Monday, March 28, 2011

SAMO is dead - Nobody saves idiots

ჟან მიშელ ბასკია – 1960–1988

მეოცე საუკუნის 70–იან წლებში, ნიუ იორკის ქუჩებში, კედლებზე უცნაური წარწერები გაჩნდა - SAMO saves idiots… SAMO as a neo art form… SAMO as an end to mind wash religion, nowhere politics, and bogus philosophy….

წარწერების ავტორს ღამ–ღამობით სკვერებში, სკამებზე ეძინა.

15 წლამდე ჟან მიშელ ბასკია მშობლების საყვარელი შვილი იყო, დამჯერი და ბეჯითი. წერა–კითხვა 4 წლისამ ისწავლა. 11 წლის ასაკში უკვე ფრანგულად და ესპანურად ლაპარაკობდა, ხატავდა. მამას ხშირად მოჰქონდა პატარა ჟან მიშელისთვის ფერადი ფანქრები. დედას მუზეუმებში დაყავდა. ხატვის გაკვეთილებზე სიარულისას, მასწავლებლებმა ძალიან მალე აღმოაჩინეს პატარა შავკანიანი ბიჭის განსაკუთრებული ნიჭი. მშობლები შვილის ამ გატაცებას მაქსიმალური თანადგომით პასუხობდნენ. მოკლედ, ჰაიტელი ჟერარ და პუერტორიკოელი მატილდა ბასკიების ოჯახი მშვიდად და მეგობრულად ცხოვრობდა.

ერთხელ, ქუჩაში მოთამაშე ჟან მიშელს მანქანა დაეჯახა და ბიჭი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში მოხვდა. დიდხანს წოლით თავმობეზრებულ ბასკიას დრო რომ უფრო ადვილად გაეყვანა, დედამ გასართობად ანატომიის წიგნი მოუტანა. იქ ნანახი სქემები იმდენად ჩარჩა მის გონებაში, რომ მოგვიანებით, თავის ნამუშევრებში, ხშირად იყენებდა ანატომიურ ჩანახატებს. ამ ისედაც რთულ პერიოდს დაემთხვა მშობლების განქორწინებაც. ცოლ–ქმარმა შვილები გაიყო. მამამ გოგონები წაიყვანა, ჟან მიშელი დედასთან დარჩა.

ოჯახური იდილია დასრულდა.

ნელ–ნელა, სანიმუშო ბავშვი მეამბოხე მოზარდად გადაიქცა და ბოლოს სახლიდანაც გაიქცა. აი, ზუსტად მაშინ დაიბადა SAMO (Same Old Shit). გრაფიტით გატაცებული ბასკია და მისი მეგობარი ალ დიასი სწორედ ამ ფსევდონიმით ხატავდნენ ნიუ იორკის ქუჩებში, ყველგან, სადაც მოახერხებდნენ. მამამ გაქცეულ შვილს რამდენიმე კვირაში მიაგნო და უკან დააბრუნა. თუმცა ბეჯითი შვილი წარსულს რომ ჩაბარდა, ეს მისმა მშობლებმა ძალიან მალე დაინახეს. დამამთავრებელ წელს ბასკიამ სკოლა მიატოვა. განრისხებულმა ჟერარ ბასკიამ, ცოლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა უკვე თავად გააძევა შვილი სახლიდან. მაგრამ ეს ჟან მიშელისთვის სულაც არ იყო სასჯელი, პირიქით, მიაჩნდა, რომ ძალიანაც კარგია სახლში მისვლა რომ აუკრძალეს. ახლა უკვე თავისუფლად შეეძლო ეხეტიალა სადაც უნდოდა და როცა უნდოდა, თან, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მოგვიანებით ჯონ ლური იხსენებდა, როგორ ათევდა ღამეებს ბასკია მის სახლში, როგორ ხატავდა მაისურებზე, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ქუჩაში გადაყრილ სკამებზე, კარადებზე და ძველ მაცივრებზე. ხატავდა, იმისთვის, რომ გაეყიდა. რასაც ვერ ყიდდა, აგდებდა, ან იქვე ტოვებდა. როგორც ჯონ ლური ამბობს – მაშინ ბასკიამ ქარს მილიონები გაატანა. იმ პერიოდის ბევრი ნახატი რა თქმა უნდა უკვალოდ გაქრა, ნაგვის ბუნკერებში დაიდო ბინა, გადაყრილ ავეჯთან ერთად.

იდგა 70–იანი წლები. ძალიან საინტერესო, შემოქმედებითად დატვირთული, მაგრამ უფულო. სხვათა შორის ამ პერიოდში ბასკიამ, ვინსენტ გალოსთან ერთდ მუსიკალური ჯგუფიც დააარსა – Gray. მათი მუსიკა ედი ბერტოლიოს დოკუმენტურ ფილმში, Downtown 81-შიც ისმის.

SAMO–მ ნიუ იორკის ქუჩებში მოგზაურობა 1979 წელს დაასრულა. ერთ მშვენიერ დილას, უცნაურ წარწერებს მიჩვეულ მანჰეტენელებს, ერთ–ერთი შენობის კედელზე დასასრულის მიმანიშნებელი წარწერა დახვდათ – SAMO IS DEAD.

ბასკიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ჩარლი პარკერით და ჯიმი ჰენდრიქსით შთგონებული მხატვარი, გრაფიტიდან პატარა ბარათების მოხატვაზე გადავიდა. სწორედ მაშინ გაიცნო ენდი უორჰოლი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

მიზანთროპი და უხასიათო პოპარტისტი სოჰოს ერთ–ერთ რესტორანში იჯდა, როცა მას ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა და თავისი ნამუშევრების დათვალიერება შესთავაზა. ბიჭს უცნაური ვარცხნილობა ჰქონდა და ხელში ქაღალდები ეჭირა. უორჰოლი ათვალიერებდა ამ ნაივურ ნახატებს და ხვდებოდა, რომ მის წინ ჯერ აღმოუჩენელი გენიოსი იდგა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების მოძულე, სნობი და ცინიკოსი უორჰოლი აბსოლუტურად შეიშალა ბასკიას შემოქმედებაზე და სიცოცხლის ბოლომდე მის ერთგულ მეგობრად დარჩა.

1982–ში ანინა ნოსეიმ (უორჰოლის რეკომენდაციით) ახალგაზრდა მხატვარს სამუშაოდ გალერეა დაუთმო. ჟან მიშელი ფაქტობრივად ამ გალერეაში ცხოვრობდა. უსმენდა ჯიმი ჰედრიქსს და ხატავდა“ Jimmy Best“-ს, ხატავდა ისე, როგორც თვითონ იცოდა. ხატავდა იმას, რასაც გრძნობდა. ხატავდა ჩარლი პარკერით შთაგონებული. მისი ცნობილი კოლაჟი CPRKR სწორედ ამ ჯაზმენ კაცს ეძღვნება. სათაურიც მისი სახელის და გვარის აბრევიატურაა.

მის ნახატებში ხშირად გვხვდება გვირგვინი. ეს მისი ერთგვარი ხელმოწერა იყო თავის ნამუშევრებზე. სიმბოლური მინიშნება იმისა, რომ მეფეა.

ბასკია ფართო წრეებისთვის ლარი გაგოსიანის გალერეაში გამართული ჯგუფური გამოფენის „Collaborative Projects Incorporated“–ის შემდეგ გახდა ცნობილი. მალე Artforum-მა რენე რიკარდის რეცენზია გამოაქვეყნა, სადაც მან ბასკიას „მანათობელი ბავშვი“ უწოდა. კოლექციონერებმა მისი შეძენა დაიწყეს. ახალგაზრდა ნეოექსპრესიონისტზე ევროპაშიც ალაპარაკდნენ. ეწყობოდა გამოფენები, იწერებოდა რეცენზიები...

წარმატება მოვიდა. მოვიდა ფულიც. და ფულთან ერთად ნარკოტიკებიც.

გაბრუებული ბასკია ხატავდა „ნილოსს“, ეგვიპტურ ნავებს, ნუბიას, საკუთარი ავტოავარიის სცენებს, ქუჩებს, ლამპიონებს, სახლებს, ხატავდა ქაღალდზე, ხეზე, ნაჭერზე, ხატავდა თავისი მეგობარი გოგონას კაბებზე.... მერე დაღლილ–დაქანცული, ქუჩებში ფეხშიშველი დაეხეტებოდა, ფიქრობდა დედაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია არ ენახა. ღამის პიჟამოში გამოწყობილი სტუმრობდა ჯულიან შნაბელს, რომელმაც მოგვიანებით, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი გადაიღო – „ბასკიასადაც ენდი უორჰოლის როლს, ასევე ჟან მიშელის მეგობარი, დევიდ ბოუი ასრულებს. ფილმი კი ისეთივე ნათელი და არაყალბია, როგორიც თვითონ ბასკია იყო.

