პატარა ვიყავი პირველად რომ წავიკითხე მისი მოთხრობები – "არისტოკრატი ქალი", "აბანო", "ნერვებმოშლილი ხალხი", "კულტურის მშვენიერებანი"..... ეს იმ პერიოდში მოხდა, ყოველი ახალი წაკითხული წიგნი შედევრი რომ გგონია. მერე წლები გადის და შენს მაშინდელ შეფასებებზე გეცინება. წლები გავიდა და მე დღესაც ზუსტად ისე მიყვარს ზოშჩენკო, როგორც მაშინ, როცა პირველად წავიკითხე.
ყველაფერი ორიგინალური მართლაც გამორჩეულობის საწყისია, მაგრამ მარტო ერთი ნიშან–თვისებით მწერლის განსაკუთრებულობის შეფასება, მთლად სწორი არ უნდა იყოს. ზოშჩენკოს შემოქმედების საყრდენი კომპლექსურია – წერის მანერა, ექსპრესიული თხრობა, კომპაქტური სიუჟეტი, ზმნის, მხოლოდ მწერლისთვის დამახასიათებელი, ინვერსიული გამოყენება, გასაოცარი ჟარგონები და დიალექტები.
ყველაზე მთავარი კი, რის გამოც ზოშჩენკო მიყვარს, ისაა, რომ მისთვის ცხოვრების მიღმა არაფერი არ არსებობს. ნამდვილი რეალისტია. ცხოვრებას არც ალამაზებს და არც ამახინჯებს, თუმცა, როგორც ჭეშმარიტი სატირიკოსი, სინამდვილეში არსებული მახინჯი მხარეების გამოვლინებითაა დაკავებული. ის საოცრად ცოცხალი და ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანისთვის გასაგები ენით დასცინის იმ მანკიერებებს, რაც მაშინდელი რუსეთისთვის იყო დამახასიათებელი და რასაც მწერალი ყოველ დღე საკუთარი თვალით ხედავდა.
ხალხური ენის არაჩვეულებრივად ცოდნის გამო, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სტიქიურად შეიგრძნობდა, ზოშჩენკომ შეძლო თავისი მოთხრობებისთვის ნაირ–ნაირი პერსონაჟები შეექმნა – მეშჩანი ტიპები, ყოფილი მემამულეები, ძუნწი, დაკომპლექსებული ახალგაზრდები, გაუმაძღარი ქალები....
თუმცა, მორიდებულმა მწერალმა, თავისი პირველი კრებული "ბატონ ნაზარ ილიჩ სინებრიუხოვის მოთხრობები", გამოგონილი გვარით გამოსცა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი ნაწერები მხოლოდ კრიტიკას იმსახურებდა და არავითარ შემთხვევაში ქებას.
კითხულობ მის მოთხრობებს და იცინი – ზუსტად ისე, როგორც მრავალი წლის წინ, ზაფხულის არდადეგებზე, ჰამაკში კომფორტულად მოკალათებული იცინოდი. მისი ყოველი მოთხრობა ხომ სარკეა, სასაცილო სარკე, სადაც სარკაზმი, ცინიზმი და უწყინარი იუმორი ერთმანეთშია არეული. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ნათელი მოთხრობების ავტორი სინამდვილეში ძალიან იშვიათად იღიმოდა. ხო, იცინი გრიგოლ ივანიჩზე, კომუნალურ ბინაში მომხდარ აყალ–მაყალზე, გეცოდება ვასილ მიტროფანოვიჩი, რომელსაც თეტრში ღამის პიჟამოთი მოუწია ყურყუტი, მაგრამ აუცილებლად გახსენდება "მზის ამოსვლის წინ" – ავტობიოგრაფიული წიგნი–კვლევა. პატარ–პატარა ნოველებისგან შემდგარი მთელი ცხოვრება, ცხოვრება ადამიანისა, რომელიც დეპრესიით და ციკლოთიმიით იტანჯებოდა. რომლისთვისაც უფრო ხშირად ყველაფერი ნაცრისფერი იყო.
ამ ნაწარმოებს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მხატვრული, მაგრამ მეორეს მხრივ, მე ნოველების ამ ერთობლიობას სულ სხვაგან მივყავარ. ეს უფრო მეცნიერული ნაშრომია, თუმცა, როგორც ყოველთვის, უბრალო ენით დაწერილი. იმ ენით, რომლითაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები მეტყველებენ, ისინი, ვისაც არც არანაირი მეცნიერული მომზადება გააჩნიათ და არც სურვილი, გაიგონ რა ხდება ზედაპირული ცხოვრების მიღმა.
მწერალმა ამ წიგნის წერა ზუსტად იმიტომ დაიწყო, რომ გამოეკვლია გაუსაძლისი დეპრესიის მიზეზი. საკუთარი ქვეცნობიერი აიძულა, მაქსიმალურად ამოეტივტივებინა ყველა ის ნეგატივი, რომელიც წლების წინ ფსკერზე დალექილიყო და თვლემდა. ზოშჩენკომ გადაწყვიტა თვითონვე განეკურნა საკუთარი თავი ამ მომაკვდინებელი სენისგან. თუმცა ამ წიგნს წინ უძღოდა დოკუმენტური ნაწარმოები "წერილები მწერალს". ეს იყო ცდა, ექსპერიმენტი, გაერკვია ხალხის გუნება–განწყობა, სულიერი მოთხოვნილებები. წერილები მოდიოდა ყოველ დღე, ზოგი სულელური, ზოგი სასაცილო, ზოგიც ნაღვლიანი და სასოწარკვეთილი. უამრავი წერილის წაკითხვის შემდეგ ზოშჩენკო იტყვის: "მე ყოველთვის მაოცებდა ერთი ამბავი. მხატვარმა, ვიდრე ადამიანის სხეულის ხატვას დაიწყებს, აუცილებლად უნდა შეისწავლოს ანატომია. და მწერალი, რომელიც მოწოდებულია ასახოს ადამიანის სხეულზე უფრო მნიშვნელოვანი – მისი სული, მისი ცნობიერება, არ ისწრაფვის მიიღოს ცოდნა ამ მიმართულებით".
