პირადი კეთილდღეობის სურვილით შეპყრობილმა ვარსქენმა უპრობლემოდ უარყო სარწმუნოება და მეფის გულის მოსაგებად ასულის ხელიც ითხოვა. თანხმობაც მიიღო და სახლში იმ იმედით წამოვიდა, რომ ცოლ–შვილსაც ადვილად მოაქცევდა ახალ რჯულზე. თუმცა მაინც თადარიგი დაიჭირა და გზიდან შეატყობინა ოჯახს, არტოშანი ვაღიარე, მოვდივარ და თქვენც იგივეს გიპირებთო. იცოდა ალბათ თავისი ცოლის ხასიათი და იფიქრა, სანამ მე ჩავალ მანამდე მოითავებს ჩხუბს და სიბრაზესო. და ძალიანაც შეცდა. შუშანიკი ის ქალი არ იყო ასე ადვილად გადაეყლაპა შეურაცხყოფა.
"ქუეყანასა ზედა დავარდნა და თავის დამართ ცემა" მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვერავინ იტყვის იმას, რომ შუშანიკი არ იყო ნამდვილად მორწმუნე ქრისტიანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მისი პირველი ასეთი მწვავე რეაქცია მხოლოდ ვარსქენის გამაზდეანებას არ გამოუწვევია. პირველ რიგში ის იყო ქალი, რომელმაც გაიგო, რომ სხვაში გაცვალეს. მისი თავმოყვარეობა შეილახა. ამიტომაც წავიდა მახლობელ ეკლესიაში და "მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა". შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, რომ შუშანიკი ცხარე ცრემლით მხოლოდ ქმრის გაურჯულოებას დასტიროდა.
ის პირველი ქალი იყო (საქართველოში. სხვაგან არ ვიცი ამ დროს რა ხდებოდა), რომელიც ქმარს გაეყარა – "არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ". როდესაც ვარსქენმა სახლში დაბრუნება უბრძანა, შუშანიკმა საკმაოდ მკვახე პასუხი შეუთვალა – მე შევქმენი შენთან ოჯახი და მევე შემიძლია მისი დანგრევაო. აქედან ჩანს, რომ ის საკმაოდ ჯიუტი და თამამი ქალი იყო.
შუშანიკმა თავიდანვე იცოდა ვარსქენის სპარსეთში წასვლის მიზანი. მას შეეძლო წინასწარ, მის წასვლამდე გაეკეთებინა ის, რაც ქმრის ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ვარსქენი "საქმიანი შეხვედრიდან" ახალი ცოლით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდა. აი სწორედ მაშინ გადაწყვიტა შუშანიკმა სამაგალითოდ დაესაჯა მოღალატე ქმარი.
მათი დაპირისპირება კარგად ჩანს "პურობის" ეპიზოდში, როდესაც პიტიახშმა მოინდომა ჯოჯიკის და მისი ცოლის გარემოცვაში შერიგებოდა მეუღლეს. აქ გამოიკვეთა პირველად შუშანიკის მძიმე ხასიათი, როდესაც მან "ჭიქაი იგი პირსა შეალეწა" მაზლისცოლს. ამ უტაქტო საქციელმა ვარსქენი გადარია და გათამაშდა "გრუზინი" ქმრის და ურჩი ცოლის სკანდალური სცენა თავისი ასტამებით, თვალის დაბუშტვით, მძვინვარებით და ყივილით. კეთილშობილი ჯოჯიკი შუშანიკის დაცვას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსანახულებლად მისულს, რძალმა არც მას დააკლო ჩხუბი – "და შენ ჯოჯიკ არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს".
ნაცემ დედოფალს იმის თავი მაინც ჰქონდა, რომ იაკობ ხუცესისთვის მოეთხოვა თავისი სამკაულები ვარსქენისთვის დაებრუნებინა. მაგისი არაფერი აღარ მინდაო :–))) და თან ამშვიდებდა სულიერ მოძღვარს, ნუ ნერვიულობ, "დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე"–ო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ღრმად მორწმუნე ადამიანმა ქმარი, თან რეგვენი, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, რომ თავი აცემინო და ამით კიდევ უფრო დაუმძიმო ისედაც ურწმუნო სული?
ვარსქენმა თავის მხრივ, ძალიან კმაყოფილმა მიითვალა სამკაულები და ნიშნისმოგებითაც თქვა: "მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს"–ო. ისიც მეშჩანი :–)))
ჩვეულებრივი ოჯახური დრამაა, არა?
