Tuesday, September 15, 2009

მე ვარ ქართველი, ესე იგი ევროპელი :-)

ამ ბოლო დროს მე და ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად ვიხსენებთ 90-იან, შავ-ბნელ წლებს და სულ გვიკვირს როგორ გავუძელით.
რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ ბლოკნოტს ვათვალიერებდი და ერთი იმდროინდელი ჩანაწერი ვიპოვე. გადავწყვიტე აქაც დავდო და 90-იანი წლების კვირეული ამ მოთხრობით (თუ რაც ქვია, არ ვიცი) დავასრულო.
მაშ ასე:


მე ვარ ქართველი, ესე იგი ევროპელი
დიდი ხნის ორჭოფობის და ვნებათაღელვის შემდეგ (რომელიც ძირითადად ბილეთის ფულის შოვნასთან იყო დაკავშირებული), მეგობრებთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში წავედი.
თეატრის ფოიეშივე მომესპო იმედი(პრინციპში, რატომ მქონდა იმედი, ეგეც გასაკვირია), რომ პალტოს გარდერობში დავტოვებდი და როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება, პროგრამით ხელში, უხელთათმანებოდ დავჯდებოდი პარტერში, ჩემთვის განკუთვნილ სკამზე.
10 წუთიანი ფუსფუსის შემდეგ, სპექტაკლი დაიწყო. ხელ-ფეხგალურჯებული მსახიობები თავს ძალას ატანდნენ, რომ ტოლსტოისეულ "ანა კარენინაში" უნებლიე ცვლილებები არ შეეტანათ, თუმცა მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, თავმომწონე ვრონსკის ხშირად ებმოდა ენა, სილამაზით განთქმული კიწი კი პარკინსონიანივით კანკალებდა.
პირველი მოქმედების დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლდა, როცა უცებ რაღაცამ გაიტკაცუნა და დარბაზში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. გავიფიქრე, ალბათ რეჟისორმა სცენარი სპეცეფექტებით გაათანამდეროვა თქო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ დარბაზის ჩაბნელების მიზეზი აბსოლუტურად ბანალური იყო - ქალაქში შუქი ჩაქრა.
45 წუთიანი პაუზის დროს, წინა რიგში მჯდომმა თბილისური "ბომონდის" თვალსაჩინო და დაფასებულმა წარმომადგენელმა, მეგობრის დახმარებით სპექტაკლის შინაარსი ასე თუ ისე გაარკვია, ოღონდ დაჟინებით მოითხოვდა ფინალი არ მოეყოლათ, რადგან შემდეგი მოქმედების ნახვის ინტერესს დაკარგავდა :–))
როგორც იქნა სცენა განათდა და ამის შემდეგ ტექნიკურ შეფერხებებს ადგილი აღარ ქონია.
სპექტაკლის ბოლოს, მსახიობების გმირობით აღტაცებულს მინდოდა ტაში დამეკრა და ამით გამომეხატა ჩემი მათდამი პატივისცემა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხელები სიცივისგან დამბუჟებოდა და საერთოდ აღარ მემორჩილებოდა.
ქუჩაში კმაყოფილები გამოვედით (თეატრში ვიყავით მაინც) და ჩვენ-ჩვენი სამარშრუტო ტაქსების მოლოდინში გადავწყიტეთ ცოტა ფეხით გაგვესეირნა. თუმცა ამ სეირნობას კინაღამ გადავყევი - სიბნელეში (ქუჩის ლამპიონებს არც შუქის მოსვლამ უშველა) საკანალიზაციო თავახდილი ჭა ვერ შევამჩნიე და რომ არა ჩემი მეგობრის უსწრაფესი რეაქცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილება იმ ღამეს ერთით მეტ ავადმყოფს გაატარებდა რეგისტრაციაში(ან არც გაატარებდა).
აშკარა ხიფათს გადარჩენილმა, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და გაჭირვებით დავჯექი მძღოლის უკან. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჩექმები თვალსა და ხელს შუა ტალახის წინწკლებით იფარებოდა. უკვე შეშინებული ვფიქრობდი, ალბათ ასე იწყება ჰალუცინაციები თქო, რომ უცბად ჩემს გვერდით მჯდომი ქალის უკმაყოფილო ხმა მომესმა - ნუთუ არ შეიძლება ძირგავარდნილი ტრანსპორტით მაინც არ ვიმგზავროთ, ბოლოსდაბოლოს ადამიანები ვართ, ცხოველები ხომ არაო და შვებით ამოვისუნთქე :–))
სახლში ოჯახური "იდილია" დამხვდა. ყველანი მაგიდას შემოსხდომოდნენ და მხრჩოლავი ლამპის შუქზე გაცხარებულები ავსებდნენ კროსვორდს. ოთახში შესვლა ვერ მოვასწარი, რომ დედაჩემმა მაშინვე კითხვა დამისვა - ევროპის სახელმწიფო, 10 ასოსგან შედგება, მესამეა - ქ. ვერაფრით ვერ გავიხსენეთ, იქნებ დაგვეხმარო.
დავფიქრდი....
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ნელა, დამარცვლით ვთქვი და გამეცინა - რა დაგემართათ, ჩვენ ხომ ევროპელები ვართ !

