Wednesday, December 29, 2010

მტრის ხატი – ზღაპრიდან რეალობამდე

იყო და არა იყო რა..... ასე იწყება ყველა ზღაპარი. ზოგან ბოროტი დედინაცვალია მთავარ როლში, რომელიც გამოსაჯანმრთელებლად აუცილებლად გერის გულ–ღვიძლს ითხოვს, ზოგან წყაროსთან ჩასაფრებული ცხრათავიანი დევი, თავების რეგენერაციის უბადლო უნარით დაჯილდოვებული, რომელიც ხალხს წყურვილით კლავს, ზოგან ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი, ზოგან ინტრიგანი მელია, რომელიც დედური ინსტინქტების არმქონე ჩიტს არხეინად უჭამს შვილებს..... რამდენი წლის იყავით ამ ზღაპრებს რომ გიკითხავდნენ მშობლები? სავარაუდოდ 3 – 4–ის. სიხარულის ის შეგრძნებაც გახსოვთ ალბათ – თავმოჭრილი დევების და დახოცილი დრაკონების ამბის შეტყობით გამოწვეული. სწორედ ამ ასაკიდან ყალიბდება ბავშვის ცნობიერებაში მტრის ხატის ცნება.
ქართული ზღაპრები ხომ პირდაპირ მტრის ხატების სამჭედლოა :–)
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუქარა მშობლების მხრიდან: –თუ არ შეჭამ. მგელი მოვა; –თუ არ დაიძინებ, ძაღლი შეგჭამს; – თუ არ დამიჯერებ, ბოროტი კაცი გუდაში ჩაგსვამს და წაგიყვანს......
ვინმეს უფიქრია, როგორ იზაფრება ბავშვი იმის წარმოდგენით, რომ ან მგელი მოუვარდება, რომლისგანაც კარგს არაფერს უნდა ელოდეს, ან ძაღლის ლუკმა გახდება, ან ვიღაც უცხო "ბიძია" ტომარაში ჩატენის და სად წაიყვანს კაცმა არ იცის.
მტრის რაობა ასაკის მატებასთან ერთად ტრანსფორმირდება. თუმცა თვითონ ფაქტი მისი არსებობის შესახებ, ღრმად ილექება მეხსიერებაში, რომლის წაშლა ფაქტობრივად შეუძლებელია.
არ ვიცი ეცალა თუ არა სტალინის დედას შვილისთვის ზღაპრების საკითხავად, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ვაჟის წყალობით დამკვიდრებულმა ტერმინმა "ხალხის მტერი" (რომელიც ფრანგებისგან მოიპარა) და ასეთებად გამოცხადებულების დასჯის მეთოდებმა, მოაზროვნე ქართველების (და არა მარტო ქართველების) უდიდესი ნაწილი შეიწირა. ასე მგონია, მაშინდელი "მტრების" განადგურების საზღაურს ვიხდით დღემდე. ის ხალხი რომ გადარჩენილიყო, იქნებ არ მიგვეღო ასეთი სავალალო შედეგები, იქნებ ავცდენოდით იმ კედელს, ცხვირი რომ მივარტყით დღეს ყველამ.
არადა როგორი ადვილია მასა დაარწმუნო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს "მტერი". მაშინ ერთ–ერთი მთავარი პირობა ის იყო, რომ "მტერი" "მოყვარეზე" ნიჭიერი უნდა ყოფილიყო.
როცა ჩემი დიდი ბაბუა დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ ჩვენება ერთ–ერთმა თანამშრომელმა მისცა, რომელიც ადასტურებდა, რომ ბრალდებული საკუთარ სახლში ანტისაბჭოთა კრებებს ატარებდა. შეკითხვაზე, საიდან იცოდა მან ეს, უპასუხა, რომ კრებებს თვითონაც ესწრებოდა. რა თქმა უნდა უტვინო დამსმენიც ბაბუაჩემის გზას გაუყენეს. ის დაბრუნდა გადასახლებიდან, ჩემი დიდი ბაბუა არა. ათეულობით წლების შემდეგ მივიღეთ ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ის რეაბილიტირებულია. თუმცა ამას მისი შვილებისთვის შვება არ მოუტანია. მათ ხომ ძალიან დიდხანს იცხოვრეს, როგორც ხალხის მტრის შთამომავლებმა. მამა რომ "მავნებელი" არ იყო, ეს ისედაც იცოდნენ.