ცოტა ხანს სპილოს ძვლის კუნძულებზეც ცხოვრობდა, მაგრამ მალე მობეზრდა და ისევ ნიუ იორკს დაუბრუნდა.

როცა უყურებ ბასკიას ნახატებს, ხვდები როგორ ივსები ენერგიით, ხედავ რა ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან ფერები, სიტყვები, ხაზები....უყურებ და გრძნობ, როგორი გულწრფელი იყო ის ადამიანი, რომელიც ასეთ გემოვნებიან და სინათლით გაჯერებულ ნახატებს ქმნიდა. თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია, მოძრაობს – მეგაპოლისი – ხმაურიანი, არეულ–დარეული, ჭრელი და დიდი ქალაქის ამ ორომტრიალში, სადღაც შორს, ჯიმი ჰენდრიქსი უკრავს. უცებ მანქანების ხმა წყდება. ისმის ჩარლი პარკერი, იწყება აფრიკა, ანტიკური სამყარო, სიმშვიდე, სითბო და ჰაერში სიძველის სუნი ტრიალებს. არაა აუცილებელი მხატვარი ან ხელოვნებათმცოდნე იყო, ეს რომ გაიგო. ეს უბრალოდ უნდა იგრძნო. იგრძნო და შეიყვარო.

1987 წელს, ენდი უორჰოლის გარდაცვალებამ, ბასკიას ჰეროინისგან ისედაც შერყეულ ფსიქიკას, კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენა. ის არანორმალურად განიცდიდა მეგობრის სიკვდილს და ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

88–ში, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მორალურად და ფიზიკურად განადგურებულმა ბასკიამ ჰეროინის უკანასკნელი დოზა მიიღო.

ის აგვისტოში გარდაიცვალა. ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ მისი SAMO და ზუსტად იმ ასაკში, როგორც მისი კერპი, ჯიმი ჰენდრიქსი.

გრაფიტის მეფემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. როცა მის ნახატებს ვათვალიერებ, სულ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა იმ დღეს, იმ ბარში არ შესულიყო უორჰოლი, არ ენახა პატარა შავკანიანი ბიჭი, უცნაური ვარცხნილობით, რომელიც მის წინ მორიდებულად იდგა და ხელში შედევრები ეჭირა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო იმ ფაქტის გამო ღირს უჟმური ენდის პატივისცემა, რომ მან მსოფლიოს ბასკია ანახა.

