სპიტაკის მიწისძვრა რომ მოხდა, მახსოვს მერე კაი ხანს სკოლაში გვავარჯიშებდნენ, რამდენ წუთში დავტოვებდით შენობას. ე.წ. "მცდარი განგაში" ტყდებოდა და ჩვენც ორგანიზებულად დაწყობილები ჩავრბოდით ეზოში და ძალიან გვიხაროდა, გაკვეთილი რომ გვიცდებოდა. თან ეს განგაში რატომღაც სულ გეომეტრიის გაკვეთილს ემთხვეოდა და მე პირველი გავრბოდი ხოლმე საევაკუაციოდ.
არა მგონია რომელიმე მოსწავლე ტრავმირებული დარჩენილიყო ამ "მცდარი განგაშით". თან გეომეტრია ცდებოდა ხოლმე თქო, ხომ გითხარით და რა ტრავმა, რის ტრავმა, თავპირისმტვრევით ჩავრბოდი ეზოში და მეტი ეფექტისთვის ქუჩაშიც გავდიოდი :-)
ისიც მახსოვს, ამ უცნაური ვარჯიშის ერთი კვირის თავზე, დედაჩემი რომ გაბრაზდა, ხომ არ გაგიჟდნენ მაგ შენს სკოლაშიო.
ორი დღის წინ, ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ტელევიზიამ (ჯერ აქედან განსაზღვრეთ რა ქვეყანაა, ეგ რომ მთავარ ტელევიზიად მოიაზრება) საზოგადოებას არაჩვეულებრივი ექპერიმენტი ჩაუტარა. არა მგონია მიზანი ხალხის პანიკაში ჩაგდება ყოფილიყო. ალბათ სხვა რამ ქონდათ მიზნად, უფრო მასშტაბური.
ის, რომ უამრავი ადამიანი ისტერიკაში ჩავარდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, სულ ფეხებზე ეკიდათ. დიადი მიზნები ხომ მსხვერპლს საჭიროებს. მერე? ჯერ არ გაუღიათ მსხვერპლი საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე თუ რა? ისეთები გადაუტანია ამ ხალხს, ეს "მცდარი განგაში" რა მოსატანია, არა? მერე რა, რომ ამ უსულგულო ცინიზმის 15 წუთს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მერე რა, რომ ჯერ არდაბადებული ბავშვი ამ უბედური ქვეყნის მოქალაქეობას ვერ ეღირსა. მერე რა რომ უკვე ომგამოვლილი ბავშვები დაიზაფრნენ. მერე რა? ხომ მოიხადეს ბოდიში. თან ტექნიკური წუნისთვის. დიახ, ტექნიკური წუნისთვის. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, როგორ მოიხადა ბოდიში რადიო "იმედმა", სხვას არ დავუჯერებდი. იცოდით, რომ არარეალური და შემაშფოთებელი ინფორმაციების გავრცელება ტექნიკურ წუნს ნიშნავს?? დღეიდან იცოდეთ.
წამაკითხეთ სისხლის სამართლის კოდექსი (ნორმალური ქვეყნის ოღონდ, ამათი არაფერი მწამს), სადაც მსგავსი ქმედება კანონით არ ისჯება.
მომასმენინეთ კომპეტენტური ადამიანების მსჯელობა, მაინტერესებს - ეს არ არის გარკვეულწილად გენოციდი? ჯანმრთელი ადამიანი საინფორმაციო გამოშვების სმენას რომ დაიწყებს და გამოშვების ბოლომდე ვერ გაატანს, იმიტომ, რომ ვიღაცეებმა რაღაცეები დაგეგმეს (გაუგებარი რაღაცეები. აბსურდი).