მტერი მრავალნაირი არსებობს. უხილავი და ხილული, აგრესიული და ეშმაკი, ნამდვილი და სხვების მიერ თავსმოხვეული. მათთან ბრძოლის მეთოდებიც მრავალნაირია. ზოგი მისაღები, ზოგი მიუღებელი, ზოგი კარგის მომტანი, ზოგიც დამღუპველი.
მთავარი ალბათ მაინც სწორი დეფინიციაა.
საბჭოთა კავშირის დროს ჩვენი მტრები "საზიზღარი კაპიტალისტები" იყვნენ. ტელევიზიის ორად–ორი არხიდან გაუთავებლად გვიკიჟინებდნენ, რა ცუდი იყო ყველაფერი დასავლური. იმის ფონზე, როგორ კოცნიდა ტუჩებში ბრეჟნევი პოლიტბიუროს წევრებს და ჩამოსულ სტუმრებს, მოგვიწოდებდნენ დავწეოდით და გაგვესწრო ამერიკისთვს. ძალიან მაინტერესებს, როცა ამ სლოგანს ქმნიდნენ, ნუთუ არავის უფიქრია იმაზე, ქვეყანა,რომლის დაწევას და მერე გასწრებასაც აპირებ, გამოდის, რომ შენზე უკეთესია. აბა მაშინ რატომ გაგიჩნდა სპორტული ჟინი გაეჯიბრო? იქიდანაც არ გვაკლებდნენ "კეთილ სიტყვებს" – ბოროტების იმპერიას გვეძახდნენ და ვიყავით ასე სიამტკბილობაში.
იმ დროს, ამერიკის მერე მტრების სიაში საპატიო მეორე ადგილს ეკლესია და მისი მესვეურები იკავებდნენ. მახსოვს ერთხელ ჩემმა კლასელმა, გამოცდაზე გასვლის წინ პირჯვარი გადაიწერა და ამის გამო შავ დღეში ჩააგდეს.
მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და გაივსო ქვეყანა კრემლის და "სუკის" აგენტებით. ახლა მტერყოფილ, აწ უკვე მეგობარ ამერიკას ვთხოვდით დახმარებას და აღიარებას. როლები შეიცვალა – "მოძმე რუსეთი" მოსისხლე მტერი გახდა, "გარყვნილი ამერიკა" ერთგული მეგობარი. სწორედ ის ამერიკა, In God We Trust რომ უწერია თავის მწვანე დოლარებზე. სხვათა შორის, ის მასწავლებელი, რამდენიმე წლის წინ ყველაზე მეტად რომ აქტიურობდა და პირჯვრის გადაწერის გამო ბავშვის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვდა, მიტინგებზე სანთლებით და ფსკვნილით დადიოდა. არა, სასწაულის მომსწრენი არ ვყოფილვართ. მორწმუნე კი არ გახდა ყოფილი კომკავშირის მდივანი. იმ პერიოდში "ხალხის ოპიუმად" წოდებული რელიგია აღარ მიიჩნეოდა მტრულ ელემენტად. მეტსაც გეტყვით, მოდური გახდა ეკლესიაში სიარული. ასე იყო საჭირო მაშინ და იმიტომ.
90–იან წლებში ერთმანეთს დავერიეთ, სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ, იარაღით ვირბინეთ, თბილისი გადავწვით, "ამისტებმა" "იმისტებს" ვესროლეთ, მეგობრები დავხოცეთ. მაშინ ვინ იყო ჩვენი მტერი? არადა გვიყვარს გადაბრალება. ჩვენ ხომ დამნაშავეები არასდროს ვართ. სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა მტრის ბრალია ჩვენს მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული.