დეპრესიული შემოტევების, უჟმური ხასიათის და მთელი რიგი უცნაურობების გამო. მწერალს ბევრი უვრცელებდა ხმას, რომ გიჟია, მაგრამ ზოშჩენკოს უყვარდა მასზე გამოგონილი (ან რეალური) ამბების მოსმენა და მერე მოყოლა.
ერთხელ, მატარებელში ლამაზი, ახალგაზრდა ქალი გაიცნო. ორივე იალტაში მიდიოდა დასასვენებლად, მაგრამ გოგონა რამდენიმე დღით სიმფეროპოლში უნდა დარჩენილიყო. გამომშვიდობებისას ზოშჩენკომ დაითანხმა, რომ მისთვის ყოველ დღე წერილები მიეწერა. ფოსტაში რამდენჯერმე მისულ მწერალს წერილი არც ერთხელ არ დახვდა. სასაცილო მდგომარეობაში რომ არ ჩავარდნილიყო (საინტერესოა ოღონდ ვისთან უნდა ჩავარდნილიყო სასაცილო მდგომარეობაში), თვითონ დაიწყო წერილების წერა, რომელსაც საკუთარ თავს უგზავნიდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელი გავიდა და მწერალი იალტელ ნაცნობს ლენინგრადში შემთხვევით შეხვდა. ორი–სამი საღამოს შემდეგ, დაბნეულმა ქალმა უთხრა – "კი მაგრამ, თქვენ ხომ აბსოლუტურად ნორმალური ხართ. გახსოვთ ის მატარებელი სადაც გაგიცანით? ჩემი ქმარი მაშინ იალტაში მსახურობდა. სადგურზე რომ დამხვდა, მითხრა – აქ მწერალი ზოშჩენკო ჩამოვიდა, მგონი ჭკუაზე ვერ არის, ყოველ დილით საკუთარ თავს წერილებს წერსო–მეც ამიტომ არაფერი აღარ მოგწერეთ".
მოკლედ, კითხულობდა ზოშჩენკო წერილებს. მდგომარეობა კი ყოველ დღე მძიმდებოდა. ამას დაემატა ექიმთან ვიზიტი, რომელმაც მწერალი ვერ იცნო და განწყობის გამოსაკეთებლად პაციენტს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ყოველ საღამოს ზოშჩენკოს 2 მოთხრობის წაკითხვა გამოუწერა.
კრიზისი 1926 წელს დადგა. როცა მწერალმა ჭამა შეწყვიტა და შიმშილისგან კინაღამ გარდაიცვალა კიდეც.
მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ უშველიდა. და დაიწყო განვლილი ცხოვრების გახსენება. შეეცადა ფსიქოლოგიური კუთხით გაეაზრებინა წარსულში განცდილი და გადატანილი ამბები. ნელ–ნელა მიხვდა, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებები, ის "წამიერი სურათები" უფრო მეტად აღელვებდნენ, ვიდერე მოზარდობისას თავს გადახდენილი ისტორიები. მოთხრობაში "გონებისთვის", რომელიც ფაქტობრივად "მზის ამოსვლის წინ"–ის გაგრძელებაა, მან თავისი ბავშვობისდროინდელი კოშმარული სიზმრები აღწერა და ბევრი ძიების შემდეგ მელანქოლიის სათავეს მიაკვლია. როგორც თვითონ ამბობდა, ამ სიზმრებმა შექმნეს "სახიფათო კავშირები", რომლებიც მის ბავშვობაში წარმოიშვა და მრავალი შემთხვევითობის წყალობით, წლების განმავლობაში, მის გონებაში განმტკიცდა, როგორც რაღაც ნამდვილი, მაგრამ უხილავი, თავს დატეხილი ტრაგედია. მწერალმა საბოლოოდ შეძლო არარეალურის რეალურისგან განცალკევება და ნაცრისფერ მელანქოლიას საყრდენი გამოაცალა.
არ ვიცი, რამდენად ბოლომდე მოახერხა მწერალმა ამ მეთოდით განკურნება, მაგრამ ფაქტია, რომ მან, თუ ვერ გახსნა, ყოველ შემთხვევაში მოსინჯა მაინც ზოგიერთი ის ინტიმური მექანიზმი, რომელიც ყოველი ადამიანის ფსიქიკის სიღრმეებშია ჩაბუდებული.
ყოველთვის, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ზოშჩენკოს მოთხრობებს ვკითხულობ და ნელ–ნელა ვგრძნობ, როგორ მსუბუქდება სული, როგორ მწკრივდებიან ჩემს წინ ეს გონებაშეზღუდული, მოკინკლავე, გაუნათლებელი პერსონაჟები, რომლებსაც თავისი ჩვეული ხერხებით დასცინის მიხაილ ზოშჩენკო – იუმორისტი სევდიანი თვალებით.