Monday, February 14, 2011

I love you, Tom Waits

„ცხოვრებას ჩამოვრჩი, სახლში დისკიანი ტელეფონი მაქვს. ვფიქრობ პროგრესი იძულებითი ცნებაა და უკვე აკვიატებულ იდეად გადაიქცა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ადამიანები სახლიდან აღარ გამოდიან, სხედან კომპიუტერებთან და ყველაფერს მხოლოდ ინტერნეტით იგებენ. მაგრამ რაც ხელმისაწვდომი და პოპულარულია, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგია. საკანალიზაციო მილიც სასარგებლოა, შარდს და ქიმიკატებს ჩაცლიან ხოლმე. აი რატომ ღირს წყლიანი ბოთლი გაზიან ბალონზე ძვირი. მე მეჩვენება, რომ რევოლუციის ცენტრში ვართ და არავინ იცის სად დაიწყება ციდან ქვების სროლა.“
ტომ ვეითსი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, სამოთხეში მოხვედრა რომ არ სურთ. იმიტომ, რომ იქ არც ღამის კლუბები იქნება და ვერც მეგობრებს და მისთვის საინტერესო ხალხს შეხვდება. მახსოვს ერთხელ ვთქვი, წარმოგიდგენიათ ჯოჯოხეთში რა მაგარი ხალხია თავმოყრილი თქო? და ჩემმა მორწმუნე ნაცნობებმა კინაღამ ჩამქოლეს. ასე ვფიქრობ, რა ვქნა? აი, ტომსაც ასე ჰგონია. ლოგიკურია. მიდი და ედავე.
როგორც ჩანს, ლეგენდებით მარტო ქართველები არ ირთობენ თავს. ტომ უეითსზეც ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ–ერთის მიხედვით ის პომონის უპატრონო ბავშვთა სახლში გაიზარდა და მისი გვარიც გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებიდან მოდის – Tom Waits for New Parents(ტომი ელოდება ახალი მშობლებს). მეორე ვერსიით ის რუმინელი ებრაელია, მესამენი ამბობენ, რომ ის სამგზავრო ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაიბადა...... და კიდევ ათას მსგავს ისტორიას ამოიკითხავთ სხვადასხვაგან.
თვითონ ტომს უყვარს ჟურნალისტებთან ათასგვარ სისულელეზე საუბარი. ვერც გაიგებ, როდის ამბობს მართალს და როდის თხზავს ტყუილს.
ბლოკნოტში იწერს მისთვის საინტერესო ამბებს და მერე ყვება, რატომ არ მუშაობენ თეატრები ორშაბათობით. იმიტომ, რომ ადრე სწორედ ამ დღეს ხდებოდა სიკვდილმისჯილთა დასჯა საჯაროდ, მოედნებზე; იხსენებს, როგორ გადააქცია პიანინო მაგიდად, რომელზეც ჭიქებს და პალტოებს აწყობდნენ.... მიაჩნია, რომ ცხოვრებაში სასწაულების დეფიციტია. ამიტომაც უყვარს ზებუნებრივი ამბები. „ნუ მომცემთ მათი მოყოლის საშუალებას, თორემ შემიძლია მარადიულად ვილაპარაკო და შეგაშინოთ კიდეც“.
სინამდვილეში კი 1949 წლის ზამთარში, სან დიეგოში დაიბადა. სკოლის მასწავლებლების ოჯახში. მამას თმის შესაჭრელად მექსიკაში დაყავდა. იქ უფრო ადვილად და იაფად შოულობდა დასალევს. პატარა ტომი კი მექსიკის ტრასებზე ავტოსტოპით სეირნობდა.
11 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა. დედასთან ერთად ჯერ კალიფორნიაში ცხოვრობდა. მერე კი ისევ მშობლიურ სან დიეგოს დაუბრუნდა, ამერიკა–მექსიკის საზღვარზე. დიდი დეპრესიის ხანა კარგა ხნის დასრულებული იყო ამერიკაში, მაგრამ ტომს სახლში პიანინო მაინც არ ჰქონდა. იძულებული იყო მეზობლის სახლში ევლო და იქ ევარჯიშა დაკვრაში. მოგვიანებით იტყვის, რომ როკ მუსიკოსებს შორის კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანები არ არსებობენ. ყველას აქვს რაღაც სულიერი ტრავმა, რაც მათ ამ გზის არჩევისკენ უბიძგებს. „კომპენსაცია კი რა არის? ერთხელაც Life-ის ყდაზე რომ მოხვდები? შენ ხომ მთელი ბავშვობა მამას ეძებდი“.
მისი პირველი მუსიკალური მოღვაწეობა ჯგუფ “The system”-ს უკავშირდება. პარალელურად მუშაობდა “Napoleon Pizza House”-ში, რომელიც დღემდე ახსოვს და ამბობს, რომ ისეთი ბედნიერი მას მერე აღარც ყოფილა, როგორც მაშინ, როცა იქ თეფშებს რეცხავდა.
პირველი ალბომი “Closing Time” 1973 წელს ჩაწერა. სულ რაღაც 24 წლის იყო. ამას მოყვა “Nighthawks at the dinner”, 1975–ში.
ჩემი მიზანი არაა, ქრონოლოგიურად ჩამოვთვალო, რომელ წელს რომელი ალბომი გამოუშვა ტომ ვეითსმა. მთავარი ისაა, რომ მის სიმღერებში ნამდვილი ამერიკა ჩანს. არა ისეთი, როგორადაც ის სარეკლამო ბუკლეტებზეა წარმოჩენილი. უსმენ და შეიგრძნობ სამყაროს, რომელიც სამუდამო მარტოობისთვისაა განწირული. უსმენ და გახსენდება ფოლკნერი, კერუაკი, კიზი. უიღბლობა. მსოფლიო სევდა. ხანდახან ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა არასდროს ყოფილა.
მისი კერპი ბობ დილანი იყო, თუმცა Woodstock-ი, make peace, no war და flower power დიდად არასდროს აინტერესებდა. წერდა თავის ჯაზ ბლუზებს, მარტივ, მაგრამ არაბანალურ, ნაღვლიან ბალადებს და სულაც არ ადარდებდა, გახდებოდა თუ არა თავისი სიმღერებით პოპულარული. მისი პირველი ხმისჩამწერი სტუდია „Asylum records”-ი თავის დროზე ფიქრობდა, რომ მუსიკოსი თავის კარიერას მიზანმიმართულად ღუპავდა.
“Closing Time” -დან heartattack and wine-მდე მისი მუსიკა ერთგვაროვანია. თითქოს თვითონაა თავისი სიმღერების ლირიკული გმირი – ილუზორული ანარეკლი სარკიდან. ყველა სიმღერა ძალიან მელოდიურია. როცა უსმენ, ხან სევდიანდები, ხან სასოწარკვეთაში ვარდები, ხანდახან შეიძლება გაგეღიმოს კიდეც. ამ ყველაფერს ალბათ თავისი ყველასგან განსხვავებული ხმის ტემბრითაც აღწევს.
80–იანების მერე თითქოს იცვლება. სიმღერები უფრო დაძაბული და ნევროტული ხდება. თითქოს გაორდა. ბევრი ამბობდა, რომ ის გაუგონარ აბდაუბდას წერს. ამაზე ერთხელაც იტყვის: „უცებ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკისთვის სულ ერთია ვისზეა სიმღერა“. ის პოპულარობისთვის არასდროს წერდა. ორიგინალურობის და ექსცენტრულობის თამაში არც სჭირდება. ეს ისედაც აქვს, ბუნებრივად. და საერთოდაც, ახალი სიმღერების წერას მაშინ იწყებს, როცა ძველი ბეზრდება.
საკონცერტო ტურნეები ყოველთვის ზედმეტ თავის ტკივილად მიაჩნდა. ალბათ გასტროლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 70–იან წლებში ფრენკ ზაპასთან ერთად კონცერტზე გამოსული, მსმენელმა სცენიდან სტვენით გააცილა.
წარმოუდგენელია მის მუსიკას სტადიონებზე და მრავალათასიან მოედნებზე, ეგზალტირებულ ბრბოსთან ერთად უსმინო. ეს მარტოხელების სიმღერებია.
ბოლო დროს პატარა დარბაზებიც აღარ იზიდავს. თუმცა მსმენელი ყოველთვის იტოვებს იმედს, რომ კონცერტს ხანდახან მაინც ჩაატარებს. მის ბრიტანულ კონცერტზე, რომელიც ალბომ „Real Gone“–ის გამოსვლას მიეძღვნა, ბილეთები 30 წუთში გაიყიდა.
კონცერტები არ უყვარს, სამაგიეროდ მოსწონს მისი სიმღერების რადიოში გაჟღერება. სახალისოაო, ამბობს.   ვერ იტანს, როცა სიმღერა კომერციული მიზნით გამოიყენება. ამის გამო დიდი ხნის წინ სასამართლოშიც ჰქონდა დავა და სხვათა შორის ეს პროცესი მოიგო. სამაგიეროდ უყვარს, როცა მის ქავერს კარგი მომღერალი ასრულებს. განსაკუთრებული კმაყოფილებით ჯონი კეშის ნამღერ „Down there by the train“-ს იხსენებს, ბრიუს სპრინგსტინმაც იმღერა „Jersey girl“ და საკმაოდ კარგად. სხვებმაც, მაგრამ ახლა რატომღაც მხოლოდ ეს ორი გამახსენდა.
