ახლადშეღერებული ჯეელი პოეზდით ბოგდანოვკისკენ მიემგზავრებოდა. სარკმელში ფურისულათი მოფენილ მინდვრებს არჯაკელის ჭალები ენაცვლებოდა. ყმაწვილკაცს ყალამი მოემარჯვებინა და თვალწინ გადაშლილი ბუნების სურათები მოლბერტზე გადაჰქონდა.
ანაზდად კარი გაიღო.
–სოფრომ! შესძახა შემოსწრებულმა
–ნოე, შენა?! – აღტკინებით შეჰყვირა ვაჟმა, მოლბერტი გვერდზე გადასდო და ძმობილს მხარზე ემთხვია.
ნოეს ოდნავშესამჩნევად შეეფაკლა ღაწვები. ხშირი წამწამებით შემოჯარული თვალები ციებიანივით აუელვარდა.
–რასა იქმ, როგორა ხარ? ჰკითხა ნოემ
–ბოგდანოვკას მივდივარ, საშური საქმე მაქვს.
–კეთილი და პატიოსანი, მეც შენი თანამგზავრი ვიქნები.
–უუჰ, შეჰყვირა უეცრად სოფრომმა.
–რისთვის დაიყვირე?
–ჭვალი რამე დამადგა
–ნუ გეშინიან, გაგივლის.
ნოე გაფითრებული მიიჭრა სოფრომთან, მის წინ ჩაიმუხლა და კვირისტავებზე ნიკაპი ჩამოადო.
–გასწი ნოე, გამეცალე. არ გვინდა ეგეთები. ბევრი ვიბჭე ჩემს თავთან და უარი უნდა ვსთქვათ ერთურთზე.
–დასტურ, გეთანხმები, მაგრამ ამ გულს რა ვუყო? განა შემთხვევით შემოგხვდი აქა. ორი კვირეა ლანდივით დაგყვები.
–იყუჩე ნოე. უნდა გავიყაროთ. ასე სჯობს, მერწმუნე.
ნოე გველნაკბენივით წამოხტა, დაბარბაცდა და რონოდის ნარზე გადაიქცა.
სოფრომი გოროზი სახით გასცქეროდა სარკმელს.
პოეზდმა სვლა შეანელა და ასპინძის სტანციაზედ ჩამოდგა.
გულშემოყრილი ნოე მაინც ვერ შეელია მიჯნურს. პირგამეხებული, უძრავად იჯდა.
რონოდის კიბეები მკვირცხლად აიარა ფერმკრთალმა ყმაწვილქალმა.
კარი მორიდებით შეაღო.
–სალამი. მორცხვად ჩაიბუტბუტა, ცარიელ ნარზედ ჩამოჯდა და ჩემოდანი მუხლებზე დაიდო.
–სალამი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. გამოეპასუხა სოფრომი.
ნოე კვლავაც მდუმარედ იჯდა.
ოდნავ გათამამებულმა ქალმა ხელი გაუწოდა სოფრომს.
–ელიჩკა
–სოფრომი
–საით გაგიწევია, ელიჩკა?
–ბოგდანოვკას მივალ. მასწავლებლად გამომიშვეს გორიდამ. შეგირდები მელიან. ასპინძაში ორი დღით გავჩერდი ძალუასთან.
–მაშ ერთად გვიმგზავრია ბოლომდინ. უთუოდ გამოვნახავთ ბევრ სამასლაათოს.
ქალმა ნაზად გაუღიმა და თავი ჩაღუნა.
რამდენიმე ვერსი მდუმარედ გაიარეს.
–ელიჩკა, შინდის შეჭამანდზე ხომ არ დამეწვევი? დედამ გამომატანა საგზლად.
–სიამოვნებით. უპასუხა გვარიანად გაწითლებულმა ელიჩკამ.
–ნოე, შენ არა გშია, განა?
სოფრომი ამაოდ ელოდა პასუხს. ნოე თვალს არ აშორებდა მინდორზე გამორეკილ ნახირს.
–უპრიანი იქნება აქეთ თუ გადმოჯდები.
ელიჩკამ ჩემოდანი ჩამოდგა და გვერდზე მიუჯდა შეჭამანდის განაწილებით გართულ სოფრომს.
–უუჰ, შენი გულისავ. რა გემრიელია. კარგი ხელი ჰქონია დედაშენს, სოფრომ.
–გეამა?
–ძლიერ
–მაშ ბოგდანოვკაში ხშირად მოგიწვევ ხოლმე პურის საჭმელად. მე ინჟინრად უნდა ვიმუშაო იქა.
