ამასწინათ მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი ვნახე - "შეშლილთა კუნძული".
სადაც სალვადორ დალი "გაპაპსავდა" და "ჩუპა-ჩუპსის" დიზაინის კეთებაზე დახურდავდა, რა მოხდა სკორსეზესაც რომ გადაეღო ცუდი ფილმი. ცოტა ცუდი შედარებაა - სალვადორ დალი ყოველთვის ბევრად ნიჭიერი იყო თავის საქმეში (უკვე გაკომერციულებულიც), ვიდრე სკორსეზე, მიუხედავად მისი რამდენიმე კარგი ფილმისა.
"შეშლილთა კუნძული" თუ რამედ ვარგოდა, ამისთვის რეჟისორი ლეონარდო დიკაპრიოს მადლიერი უნდა იყოს.
მართლა გულწრფელად მიკვირს, სანდრა ბალოკს (თუ ბულოკს?) მისცეს და ამ კაცს რატომ არ აძლევენ ოსკარს? რა გახდა? .
თუმცა ოსკარი არაა ნიჭიერების საზომი. "ტიტანიკი" არ იყო, მთელი დუჟინი ოსკარები რომ მოხვეტა თავის დროზე? რა ბედის ირონიაა, რომ ამ უნიჭო ფილმმა 11 ოსკარი აიღო. პრინციპში, ლამის ყველა ნომინაციაში. მხოლოდ საბრალო ლეო დარჩა ისევ პირში ჩალით.
ან წლევანდელ დაჯილდოვებაზე ქეთრინ ბიგელოუს რომ უთხრეს, აჰა შენ ოსკარი, საუკეთესო რეჟისორი ხარო. ამ დროს დარბაზში კვენტინ ტარანტინო იჯდა ხელცარიელი. რა აბსურდული სელექციაა.
აბსურდზე და ლეონარდოზე ჩემი სიზმარი გამახსენდა.
ზაზა ბურჭულაძის "ადიბასის" კითხვისას ჩამეძინა. სიზმარს რომანის შემდგომ თავებად აღვიქვამდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეღვიძა, ისეთი ცხადი იყო ეს აბსურდი და ოდნავადაც არ მეშინოდა. ყველაზე საშიში კი ეს იყო მგონი.
პირველი ეპიზოდი მწვანე, ნეონის ეფექტებით გაკაშკაშებულ მინდორზე მორბენალი ძაღლი იყო, წაბლისფერი თმებით და ღია ლურჯი თვალებით. არა, აქ საშიში არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს უცნაურად მოცუნცულე ძაღლი არც მეტი, არც ნაკლები, ბიძაჩემი გახლდათ - მელაპარაკებოდა და რაღაცეებს მეხუმებოდა კიდეც.
სადაც ძაღლი-ბიძის არ შემეშინდა, ის ქალი როგორღა შემაშინებდა, უეცრად რომ აღმოცენდა მინდორზე. უცხოპლანეტელივით ჩაცმული. ერთი ისაა, რომ მისმა იაფფასიანმა სუნამოს სუნმა გამაღიზიანა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცხვირწინ ფეიხოას კომპოტით სავსე ქილა მედგა.
ერთი კია, ერთ-ერთმა ეპიზოდმა, სადაც აბაზანაში გაუთავებლად ვეძებდი შამპუნს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემს თვალწინ აორთქლდა, ცოტა შემაფიქრიანა. ისიც იმიტომ, რომ შამპუნს მძინარე ვეძებდი და გამოფხიზლებას ვერაფრით ვახერხებდი.
იმას, რომ ჩემი ერთი სახლის აბაზანის კარმა პირდაპირ მეორე სახლის სამზარეულოში გამიყვანა, დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე. მხოლოდ არჩილ სულაკაურის "ჯადოსნური სარკე" გამახსენდა. გოგონა კარადაში რომ შედის და იქიდან სულ სხვა სამყაროში ხვდება.
მერე სამზარეულოში აღმოვჩნდი, სადაც ძველი, ფეხებიანი ტელევიზორის ჩარჩოში ჩასმული კომპიუტერის ეკრანი ციმციმებდა და ჩემი ბიძაშვილები ერთმანეთს ხოცავდნენ, რომელი დაჯდებოდა პირველი. (ეს სხვათა შორის ერთადერთი რეალური დეტალი იყო ჩემს სიზმარში).
მე ვუყურებდი ამ ორთაბრძოლას და რაღაცნაირად მსუბუქად ვიცინოდი. იცით როგორ? მუცლიდან ნიავივით რომ დაიძვრება სიცილის შემცველი ჰაერი და პირიდან რომ ამოგიფრინდება.
სანამ მე ამდენი ვიარე და ვიცინე, მინდორში, ფორთოხლებისგან აგებულ უზარმაზარ მთაზე ლეონარდო დიკაპრიო ასულიყო, ხელში ოსკარის ქანდაკება ეჭირა და ქართულად, გაჰყვიროდა - არ მჭირდება თქვენი ოსკარი, გაიკეთეთ (ბოდიში და) ტრაკშიო.
მე აღფრთოვანებული ვიდექი ფორთოხლის მთის ძირში და ლეონარდოს ვეძახდი, ყოჩაღ, რომ ოსკარზე მაღლა დადექი, მართლა რაში გჭირდება ეს სულელური ქანდაკება თქო :-)
ლეონარდო იღიმოდა და მე, იქაც, იმ აბსურდშიც კი იმას ვფიქრობდი, როგორ ჰგავს ეს კაცი კატას.
მოკლედ, ლეონარდოს ხოტბა შევასხი და მანაც გამარჯვებული სახით, ოსკარი მწვანე მინდორში, ძაღლის მიმართულებით მოისროლა.
რომ გავიღვიძე, დედაჩემმა რაღაც მკითხა. მგონი ყვავილებზე. ჩემი აზრი აინტერესებდა, სად დაგვერგო ტიტები (საშინელი თვისება აქვს, თვალები ბოლომდე გახელილი არ მაქვს, რომ აქტიურად ცდილობს დიალოგში შემოსვლას). მე ჯერ მიდევ სიზმრის გავლენის ქვეშ მყოფმა, უფოკუსოდ შევხედე და ვუპასუხე: არ მისცემენ და ნუ მისცემენ. რაში ჭირდება ეს ოსკარი. თუ მისცემენ, მაინც გადააგდებს და კარგსაც იზამს თქო.
დედამ გაკვირვებულმა შემომხედა და ოთახიდან გავიდა.
ბალიშზე გადაშლილი "ადიბასი" იდო და იქ ლეონარდო დიკაპრიოზე ნამდვილად არაფერი ეწერა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
глаза голубой собаки-ს შებრუნებული ვერსია, ფორთოხლისფერი მთა და ოსკართმოძულე კატა-ლეო! :)) ვგიჟდები ასეთ აბსურდულ სიზმრებზე! რა მაგარია, რომ დაიმახსოვრე და დაწერე :)
zalian bevri vicine leonardoze, oskars rom iknevda:))))
ar xar shen normaluri:))
fortoxlisferi mta ki ara, fortoxlebis mta cisia, detalebs miakcie xolme yuradgeba, ra gapantuli xar :-):-)
რა მაგარი ხარ, ნინა:))))))))) შენი სიზმრებიანადო რეროოოოო:))))))))))
ქართულად მობილწსიტყვავე ლეონარდო რა როჟაა?!:)))))))))))))
მაგარი ხარ ნიინ, ფორთოხლების მთა მომეწონა ძალიან და შენი მხრიდან ქებაი და დიდებაი დიკაბრიოისი :)))
Post a Comment