შემდეგ გადავიტანეთ ომი, სადაც არც ჩვენ ვიყავთ ანგელოზები და არც ჩვენი მტრები. შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე ამდენი წელია აფხაზეთი ჩვენი აღარაა. ის მოსაზრება, რომ ომში მტერი მტერია და რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა მოკლა, იმ ერთმა ამბავმა გამიბათილა, რომელიც უკვე სამშვიდობოს, თბილისში ჩამოსულმა გაგრელმა მოხუცმა ცოლ–ქმარმა მომიყვა. ვისაც დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ.
იყო ისეთი პერიოდიც, როცა თითქოს მივჩუმდით. ეს კრემლის აგენტებიც სადღაც გაქრნენ. გაჩნდა "მტრის ხატის ვაკანსია", ტელევიზიებიც დუმდნენ და მოვიწყინეთ. ამიტომ, სახელდახელოდ შევქმენით ახალი "მტერი" (რომელიც ან მანამდე რატომ იყო "მოყვარე" ეგეც გაუგებარია. არადა ჩვენი ხვეწნა–მუდარით და ხოხვა–ფორთხვით გამოვითხოვეთ "მტრის ბანაკიდან") და დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები მის ჩამოსაგდებად. როგორ დამთავრდა ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით. ამერიკას კიდევ ერთხელ დავუმეგობრდით და რუსეთი ვლანძღეთ. ხო. ასე იყო ეს ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი რატომღაც მათ ჩავაბარეთ, გინება განვაგრძეთ (და ვაგინებთ ყოველ დღე 9–ზე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე და 9–ზე). ძალიან უცნაური დამოკიდებულება გვაქვს მტრების მიმართ. შეუძლებელია არ დაიბნე.
2008–ში რაც მოხდა ყველას გვახსოვს და სანამ ცოცხლები ვართ არც დაგვავიწყდება – აგვისტოში ბომბების წვიმა მთელი ქვეყნის თავზე, სასოწარკვეთა და დაუცველობის ისეთი შეგრძნება, რომ მოგინდება დაჯდე და გულამოსკვნილმა იტირო.
დღეს ძალიან ბევრი რუსოფობია საქართველოში. იმაზე უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. ანალოგიური მდგომარეობაა იქ, იმ 200 მილიონიან ქვეყანაში. მათთვის ჩვენ ვართ მტრები – პატარა ამბიციური ერი, რომელიც თან ძალიან მნიშვნელოვან რაღაცეებს თმობს და თან მათი ბატონობის ქვეშ მოქცევა არ უნდა.
ძნელია არ გძულდეს ის, ვინც სახლში შემოგივარდა, დაგბომბა, მოგკლა, წაგართვა, დაგზაფრა. გახსოვთ ალბათ იმ ზაფხულს, რეალური ომის პარალელურად სოციალური ქსელებით რომ მიმდინარეობდა ორთაბრძოლა. ვისაც სად წაგვასწრებდნენ იქ გვივარდებოდნენ, გვლანძღავდნენ, ნიშნს გვიგებდნენ. ასეთივე მეთოდებით ვპასუხობდით ჩვენც. და ამით კიდევ უფრო ვუღვივებდით ერთმანეთს სიძულვილს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსოფობია ჩემთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც ქსენოფობია, ჰომოფობია, რასიზმი და ასე შემდეგ. ემოციაზე აგებული ბრძოლა არასდროს მოიტანს სასურველ შედეგს.
მე არ შემიძლია შევიძულო ვისოცკი, იმიტომ, რომ ის რუსი იყო. ვერ უარვყოფ ჩეხოვს და ბულგაკოვს, იმიტომ, რომ მომწონს მათი შემოქმედება. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალობას ადეკვატურად არ აღვიქვამ, ვერ ვხვდები რა ხდება ირგვლივ. იმის გამო, რომ ვიღაც რუსულ ფილმს ნახავს და მოიწონებს, არ შეიძლება მოღალატე უწოდო. ბევრჯერ დავინახეთ, რამდენი რამის გადატანა შეგვძლებია, რამდენი ძალადობის და უკიდურესი გაჭირვების , მაგრამ როცა საქმე მორალურ შეურაცხყოფამდე მიდის, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, ამას ვერავის ვეღარ ვპატიობთ და საბოლოო ჯამში ვიღაცის გამო (სულ ერთია მერე ვინ იქნება მტრად წოდებული ის მესამე პირი) ერთმანეთს დავერევით და ვხოცავთ.

