღერალი ასრულებს. განსაკუთრებული კმაყოფილებით ჯონი კეშის ნამღერ „Down there by the train“-ს იხსენებს, ბრიუს სპრინგსტინმაც იმღერა „Jersey girl“ და საკმაოდ კარგად. სხვებმაც, მაგრამ ახლა რატომღაც მხოლოდ ეს ორი გამახსენდა.
ყველაზე ამაღელვებელ მუსიკად, სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტების აწყობის პროცესი მიაჩნია. (აი კიდევ ერთი დამთხვევა, ჯოჯოხეთის არ იყოს :–)) ) სასურველია, რომ ეს გაშლილ მინდორში ხდებოდეს და თან ერთვოდეს უცაბედად ცაში გამოჩენილი თვითმფრინავის, ან ტრასაზე ჩავლილი სატვირთო მანქანის ხმიანობა.
ბოლო წლების სიმღერები რაღაცნაირად სულ გახსენებს 2001 წელს ამერიკის თავს დატეხილ ტრაგედიას, ერაყს. სიცარიელის თემა კიდევ უფრო მძაფრდება.
„I'm not fighting
For justice
I am not fighting
For freedom
I am fighting
For my life
And another day
In the world here
I just do what I've been told
You're just the gravel on the road
And the one's that are lucky
One's come home
On the day after tomorrow“
ტომი ერაყში დაღუპული ამერიკელი ბიჭის წერილს ყვება. რომელიც არც სიმართლისთვის და არც თავისუფლებისთვის არ იღწვოდა იქ. ის საკუთარი ცხოვრებისთვის იბრძოდა. და აქვე მისი კიდევ ერთი ნაღვლიანი ფრაზა „Make it Rain“-იდან – „I want to believe in the mercy of the world again” (ვოცნებობ ისევ დავიჯერო სამყაროს გულმოწყალება). „Real Gone“-ში ყველაზე მძაფრადაა ხაზგასმული სიკვდილის თემა. თვითონ ჩვეული ექსცენტრულობით აცხადებს, რომ ეს ალბომი ყველაზე მეტად პატარა ბავშვებს მოსწონთ. იმიტომ, რომ მათ უყვართ სიკვდილზე სიმღერების მოსმენა. და საერთოდაც „Real Gone“-ი საცეკვაო ალბომია. იმასაც ამბობს, რომ ამ ალბომში შესული სიმღერები კუბისტური ფანკია და ისინი საკუთარი სახლის აბაზანაში ჩაწერა. მის ჩაწერაში ცოლი და შვილი, კესიც დაეხმარნენ. მიაჩნია, რომ ეს მისი ოჯახური ბიზნესია და ფერმერი რომ ყოფილიყო, მთელი მისი ოჯახი ერთობლივი ძალებით მიწასაც მოხნავდა.
სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ ტომ უეითსის კინო კარიერა ჯიმ ჯარმუშთან თანამშრომლობით დაიწყო. სინამდვილეში , მისი დებიუტი კინოში ფრენსის ფორდ კოპოლას უკავშირდება, ფილმით „One From the Heart“. იმედგაცრუებული და ძალაგამოცლილი ტომი რეჟისორს თანამშრომლობაზე დათანხმდა. ამ ფილმმა მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა ორიგინალური საუნდტრეკისთვის. თუმცა ეს ამბავი ტომს დიდად არც ანაღვლებდა. კრიზისი დაძლეულ იქნა და თანაც, სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, კეტლინ ბრენანი, რომელიც მას მერე მისი შეუცვლელი თანაავტორია.
შემდეგ იყო ჯარმუში, „down by Law“, “Coffee and Cigarette ”….. ის ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება ამ უფულო რეჟისორთან თანამშრომლობას. მისთვის ერთგვარი პატივიცაა, თავისი წვლილი შეიტანოს ჯარმუშის ფილმებში – ზოგან მსახიობია, ზოგან, ფილმის კომპოზიტორი. ფაქტია, რომ მისი გამოჩენაც და მისი მუსიკაც ჯარმუშის გენიალურ ფილმებს ნამდვილ სრულყოფილებად აქცევს.
1987 წელს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ითამაშა ჰექტორ ბაბენკოს ფილმში „Ironweed“.
1992 წელს კოპოლამ ისევ მიიწვია. ამჯერად „დრაკულაში“, ეპიზოდურ როლში. ამავე წელს მისმა „Bome Machine“-მა “გრემი“ დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ალტერნატიულმა ალბომმა.
