Tuesday, July 28, 2015

მე-20 საუკუნის დროინდელი ამბები

პირველი
ადრეული ბავშვობა.
ზამთრის ჩვეულებრივი ნაცრისფერი დილა. ბაღში წასვლამდე კიდევ ნახევარი საათია დარჩენილი. დედის მონოტონური ხმა საშუალებას არ მაძლევს რომ ცოტა ხანს კიდევ დავიძინო. ზარმაცად ვახელ თვალებს, ნამძინარევი ხმით ვიხვეწები, რომ სახლში დამტოვონ, თუმცა ვიცი, რომ არაფერი გამომივა. ვიმუქრები, რომ ბაღში ფაფას არ შევჭამ, ბორშს მითუმეტეს და დედას კიდევ ერთ ულტიმატუმს ვუყენებ
- "
წამოგყვები, თუ მასწავლებელს თხოვ, რომ დღეს მე დამნიშნოს მორიგედ".
მამა ამ ყველაფერზე იცინის და ჯერ კიდევ ლოგინში მონებივრეს ზურგს მფხანს თავისი საოცრად რბილი თითებით.
ბევრი კუნტრუშის მიუხედავად დედა მაინც მაცმევს წითელ რეიტუზს, რომელიც საშინლად მსუსხავს, მვარცხნის თმას - რა თქმა უნდა ამასაც ვაპროტესტებ - მეწიწკნება. მისხამს ასკილის ჩაის, რომელზეც ვგიჟდები, ნაჩქარევად ვსაუზმობ და ხელჩაკიდებული, გაბღენძილი სახით ჩავდივარ დაღმართზე, რომლის ბოლოშიც საძულველი ბაღი მოჩანს , მთელი დღით რომ დამაშორებს დედას.
ბედნიერებაა საღამოს მისი მოსვლა. სიხარულისგან ლოყებაწითლებული გამოვექანები, ჩავეხუტები, ცხვირს პალტოს საყელოზე მივაჭყლეტ და ხარბად შევისუნთქავ ზამთრის სუნში არეულ მის განსაკუთრებულ სურნელს.
სახლისკენ მიმავალ აღმართს პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელი სულმოუთქმელი ლაპარაკით ავივლი. სახლში სითბო და სიმყუდროვე მელოდება. და ბაბუა - ყველაზე კეთილი, ყველაზე გულუხვი და ჩემი სიყვარულით ლამის ჩემს ტოლად გადაქცეული. თითქოს იმისთვის მოსული ამქვეყნად, რომ ყველა ჩემი სურვილი თვალისდახამხამებაში რეალობად აქციოს. წესად ქცეული საღამოს სეირნობა პატარა, მყუდრო ქუჩაზე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს.
ბავშვებთან ერთად წინ გავრბივარ, მათაც ვაჩვენებ ხის ჭიშკარს და ვეუბნები, რომ აქ მცხოვრები კაცი დაგვიჭერს თუ ცუდად მოვიქცევით. თან უკან ვიყურები და ვამოწმებ, ბაბუა მომყვება თუ არა :-)
ბაბუა...
მისმა გარდაცვალებამ თითქოს ჩემი ბავშვობაც მოკლა. პანაშვიდებზე რაღაც სულელური მორიდების გამო ტირილისგან თავს ვიკავებდი. საძინებელში გავდიოდი და იქ ვტიროდი, ყველასგან ჩუმად, თითქოს ვინმე დამსჯიდა ამისთვის. დაკრძალვის დღეს პროცესიას სასაფლაოზე არ გავყევი. არ მინდოდა დამენახა როგორ აყრიდნენ მიწას ჩემს ბავშვობას. ხალხისგან დაცლილ სახლში ვიწექი, ვტიროდი და ცხელი ცრემლები ყურებში ჩამდიოდა.
1984
წელი.
შიშისგან მუხლებაკანკალებული, მუცელაფორიაქებული ავდივარ ტრაპზე და ვლოცულობ, რომ ფრენა გადაიდოს.
-
მატარებლით რომ წავიდეთ?
-
ნუ გეშინია, აი ნახავ როგორ მოგეწონება.
თავზე მის თბილ ხელს ვგრძნობ და ვმშვიდდები. მუცელშიც წყდება რევოლუციური ჰანგები. სასტუმროს ოთახი. მესამე სართული. ფანჯრები ბოლომდე ღიაა. ფანჯრის რაფაზე ვდგავარ და სიმწვანით ვტკბები.
რატომ გადავწყვიტე ასე უზნეოდ მოქცევა არ მახსოვს.
-
ახლა ბარემ ავდგები და აქედან ჩავხტები ეზოში.
-
ოჰ, რას ამბობ კაცო, ჩამოდი ახლავე
-
რატოომ? ჩიტები თუ დაფრინავენ იმ სიმაღლეზე, მე რომ აქედან გადავხტე რა მოხდა?
-
ჩამოდი გენაცვალე.
თავს ჯიუტად ვაქნევ. რა თქმა უნდა არსად გადახტომას არ ვაპირებ. მაინტერესებს როგორია გაბრაზებული ბაბუა.
-
ჩამოდი.
გაფითრებული მორბის, თითქოს მართლა სადმე გადამხტორმი ვიყო. მის მკლავებში მოქცეული ვგრძნობ როგორ უცემს გული და სინდისი მქენჯნის.
ვცდილობ შეცდომა გამოვასწორო.
-
ბაბუ, აბა შენ თუ მეტყვი შანდორ პეტეფი სადაური იყო
-
უნგრელი, ბაბუ.
-
ბებიას არ უთხრა ხოოო, ფანჯარაზე.
ღიმილით მეთანხმება და შუბლზე მკოცნის.
მინდა ჩავეხუტო.
თბილისი, 19 ალბათ 80 წელი.
კბილზე ძაფგამობმული მთელს სახლს გარს ვუვლი, რომ დედამ და ბებიამ არ დამიჭირონ, თან რა თქმა უნდა უზნეოდ ვღრიალებ. ალბათ უდაბნოში არ გაეხარდებოდათ წყლის დანახვა ისე, როგორც მე გავიხარე მისი ხმის გაგონებით.
-
რას ქვია ეს ძალადობა? ერთი კბილის გულისთვის ბავშვს ნერვებს უფუჭებთ? უყურე შენ ამათ. წამოდი ბაბუ, გავისეირნოთ. ეგ კბილი თავისით მოგძვრება.
და ჩვენს ნაცნობ მოქანდაკესთან მივდივართ.
თბილისი. 19 რომელიღაც წელი.
სითბო, სიკეთე...
ბორჯომი, 1985 თუ 6 წელი
დილის გამამხნევებელი ვარჯიშები
სოხუმი, 1989 წელი
ზრუნვა, სიყვარული....
თბილისი, 1990 წელი
შეშფოთება, გავიზარდე, მეტი ყურადღება მჭირდება
თბილისი, 1992 წელი.
-
რომელი ხარ შენ?
-
მე ვარ ბაბუ.
-
ოჰ, მოდი ჩემთან, მოდი!
ისევ ის თბილი, ოდნავ მოცახცახე ხელები, ჩამქრალი თვალები, მე რომ მაინც მხედავენ და აჩქარებული გულისცემა. უბრალოდ უნდა შეახსენო ვინ ხარ და ისევ ისე ჩაგიკრავს გულში, როგორც ადრე, ძალიან ადრე.
100
კუპონიანს მაწვდის და მირჩევს, რაც გამიხარდება ის ვიყიდო, ოღონდ ერთი-ორი წიგნიც აუცილებლად. მადლობის ნიშნად ვკოცნი და არ ვეუბნები, რომ 100 კუპონად ერთ პურსაც ვერ ვიყიდი. ამას რა მნიშვნელობა აქვს. ის 100 კუპონიანები მე დღესაც შენახული მაქვს.
ხალხი სასაფლაოდან ბრუნდება .
ეს სულელური კომპლექსები დამღუპავს. ზოგიერთი კომპლექსისგან განთავისუფლება ალბათ მაინც ღირს.
თუმცა ჩემი ცრემლების დღემდე მრცხვენია. ამას ვერაფერი მოვუხერხე.

