Wednesday, November 28, 2012

ბალადა კესოზე

ყავას სვამს, სიგარეტს ეწევა,
ვერავინ ვერ დაეწევა
"ბლუზონს" უმშვენებს ფერადი ბროშკები,
ფეხებს კი წითელი ბასანოშკები.
ავია, დაუნდობელი,
ვაკეში ბინის მფლობელი,
მერსედესს დააგრიალებს
და ბოლო ხმაზე ღრიალებს.
ოხერი გოგოა ეს ჩვენი კესო,
თუ მოინდომა, დააფრთხობს მგელსო
შალიკო ოფისში ძრწის, როგორც გიჟი
–"რათ შემიჭამე შენ ჩიჟი ბიჟი?"
თარჯიმანია დიდად ქებული
ალგეთს დამხმარედ მივლინებული
ორთაჭალის ბასეინის სტუმარია ხშირი
და ჰგონია, რომ ბიძინა არის ქვეყნის გმირი.
უყვარს სიმღერა, ცეკვა, თამაში
აბა რა არის ცუდი ამაში?
მის გაბრაზებას მაინც არ გირჩევთ
საქმეს მაშინვე ქურდულად გაგირჩევთ.
ყვავილებს უვლიდა ოფისში კანკალით
ბოლოს კი ხელში შერჩა ფანქარი.
რომ წაიკითხავს კესოზე ბალადას,
მიანგრ–მოანგრევს  სეიფს, კარადას
გამიყვანს გარეთ, მომდებს ნიკაპში
დამარტყამს, გამაფრენს ამერიკაში



Thursday, October 4, 2012

მე არ მჯერა ასეთი დემოკრატიის

"საქართველოში დემოკრატიამ იზეიმა"არ ვიცი უკვე მერამდენე არჩევნების შემდეგ ვისმენ ამ სიტყვებს. არც ის ვიცი კიდევ რამდენჯერ მოვისმენ და რამდენჯერ გამეცინება. და რა არის ეს  დემოკრატია? არჩევნებზე მისული მოსახლეობის 60 პროცენტის არჩევანი? (პროცენტზე არ მომედავოთ, მართლა არ ვიცი ზუსტი მონაცემი). 
აბსოლუტურად დემოკრატიულად მოვიდა ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი. უმრავლესობის პრინციპი ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიას, ანუ ჰუმანურობას, როგორც ჩვენთან ხდება ამ ცნების დეფინიცია. ქრისტე სწორედ უმრავლესობამ გააკრა ჯვარზე. ნუთუ ვინმეს შეუძლია თქვას, რომ მაშინ ჰუმანურობის და კაცთმოყვარეობის აქტი განხორციელდა, მიუხედავად იმისა, სჯეროდათ თუ არა იესოს მესიობის.
თუ ყოველთვის წინა პლანზე უმრავლესობას წამოვწევთ და მათით ვისპეკულიანტებთ, შეიძლება მივიღოთ ჰიტლერიც, სხვადასხვა სახის ფაშიზმიც და ფუნდამენტალიზმიც კი. ასეთი პრინციპით ისლამური ირანიც დემოკრატიულია, რადგან მოსახლეობა "მხარს უჭერს" და ემორჩილება იმ რეჟიმს.
ზომიერების დაცვის გარეშე საერთოდ თავი უნდა დავანებოთ დემოკრატიაზე არათუ ლაპარაკს, ფიქრსაც კი. სადაც ერთი ადამიანის უფლება მაინც იზღუდება, იქ დემოკრატიას არაფერი ესაქმება. თუ მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე იქნება ელექტროსკამის და მასზე დასვამს უმცირესობას, ეს არ იქნება დემოკრატიაქვეყანა მხოლოდ მაშინ აღწევს ჭეშმარიტ დემოკრატიას (თუ არსებობს საერთოდ ასეთი რამ ბუნებაში), თუ ახერხებს უმცირესობის უფლებების დაცვის ფონზე გაითვალისწინოს უმრავლესობის უფლებები. მარტივად რომ ვთქვათ, ცალკეულ პიროვნებას აქვს უფლება ააწყოს ცხოვრება ისე, როგორც ჩათვლის საჭიროდ, ოღონდ ამის ფონზე არ უნდა მოახდინოს სხვების უფლებების ხელყოფაქვეყანაში, სადაც რადიკალიზმი და ფანატიზმია გამეფებული, დემოკრატიის განვითარების შანსი ნულს უტოლდება. რატომ? იმიტომ, რომ  რელიგიის დამცველებს ლინჩის წესის პრაქტიკაში გამოყენების დაუძლეველი სურვილი აქვთ, ჟურნალ–გაზეთები  დასასჯელი ადამიანების სახელებს, გვარებს და მისამართებს საჯაროდ აქვეყნებენ. საზოგადოების ერთი დაბოღმილი ნაწილი შესაძლებლობა მიეცემა თუ არა, მეორეს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ნიშნს უგებს, უფრო ხშირად კი სამაგიეროს უხდის. 

