Saturday, August 29, 2015

ჯენიფერი

ჯენიფერმა თმა გადაივარცხნა, პალტო მხრებზე მოიგდო და სახლიდან გავიდა.
10 წუთში ქოშინით ამობრუნდა, ქაოტურად იტრიალა ოთახებში. აბაზანაში, თაროზე ჩამოდებულ სათვალეს მიაგნო და  კარი გაიხურა.
რამდენიმე წუთში  კარი ისევ ხმაურით გაიღო, ჯენიფერმა ჩანთიდან სახლის ტელეფონი ამოიღო, მაგიდაზე დადო და თითქმის უიმედოდ გადახედა ოთახს. მობილურიც აბაზანაშია? მობილურს ხვალ იპოვის, სამსახურის მაგიდაზე. მანამდე ცოტას ინერვიულებს, მაგრამ ეგეც გადაავიწყდება. კი უკვირდა ამდენ ხანს ლამბერტმა რატომ არ დამირეკაო, მაგრამ იქნებ ურეკავდა კიდეც (ლამბერტ ვიოლეტი ჯენიფერის ყოფილი ქმარი იყო, რომელთანაც დღემდე კეთილმეგობრული ურთიერთობა და შვილი აკავშირებდა). ამასაც ხვალ გაიგებს. ოფისის მაგიდაზე იდება ტელეფონი, missed call-ებით გადაჭრელებული და სანახევროდ დამჯდარი. კიტრს გაკვნეტს და დაინახავს, გაუხარდება, გადახედავს გამოტოვებულ ზარებს, დარეკვას დააპირებს, მაგრამ გადადებს: შევჭამ ჯერ მშვიდად და მერე დავრეკავ.
მოკლედ დღეს ჩვეულებრივი შაბათია. ჯენიფერისთვის ჩვეულებრივი -  ორჯერ ამობრუნდა სახლში. რომ არ ამობრუნებულიყო, არაჩვეულებრივი იქნებოდა, მაგრამ მოდი ეს შაბათი ჩვეულებრივი იყოს, არაფრით გამორჩეული. ყოველ შემთხვევაში დასაწყისი ასეთი აქვს და მერე რა იქნება ვინ იცის. ჯენიფერს რას გაუგებ.
სალონში მიდის. მანიკურზეა ჩაწერილი. დიდად არ ხიბლავს ეგეთი ამბები, მაგრამ პერიოდულად ცხვენია, გოგოა, ფრჩხილები მოვლილი უნდა ქონდეს.  განსაკუთრებით მას მერე დაკომპლექსდა, რაც თანამშრომელმა ბიჭმა რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა მოვლილი და მანიკურწასმული ფრჩხილების  სიკეთე. იმ დღეს სიგარეტიც არ მოუწევია, არ ესვა ეს მანიკური და ადგა და არ გამოაჩინა. აი ეგრე.
თმებსაც დაივარცხნის სალონში ბარემ და მერე ლამბერტს ხომ არ დაურეკოს? მარა რას დაურეკავს, ტელეფონი ოფისის მაგიდაზე დევს. იმის შანსი, რომ ლამბერტის ნომერი ზეპირად ახსოვდეს  ნულს უტოლდება. ხელი ჩაიქნია.
მანქანა უკუსვლით გაყავს ეზოდან. კარგი მძღოლია, მშვიდად ატარებს, მაგრამ მეზობელი კი გადარჩა იმ დღეს, პარკინგის დროს რომ არ მიასრისა სადარბაზოს კედელს. ის კაცი გაკვირვებული იყო, მე ხელს ვუქნევდი მისასალმებლადო, მარა ისიც კაი ტიპია, რა ხელის ქნევა აუტყდა დილაადრიან. წადი რა, ვინ ოხერი ხარ, გზაზე რატომ მეღობები?
სალონში რუსული შლიაგერების, fashion TV-ს და ფენის ზრიალის ნაზავი პირდაპირ საფეთქლებში ურტყამდა. გაქცევაზე იყო, მაგრამ ითმენდა, „სილამაზე მსხვეპლს მოითხოვ“-ის  პრინციპით. მე კი ვიცი, რომ ერთ თვეში ამოუვა ყელში ეს მსხვერპლი, მარა ცოტა ხანს ითმინოს, არაფერი უჭირს. ისე, ლამბერტს უმანიკუროდ, უსათვალოდ და გაჩეჩილიც მოწონს, მაგრამ გაახაროს ამან თავის ჭია, ჰა.  თან სამსახურშიც თამამად მოწევს სიგარეტს, უხერხულობის გარეშე. და ლამბერტი რა შუაშია ვაბშე. გოგოს მოვლილი ფრჩხილები უნდა ქონდეს.