ყველაზე ამაღელვებელ მუსიკად, სიმფონიური ორკესტრის ინსტრუმენტების აწყობის პროცესი მიაჩნია. (აი კიდევ ერთი დამთხვევა, ჯოჯოხეთის არ იყოს :–)) ) სასურველია, რომ ეს გაშლილ მინდორში ხდებოდეს და თან ერთვოდეს უცაბედად ცაში გამოჩენილი თვითმფრინავის, ან ტრასაზე ჩავლილი სატვირთო მანქანის ხმიანობა.
ბოლო წლების სიმღერები რაღაცნაირად სულ გახსენებს 2001 წელს ამერიკის თავს დატეხილ ტრაგედიას, ერაყს. სიცარიელის თემა კიდევ უფრო მძაფრდება.
I'm not fighting
For justice
I am not fighting
For freedom
I am fighting
For my life
And another day
In the world here
I just do what I've been told
You're just the gravel on the road
And the one's that are lucky
One's come home
On the day after tomorrow
ტომი ერაყში დაღუპული ამერიკელი ბიჭის წერილს ყვება. რომელიც არც სიმართლისთვის და არც თავისუფლებისთვის არ იღწვოდა იქ. ის საკუთარი ცხოვრებისთვის იბრძოდა. და აქვე მისი კიდევ ერთი ნაღვლიანი ფრაზა „Make it Rain“-იდან – „I want to believe in the mercy of the world again” (ვოცნებობ ისევ დავიჯერო სამყაროს გულმოწყალება). „Real Gone“-ში ყველაზე მძაფრადაა ხაზგასმული სიკვდილის თემა. თვითონ ჩვეული ექსცენტრულობით აცხადებს, რომ ეს ალბომი ყველაზე მეტად პატარა ბავშვებს მოსწონთ. იმიტომ, რომ მათ უყვართ სიკვდილზე სიმღერების მოსმენა. და საერთოდაც „Real Gone“-ი საცეკვაო ალბომია. იმასაც ამბობს, რომ ამ ალბომში შესული სიმღერები კუბისტური ფანკია და ისინი საკუთარი სახლის აბაზანაში ჩაწერა. მის ჩაწერაში ცოლი და შვილი, კესიც დაეხმარნენ. მიაჩნია, რომ ეს მისი ოჯახური ბიზნესია და ფერმერი რომ ყოფილიყო, მთელი მისი ოჯახი ერთობლივი ძალებით მიწასაც მოხნავდა.
სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ ტომ ვეითსის კინო კარიერა ჯიმ ჯარმუშთან თანამშრომლობით დაიწყო. სინამდვილეში , მისი დებიუტი კინოში ფრენსის ფორდ კოპოლას უკავშირდება, ფილმით „One From the Heart“. იმედგაცრუებული და ძალაგამოცლილი ტომი რეჟისორს თანამშრომლობაზე დათანხმდა. ამ ფილმმა მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა ორიგინალური საუნდტრეკისთვის. თუმცა ეს ამბავი ტომს დიდად არც ანაღვლებდა. კრიზისი დაძლია და თანაც, სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, კეტლინ ბრენანი, რომელიც მას მერე მისი შეუცვლელი თანაავტორია.
შემდეგ იყო ჯარმუში, „down by Law“, “Coffee and Cigarette ”….. ის ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება ამ უფულო რეჟისორთან თანამშრომლობას. მისთვის ერთგვარი პატივიცაა, თავისი წვლილი შეიტანოს ჯარმუშის ფილმებში – ზოგან მსახიობია, ზოგან, ფილმის კომპოზიტორი. ფაქტია, რომ მისი გამოჩენაც და მისი მუსიკაც ჯარმუშის  ფილმებს უფრო კარგს ხდის.
1987 წელს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ითამაშა ჰექტორ ბაბენკოს ფილმში „Ironweed.
1992 წელს კოპოლამ ისევ მიიწვია. ამჯერად „დრაკულაში“, ეპიზოდრ როლში. ამავე წელს მისმა „Bome Machine-მა “გრემი“ დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ალტერნატიულმა ალბომმა.
„გრემი“ საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომისთვის, „The Black Rider“-ით მიიღო. ამ ალბომის მიხედვით რობერტ უილსონმა სპექტაკლი დადგა. ამას მოყვა თეატრალური დებიუტი „Frank’s Wild Years“, რომლის შექმნაში დიდი მონაწილეობა მიიღო კეტლინ ბრენანმა, ტომის მეუღლემ.
1999 წელს გამოსულმა ალბომმა „Mule Variations -მა მილიონ გაყიდულ ეგზემპლართან ერთად მას კიდევ ერთი “გრემი“ მოუტანა, ამჯერად საუკეთესო თანამედროვე ფოლკ ალბომისთვის.
მერე იყო ტონი სკოტის ფილმი, „დომინო“ – 2005–ში. და რობერტო ბენინის კომედია, „The Tiger and the Snow“, სადაც საკუთარ თავს თამაშობს.....
და კიდევ ბევრი მუსიკა, ფილმი, სპექტაკლი.........
შეუძლებელია ერთხელ მოისმინო ტომ ვეითსი და მისი სხვა სიმღერების ძებნა არ დაიწყო. მახსოვს, საკმაოდ პატარა ვიყავი, პირველად რომ მოვისმინე მისი „Jesus gonna be here“. ჰო, ეს იყო პირველი სიმღერა, რომლითაც ტომ ვეითსი გავიცანი. მერე მახსოვს, როგორ დავეძებდი ყველგან და როგორ მიხაროდა, რამეს თუ წავაწყდებოდი სადმე. მაშინ ასე ადვილი არ იყო. მაშინ არც youtube-ი არსებობდა და არც რაიმე სხვა საძიებო საშუალება. რა youtube-ი, კომპიუტერი არ გვქონდა ნანახი. თბილისი ინგრეოდა. ღამ–ღამობით, ელემენტებიან მაგნიტოფონში ვუსმენდი ტომ ვეითსის, სხვადასხვა ადამიანების წყალობით შეკოწიწებულ და მრავალჯერ მანიკურით დაწებებულ კასეტას. დღემდე ვერ მომინელებია, რომ დავკარგე. თეთრი კასეტა, პასტით მიჯღაბნილი წარწერით – Tom Waits.
სხვათა შორის, რელიგიურ თემაზე დაწერილი „Chocolate Jesus“–ის გამო გააკრიტიკეს. მკრეხელი ეძახეს. არადა სიმღერა იმ კაცზეა, კვირაობით ეკლესიაში წასვლის ნაცვლად ტკბილეულობის მაღაზიაში რომ დადის. კაცი, რომელიც ყოველი კვირის ბოლოს „შოკოლადის იესოს“ მიირთმევს. არც მაშინ მესმოდა და არც ახლა, რატომაა ეს სიმღერა მკრეხელური. უმრავლესობა რეალურ ცხოვრებაში ხომ ზუსტად ასე იქცევა?
ნება რომ მომცენ, შეიძლება დაუსრულებლად, თავის მომაბეზრებლად ბევრი ვილაპარაკო ტომ ვეითსზე. განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინმე თანამოაზრეს თუ ვიპოვი. სათითაოდ რომ ჩამოთვლი ყველა სიმღერას, რომელიც გიყვარს და თან დაამატებ, რომ ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი „The World Keeps Turning“-ია, თუმცა იმასაც დაეთანხმები, ვინც გეტყვის, რომ მას „I’ll Shoot the Moon“ უყვარს, ან „You are innocent when you dream“, ან “If I have to go”, ან „Hold on“ ან…... ან........ ეს ჩამონათვალი რომ განვაგრძო, ალბათ ძალიან შორს წავალ. ბევრი ფურცელი გაივსება. და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებით ვიტყვი – აუ, ხოო, ეგეც რა მაგარია.......
ჩემი ოცნებების უმრავლესობა არარეალურია. მათ შორისაა ისიც, რომ მინდა, ერთხელ მაინც მოვახერხო და მოვხვდე ტომ ვეითსის კონცერტზე. ვიცი, რომ აბსურდია, მაგრამ მაინც ვოცნებობ. არადა, ხომ შეიძლება მართლა გათენდეს ასეთი დილა? თუმცა ალბათ მაინც ბოლომდე მეგონება, რომ სიზმარს ვხედავ, ტკბილ სიზმარს, სადაც ცოცხლად მღერის ტომ უეითსი. მოსაწევადაც არ გავალ, არცერთხელ, სანამ არ იტყვის წავედიო. 
და მერე ვერავინ მეტყვის, რომ ჩემზე ბედნიერია. 