გახსოვთ ალბათ, ევროპულ მედიაში, მუჰამედის კარიკატურის გამო ბოდიში მოიხადეს და აღიარეს, რომ ამით ისლამურ ქვეყნებს შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა დაგმეს ის მეთოდებიც, რომლითაც მუსლიმანურ ქვეყნებში განსხვავებულად მოაზროვნეებს ებრძვიან.
თუმცა, ჩვენ და ჩვენი სახელმწიფო მემგონი კიდევ უფრო დიდი და გრძელვადიანი საშიშროების წინაშე ვდგავართ.
ამ საშიშროებას ქაოსი ჰქვია.
ამ დროს დიქტატურა სანატრელი ხდება. ქაოსს კი საბოლოო ჯამში დაბალი დონის პროფესიონალების მიერ მართული ქვეყანა წარმოქმნისთუმცა ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე ხელისუფლება კი არა, ის ხალხია (სწორედ ის უმრავლესობა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე), რომელმაც ისინი ქვეყნის სათავეში მოიყვანა. აღაზევა, არაფერი არ შეუსწორა, არაფერი არ გაუპროტესტა, მისი სახელი იყვირა და ბოლოს გადააგდო. მერე ახალი მოიყვანა, მერე მისი სახელი იყვირა, არც მას მოსთხოვა პასუხი დანაშაულზე. არ მოსთხოვა სწორად, არ მოსთხოვა დროულად  და არ დაუკონკრეტა, არ შეაშინა და არ აფიქრებინა, რომ ხელისუფლება იმ ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, ვინც აირჩია. ჰო, ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ. ისინი, ვინც დღემდე განაგრძობენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფალის ქება–დიდებას და გაუგებარი იმედით შესცქერიან მომავალს, და ისინიც ვინც ნიჰილიზმის მწვერვალზე მოქცეული მშვიდად ადევნებენ  თვალს რა ხდება ქვეყანაში. და მე. და თქვენ. და ისინი.... ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და აქედან გაქცევაზე ვფიქრობთ. და ისინიც, ვინც არსადაც არ ფიქრობენ წასვლას და ისინიც, ვინც საერთოდ შეწყვიტა ფიქრი. 
ჰო,  და კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელსაც წყალი არ გაუვა - ერს ყოველთვის ისეთი ხელისუფალი ჰყავს, როგორსაც იმსახურებს.
ასე რომ, enjoy ......

Tuesday, June 26, 2012


Football is in the air

მიყვარს ჩემპიონატების ზაფხულები. ამ დროს  განსაკუთრებულად დადებითი ენერგიით იმუხტება ჰაერი.
როგორ მშურს იმ ადამიანების, საკუთარი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა რომ შეუძლიათ - მოგება უხარიათ და წაგება წყინთ.
ვუვუზელას გაუთავებელი ხმიანობის ფონზე უკვე ვნახეთ მოდუნებული მექსიკა, მოზომილი არგენტინა, დაბნეული ინგლისი, ნიგერიის მონდომებული მეკარე, გაუგებარი იტალია და საფრანგეთი, გაუმაძღარი გერმანია, შეურაცხყოფილი ავსტრალია, მარაქაში გარეული ჩრდილოეთ კორეა, უღიმღამო ბრაზილია, "არის რაა" ჰოლანდია, "საღოლ ამათ" პარაგვაი......
ძირითადად ისეთ ფეხბურთს გვთავაზობენ ეს თითქოს ერთმანეთზე უკეთესი გუნდები, გეგონება საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ და არასრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
იმედია ნელ-ნელა მოიმატებს ტემპი და ხარისხი.
იქნებ ხვალ ესპანეთი მაინც არ იყოს გაბრუებული.
ჰო, პორტუგალია გამომრჩა წეღანდელ ჩამონათვალში. არაფრისმთქმელი თამაშის გამო ალბათ. კი, კარგი ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მომკალით და მაღიზიანებს ეს პრანჭია პორტუგალიელი, სტადიონზე ლამის "კოსმეტიჩკით" რომ გამოდის.
ნეტა სამხრეთ აფრიკის ჰავა ხომ არ მოქმედებს ამ ფეხბურთელებზე ცუდად, ან  ალერგიით ხომ არ იტანჯება ყველა და ანტიჰისტამინური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ დააგორებენ ბურთს?
თუმცა, სამხრეთ აფრიკაში ზეიმია. ვუვუზელები (თუ ვუვუზელისტები) ფეხბურთელებისგან განსხვავებით, სრული დატვირთვით მოღვაწეობენ სტადიონებზე.
ისე, საინტერესოა, საქართველოში რომ ჩატარდეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი (აბსურდში ვარ ეხლა :-) ან უფრო უარესი - დადაიზმში), რომელი ნაციონალური საკრავით ხელდამშვენებული მივა ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე - ფანდურებით, სალამურებით თუ ჭიანურით? :-)
ამასობაში ბრაზილიამ იკადრა და როგორც იქნა გოლი გაუტანა ხიბლში ჩავარდნილ ჩრდილოეთ კორეელებს.
თბილისში ცხელა და წვიმს.
სამხრეთ აფრიკაში ზამთარია და თბილა.
I არხის კომენტატორები უშედეგოდ ცდილობენ საინტერესოდ წაიყვანონ რეპორტაჟები.
მსაჯები დაუნანებლად არიგებენ წითელ-ყვითელ ბარათებს.
იტალიელები ისევ გორაობენ მოედანზე და გულისგამაწვრილებლად იცავენ კარს. ტინგიცები ეგენი.
სანამ მე იტალიელებს ვაქილიკებ, ბრაზილიამ მეორე გოლი გაიტანა – გამოცოცხლდნენ,იკადრეს.
I არხი როგორც ჩანს ჭექა-ქუხილისთვის მზად არაა. ერთი ეგენი არიან მეტიჩრები. თუ ხარისხიან ტრანსლაციას ვერ უზრუნველყოფ, თუ კომენტატორები არ გივარგა, რაღას გარბიხარ და ყიდულობ ჩვენების უფლებას.
ძალიან უკმაყოფილო ნოტაზე ავეწყვე დღეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოუთმენლად ველოდები ყოველი საღამოს დადგომას. მიხარია ერთთვიანი "football is in the air" მდგომარეობა და თავგამოდებით ვგულშემატკივრობ გერმანიის ნაკრებს, რომელიც იმედი მაქვს, მე რომ გამეხარდება ისეთ წარმატებას მიაღწევს Vuvuzela World  Cup 2010-ზე :-)