ბავშვი კისისხევშია weekend-ზე. შეუძლია მთელი ორი დღე თავისუფლად დაუთმოს თავის თავს, მაგრამ რომ ვერ დაურეკავს ეს აწუხებს. თუმცა სულ პატარა დისკომფორტი მაინც რომ არ ქონდეს, უინტერესო იქნებოდა  ცხოვრება. ამიტომ ავა, ბავშვს დახედავს, ნახევრ დღეზე მეტს ამაში დახარჯავს. სამაგიეროდ დარჩენილ დღენახევარზე ცოტა ნაკლებს  კმაყოფილი გაატარებს.
აუზზეც ხომ არ წავიდე, ერთი კარგად გავირუჯო. უიმე, რამ გადამრია ერთი. დამანებეთ თავი კაცო, რა ხამივით ვიქცევი. ცოტა წაიჩხუბა საკუთარ თავთან, მაგრამ მანქანა მაინც აუზის მიმართულებით წაიყვანა და იქამდე რომ მივიდა უკან ხომ არ გამობრუნდებოდა. საცურაო ტრუსები და ლიფი შარშანდელს მერე უკანა სავარძელზე ედო. აი გამართლება, ძმაო, აბა კიდე ამის გამო სახლში რომ გამხდარიყო გასაბრუნებელი, ხო გაიმაზებოდა დღევანდელი ცურვა-რუჯი.
გასახდელში სარკეში ჩაიხედა. აი დიეტლოგი რას შვება. რო მედავება ეს კალმან ბლაინდი, რაში გადავუხადო დიეტოლოგს ფული, რომ მითხრას არ ჭამოო? აჰა!
საჭიროა კი, ვეთანხმები ჯენიფერს. როგორ გახდა, ყველაფერი უხდება. ეს კალმანი იჯდეს და ეძებოს XXL ტანსაცმელები და იქილიკოს ჯენიფერის დიეტოლოგზე. და ღამე შოკოლადების შემოწყობა არ დაავიწყდეს კიდე ლეპტოპის გარშემო.
კმაყოფილია ჯენიფერი, ნამდვილად კმაყოფილი, ზედმეტი ქონები უკვალოდ გაუქრა და რატომ არ იქნება გენაცვალე? მანიკურიც უსვია. აი ეს თმის დავარცხნა კი ტყუილად გამოუვიდა, მაგრამ მაინც თავდაჯერებული და წელში გამართული ჩახტა აუზში და რამდენადაც შეეძლო ხელები მოუსვა.
დიდი აუზი იყო, ყველას ყოფნიდა. თვითნასწავლ მოცურავეებსაც, მოდურად გამოწყობილ გოგოებსაც და სპორტსმენ წყალბურთელებსაც.
ჯენიფერი თვითნასწავლ მოცურავეებში გადიოდა, მოდური ელემენტებით - ხელ-ფეხზე წითელი მანიკური ესვა და სულ ზემოთ უნდოდა ქონოდა ხელები. ფეხებიც, მარა წყალში ვერ ხერხდებოდა ეს ამბავი. შეზლონგზე გამოჩნდებოდა პედიკურის მადლი, ამიტომ არ ღელავდა დიდად.
დიდხანს იცურა, დაღლილი ჩამოჯდა შეზლონგზე, სიგარეტს მოუკიდა, ბავშვზე ფიქრობდა, დაავიწყდა ძიძის გაფრთხილება საზამთრო არ ეჭმია.
-უკაცრავად, საკმაოდ ხმამაღლა დაიყვირა ფართხუნა შორტებიანმა ბიჭმა. ჯენიფერი გამოფხიზლდა. ბიჭმა გაუღიმა, ბოდიში რომ გიყვირეთ, მაგრამ რამდენი ხანია კოქტეილს გთავაზობთ და ვიფიქრე, იქნებ კარგად არ ესმის თქო.
-აა, უი, კი, კოქტეილი? რა ვიცი, რისია? კი კაცო, მიყვარს, თქვენც გიყვართ? კოქტეილი კარგია, განსაკუთრებით ცივი. მადლობა, დიდი მადლობა, რა ვიცი, ნუ შეწუხდებით. მე რატომ მომიტანეთ, ხომ არ მიცნობთ შემთხვევით? კარგი, კარგი, დიდი მადლობა. უიმე, რათ გინდოდათ, ბევრი ალკოჰოლი აქვს?