"იბრძოლეთ საქმის და არა პიროვნებების წინააღმდეგ";
"უნდა გძულდეთ მართვის ბრიტანული სისტემა და არა თვითონ ბრიტანელები";
ამ სიტყვებს ერთ–ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი, მაჰათმა განდი ამბობდა. რომ არა ის, დღეს ინდოეთი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. მისი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის დაკავშირებული იყო მის ზნეობრივ მრწამსთან. მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, ოღონდ იბრძოლო გულწრფელად. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრიტანეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განდი იყო პირველი, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა მისთვის "ზურგში დარტყმის მიყენებაზე". მან თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ პატიოსნებაზე და თავგანწირვაზე დაფუძნებული ბრძოლა შესაძლებელია და პოლიტიკა ყოველთვის და ყველას ხელში არაა "ბინძური საქმე".
სიძულვილი ყველაზე დიდი მტერია, რომელსაც კაცობრიობა დამღუპველ შედეგებამდე მიყავს. სიძულვილით შეპყრობილი ადამიანი საკუთარ თავსაც ვნებს და ირგვლივ მყოფებსაც.
ზღაპრებიდან დავიწყე და მაჰათმა განდიმდე მივედი.
რაც შეგვეხება ჩვენ, ყოველთვის იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ და ეს საქმე ასეთი წარმატებით ჯერ ჩვენს არცერთ მტერს არ გამოსვლია.

ქატო იქა, ფქვილი აქა
ჭირი იქა, ლხინი აქა....

აჰა, ხომ გეუბნებოდით ქართული ზღაპრები მტრის ხატების სამჭედლოა თქო? :–)

Tuesday, December 14, 2010

ვაცლავ ჰაველი – ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი პრეზიდენტი

"სულ უფრო ვრწმუნდები, რა აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება, რადგანაც გემოვნება პირველ რიგში განსაზღვრავს , რამდენს ილაპარაკებ, რამდენად ღირს რაღაცის თქმა ან შეკითხვის დასმა. გემოვნება განგასაზღვრინებს სად იხუმრო, სად ილაპარაკო სერიოზულად, როდის ილაპარაკო ქარაგმებით, როდის – პირდაპირ.... როდესაც გემოვნებაზე ვლაპარაკობ, ცხადია ვგულისხმობ გემოვნებას ყველაზე ფართო გაგებით და არა მხოლოდ ჰალსტუხის შესარჩევად საჭირო გემოვნებას".
1936 წლის ოქტომბერში, პრაღაში გაჩნდა პატარა ბიჭი. გახარებულ უფროს ჰაველს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მე–20 საუკუნის ყველაზე ცნობილი ჩეხი პოლიტიკოსის მამა გახდა.
ჰაველები მდიდრები იყვნენ. ვაცლავის მამა პრაღის ყველა მაღალ წერტილზე განლაგებულ უბან "ბარანდოვს" ფლობდა. დედა კი ცნობილი ჟურნალისტის და ელჩის ქალიშვილი იყო. სხვათა შორის, 1920–40–იან წლებში ოჯახი საკმაოდ ინტესიურად იყო ჩაბმული ჩეხოსლოვაკიაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში.
ინტელიგენტი მშობლების წყალობით ვაცლავ ჰაველმა, მაჰათმა განდის მსგავსად, საკმაოდ მრავალმხრივი ცოდნა მიიღო ოჯახში. თუმცა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ,ბურჟუაზიული წარმომავლობის გამო, მას ფორმალური განათლების მიღება აუკრძალეს. 50–იანი წლების დასაწყისში ჰაველმა ერთ–ერთ ქიმიურ ლაბორატორიაში, ასისტენტად დაიწყო მუშაობა. 4 წლის შემდეგ მისი სურვილი, სწავლა განეგრძო ჰუმანიტარული განხრით, იგივე პოლიტიკური მოსაზრებების გამო სურვილად დარჩა. ამიტომ იძულებული გახდა ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. თუმცა იქ მხოლოდ 2 წელი ისწავლა. სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, თეატრში, სცენის ასისტენტად დაიწყო მუშაობა და პარალელურად პრაღის თეატრალურ აკადემიაში დრამის ლექციებს ესწრებოდა.