მეორე
კომბოსტოს პლანტაციას თვალს ვერ ვაწვდენ. მთის ძირში ნისლშერეული ლურჯი ფერი დომინირებს. ხელის გადასმა რომ მოგინდება ისეთი.
არ მეგონა ეს საძულველი ბოსტნეული ჩემში ასეთ აღფრთოვანებას თუ გამოიწვევდა ოდესმე. მინდა მანქანამ სიჩქარეს მოუკლოს, რომ დიდხანს ვუყურო, დავტკბე ამ სილამაზით, კარგად დავიმახსოვრო მწვანესა და ბაც იისფერში გაზავებული ეს უცნაური ლურჯი ფერი.
კომბოსტოს თაიგული.
უცებ წარმოვიდგინე, კომბოსტო რომ მომართვას ვინმემ საჩუქრად და სიცილი ამიტყდა. პლანტაცია თვალს მიეფარა, თუმცა ლურჯის ეს საოცარი ინტერპრეტაცია სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში.
ლამაზი ეზო, ბევრი ყვავილებით. ფუტკრების მონოტონური ზუზუნი, სოფელში გადასახლებული ბებია და ბაბუა. სიყვარულით სავსე თვალები. ამ სახლში ფეხის შედგმა და ჩემი გამგელება ერთია. არ ვიცი რა განაპირობებს ამას, დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ აღმიძრავს ჭამის დაუოკებელ სურვილს ეს გარემო.
ალბათ მაინც იმიტომ, რომ ყოველთვის გემრიელი სურნელი ტრიალებს. გემრიელი და ჯანმრთელი.
გამომშვიდობება ყოველთვის მიჭირს - სევდით სავსე თვალების დანახვა. გამოსახულება თანდათან პატარავდება, მაგრამ თვალები მაინც ჩანს, ბოლომდე.
გული მეწურება.
გზაში ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობა ჯერ კიდევ ცოცხლობს მათი წყალობით.