ბიჭმა ვერ გაიგო უნდოდა ჯენიფერის კოქტეილი თუ არა. შეზლონგთან დადგა ერთი ქოლგიანი ჭიქა და დაელოდა რას იზამდა ბოლოს და ბოლოს ეს წითელმანიკურებიანი გოგო.
ერთი ამის დედაც ვატირე, რატომაც არ უნდა დავლიო რა, გაიფიქრა ჯენიფერმა.
ბიჭი შეზლონგზე ჩამოჯდა, ფეხები გაჭიმა, თითქოს იზმორებაო. ჯენიფერმა გაიღიმა. ბიჭს კი არ გაუღიმა, ისე, ჰაერში გაიღიმა. კაი მოთენთილი იყო. კბილები თეთრი ქონდა, ლამაზი, ბიჭს თვალში მოხვდა.
ჯენიფერმა  ბოლომდე გამოცლილი  ჭიქა ბიჭს მიაწოდა და თან გაეცნო, მე ჯენიფერი მქვია.
რა სტრანნი სახელი ქვია, გაიფიქრა ბიჭმა, მარა ღირს ჩალიჩი, ერქვას ჯენიფერი, მე რაა.
-რა რედკი სახელი გქვია, უცხოელი დედა გყავს?
-არაა, ისე, რა ვიცი, დამარქვეს და მე ხო არ გადავიკეთებდი.
-არა, კაია, მე ჯენის დაგიძახებ
-შენ თვითონ რა გქვია რო ყოყლოჩინობ? ჯენიფერი კაი მთვრალი იყო უკვე
-მე დათო
-უიმე, რა ბანალური სახელია, დათო, დათო... უნდოდა გაერითმა, მარა ვერ გაიხსენა ვერაფერი და ისევ სივრცეს გაუღიმა
-სადმე ხომ არ გვევახშმა?
-ასე? კუპალნიკით?
-ასე მოხვედი კაცო? გამოიცვალე
-აა, ხო, დამელოდე
ჯენიფერი გასახდელისკენ წაბარბაცდა.
-მოიცა კაცო, ვინ ოხერია ეს დათო, რა ვახშამი, სად მივდივარ. დათო არა ისა.
ტყავის შარვალში გამოწყობილი დათო აუზის გასასვლელთან ელოდებოდა.
-იცი რა დათო, ვერ წამოვალ
-რატო კაცო, ხო მოდიოდი
-ტელეფონი არ მაქვს თან, მე უტელეფონოდ ვახშამზე  უცხო ხალხთან ერთად ვერ დავდივარ.
-ერიჰაა, გაიფიქრა დათომ, თვითონაც სტრანნი ყოფილა. აუ არა, უნდა დავითრიო ეს გოგო
-ერთი გამონაკლისი არ გამოვა?
-ნწ. ჯენიფერი ცალ ფეხზე ქანაობდა და დათოს ტყავის შარვალს თვალს არ აშორებდა
-მაშინ გავისეირნოთ
-მანქანით ვარ
-მანქანით ვისეირნოთ
-მაშინ წამო სადმე საზამთრო ვჭამოთ
ვა, რა სტრანნი გოგოა
-წამო ჰა
-ოღონდ კაი საზამთრო უნდა იყოს, მსხვილკურკიანი, სხვანაირს არ ვჭამ
-დავაი, წავედით
-მოიცა ერთი, გასახდელში შევალ, სარკეში ჩავიხედავ, ლოყები წითელი მაქვს?
-ლამაზი ხარ ძაან, წამო რა
-მოიცა, დამაცადე, ამას უყურე. მოვალ ეხლავე
ჯენიფერს არ ახსოვს როგორ გაუცურდა ფეხი სველ ფილაქანზე, ერთი იმის გაფიქრება მოასწრო, ესეც შენი ქუსლიანი ფეხსაცმელიო და აუზში თავით გადაეშვა. გახურებულს ცივი წყალი ესიამოვნა, ცალი ფეხი წყლიდან ამოყო, ხელი თავქვეშ ამოიდო, მეორეთი დაუსტვინა და არაბუნებრივი ხმით დაიძახა: ეე,  დათო, აქ მომიტანე საზამთრო, აქედან არ ამოვალ. ვაბშე, იცი რა ქენი? წადი საზამთრო მოიტანე და შენც აქ ჩამოდი, გაგისწორდება.
ვა, რა სტრანნი გოგოა, გაიფიქრა სტვენის ხმაზე აუზთან შემობრუნებულმა დათომ. უნდა დავითრიო, ბოზიშვილი ვიყო.

რა ვიცი აბა,  შეებმება რო ჯენიფერი? მაგისას რას გაიგებ.