შემდეგ? შემდეგ შუშანიკი კვლავ განაგრძობდა ვარსქენის დასჯას, უინტელექტო პიტიახში კი ცოლის წამებას. თუმცა, არა მგონია, რომ ვარსქენის ასეთი სადისტობა მაინცდამაინც გამაზდეანებით ყოფილიყო გამოწვეული. ის ნებისმიერი აღმსარებლობის შემთხვევაში იქნებოდა ე.წ. "ვირი ქმარი", რომელსაც ცოლი არცერთ სიტყვას არ არჩენდა.
შეეძლო ალბათ შუშანიკს, ქმრის გამაზდეანების შემდეგ, წასულიყო რომელიმე შორეულ მონასტერში, აღკვეცილიყო მონაზვნად და ელოცა თავისი უბადრუკი ქმრის სულისთვის. არა მგონია ვარსქენს თავი მოეკლა და მონასტერ–მონასტერ ეძებნა ხვეწნით,დამიბრუნდი შენი ჭირიმეო. მოქცეულიყო ისე, როგორც მრავალი საუკუნის მერე რუსუდან დედოფალი მოიქცა, როცა მისმა ქმარმა დავითმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ყივჩაღი ქალი მოიყვანა ცოლად. იტირა იმ ქალმა, იგლოვა თავისთვის და არავინ არ შეუწუხებია ისე წავიდა მონასტერში. რატომ არ იხსენიებენ არსად რუსუდანს? იმიტომ, რომ ის არ უცემიათ, მას სხეული არ დაწყლულებია, მატლები არ დახვევია და არავისთვის მიუცია საშუალება გაეროზგათ.
შუშანიკი ცდილობდა ვარსქენის გამაზდეანება და მისი წამება ქართლის საპიტიახშოს საზღვრებს გასცდენოდა და მთელს საქართველოს მოსდებოდა. რასაც მიაღწია კიდეც.
შუშანიკს ძაძები ეცვა, თუმცა ამას ძვირფასი სადედოფლო წამოსასხამით ფარავდა. მიუხედავად ზეციური ცხოვრებისკენ სწრაფვისა, თავმოყვარეობა არ აძლევდა ნებას ძაძები გამოეჩინა. ან ეს დიდებული წამოსასხამი რაღად უნდოდა ნაგვემ დედოფალს, ესეც გაუგებარია. ქმარს გაშორდა და წამოსასხამს მაინც ვერ თმობდა.
მისი წამება 7 წელს გაგრძელდა.
დარმაედი ვარსქენი გადაწყვეტილებას არ ცვლიდა.
არ თმობდა არაფერს შუშანიკიც.
თუმცა წლებმა ქალს ბრაზი ვერ გაუნელა, ვერ აპატია ქმარს დანაშაული. ის ამდენი წლის მერეც ვერ შეეგუა არსებულ მდგომარეობას. მაინც მისტიროდა თავის ძველ ცხოვრებას და ღმერთს ვარსქენის სათანადოდ დასჯას თხოვდა – "მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო და შუენიერებაი სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა".
მასთან თითქმის ყოველ დღე მიდიოდა მისი სულიერი მოძღვარი, ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სასულიერი პირები, უბრალო ხალხი (ერთი მოგვი ქალი მოექცა კიდეც), მოინახულეს ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა. დიახ, სწორედ იმ ქალმა, ჭიქა თავზე რომ გადაალეწა შუშანიკმა.
ასეთი ყურადღების და პატივისცემის მიუხედავად, სიცოცხლე შუშანიკმა მაინც უკმაყოფილო სიტყვებით დაასრულა– "არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის".
P.S. ამას რომ ვწერდი, ერთი, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში წაკითხული მოთხრობა გამახსენდა. ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს. სადაც უმცროსი ძმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გაუმწაროს უფროს ძმას. ერთხელაც, მშობლები 2 დღით დატოვებენ ძმებს მარტო და რაღაც საქმეზე სხვა ქალაქში წავლენ. იმავე საღამოს უმცროსი ბიჭი სახლის სახურავზე ავა და იქიდან გადმოხტება. თავს მოიკლავს. გადმოხტომის წინ კმაყოფილი გაიფიქრებს – ოჰ, რა დღეში ჩააგდებენ ჩემს ძმას, იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ მომაქციაო.