მესამე
ადრეული ბავშვობა
თოჯინის ქურქებში გამოწყობილი ორი ცოცხალი კურდღელი საბავშვო ეტლში მორჩილად, ყურებჩამოყრილი ზის - პატრონს, იგივე "დედას" (მიხვდით ალბათ დედად ვინ მოიაზრება. ვერა? მიხვდებით მალე) სტუმრად მიყავს.
ეტლი ეზოში შევაგორე. "შვილებს" მზრუნველად გავუსწორე ქუდი და ხელთათმანები და აგვისტოს სიცხისგან გათანგული საბრალო არსებები მარიკას ამაყად წარვუდგინე.
-
ვაიმე, ტყუპები არიან?
-
ხო. (ჭკუაში დამიჯდა)
-
რატომ არ გგვანან?
-
ჯერ პატარები არიან. რომ გაიზრდებიან მერე დამემსგავსებიან.
-
ჰოოოოო
ეჭვნარევი ხმით მპასუხობს მარიკა და "ტყუპებს" ეფერება.
-
ჭამის დრო აქვთ. მათხოვე შენი თოჯინის ბოთლი, სტაფილოს წვენი უნდა დავალევინო.
-
რომ მოდიოდი ბოთლი ვერ წამოიღე? მე რატომ უნდა გათხოვო?
-
კარგი ბატონო, მაშინ წავალ. ბოთლების მეტი რა მაქვს სახლში.
-
არა... არაააა.... არ წახვიდეეეე...მოგცემ ბოთლს......... არ წახვიდეეეეეე........
მე უკვე ქუჩაში ვარ და "ტყუპებს" ვესაუბრები.
-
ხედავთ დეიდათქვენი რა უტაქტოა? მაგრამ მაინც თქვენი დეიდაა და უნდა გიყვარდეთ. გაიგეთ?
ჯანჯღარისგან არაქათგამოცლილი კურდღლები უხმოდ შემომცქერიან თავისი წითელი, ნაღვლიანი თვალებით.