Monday, September 14, 2009

არა-კი :-)

არაკი რაა, არაკი მე დავარქვი, თორემ ისე პამფლეტია. ნუ, ერქვას ოფიციალურად არაკი, ადრესატმა თავი შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნოს :-) საარაკო ადამიანია მაინც. თვითონ ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში.
კაცი იგავზე უარს ამბობდეს და არაკს ითხოვდეს, პირველად ვნახე :-)
საარაკო ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფერმაა. ტავტოლოგია რომ არ გამომივიდეს, ფერმას ხანდახან კოლმეურნეობით ჩავანაცვლებ ხოლმე და ნურავინ მიწყენს :-)
ხოდაა, ადამიანი კია საარაკო (როგორც თვითონ ამბობს), მაგრამ ფერმაზე იგივეს ვერ იტყვი - იავარქმნილი და ათასი ჯურის წვრილ-მსხვილფეხა საქონლის თავშესაფარია, ორიოდე თავჩაქინდრული ყვავილით, ქვის გაუგებარი ჯებირებით და სრულიად უადგილოდ აღმოცენებული ფიჭვნარით, რომელსაც გვერდს ამაყად უმშვენებს ბანანის, მანგოს და ქოქოსის დახუნძლული ხეები. კოლმეურნეობის ბილიკებზე გრაციოზულად დასეირნობენ თავმომწონე ლამები და ზემოდან დაჰყურებენ ცხოვრებისგან ისედაც გატანჯულ ვირებს და ვარიებს.
ვინმე თუ გამოიცნობს რომელ სარტყელში მდებარეობს უცნაურობით განთქმული ეს საარაკო ფერმა, დაჯილდოვდება ზემოთხსენებულ კოლმეურნეობაში მოწეული მოსავლით :-):-)ნუ, ერთ ჯამ მანგოს მაინც გამოიმეტებს ალბათ ფერმერი, საქვეყნოდ თავს არ მოიჭრის და წუწურაქობაში თავს არავის დაადანაშაულებინებს.
ისე, კრიჟანობას ნამდვილად ვერ დასწამებ, უყვარს საჩუქრების დარიგება :-)
ხოდა, რატომ დავიწყე ამ ყველაფრის წერა? მე ხომ საარაკო კოლმეურნის წარდგენა მინდოდა თქვენთვის? ისე, არაკს ბოლოში მორალი ჭირდება, არა? მგონი კი. თუ ასეა, უნდა ვეცადო და მორალის დამცველად ფერმის ბინადარი რომელიმე ცხოველი ან ფრინველი გამოვიყვანო :-)
რას იტყვით ეს ფუნქცია ინდაურმა რომ იკისროს? ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება ამის შემდეგ ერთხელაც არ იყოს არაკში ინდაურის ხსენება,მაგრამ ის მაინც იქნება ფერმის სახე, ფერმის მორალისტი და საერთოდაც, ომბუდსმენი.
ისე, საინტერესოა რა ქვია ცხოველთა და ფრინველთა უფლებების დამცველს? მოდი, ჩვენს არაკში მას პირობითად Ace Ventura დავარქვათ. ანუ, სადაც Ace Ventura შეგხვდებათ, იგულისხმეთ ინდაური :-) ესეც ტავტოლოგიის პრევენციის ამბავში :-)
ხედავთ როგორ ვიზღვევ თავს? ისე, საარაკო კოლმეურნეს თავის დროზე რომ დაეზღვია თავისი მამულები, იქნებ აღარ დაეკარგა ასიათასობით დოლარი, ახლა რომ მისტირის. ამ დოლარებით იქნებ კოხინორის ფანქრების კომპლექტიც შეეძინა, ჩამომჯდარიყო მეურნეობის მყუდრო საქათმის წინ და ეხატა.
ერთგულმა ლამამ კი შესთავაზა Imedi L-ში მისვლა, მაგრამ თავმომწონე ფერმერმა ყური არ ათხოვა.
აი მორალის ჩანართიც - "ყური ათხოვეთ ლამებს, მათაც შეუძლიათ უპრიანი რჩევების მოცემა".
სხვათა შორის, Ace Ventura-ც შეფიქრიანდა - აქ ლამას სიტყვას ჩალის ფასი აქვსო.
სად წავიდეს ace-ი? ვისთან იჩივლოს? ფერმერის დიქტატურის თმენა უკვე შეუძლებელია. გაანიავა კოლმეურნეობის ქონება, კაპიკებზე ამუშავებს მუშახელს. იმ დღეს მოწიფული ციყვი სამსახურში არ მიიღო -ასაკი ხელს აღარ გიწყობსო. არადა, სულ ახლახანს გადააბიჯა საბრალომ 50-ს.