„გრემი“ საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომისთვის, „The Black Rider“-ით მიიღო. ამ ალბომის მიხედვით რობერტ უილსონმა სპექტაკლი დადგა. ამას მოყვა თეატრალური დებიუტი „Frank’s Wild Years“, რომლის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღო კეტლინ ბრენანმა, ტომის მეუღლემ.
1999 წელს გამოსულმა ალბომმა „Mule Variations“ -მა მილიონ გაყიდულ ეგზემპლართან ერთად მას კიდევ ერთი “გრემი“ მოუტანა, ამჯერად საუკეთესო თანამედროვე ფოლკ ალბომისთვის.
მერე იყო ტონი სკოტის ფილმი, „დომინო“ – 2005–ში. და რობერტო ბენინის კომედია, „The Tiger and the Snow“, სადაც საკუთარ თავს თამაშობს.....
და კიდევ ბევრი მუსიკა, ფილმი, სპექტაკლი.........
შეუძლებელია ერთხელ მოისმინო ტომ უეითსი და მისი სხვა სიმღერების ძებნა არ დაიწყო. მახსოვს, საკმაოდ პატარა ვიყავი, პირველად რომ მოვისმინე მისი „Jesus gonna be here“. ჰო, ეს იყო პირველი სიმღერა, რომლითაც ტომ უეითსი გავიცანი. მერე მახსოვს, როგორ დავეძებდი ყველგან და როგორ მიხაროდა, რამეს თუ წავაწყდებოდი სადმე. მაშინ ასე ადვილი არ იყო. მაშინ არც youtube-ი არსებობდა და არც რაიმე სხვა საძიებო საშუალება. რა youtube-ი, კომპიუტერი არ გვქონდა ნანახი. თბილისი ინგრეოდა. ღამ–ღამობით, ელემენტებიან მაგნიტოფონში ვუსმენდი ტომ უეითსის, სხვადასხვა ადამიანების წყალობით შეკოწიწებულ და მრავალჯერ მანიკურით დაწებებულ კასეტას. დღემდე ვერ მომინელებია, რომ დავკარგე. თეთრი კასეტა, პასტით მიჯღაბნილი წარწერით – Tom Waits.
სხვათა შორის, რელიგიურ თემაზე დაწერილი „Chocolate Jesus“–ის გამო გააკრიტიკეს. მკრეხელი ეძახეს. არადა სიმღერა იმ კაცზეა, კვირაობით ეკლესიაში წასვლის ნაცვლად ტკბილეულობის მაღაზიაში რომ დადის. კაცი, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს „შოკოლადის იესოს“ მიირთმევს. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა, რატომაა ეს სიმღერა მკრეხელური. უმრავლესობა რეალურ ცხოვრებაში ხომ ზუსტად ასე ვიქცევით?
მართლა ბევრი შეიძლება ილაპარაკო ტომ უეითსზე. დაუსრულებლად. განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინმე თანამოაზრეს თუ იპოვი. სათითაოდ რომ ჩამოთვლი ყველა სიმღერას, რომელიც გიყვარს და თან დაამატებ, რომ ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი „The World Keeps Turning“-ია, თუმცა იმასაც დაეთანხმები, ვინც გეტყვის, რომ მას „I’ll Shoot the Moon“ უყვარს, ან „You are innocent when you dream“, ან “If I have to go”, ან „Hold on“ ან…... ან........ ეს ჩამონათვალი რომ განვაგრძო, ალბათ ძალიან შორს წავალ. ბევრი ფურცელი გაივსება. და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებით ვიტყვი – აუ, ხოო, ეგეც რა მაგარია.......
ჩემი ოცნებების უმრავლესობა არარეალურია. მათ შორისაა ისიც, რომ მინდა, ერთხელ მაინც დავესწრო ტომ უეთსის კონცერტს. ვიცი, რომ აბსურდია, მაგრამ მაინც ვოცნებობ. თუმცა, სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ თბილისში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მის კონცერტზე ნამყოფია, თანაც ორჯერ. გამოდის, რომ თეორიული შანსი მაინც არსებობს. ხომ შეიძლება გათენდეს ასეთი დილა? თუმცა ალბათ მაინც ბოლომდე მეგონება, რომ სიზმარს ვხედავ, ტკბილ სიზმარს, სადაც ცოცხლად მღერის ტომ უეითსი.
და მე ვიჯდები ბედნიერი, მოვწევ სიგარეტს და ჩუმად ვიტყვი – მიყვარხარ, ტომ!