გასაკვირია, მაგრამ ვაცლავ ჰაველმა ცოლად პროლეტარი ოლგა სპლიჩალოვა მოიყვანა.
პირველად ჩეხოსლოვაკიაში მისი სახელი მაშინ გაჟღერდა, როცა თეატრ ბალუსტრადაში მისი პიესა "ბაღის წვეულება" დაიდგა. პიესა მოეწონათ, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ ავტორი გასცდა სოციალისტურ ჩარჩოებს. 1968 წელს, მისი პიესის "მემორანდუმის" ნიუ იორკის საჯარო თეატრში გამოჩენამ ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა. სწორედ ამიტომ არ იწვევდა პრაღის უნივერსიტეტის რექტორატი ჰაველს აღფრთოვანებულ სტუდენტებთან შესახვედრად. სწორედ ამიტომ კიცხავდნენ კრიტიკოსები "ბურჟუა" ვაცლავს.
თუმცა ეს ხელს სრულებით არ უშლიდა, ჩაეტარებინა ლიტერატურული საღამოები, მოესმინა ახალგაზრდების აზრი, ეწერა ჟურნალ "ტვარჟში", რომელიც სწორედ მისი სტატიების წყალობით გახდა პოპულარული. კომუნისტური მმართველობა იმ პერიოდში აღარ იყო ისეთი მკაცრი, მაგრამ ჟურნალის ბაზაზე არაკომუნისტი მწერლების გაერთიანების შექმნა უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა.
ჟურნალი დაიხურა. იდგა 1968 წელი. პრაღაში რუსული ტანკები შევიდნენ. ვაცლავ ჰაველი მაშინ პირველი იყო, ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი, ვინც მოითხოვა წინ აღდგომოდნენ ამ უსამართლობას. "პრაღის გაზაფხული" ჩაახშეს. დისიდენტი ჰაველი კი 4 თვე ციხეში აყურყუტეს. აიკრძალა მისი პიესები. ციხიდან გამოსულმა ჰაველმა დისიდენტური ორგანიზაცია "ქარტია 77" დააარსა. პარალელურად წერას განაგრძობდა . მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლეთში, თუმცა ძალიან მალე ის ისევ დააპატიმრეს. ამჯერად 4 წლით.
ამასობაში საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაიწყო. 88–ში ოპოზიციურმა მოძრაობამ ჩეხოსლოვაკიაში პიკს მიაღწია. მოძრაობას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა – ვაცლავ ჰაველი. მან შექმნა "სამოქალაქო ფორუმი" და განაცხადა, რომ მალე ყველა ერთად კომუნისტურ რეჟიმს დაამხობდნენ.
1989 წელს, მაშინ როცა ჩვენ ბარებით და ნიჩბებით დაგვხოცეს და ჩვენი დისიდენტები ხელისუფლებაში დაბინავდნენ, იქ, პრაღაში, ასიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. კომუნისტურ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა ჩაეხშო მათი პროტესტი, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს პირველ რიგში ამ საპროტესტო ტალღის ავტორის, ვაცლავ ჰაველის დამსახურება იყო. მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ეკლესიამაც. ეკლესია ჩვენს დისიდენტებსაც ედგა მხარში, თუმცა აქ ყველაფერი სხვაგვარად და რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად განვითარდა.
ჩვენთან 1989 წელს სისხლიანს ეძახიან, ჩეხოსლოვაკიის ისტორიაში კი "ხავედოვანი რევოლუციის" წლადაა ცნობილი.
ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.
როდესაც სლოვაკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჰაველმა თქვა, რომ ცუდია თუ სლოვაკებს მათთან ერთად ცხოვრება არ სურთ, მაგრამ თუკი ეს ნება ხალხმა რეფერენდუმით გამოხატა, რა გაეწყობა.
ამის გამო ის ბევრმა გააკრიტიკა. ამერიკის მარიონეტს უწოდებდნენ, ლანძღავდნენ, ჩეხოსლოვაკიის დაშლაში სდებდნენ ბრალს.