Monday, February 7, 2011

განათლების კვირეული. 5 – 13 მარტი. გამოფენების ცენტრი "ექსპოჯორჯია"


2011 წლის 5 – 13 მარტს, გამოფენების ცენტრ, "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება განათლების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ყველა უნივერსიტეტის "ღია კარის დღე".
ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, მემგონი არ იქნება ცუდი, თუ მიხვალთ და ნახავთ.
მისამართი: წერეთლის გამზირი N118. მე–11 პავილიონი.





Wednesday, December 29, 2010

მტრის ხატი – ზღაპრიდან რეალობამდე

იყო და არა იყო რა..... ასე იწყება ყველა ზღაპარი. ზოგან ბოროტი დედინაცვალია მთავარ როლში, რომელიც გამოსაჯანმრთელებლად აუცილებლად გერის გულ–ღვიძლს ითხოვს, ზოგან წყაროსთან ჩასაფრებული ცხრათავიანი დევი, თავების რეგენერაციის უბადლო უნარით დაჯილდოვებული, რომელიც ხალხს წყურვილით კლავს, ზოგან ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი, ზოგან ინტრიგანი მელია, რომელიც დედური ინსტინქტების არმქონე ჩიტს არხეინად უჭამს შვილებს..... რამდენი წლის იყავით ამ ზღაპრებს რომ გიკითხავდნენ მშობლები? სავარაუდოდ 3 – 4–ის. სიხარულის ის შეგრძნებაც გახსოვთ ალბათ – თავმოჭრილი დევების და დახოცილი დრაკონების ამბის შეტყობით გამოწვეული. სწორედ ამ ასაკიდან ყალიბდება ბავშვის ცნობიერებაში მტრის ხატის ცნება.
ქართული ზღაპრები ხომ პირდაპირ მტრის ხატების სამჭედლოა :–)
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუქარა მშობლების მხრიდან: –თუ არ შეჭამ. მგელი მოვა; –თუ არ დაიძინებ, ძაღლი შეგჭამს; – თუ არ დამიჯერებ, ბოროტი კაცი გუდაში ჩაგსვამს და წაგიყვანს......
ვინმეს უფიქრია, როგორ იზაფრება ბავშვი იმის წარმოდგენით, რომ ან მგელი მოუვარდება, რომლისგანაც კარგს არაფერს უნდა ელოდეს, ან ძაღლის ლუკმა გახდება, ან ვიღაც უცხო "ბიძია" ტომარაში ჩატენის და სად წაიყვანს კაცმა არ იცის.
მტრის რაობა ასაკის მატებასთან ერთად ტრანსფორმირდება. თუმცა თვითონ ფაქტი მისი არსებობის შესახებ, ღრმად ილექება მეხსიერებაში, რომლის წაშლა ფაქტობრივად შეუძლებელია.
არ ვიცი ეცალა თუ არა სტალინის დედას შვილისთვის ზღაპრების საკითხავად, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ვაჟის წყალობით დამკვიდრებულმა ტერმინმა "ხალხის მტერი" (რომელიც ფრანგებისგან მოიპარა) და ასეთებად გამოცხადებულების დასჯის მეთოდებმა, მოაზროვნე ქართველების (და არა მარტო ქართველების) უდიდესი ნაწილი შეიწირა. ასე მგონია, მაშინდელი "მტრების" განადგურების საზღაურს ვიხდით დღემდე. ის ხალხი რომ გადარჩენილიყო, იქნებ არ მიგვეღო ასეთი სავალალო შედეგები, იქნებ ავცდენოდით იმ კედელს, ცხვირი რომ მივარტყით დღეს ყველამ.
არადა როგორი ადვილია მასა დაარწმუნო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს "მტერი". მაშინ ერთ–ერთი მთავარი პირობა ის იყო, რომ "მტერი" "მოყვარეზე" ნიჭიერი უნდა ყოფილიყო.
როცა ჩემი დიდი ბაბუა დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ ჩვენება ერთ–ერთმა თანამშრომელმა მისცა, რომელიც ადასტურებდა, რომ ბრალდებული საკუთარ სახლში ანტისაბჭოთა კრებებს ატარებდა. შეკითხვაზე, საიდან იცოდა მან ეს, უპასუხა, რომ კრებებს თვითონაც ესწრებოდა. რა თქმა უნდა უტვინო დამსმენიც ბაბუაჩემის გზას გაუყენეს. ის დაბრუნდა გადასახლებიდან, ჩემი დიდი ბაბუა არა. ათეულობით წლების შემდეგ მივიღეთ ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ის რეაბილიტირებულია. თუმცა ამას მისი შვილებისთვის შვება არ მოუტანია. მათ ხომ ძალიან დიდხანს იცხოვრეს, როგორც ხალხის მტრის შთამომავლებმა. მამა რომ "მავნებელი" არ იყო, ეს ისედაც იცოდნენ.
მტერი მრავალნაირი არსებობს. უხილავი და ხილული, აგრესიული და ეშმაკი, ნამდვილი და სხვების მიერ თავსმოხვეული. მათთან ბრძოლის მეთოდებიც მრავალნაირია. ზოგი მისაღები, ზოგი მიუღებელი, ზოგი კარგის მომტანი, ზოგიც დამღუპველი.
მთავარი ალბათ მაინც სწორი დეფინიციაა.
საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი მტრები "საზიზღარი კაპიტალისტები" იყვნენ. ტელევიზიის ორად–ორი არხიდან გაუთავებლად გვიკიჟინებდნენ, რა ცუდი იყო ყველაფერი დასავლური. იმის ფონზე, როგორ კოცნიდა ტუჩებში ბრეჟნევი პოლიტბიუროს წევრებს და ჩამოსულ სტუმრებს, მოგვიწოდებდნენ დავწეოდით და გაგვესწრო ამერიკისთვს. ძალიან მაინტერესებს, როცა ამ სლოგანს ქმნიდნენ, ნუთუ არავის უფიქრია იმაზე, ქვეყანა,რომლის დაწევას და მერე გასწრებასაც აპირებ, გამოდის, რომ შენზე უკეთესია. აბა მაშინ რატომ გაგიჩნდა სპორტული ჟინი გაეჯიბრო? იქიდანაც არ გვაკლებდნენ "კეთილ სიტყვებს" – ბოროტების იმპერიას გვეძახდნენ და ვიყავით ასე სიამტკბილობაში.
იმ დროს, ამერიკის მერე მტრების სიაში საპატიო მეორე ადგილს ეკლესია და მისი მესვეურები იკავებდნენ. მახსოვს ერთხელ ჩემმა კლასელმა, გამოცდაზე გასვლის წინ პირჯვარი გადაიწერა და ამის გამო შავ დღეში ჩააგდეს.
მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და გაივსო ქვეყანა კრემლის და "სუკის" აგენტებით. ახლა მტერყოფილ, აწ უკვე მეგობარ ამერიკას ვთხოვდით დახმარებას და აღიარებას. როლები შეიცვალა – "მოძმე რუსეთი" მოსისხლე მტერი გახდა, "გარყვნილი ამერიკა" ერთგული მეგობარი. სწორედ ის ამერიკა, In God We Trust რომ უწერია თავის მწვანე დოლარებზე. სხვათა შორის, ის მასწავლებელი, რამდენიმე წლის წინ ყველაზე მეტად რომ აქტიურობდა და პირჯვრის გადაწერის გამო ბავშვის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვდა, მიტინგებზე სანთლებით და ფსკვნილით დადიოდა. არა, სასწაულის მომსწრენი არ ვყოფილვართ. მორწმუნე კი არ გახდა ყოფილი კომკავშირის მდივანი. იმ პერიოდში "ხალხის ოპიუმად" წოდებული რელიგია აღარ მიიჩნეოდა მტრულ ელემენტად. მეტსაც გეტყვით, მოდური გახდა ეკლესიაში სიარული. ასე იყო საჭირო მაშინ და იმიტომ.
90–იან წლებში ერთმანეთს დავერიეთ, სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ, იარაღით ვირბინეთ, თბილისი გადავწვით, "ამისტებმა" "იმისტებს" ვესროლეთ, მეგობრები დავხოცეთ. მაშინ ვინ იყო ჩვენი მტერი? არადა გვიყვარს გადაბრალება. ჩვენ ხომ დამნაშავეები არასდროს ვართ. სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა მტრის ბრალია ჩვენს მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული.
შემდეგ გადავიტანეთ ომი, სადაც არც ჩვენ ვიყავთ ანგელოზები და არც ჩვენი მტრები. შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე ამდენი წელია აფხაზეთი ჩვენი აღარაა. ის მოსაზრება, რომ ომში მტერი მტერია და რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა მოკლა, იმ ერთმა ამბავმა გამიბათილა, რომელიც უკვე სამშვიდობოს, თბილისში ჩამოსულმა გაგრელმა მოხუცმა ცოლ–ქმარმა მომიყვა. ვისაც დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ.
იყო ისეთი პერიოდიც, როცა თითქოს მივჩუმდით. ეს კრემლის აგენტებიც სადღაც გაქრნენ. გაჩნდა "მტრის ხატის ვაკანსია", ტელევიზიებიც დუმდნენ და მოვიწყინეთ. ამიტომ, სახელდახელოდ შევქმენით ახალი "მტერი" (რომელიც ან მანამდე რატომ იყო "მოყვარე" ეგეც გაუგებარია. არადა ჩვენი ხვეწნა–მუდარით და ხოხვა–ფორთხვით გამოვითხოვეთ "მტრის ბანაკიდან") და დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები მის ჩამოსაგდებად. როგორ დამთავრდა ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ამერიკას კიდევ ერთხელ დავუმეგობრდით და რუსეთი ვლანძღეთ. ხო. ასე იყო ეს ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რატომღაც მათ ჩავაბარეთ, გინება განვაგრძეთ (და ვაგინებთ ყოველ დღე 9–ზე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე და 9–ზე). ძალიან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს მტრების მიმართ. შეუძლებელია არ დაიბნე.
2008–ში რაც მოხდა ყველას გვახსოვს და სანამ ცოცხლები ვართ არც დაგვავიწყდება – აგვისტოში ბომბების წვიმა მთელი ქვეყნის თავზე, სასოწარკვეთა და დაუცველობის ისეთი შეგრძნება, რომ მოგინდება დაჯდე და გულამოსკვნილმა იტირო.
დღეს ძალიან ბევრი რუსოფობია საქართველოში. იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. ანალოგიური მდგომარეობაა იქ, იმ 200 მილიონიან ქვეყანაში. მათთვის ჩვენ ვართ მტრები – პატარა ამბიციური ერი, რომელიც თან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს თმობს და თან მათი ბატონობის ქვეშ მოქცევა არ უნდა.
ძნელია არ გძულდეს ის, ვინც სახლში შემოგივარდა, დაგბომბა, მოგკლა, წაგართვა, დაგზაფრა. გახსოვთ ალბათ იმ ზაფხულს, რეალური ომის პარალელურად სოციალური ქსელებით რომ მიმდინარეობდა ორთაბრძოლა. ვისაც სად წაგვასწრებდნენ იქ გვივარდებოდნენ, გვლანძღავდნენ, ნიშნს გვიგებდნენ. ასეთივე მეთოდებით ვპასუხობდით ჩვენც. და ამით კიდევ უფრო ვუღვივებდით ერთმანეთს სიძულვილს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსოფობია ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ქსენოფობია, ჰომოფობია, რასიზმი და ასე შემდეგ. ემოციაზე აგებული ბრძოლა არასდროს მოიტანს სასურველ შედეგს.
მე არ შემიძლია შევიძულო ვისოცკი, იმიტომ, რომ ის რუსი იყო. ვერ უარვყოფ ჩეხოვს და ბულგაკოვს, იმიტომ, რომ მომწონს მათი შემოქმედება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობას ადეკვატურად არ აღვიქვამ, ვერ ვხვდები რა ხდება ირგვლივ. იმის გამო, რომ ვიღაც რუსულ ფილმს ნახავს და მოიწონებს, არ შეიძლება მოღალატე უწოდო. ბევრჯერ დავინახეთ, რამდენი რამის გადატანა შეგვძლებია, რამდენი ძალადობის და უკიდურესი გაჭირვების , მაგრამ როცა საქმე მორალურ შეურაცხყოფამდე მიდის, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ამას ვერავის ვეღარ ვპატიობთ და საბოლოო ჯამში ვიღაცის გამო (სულ ერთია მერე ვინ იქნება მტრად წოდებული ის მესამე პირი) ერთმანეთს დავერევით და ვხოცავთ.