მეტად კმაყოფილი ელიჩკა გაბრწყინებული სახით ყლაპავდა შინდის დარბილებულ კერკებს და სოფრომს უკვე არცთუ ისე მორცხვად უღიმოდა.
–მაშ შევხვდებით ერთურთს ბოგდანოვკაში? მე კი ვწუხდი. იქ არავინა მყავს ნაცნობი. კაეშანი მქონდა გულზედ შემოწოლილი.
–უთუოდ ხშირად. მეც არვინ მეყოლება შენს გარდა ამხანაგი.
–რარიგად მიხარია.
–ელიჩკა, რა უნდა შეასწავლო შეგირდებს?
–ფრანციცული, მიუგო ქალმა და ლურჯი თვალები შეანათა.
ნოე წამოდგა და წელათრეული გავიდა დერეფანში. თავი ფანჯარაში გაჰყო და თვალები დახუჭა.
ოთახიდამ ელიჩკას მორიდებული კისკისი ისმოდა...
–ნოე, არ მსურდა შენთვინ გული დამეკოდა.
სოფრომი გვერდით ამოსდგომოდა.
–ნუ, სოფრომ,არ გინდა. შედი. იქ ელიჩკა გელის.
–ზნე უნდა შევიცვალო, ნოე. დედას გულს ვერ ვატკენ, ხალხი ნელ-ნელა გაიგებს ჩვენ ამბავს და სამარცხინო ბოძზედ გამაკრავენ, დედა მოკვდება დარდითა და მწუხარებით, მამა კი წესს ამიგებს, არ კი მინდა, მაგრამ ასეა წუთისოფელი მოწყობილი. თანაც, აკი იცოდი, რომ ქალებიც მომწონდა. შენთან ვეღარ ვიქნები, თუმც კი ძლიერ მიყვარხარ. გულში ისე შენ მეყვარები ნოევ, ისევ შენ..
–ოჰ, რა მწარეა ეს სიტყვები
–ნოე, მერწმუნე ასე სჯობს ორივესთვინ.
–გაგეცლები სოფრომ, მაგრამ იცოდე, ჩემი გული მკვდარია.
–ნოე........
–კეთილად იყავ!
ნოე გაჩერებული პოეზდიდამ ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა და სტანციის დუქანს მიაშურა. სოფრომმა თვალებით გააცილა მეგობარი და ელიჩკასთან შებრუნდა.
–სამუშაოს მერე ჭალაში ვისეირნოთ ხოლმე.
–კეთილი. შეჰღიმილა ელიჩკამ.
ორი ხელადა ღვინის შემდგომ ნოეს უფრო ძლიერად შემოაწვა სევდა. იხსენებდა გარდასულ დღეებს და კიდევ უფრო მწარდებოდა.
შუაღამე გადავიდა. მიკიტანი დუქნის დაკეტვას აპირობდა.
გამობრუჟული ნოე სტანციაზე ტორტმანით გამოვიდა. ორიოდ ვერსი გაიარა. ხვანჯარი შეიხსნა. ხეზე ყულფი გამონასკვა და კისერზე მოირგო.
ბოლო წუთებში სოფრომზე ფიქრობდა და მთელის გულით სძულდა ელიჩკა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
8 comments:
შენა, ელიჩკა ესე ადვილად დანებდა? :)
ენა მომეწონა მაგრად, ენა
elichkas ar etyoba ro danebebulia ukve? :-):-) xoo, enaze vikaife mec :-)
ise, gagrzeleba ikneba, sofromis da elichkas xazit :-)
da principshi noes xazis gagrzelebac sheizleba, imkveynad :-):-)
რამ/ვინ შთაგაგონათ ამის შექმნა, თქვენი კვნესამე?! :))))
უთუოდ ეძღვნება ვისმე :)))
დავიშოკე! :)))) მალაცი!
გაგრძელებას ველი მოუთმენლად :))
გაგრძელება იქნება. თუ ბი ქონთინიუდ:–):–) აი, ამ long weekend-ზე რომ არ დავეკავებინე სამსახურს, ორშაბათს უკვე იქნებოდა. ეხლა ცოტა ხნით გადაიდო
ARANORMALUREBI XART TKVEN:DDDDD
VA-I-MEEEEE :)))
ბღავოოოოოოოოოო!!!!
საოცარია!
მაგარია.
კარგია.....
რა ენაა.. რა ეპოქა. მუშური რევოლუციების ხანა..
ფრიად მეამა ამ ხელიხელ ნაგოგმანები ამბის შესმენა...
კაია. კაი. საღოლ კალო..
კალო კალო კალისტრატე... სალია.
:-):-):-) kalistrate salia :-):-)
Post a Comment