გავიდა რაღაც პერიოდი და ყველამ თქვა, რომ ჰაველი სწორად მოიქცა. სწორედ მისი წყალობით არ დაერია სამკვდრო–სასიცოცხლოდ ერთმანეთს ორი ერი.
მან ხომ იცოდა. განათლებული კაცია ვაცლავ ჰაველი, მარტო პატრიოტი კი არა. გადასარევად იცოდა სლოვაკეთში ჰიტლერის ჩადებული ნაღმის შესახებ. მას მხოლოდ უნდა შეხებოდნენ. ჰაველი ყველაფერთან ერთად "განაღმვის" ოსტატიც აღმოჩნდა :–)
"პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული ადამიანებში არსებული საუკეთესო თვისებების მობილიზება მოხდება თუ ცუდის. ჩემი აზრით, პოლიტიკოსების მოღვაწეობა დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე და მათი მოვალეობაა ადამიანებში გამოძებნონ და განავითარონ ყოველივე საუკეთესო. ზოგიერთებს გულუბრყვილო მეოცნებე ვგონივარ, მეოცნებე, რომელსაც, არათავსებადის, ანუ პოლიტიკის და ზნეობის შეთავსება სურს. ეს ძველი სიმღერაა!"
"გულუბრყვილო მეოცნებე" 1993 წელს ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა.
მისი მმართველობის 13 წლის მანძილზე, ქვეყანამ რადიკალური და რაც მთავარია დადებითი ცვლილებები განიცადა.
2003–ში წავიდა. წავიდა მშვიდად, მადლობით. და ამავდროულად მობოდიშებით – "მათ ვისაც იმედები გავუცრუე, გულწრფელად ვწუხვარ და მჯერა, რომ მაპატიებთ".
მართალია ევროკავშირში ჩეხეთი 2004 წელს შევიდა, მაგრამ ეს მთლიანად მათი პირველი პრეზიდენტის დამსახურება იყო.
ვაცლავ ჰაველმა მოახერხა ყველაზე მთავარი – არ აჰყვა პოსტკომუნისტური რეალობის გავრცელებულ ტენდენციებს, არც ფანატიკოსი თაყვანისმცემლებით გარშემორტყმულ ბელადად იქცა და არც პრაგმატულ ლიდერად. ჩეხოსლოვაკიის დაშლაც ღირსეულად მიიღო და ზნეობრივი პოლიტიკის ერთ–ერთი სიმბოლოც გახდა.
"არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკაში იმარჯვებენ მხოლოდ უსულგულო ცინიკოსები, თავხედები და უტიფრები. ასეთ ადამიანებს პოლიტიკა მართლაც იზიდავს, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ყველაზე მეტად პატიოსნება და კარგი აღზრდა ფასდება".
კარგად დავფიქრდეთ და დავიმახსოვროთ, როგორი აუცილებელია ადამიანს გააჩნდეს ერთი სავსებით ჩვეულებრივი რამ – გემოვნება... მისი ყველაზე ფართო გაგებით.

P.S. ჰო, და მისი გემოვნების მაჩვენებელი ერთი პატარა შტრიხიც – ფრენკ ზაპამ უარი უთხრა, თორემ ვაცლავ ჰაველმა მას ჩეხეთის კულტურის მინისტრობა შესთავაზა.
ეს(ჰაველი) – რა გემოვნებიანი, ის(ზაპა) – რა ჭკვიანი.
ამაზეც ღირს დაფიქრება :–)

Wednesday, December 1, 2010

სეზონი – გავლანძღოთ თუ შევაქოთ?

ერთი წლის წინ გავიგე, რომ ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ბორჩხაძე (სახელი და გვარი თუ მეშლება, მაპატიეთ :–) ) სადებიუტო ფილმის გადაღებას აპირებდა, რომ ფილმს "სეზონი" ერქმეოდა და მისი გმირები ბათუმში უცნაურ ისტორიაში გაეხვეოდნენ. მაშინ მემგონი დავწერე კიდეც, რომ ძალიან მინდოდა ამ ფილმის ნახვის მერე მაინც არ გამოვსულიყავი დარბაზიდან ტექსტით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე".