მეოთხე
ადრეული ბავშვობა
როიალთან ვზივარ. ფეხები ჰაერში ქანაობს. ცრემლები ღვარად ჩამომდის ლოყებზე და ნიკაპთან ერთდება.
-
ტირილს მერეც მოასწრებ. დაუკარი.
თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. რა უნდათ, რატომ მტანჯავენ? გარეთ ყვითელი, მცხუნვარე ზაფხულია,
-პირველი თითი, მეოთხე თითი....დო...სოლ...რე...
დედას ნერვები აღარ ყოფნის
-
დაუკარი!
-
დავიღალე, აღარ დავუკრავ.
Старинная французская песенка
რა მოსაწყენი მელოდიაა. ამის დაკვრას რომ გაძალებენ უნდა იტირო აბა რა.
დღემდე ამ მელოდიის გაგონებისას ცუდ ხასიათზე ვდგები.
მაშინ მახსოვს მამამ მიშველა, კატეგორიულად მოითხოვა ჩემი ტანჯვის შეწყვეტა და მუსიკალური სკოლიდან ჩემი გამოყვანა, თან არგუმენტირებულად დაასაბუთა, რომ ჩემგან ჰოროვიცი არ დადგებოდა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო ჩემს მიმართ განხორციელებული ეს სადიზმი.   ამისთვის მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება.
ივანზე გოგოებს მოვკარი თვალი.
ბიძაჩემის მეგობრები (ცოტა ხანში ერთ-ერთი მათგანი ჩემი ბიცოლა გახდება).
ეტყობა ზღვიდან ახალი ჩამოსულები არიან.
-
თქვენ გაიხარეთ. - ჩუმად ვჩურჩულებ.
ახლა ხომ მაინც დამანებებენ თავს. სტუმრებს არ გაუმასპინძლდებიან აბა?
სკამიდან ვხტები და კისრისტეხით გავრბივარ მეზობლის პუტკუნა ბიჭთან.
რა თქმა უნდა "პასკობანა" ჯობს ვიდრე იმ საშინელ როიალთან ჯდომა და ცრემლების ღვრა.
-
პასკა, პასკა, გამოდიიი, თუ არ გამოხვაალ....
-
რა ლამაზი სახლი გამოგივიდა
-
არა, შენი უფრო ლამაზიაა..
ბიჭს წითელი შორტები აცვია,დიდი, ლურჯი თვალები აქვს და ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მაგრამ არ მაწუხებს. Старинная французская песенка-ზე გაცილებით კარგი მოსასმენია:-)

მეხუთე

ადრეული ბავშვობა
ფასანაური.
მე და მარიკა გვირილების მინდორში დავრბივართ. ყვავილები ხელებში აღარ გვეტევა. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ბუნებაში ამდენი ფერი არსებობდა.
ოდესმე გინახავთ მთის გვირილა?
მდინარის პირას მწვანე ხალიჩასავით დაფენილან ღილისოდენა ბაყაყები.
ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს. მანამდე არასოდეს გვენახა ბაყაყი ასე ახლოს, მითუმეტეს ამ რაოდენობის და ასეთი გასაოცარი ზომის.
-
რატომ არიან ღილებივით?კითხულობს მარიკა და თვალს არ აშორებს მოყიყინე არსებებს.
-
ეტყობა ლილიპუტები არიან, ვპასუხობ მე, -ან ჯერ არ გაზრდილან.
-
დედა არცერთს არ ყავს? დიდები რატომ არ ჩანან?
-
ალბათ ობლები არიან
მთელი ღამე ობოლი ბაყაყების დარდში გავლიეთ.
სანატორიუმის მე-5 სართული.
აივნიდან გადაყუდებულები, ეზოში შემოჩვეულ ძაღლს პურის და ძეხვის ნაჭრებს ვუყრით.
მეორე დღეს ძაღლს მოკლავენ, სხვა, ახლომახლო მობინადრე მაწანწალა ძაღლებთან ერთად.....ეზოში, ბავშვების თვალწინ.
მსგავსი სისასტიკე იშვიათად მინახავს ჩემი თვალით. დღემდე ნათლად მახსოვს "ჩვენი" ძაღლის წითლად შეღებილი ბალანი, მისი განწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის და ყმუილი, რომელმაც მთელი ეზო გაავსო.
აივნის მოაჯირს დაციებული მსუბუქ გულისრევას ვგრძნობდი და ვერაფრით ვატანდი ფეხებს ძალას, რომ ოთახში შევსულიყავი, ყურებზე ხელები ამეფარებინა და მოვცილებოდი ამ ამაზრზენ სანახაობას.
მას მერე ფასანაურში წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია.
თუმცა იქ არაამქვეყნიური სილამაზის გვირილები იზრდება.