"იბრძოლეთ საქმის და არა პიროვნებების წინააღმდეგ";
"უნდა გძულდეთ მართვის ბრიტანული სისტემა და არა თვითონ ბრიტანელები";
ამ სიტყვებს ერთ–ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი, მაჰათმა განდი ამბობდა. რომ არა ის, დღეს ინდოეთი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. მისი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის დაკავშირებული იყო მის ზნეობრივ მრწამსთან. მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, ოღონდ იბრძოლო გულწრფელად. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრიტანეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განდი იყო პირველი, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა მისთვის "ზურგში დარტყმის მიყენებაზე". მან თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ პატიოსნებაზე და თავგანწირვაზე დაფუძნებული ბრძოლა შესაძლებელია და პოლიტიკა ყოველთვის და ყველას ხელში არაა "ბინძური საქმე".
სიძულვილი ყველაზე დიდი მტერია, რომელსაც კაცობრიობა დამღუპველ შედეგებამდე მიყავს. სიძულვილით შეპყრობილი ადამიანი საკუთარ თავსაც ვნებს და ირგვლივ მყოფებსაც.
ზღაპრებიდან დავიწყე და მაჰათმა განდიმდე მივედი.
რაც შეგვეხება ჩვენ, ყოველთვის იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ და ეს საქმე ასეთი წარმატებით ჯერ ჩვენს არცერთ მტერს არ გამოსვლია.

ქატო იქა, ფქვილი აქა
ჭირი იქა, ლხინი აქა....

აჰა, ხომ გეუბნებოდით ქართული ზღაპრები მტრის ხატების სამჭედლოა თქო? :–)

Tuesday, December 14, 2010

ვაცლავ ჰაველი – ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი პრეზიდენტი

"სულ უფრო ვრწმუნდები, რა აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება, რადგანაც გემოვნება პირველ რიგში განსაზღვრავს , რამდენს ილაპარაკებ, რამდენად ღირს რაღაცის თქმა ან შეკითხვის დასმა. გემოვნება განგასაზღვრინებს სად იხუმრო, სად ილაპარაკო სერიოზულად, როდის ილაპარაკო ქარაგმებით, როდის – პირდაპირ.... როდესაც გემოვნებაზე ვლაპარაკობ, ცხადია ვგულისხმობ გემოვნებას ყველაზე ფართო გაგებით და არა მხოლოდ ჰალსტუხის შესარჩევად საჭირო გემოვნებას".
1936 წლის ოქტომბერში, პრაღაში გაჩნდა პატარა ბიჭი. გახარებულ უფროს ჰაველს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მე–20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ჩეხი პოლიტიკოსის მამა გახდა.
ჰაველები მდიდრები იყვნენ. ვაცლავის მამა პრაღის ყველა მაღალ წერტილზე განლაგებულ უბან "ბარანდოვს" ფლობდა. დედა კი ცნობილი ჟურნალისტის და ელჩის ქალიშვილი იყო. სხვათა შორის, 1920–40–იან წლებში ოჯახი საკმაოდ ინტესიურად იყო ჩაბმული ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში.
ინტელიგენტი მშობლების წყალობით ვაცლავ ჰაველმა, მაჰათმა განდის მსგავსად, საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა მიიღო ოჯახში. თუმცა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ,ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო, მას ფორმალური განათლების მიღება აუკრძალეს. 50–იანი წლების დასაწყისში ჰაველმა ერთ–ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში, ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 4 წლის შემდეგ მისი სურვილი, სწავლა განეგრძო ჰუმანიტარული განხრით, იგივე პოლიტიკური მოსაზრებების გამო სურვილად დარჩა. ამიტომ იძულებული გახდა ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. თუმცა იქ მხოლოდ 2 წელი ისწავლა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, თეატრში, სცენის ასისტენტად დაიწყო მუშაობა და პარალელურად პრაღის თეატრალურ აკადემიაში დრამის ლექციებს ესწრებოდა.
გასაკვირია, მაგრამ ვაცლავ ჰაველმა ცოლად პროლეტარი ოლგა სპლიჩალოვა მოიყვანა.
პირველად ჩეხოსლოვაკიაში მისი სახელი მაშინ გაჟღერდა, როცა თეატრ ბალუსტრადაში მისი პიესა "ბაღის წვეულება" დაიდგა. პიესა მოეწონათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ავტორი გასცდა სოციალისტურ ჩარჩოებს. 1968 წელს, მისი პიესის "მემორანდუმის" ნიუ იორკის საჯარო თეატრში გამოჩენამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა. სწორედ ამიტომ არ იწვევდა პრაღის უნივერსიტეტის რექტორატი ჰაველს აღფრთოვანებულ სტუდენტებთან შესახვედრად. სწორედ ამიტომ კიცხავდნენ კრიტიკოსები "ბურჟუა" ვაცლავს.
თუმცა ეს ხელს სრულებით არ უშლიდა, ჩაეტარებინა ლიტერატურული საღამოები, მოესმინა ახალგაზრდების აზრი, ეწერა ჟურნალ "ტვარჟში", რომელიც სწორედ მისი სტატიების წყალობით გახდა პოპულარული. კომუნისტური მმართველობა იმ პერიოდში აღარ იყო ისეთი მკაცრი, მაგრამ ჟურნალის ბაზაზე არაკომუნისტი მწერლების გაერთიანების შექმნა უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა.
ჟურნალი დაიხურა. იდგა 1968 წელი. პრაღაში რუსული ტანკები შევიდნენ. ვაცლავ ჰაველი მაშინ პირველი იყო, ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი, ვინც მოითხოვა წინ აღდგომოდნენ ამ უსამართლობას. "პრაღის გაზაფხული" ჩაახშეს. დისიდენტი ჰაველი კი 4 თვე ციხეში აყურყუტეს. აიკრძალა მისი პიესები. ციხიდან გამოსულმა ჰაველმა დისიდენტური ორგანიზაცია "ქარტია 77" დააარსა. პარალელურად წერას განაგრძობდა . მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთში, თუმცა ძალიან მალე ის ისევ დააპატიმრეს. ამჯერად 4 წლით.
ამასობაში საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაიწყო. 88–ში ოპოზიციურმა მოძრაობამ ჩეხოსლოვაკიაში პიკს მიაღწია. მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა – ვაცლავ ჰაველი. მან შექმნა "სამოქალაქო ფორუმი" და განაცხადა, რომ მალე ყველა ერთად კომუნისტურ რეჟიმს დაამხობდნენ.
1989 წელს, მაშინ როცა ჩვენ ბარებით და ნიჩბებით დაგვხოცეს და ჩვენი დისიდენტები ხელისუფლებაში დაბინავდნენ, იქ, პრაღაში, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა ჩაეხშო მათი პროტესტი, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს პირველ რიგში ამ საპროტესტო ტალღის ავტორის, ვაცლავ ჰაველის დამსახურება იყო. მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ეკლესიამაც. ეკლესია ჩვენს დისიდენტებსაც ედგა მხარში, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად და რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად განვითარდა.
ჩვენთან 1989 წელს სისხლიანს ეძახიან, ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში კი "ხავედოვანი რევოლუციის" წლადაა ცნობილი.
ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.
როდესაც სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჰაველმა თქვა, რომ ცუდია თუ სლოვაკებს მათთან ერთად ცხოვრება არ სურთ, მაგრამ თუკი ეს ნება ხალხმა რეფერენდუმით გამოხატა, რა გაეწყობა.
ამის გამო ის ბევრმა გააკრიტიკა. ამერიკის მარიონეტს უწოდებდნენ, ლანძღავდნენ, ჩეხოსლოვაკიის დაშლაში სდებდნენ ბრალს.
გავიდა რაღაც პერიოდი და ყველამ თქვა, რომ ჰაველი სწორად მოიქცა. სწორედ მისი წყალობით არ დაერია სამკვდრო–სასიცოცხლოდ ერთმანეთს ორი ერი.
მან ხომ იცოდა. განათლებული კაცია ვაცლავ ჰაველი, მარტო პატრიოტი კი არა. გადასარევად იცოდა სლოვაკეთში ჰიტლერის ჩადებული ნაღმის შესახებ. მას მხოლოდ უნდა შეხებოდნენ. ჰაველი ყველაფერთან ერთად "განაღმვის" ოსტატიც აღმოჩნდა :–)
"პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული ადამიანებში არსებული საუკეთესო თვისებების მობილიზება მოხდება თუ ცუდის. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების მოღვაწეობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე და მათი მოვალეობაა ადამიანებში გამოძებნონ და განავითარონ ყოველივე საუკეთესო. ზოგიერთებს გულუბრყვილო მეოცნებე ვგონივარ, მეოცნებე, რომელსაც, არათავსებადის, ანუ პოლიტიკის და ზნეობის შეთავსება სურს. ეს ძველი სიმღერაა!"
"გულუბრყვილო მეოცნებე" 1993 წელს ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა.
მისი მმართველობის 13 წლის მანძილზე, ქვეყანამ რადიკალური და რაც მთავარია დადებითი ცვლილებები განიცადა.
2003–ში წავიდა. წავიდა მშვიდად, მადლობით. და ამავდროულად მობოდიშებით – "მათ ვისაც იმედები გავუცრუე, გულწრფელად ვწუხვარ და მჯერა, რომ მაპატიებთ".
მართალია ევროკავშირში ჩეხეთი 2004 წელს შევიდა, მაგრამ ეს მთლიანად მათი პირველი პრეზიდენტის დამსახურება იყო.
ვაცლავ ჰაველმა მოახერხა ყველაზე მთავარი – არ აჰყვა პოსტკომუნისტური რეალობის გავრცელებულ ტენდენციებს, არც ფანატიკოსი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ ბელადად იქცა და არც პრაგმატულ ლიდერად. ჩეხოსლოვაკიის დაშლაც ღირსეულად მიიღო და ზნეობრივი პოლიტიკის ერთ–ერთი სიმბოლოც გახდა.
"არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკაში იმარჯვებენ მხოლოდ უსულგულო ცინიკოსები, თავხედები და უტიფრები. ასეთ ადამიანებს პოლიტიკა მართლაც იზიდავს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ყველაზე მეტად პატიოსნება და კარგი აღზრდა ფასდება".
კარგად დავფიქრდეთ და დავიმახსოვროთ, როგორი აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება... მისი ყველაზე ფართო გაგებით.