Tuesday, May 8, 2012

ბალადა ლაშაზე

მინდორში ამოვიდა გვირილა,
 ადიდდა მდინარე ყვირილა,
 ლაშამ მოისროლა კვერცხი ქინდერის,
 -მე ხომ ბიჭი ვარ ბოდიბილდერი.

 დიეტა, ვარჯიში, სირბილი
 სახეზე მუდმივად ღიმილი,
 -მინდა, რომ ექვსი კუბიკი მედოს,
 ესაა ლაშას ცხოვრების კრედო.

 ხილის სალათა, ხაჭო, ცილები
პროტეინებით სავსე ქილები,
ძალა აქვს უკვე სადარი სმერჩის,
მაგრამ არავის არაფერს ერჩის.

 სნაიპერობა უნდოდა ფრიად,
"ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია".
კმაყოფილ სენსეის სომბრერო ახურავს
 ერთ წამში გამოცვლის კიკეთში სახურავს.

 სტადიონს არტყამს მეათე წრეს
ფიქრობს და წრუპავს უცხიმო რძეს:
-რომ იცინიან შოთა და ბუნტური
რა გაეგებათ მაგათ კულტურის?!

გავა თვეები, მოვა ზამთარი
ეს ჩვენი ლაშა, როგორც აფთარი
დიდი კუნთებით კრწანისს ეწვევა
და მერე ვნახოთ, ვინ დაეწევა!

Monday, January 30, 2012

25 დღე უმზეოდ

ორი ღამე, ერთი დღე და ერთი საღამო თბილისში. და ადრიანი დილაც. შემდეგი 25 დღე ჩემთვის ჰოენფელსში გათენდება (თუ რა თქმა უნდა გზად თვითმფრინავი არ ჩამოვარდა). 25 დღე ვერ დავინახავ მზეს. 25 დღე ლასა დე სელამ, ჩარლი პარკერმა,ტომ იორკმა, სუად მასიმ და კონჩა ბუიკამ უნდა გამათბონ. ტომ ვეიტსმა უნდა გამამხნევოს, ქუინმა შემაძლებინოს ფეხებზე დავიკიდო ყველაფერი ცუდი, ჯიმ მორისონმა მაფიქროს, ირაკლი ჩარკვიანმა შემაჯანჯღაროს, ლელა თათარაიძემ შემახსენოს, რომ მალე სახლში ვიქნები და გაზაფხულიც ბოლოს და ბოლოს მოვა. ჯენის ჯოპლინმა მაიძულოს ხანდახან მაინც ვაკეთო ის, რაც მართლა მიყვარს, ჯო ზავინულმა დამამშვიდოს, ჯონ ლენონმა მითხრას, რომ ამქვეყნად მშვიდობის დროც მოვა, ნინა სიმოუნმა არ დამავიწყოს როგორია თავისუფლება...
სქრიმინ ჯეი ჰოუკინსმა პერიოდულად (არც თუ ისე იშვიათად მოუწევს) თავისებურად შემომძახოს – დიეტა :–)
25 დღე ცოტა არაა.
თქვენი იმედი მაქვს, ჩემო მზეებო :–)