აბსოლუტურად დემოკრატიულად მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი. უმრავლესობის პრინციპი ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიას, ანუ ჰუმანურობას, როგორც ჩვენთან ხდება ამ ცნების დეფინიცია. ქრისტე სწორედ უმრავლესობამ გააკრა ჯვარზე. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მაშინ ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის აქტი განხორციელდა, მიუხედავად იმისა, სჯეროდათ თუ არა იესოს მესიობის.
თუ ყოველთვის წინა პლანზე უმრავლესობას წამოვწევთ და მათით ვისპეკულიანტებთ, შეიძლება მივიღოთ ჰიტლერიც, სხვადასხვა სახის ფაშიზმიც და ფუნდამენტალიზმიც კი. ასეთი პრინციპით ისლამური ირანიც დემოკრატიულია, რადგან მოსახლეობა "მხარს უჭერს" და ემორჩილება იმ რეჟიმს.
ზომიერების დაცვის გარეშე საერთოდ თავი უნდა დავანებოთ დემოკრატიაზე არათუ ლაპარაკს, ფიქრსაც კი. სადაც ერთი ადამიანის უფლება მაინც იზღუდება, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება. თუ მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე იქნება ელექტროსკამის და მასზე დასვამს უმცირესობას, ეს არ იქნება დემოკრატია. ქვეყანა მხოლოდ მაშინ აღწევს ჭეშმარიტ დემოკრატიას (თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ ბუნებაში), თუ ახერხებს უმცირესობის უფლებების დაცვის ფონზე გაითვალისწინოს უმრავლესობის უფლებები. მარტივად რომ ვთქვათ, ცალკეულ პიროვნებას აქვს უფლება ააწყოს ცხოვრება ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ოღონდ ამის ფონზე არ უნდა მოახდინოს სხვების უფლებების ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც რადიკალიზმი და ფანატიზმია გამეფებული, დემოკრატიის განვითარების შანსი ნულს უტოლდება. რატომ? იმიტომ, რომ რელიგიის დამცველებს ლინჩის წესის პრაქტიკაში გამოყენების დაუძლეველი სურვილი აქვთ, ჟურნალ–გაზეთები დასასჯელი ადამიანების სახელებს, გვარებს და მისამართებს საჯაროდ აქვეყნებენ. საზოგადოების ერთი დაბოღმილი ნაწილი შესაძლებლობა მიეცემა თუ არა, მეორეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ნიშნს უგებს, უფრო ხშირად კი სამაგიეროს უხდის.
გახსოვთ ალბათ, ევროპულ მედიაში, მუჰამედის კარიკატურის გამო ბოდიში მოიხადეს და აღიარეს, რომ ამით ისლამურ ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა დაგმეს ის მეთოდებიც, რომლითაც მუსლიმანურ ქვეყნებში განსხვავებულად მოაზროვნეებს ებრძვიან.
თუმცა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფო მემგონი კიდევ უფრო დიდი და გრძელვადიანი საშიშროების წინაშე ვდგავართ.
ამ საშიშროებას ქაოსი ჰქვია.თუმცა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფო მემგონი კიდევ უფრო დიდი და გრძელვადიანი საშიშროების წინაშე ვდგავართ.
ამ დროს დიქტატურა სანატრელი ხდება. ქაოსს კი საბოლოო ჯამში დაბალი დონის პროფესიონალების მიერ მართული ქვეყანა წარმოქმნის. თუმცა ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ხელისუფლება კი არა, ის ხალხია (სწორედ ის უმრავლესობა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე), რომელმაც ისინი ქვეყნის სათავეში მოიყვანა. აღაზევა, არაფერი არ შეუსწორა, არაფერი არ გაუპროტესტა, მისი სახელი იყვირა და ბოლოს გადააგდო. მერე ახალი მოიყვანა, მერე მისი სახელი იყვირა, არც მას მოსთხოვა პასუხი დანაშაულზე. არ მოსთხოვა სწორად, არ მოსთხოვა დროულად და არ დაუკონკრეტა, არ შეაშინა და არ აფიქრებინა, რომ ხელისუფლება იმ ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, ვინც აირჩია. ჰო, ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ. ისინი, ვინც დღემდე განაგრძობენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფალის ქება–დიდებას და გაუგებარი იმედით შესცქერიან მომავალს, და ისინიც ვინც ნიჰილიზმის მწვერვალზე მოქცეული მშვიდად ადევნებენ თვალს რა ხდება ქვეყანაში. და მე. და თქვენ. და ისინი.... ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აქედან გაქცევაზე ვფიქრობთ. და ისინიც, ვინც არსადაც არ ფიქრობენ წასვლას და ისინიც, ვინც საერთოდ შეწყვიტა ფიქრი.
ჰო, და კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა - ერს ყოველთვის ისეთი ხელისუფალი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს.
ასე რომ, enjoy ......