P.S. ჰო, და მისი გემოვნების მაჩვენებელი ერთი პატარა შტრიხიც – ფრენკ ზაპამ უარი უთხრა, თორემ ვაცლავ ჰაველმა მას ჩეხეთის კულტურის მინისტრობა შესთავაზა.
ეს(ჰაველი) – რა გემოვნებიანი, ის(ზაპა) – რა ჭკვიანი.
ამაზეც ღირს დაფიქრება :–)

Wednesday, December 1, 2010

სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?

ერთი წლის წინ გავიგე, რომ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ბორჩხაძე (სახელი და გვარი თუ მეშლება, მაპატიეთ :–) ) სადებიუტო ფილმის გადაღებას აპირებდა, რომ ფილმს "სეზონი" ერქმეოდა და მისი გმირები ბათუმში უცნაურ ისტორიაში გაეხვეოდნენ. მაშინ მემგონი დავწერე კიდეც, რომ ძალიან მინდოდა ამ ფილმის ნახვის მერე მაინც არ გამოვსულიყავი დარბაზიდან ტექსტით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე".
რამდენიმე დღის თუ ერთი კვირის წინ, ფილმის პრემიერა შედგა. პრემიერაზე წასვლა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ მოვისმინე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი, მათ შორის ისეთებისაც, ვისაც ძირითად შემთხვევებში ვეთანხმები ხოლმე. ფილმის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი იყო. აღნიშნავდნენ, რომ ფილმის ხარისხი კარგია, თუმცა თვითონ ფილმი არ ვარგა, რომ მწირი სიუჟეტი აქვს, რომ არაფერი არ ხდება და შეიძლება ჩაგეძინოს კიდეც. იძლეოდნენ რჩევებს – " თუ მკითხავთ, წახვიდეთ თუ არა ფილმის სანახავდ, მე გეტყვით რომ არ ნახოთ" და კიდევ მრავალი სხვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილმის სანახავად მაინც წავედი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არც "ამარკორდი" დამხვდებოდა, არც "კაბირიას ღამეები" და არც "სანაპირო", თუ "ნაპირი", როგორ ქვია ლეონარდო დიკაპრიოს "Пляж"-ს ქართულად?
მოკლედ ფილმი ვნახე. სხვათა შორის ველოდებოდი როდის დამეძინებოდა, მაგრამ გაგიკვირდებათ და არ დამეძინა :–)))) ხო და კიდევ, აქვე დასაწყისშივე ვიტყვი, ფილმის სპონსორები არიან ლუკოილი, VTB ბანკი და ბილაინი. ეს ისე, რუსოფობებისთვის. მერე, ფილმის ყურებისას პირკატა რომ არ ეცეთ და შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნონ თავი :–))))))))
ხოდა რას ვამბობდი? ფილმი, ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც ხარისხიანია და არ გავს აღიარებული ქართველი რეჟისორების (რა თქმა უნდა გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, ისედაც ყველა მიხვდება) მობილურით გადაღებულ ფილმებს. ჩანს, რომ არც სცენარი დაწერილა "სალფეტკის" ერთ ფარატინა ფურცელზე, ისიც ჩანს, რომ მთელს გადამღებ ჯგუფს უმუშავია და არ უმაიმუნია, როგორი შთაბეჭდილებაც ზემოთხსენებული ფილმების ნახვის შემდეგ მრჩება ხოლმე. კარგია ისიც, რომ ფილმში არაა დაკავებული არცერთი პროფესიონალი მსახიობი. რომ ვთქვა, პროფესიონალი მსახიობებით დახუნძლული ახლადგადაღებული ქართული ფილმები პირდაპირ ფურორს ახდენენ მაყურებელზე თქო, ტყუილი იქნება. ფილმში არაა არცერთი გაცვეთილი და ყელში ამოსული სახე. არაპროფესიონალების კვალობაზე ყველა მშვენივრად ართმევს თავს დავალებას.
აღსანიშნავია ფილმის მუსიკალური გაფორმება. ჩანს, რომ რეჟისორს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ტრაილერში ზეპელინიც ჟღერდა და სად წაიღეს კაშმირი? ველოდი არადა. აი იმ დრამატულ მომენტში, როცა საბოლოოდ დაიჯერებენ, რომ ცუდადაა საქმე და სასოწარკვეთილები გასცქერიან არარსებულ მშველელს.
გამიკვირდა ისიც, რატომ ამბობდა ხალხი, რომ ვერ გაიგეს ფინალი? რა იყო იქ გაუგებარი, ნუ გადამრიეთ :–)
მე არც კინოკრიტიკოსი ვარ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი. არ დავინახოთ ის, რომ რეჟისორი დებიუტანტია და ფაქტია, რომ უკვე გამოცდილ რეჟისორებს (რამდენიმეს მაინც) აჯობა ამ თავისი "სეზონით".
მართლა კარგი იქნებოდა ცოტა დინამიური რომ ყოფილიყო ფილმი, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაუყარო ადამიანს. არა – მაინცდამაინც უარყოფითი შეფასება უნდა მივცეთ ყველაფერს, არ დავინდოთ, არ ვაპატიოთ ერცერთი ლაფსუსი და ამისთვის მედლებს დაგვირიგებენ. ასეთი მიდგომა არ შეიძლება და მორჩა. ამ კრიზისის ფონზე რამეს მაინც თუ დავინახავთ კარგს, ვთქვათ რა. კარგიც ვთქვათ, ხომ შეიძლება?
და კიდევ. ერთი საგულისხმო ფაქტი – ფილმის გამოსვლამდე თვეებით ადრე შემოქმედებით ჯგუფს არ შევუწუხებივართ ფილმის წინასწარი ქება–დიდებით, არ გაუხვრეტიათ ჩვენთვის ტვინი სხვადასხვა შოუებიდან. ამისთვის ნამდვილად არიან მადლობის ღირსები.
მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ამიტომ ვეცდები ნელ–ნელა დავასრულო. ვინმეს არ ჩაეძინოს კითხვისას :–)))))
ერთი რამ მინდა ვთქვა მხოლოდ – ნუ ჩავუკლავთ ყველაფრის კეთების სურვილს ახალგაზრდა რეჟისორებს, მათ ვისშიც არის იმის პოტენცია, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწონ და კარგი ფილმები გვაჩვენონ. ეს რა, ჩვენთვისაც კარგი არ იქნება?
მე წარმატებას ვუსურვებ რეჟისორს და ვეტყვი, რომ მისი ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ნამდვილად არ გამოვსულვარ ტექსით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე" :–))