ცხოველთა დამცველმა საჩივარი Animal planet-ში გადააგზავნა. და საერთოდ, როდის უნდა მიიღონ ფერმა National Geografic-ის რიგებში, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ეს Animal Planet-იც მარტო დაპირებებშია მაგარი.
- ეეჰ, შენი გულისთვის არავინ შეიწუხებს თავს;
-აბა რაა, Animal Planet-ი ჩვენი გულისთვის საარაკო ფერმერის მტრებს დაუპირისპირდება?
-დაუპირისპირდება და კაი ჩიტსაც დაიჭერს.
-ეგ ჩვენი National Geografic-ში გამშვებია? ბევრს თუ ილაპარაკებს Animal Planet-ი, შეუწყვეტენ ყავის და კვახის მიწოდებას და დარჩებიან ზამთარში მშიერ-მწყურვალები.
გამწარებულ ცხოველებს შორის გამართულ ამგვარ დიალოგებს ხშირად მოისმენთ საარაკო ფერმერის მამულებში.
სულეიმან დი ფერმა კი განაგრძობს ახალ-ახალი შენობების საზეიმოდ გახსნას. იმ დღესაც გაღიმებულმა გაჭრა წითელი ლენტი და დამსწრე საზოგადოებას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სამუშაო იარაღების შესანახი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლა ამცნო. ერთგული ცხვრები დიდხანს უკრავდნენ ტაშს. ცხვარი მაინც ყველგან ცხვარია. ერიდებიან ექსცესებს. ჩვეული გულგრილობით მიირთმევენ ბალახს და მომავალზე ფიქრით თავს დიდად არ იწუხებენ. ბალახი თავზე საყრელად აქვთ და რას დაგიდევენ ფაუნის დამცველი ინდაურის ფაფხურს.
ისე, როგორც ჩანს ჩვენს Ace Ventura-ს არ გაუგია ძველი რუსული ანდაზა - "индюк думал, в суп попал"-ო. თუმცა, არავინ იცის რა ურჩევნია Ace-ს, დამცირებული ყოფა თუ დი ფერმას სუპის ქვაბში მოხვედრა. იქნებ ამით მომავალი თაობები მაინც გადაარჩინოს. მაგრამ შანსი იმისა, რომ მისი შვილიშვილები მაინც ეღირსებიან National Geografic-ში შესვლას, ძალიან მცირეა. ჯერ-ჯერობით ვერცერთმა პოსტ საკოლმეურნეო ფერმამ ამას ვერ მიაღწია.
სუპის ქვაბში ალბათ არა (უნდა აღინიშნოს, რომ სულეიმან დი ფერმა მთლად სისხლისმსმელიც არაა. მეტსაც გეტყვით, სენსიტიური ბუნების ადამიანია და საკმაოდ კარგ ფოტოებსაც იღებს), მაგრამ ინდაური შესაძლოა კეთილმოწყობილი საქათმის ბნელ, გისოსებიან კუთხეში მოხვდეს პოლიტპატიმრის სტატუსით. მერე მემუარებსაც დაწერს ალბათ. აბა იქ სხვა რა საქმე ექნება?! მის ჩანაწერებს შთამომავლობა ათეული წლების შემდეგ ალბათ წიგნადაც გამოსცემს.
მანამდე კი.... მანამდე დი ფერმა კვლავ ინებივრებს პალმის ჩრდილქვეშ, ნაჩუქარი კოხინორის ფანქრებით დახატავს, ფოტოებს გადაიღებს, ფერმაში მრავლად ჩასახლებული ჩინელი ჭიანჭველებისგან მორთმეულ ბრინჯს გასინჯავს და იაპონურ საკეს დააყოლებს კმაყოფილი. ბოლოს ალბათ ფერმის აღორძინებაზეც იზრუნებს, თუ რა თქმა უნდა მანამდე ერთგული ცხვრები არ განუდგნენ.
პერიოდულად მეზობელ კოლმეურნეობებს გააქილიკებს და თავისი ფერმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრებს მოკავშირე ზღარბებთან, რომლებიც ჯერ არ არსებობენ, მაგრამ გამოჩნდებიან მოგვიანებით.
რაც შეეხება არაკის მორალს:
ინდაურის მოთმინებასაც აქვს საზღვარი, თუმცა მოთმინების დაკარგვით შესაძლოა სუპის ქვაბში თუ არა, საქათმის საკანში მაინც აღმოჩნდე. თუმცა ყოველი თუ არა, უმრავლესი პოლიტპატიმრის ოცნება ეროვნული გმირობაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს უმართლებს კიდეც.
ვნახოთ, შერაცხავს თუ არა გმირად Ace Ventura-დ წოდებულ ინდაურს მადლიერი შთამომავლობა :-)