იმ საღამოს ვიგრძენი, როგორ შემეშინდა. ეს შიშის ძალიან ნაცნობი შეგრძნება იყო, ორი წლის წინანდელი - წარმოუდგენელი სასოწარკვეთა. გაცნობიერება, რომ ქვეყნის მმართველებს იმის თავი არ ექნებათ, სულ ცოტათი მაინც უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. ომის პირველი სიმპტომიც რამოდენიმე წამში სახეზე იყო (ესეც ძველი გამოცდილებიდან) - ტელეფონების მომენტალური გათიშვა. სწორედ ამ სიმპტომის შემდეგ გავიფიქრე, რომ ყველაფერი თავიდან იწყებოდა და იწყებოდა უფრო სწრაფად. შეუგუებლად. უკვე თბილისში, უკვე შენს სახლთან.
წარმომიდგენია რას გრძნობდა ამ დროს ხალხი გორში. და წარმოდგენაც არ მინდა რა ხდებოდა კახეთში, სადაც ამ მარაზმატული სიუჟეტის დამთავრებისთანავე შუქი ჩაქრა.
და ტექნიკური წუნიო. და კიდევ, ბოდიშიო.
ხომ არ იცით ვის ჭირდება ეს ბოდიში? თქვენ გჭირდებათ? მე - არა.
გამაგებინეთ, რა ქვეყანაა ეს, სადაც არავინ დანაშაულის ადეკვატურად არ ისჯება. სად ვცხოვრობთ?
შარშან აპრილში, საქართველოს ბოლო, ოცწლიან, სამარცხვინო მონაკვეთზე დავწერე და ახლა, 2 დღის წინ მივხვდი. მივხვდი კი არა, დავრწმუნდი - ეს არასოდეს არ დასრულდება. ეს იქნება სულ.
და ყოველთვის მოგადგებიან კონცერტზე (და არა მარტო კონცერტზე) და გეტყვიან, აქ მერი უნდა დაჯდესო (ის მერი, წინა დღეს კრავის სახით რომ იძლეოდა ინტერვიუს და "წუხდა" იმის გამო, რაც მოხდა ). მერე რა, შენ რომ ბილეთი გაქვს, აქ მაინც მერი უნდა დაჯდესო. მერე რა რომ ჯიუტობ, მაინც ადგები გოგონაო.
-არ ავდგები! და მეტსაც გეტყვით, მაპატიეთ, მაგრამ ფეხებზე მკიდია თქვენი მერი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
მე მაგ გადაცემის ყურების შემდეგ ვიგრძენი დაუცველობა საკუთარ ქვეყანაში, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ზიზღნარევი ბრაზი, ან პირიქით – ბრაზნარევი ზიზღი.
მაგრამ მეორე მხარეც უნდა ვთქვა. ხალხის უგუნურებაც ისეთივე სამწუხაროა, როგორც იმედის უზნეობა. თუმცა ეს არაფრით არ ამართლებს ტელეიმედის წარმოუდგენელ თავხედობას და უზნეობას.
ლევან, მე ერთი ის ვიცი, რომ რადიო "იმედის" ის სპეცგამოშვება იმდენად რეალური იყო, არა მგონია ვინმეს ეჭვი შეპარვოდა მის სიმართლეში. და პრინციპში, ისიც, რომ რუსები კიდევ ერთხელ შემოვიდოდნენ ჩვენთან, არც ეგ იდგა შორს სიმართლისგან. არა?
რაც შეეხება დაუცველობას, ეგ შეგრძნება მე პერმანენტულად მაქვს. შენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ფეხებზე რომ კიდიხარ, ეგ ახალი ამბავია?
მე ტვ–ს ვუყურე, მერე cnn–ზე და bbc–ზე შევედი, არაფერი დამხვდა, მაგრამ სახლში აწეულმა პანიკამ (ნახევარი ოჯახი ქალაქგარეთ იყო მაგ დროს) თავისი ქნა.
ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ბევრი რამე წყდება ახლა, რამაც მერე შეიძლება დიიიდი ხანი იქონიოს გავლენა არამარტო გეოგრაფიულად საქართველოზე, არამედ ქართველებზე, როგორც ერზე. i know this
მართალი გითხრა, ცოტა ვერ გავიგე :-) ქართველ ერზე უკვე საკაიფოდ რომ იმოქმედეს ეგ ხომ სახეზეა.მარტო იმედის მონაბოდს არ ვგულისხომ რა თქმა უნდა
Post a Comment