Monday, November 1, 2010

"შუშანიკის წამება" – ოჯახური დრამა

"იყო მერვესა წელსა, სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძეი არშუშაისი".
პირადი კეთილდღეობის სურვილით შეპყრობილმა ვარსქენმა უპრობლემოდ უარყო სარწმუნოება და მეფის გულის მოსაგებად ასულის ხელიც ითხოვა. თანხმობაც მიიღო და სახლში იმ იმედით წამოვიდა, რომ ცოლ–შვილსაც ადვილად მოაქცევდა ახალ რჯულზე. თუმცა მაინც თადარიგი დაიჭირა და გზიდან შეატყობინა ოჯახს, არტოშანი ვაღიარე, მოვდივარ და თქვენც იგივეს გიპირებთო. იცოდა ალბათ თავისი ცოლის ხასიათი და იფიქრა, სანამ მე ჩავალ მანამდე მოითავებს ჩხუბს და სიბრაზესო. და ძალიანაც შეცდა. შუშანიკი ის ქალი არ იყო ასე ადვილად გადაეყლაპა შეურაცხყოფა.
"ქუეყანასა ზედა დავარდნა და თავის დამართ ცემა" მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვერავინ იტყვის იმას, რომ შუშანიკი არ იყო ნამდვილად მორწმუნე ქრისტიანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მისი პირველი ასეთი მწვავე რეაქცია მხოლოდ ვარსქენის გამაზდეანებას არ გამოუწვევია. პირველ რიგში ის იყო ქალი, რომელმაც გაიგო, რომ სხვაში გაცვალეს. მისი თავმოყვარეობა შეილახა. ამიტომაც წავიდა მახლობელ ეკლესიაში და "მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა". შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, რომ შუშანიკი ცხარე ცრემლით მხოლოდ ქმრის გაურჯულოებას დასტიროდა.
ის პირველი ქალი იყო (საქართველოში. სხვაგან არ ვიცი ამ დროს რა ხდებოდა), რომელიც ქმარს გაეყარა – "არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ". როდესაც ვარსქენმა სახლში დაბრუნება უბრძანა, შუშანიკმა საკმაოდ მკვახე პასუხი შეუთვალა – მე შევქმენი შენთან ოჯახი და მევე შემიძლია მისი დანგრევაო. აქედან ჩანს, რომ ის საკმაოდ ჯიუტი და თამამი ქალი იყო.
შუშანიკმა თავიდანვე იცოდა ვარსქენის სპარსეთში წასვლის მიზანი. მას შეეძლო წინასწარ, მის წასვლამდე გაეკეთებინა ის, რაც ქმრის ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ვარსქენი "საქმიანი შეხვედრიდან" ახალი ცოლით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდა. აი სწორედ მაშინ გადაწყვიტა შუშანიკმა სამაგალითოდ დაესაჯა მოღალატე ქმარი.
მათი დაპირისპირება კარგად ჩანს "პურობის" ეპიზოდში, როდესაც პიტიახშმა მოინდომა ჯოჯიკის და მისი ცოლის გარემოცვაში შერიგებოდა მეუღლეს. აქ გამოიკვეთა პირველად შუშანიკის მძიმე ხასიათი, როდესაც მან "ჭიქაი იგი პირსა შეალეწა" მაზლისცოლს. ამ უტაქტო საქციელმა ვარსქენი გადარია და გათამაშდა "გრუზინი" ქმრის და ურჩი ცოლის სკანდალური სცენა თავისი ასტამებით, თვალის დაბუშტვით, მძვინვარებით და ყივილით. კეთილშობილი ჯოჯიკი შუშანიკის დაცვას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსანახულებლად მისულს, რძალმა არც მას დააკლო ჩხუბი – "და შენ ჯოჯიკ არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს".
ნაცემ დედოფალს იმის თავი მაინც ჰქონდა, რომ იაკობ ხუცესისთვის მოეთხოვა თავისი სამკაულები ვარსქენისთვის დაებრუნებინა. მაგისი არაფერი აღარ მინდაო :–))) და თან ამშვიდებდა სულიერ მოძღვარს, ნუ ნერვიულობ, "დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე"–ო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ღრმად მორწმუნე ადამიანმა ქმარი, თან რეგვენი, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, რომ თავი აცემინო და ამით კიდევ უფრო დაუმძიმო ისედაც ურწმუნო სული?
ვარსქენმა თავის მხრივ, ძალიან კმაყოფილმა მიითვალა სამკაულები და ნიშნისმოგებითაც თქვა: "მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს"–ო. ისიც მეშჩანი :–)))
ჩვეულებრივი ოჯახური დრამაა, არა?
შემდეგ? შემდეგ შუშანიკი კვლავ განაგრძობდა ვარსქენის დასჯას, უინტელექტო პიტიახში კი ცოლის წამებას. თუმცა, არა მგონია, რომ ვარსქენის ასეთი სადისტობა მაინცდამაინც გამაზდეანებით ყოფილიყო გამოწვეული. ის ნებისმიერი აღმსარებლობის შემთხვევაში იქნებოდა ე.წ. "ვირი ქმარი", რომელსაც ცოლი არცერთ სიტყვას არ არჩენდა.
შეეძლო ალბათ შუშანიკს, ქმრის გამაზდეანების შემდეგ, წასულიყო რომელიმე შორეულ მონასტერში, აღკვეცილიყო მონაზვნად და ელოცა თავისი უბადრუკი ქმრის სულისთვის. არა მგონია ვარსქენს თავი მოეკლა და მონასტერ–მონასტერ ეძებნა ხვეწნით,დამიბრუნდი შენი ჭირიმეო. მოქცეულიყო ისე, როგორც მრავალი საუკუნის მერე რუსუდან დედოფალი მოიქცა, როცა მისმა ქმარმა დავითმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ყივჩაღი ქალი მოიყვანა ცოლად. იტირა იმ ქალმა, იგლოვა თავისთვის და არავინ არ შეუწუხებია ისე წავიდა მონასტერში. რატომ არ იხსენიებენ არსად რუსუდანს? იმიტომ, რომ ის არ უცემიათ, მას სხეული არ დაწყლულებია, მატლები არ დახვევია და არავისთვის მიუცია საშუალება გაეროზგათ.
შუშანიკი ცდილობდა ვარსქენის გამაზდეანება და მისი წამება ქართლის საპიტიახშოს საზღვრებს გასცდენოდა და მთელს საქართველოს მოსდებოდა. რასაც მიაღწია კიდეც.
შუშანიკს ძაძები ეცვა, თუმცა ამას ძვირფასი სადედოფლო წამოსასხამით ფარავდა. მიუხედავად ზეციური ცხოვრებისკენ სწრაფვისა, თავმოყვარეობა არ აძლევდა ნებას ძაძები გამოეჩინა. ან ეს დიდებული წამოსასხამი რაღად უნდოდა ნაგვემ დედოფალს, ესეც გაუგებარია. ქმარს გაშორდა და წამოსასხამს მაინც ვერ თმობდა.
მისი წამება 7 წელს გაგრძელდა.
დარმაედი ვარსქენი გადაწყვეტილებას არ ცვლიდა.
არ თმობდა არაფერს შუშანიკიც.
თუმცა წლებმა ქალს ბრაზი ვერ გაუნელა, ვერ აპატია ქმარს დანაშაული. ის ამდენი წლის მერეც ვერ შეეგუა არსებულ მდგომარეობას. მაინც მისტიროდა თავის ძველ ცხოვრებას და ღმერთს ვარსქენის სათანადოდ დასჯას თხოვდა – "მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო და შუენიერებაი სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა".
მასთან თითქმის ყოველ დღე მიდიოდა მისი სულიერი მოძღვარი, ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სასულიერი პირები, უბრალო ხალხი (ერთი მოგვი ქალი მოექცა კიდეც), მოინახულეს ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა. დიახ, სწორედ იმ ქალმა, ჭიქა თავზე რომ გადაალეწა შუშანიკმა.
ასეთი ყურადღების და პატივისცემის მიუხედავად, სიცოცხლე შუშანიკმა მაინც უკმაყოფილო სიტყვებით დაასრულა– "არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის".

P.S. ამას რომ ვწერდი, ერთი, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში წაკითხული მოთხრობა გამახსენდა. ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს. სადაც უმცროსი ძმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გაუმწაროს უფროს ძმას. ერთხელაც, მშობლები 2 დღით დატოვებენ ძმებს მარტო და რაღაც საქმეზე სხვა ქალაქში წავლენ. იმავე საღამოს უმცროსი ბიჭი სახლის სახურავზე ავა და იქიდან გადმოხტება. თავს მოიკლავს. გადმოხტომის წინ კმაყოფილი გაიფიქრებს – ოჰ, რა დღეში ჩააგდებენ ჩემს ძმას, იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ მომაქციაო.