რამდენიმე დღის თუ ერთი კვირის წინ, ფილმის პრემიერა შედგა. პრემიერაზე წასვლა ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ მოვისმინე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი, მათ შორის ისეთებისაც, ვისაც ძირითად შემთხვევებში ვეთანხმები ხოლმე. ფილმის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი იყო. აღნიშნავდნენ, რომ ფილმის ხარისხი კარგია, თუმცა თვითონ ფილმი არ ვარგა, რომ მწირი სიუჟეტი აქვს, რომ არაფერი არ ხდება და შეიძლება ჩაგეძინოს კიდეც. იძლეოდნენ რჩევებს – " თუ მკითხავთ, წახვიდეთ თუ არა ფილმის სანახავდ, მე გეტყვით რომ არ ნახოთ" და კიდევ მრავალი სხვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფილმის სანახავად მაინც წავედი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ იქ არც "ამარკორდი" დამხვდებოდა, არც "კაბირიას ღამეები" და არც "სანაპირო", თუ "ნაპირი", როგორ ქვია ლეონარდო დიკაპრიოს "Пляж"-ს ქართულად?
მოკლედ ფილმი ვნახე. სხვათა შორის ველოდებოდი როდის დამეძინებოდა, მაგრამ გაგიკვირდებათ და არ დამეძინა :–)))) ხო და კიდევ, აქვე დასაწყისშივე ვიტყვი, ფილმის სპონსორები არიან ლუკოილი, VTB ბანკი და ბილაინი. ეს ისე, რუსოფობებისთვის. მერე, ფილმის ყურებისას პირკატა რომ არ ეცეთ და შეურაცხყოფილად რომ არ იგრძნონ თავი :–))))))))
ხოდა რას ვამბობდი? ფილმი, ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც ხარისხიანია და არ გავს აღიარებული ქართველი რეჟისორების (რა თქმა უნდა გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, ისედაც ყველა მიხვდება) მობილურით გადაღებულ ფილმებს. ჩანს, რომ არც სცენარი დაწერილა "სალფეტკის" ერთ ფარატინა ფურცელზე, ისიც ჩანს, რომ მთელს გადამღებ ჯგუფს უმუშავია და არ უმაიმუნია, როგორი შთაბეჭდილებაც ზემოთხსენებული ფილმების ნახვის შემდეგ მრჩება ხოლმე. კარგია ისიც, რომ ფილმში არაა დაკავებული არცერთი პროფესიონალი მსახიობი. რომ ვთქვა, პროფესიონალი მსახიობებით დახუნძლული ახლადგადაღებული ქართული ფილმები პირდაპირ ფურორს ახდენენ მაყურებელზე თქო, ტყუილი იქნება. ფილმში არაა არცერთი გაცვეთილი და ყელში ამოსული სახე. არაპროფესიონალების კვალობაზე ყველა მშვენივრად ართმევს თავს დავალებას.
აღსანიშნავია ფილმის მუსიკალური გაფორმება. ჩანს, რომ რეჟისორს კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ტრაილერში ზეპელინიც ჟღერდა და სად წაიღეს კაშმირი? ველოდი არადა. აი იმ დრამატულ მომენტში, როცა საბოლოოდ დაიჯერებენ, რომ ცუდადაა საქმე და სასოწარკვეთილები გასცქერიან არარსებულ მშველელს.
გამიკვირდა ისიც, რატომ ამბობდა ხალხი, რომ ვერ გაიგეს ფინალი? რა იყო იქ გაუგებარი, ნუ გადამრიეთ :–)
მე არც კინოკრიტიკოსი ვარ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან დამკვიდრდა მოდა. მოდა იმისა, რომ ყველაფერში დავინახოთ მხოლოდ ცუდი და არაფრით არ აღვნიშნოთ არაფერი კარგი. არ დავინახოთ ის, რომ რეჟისორი დებიუტანტია და ფაქტია, რომ უკვე გამოცდილ რეჟისორებს (რამდენიმეს მაინც) აჯობა ამ თავისი "სეზონით".
მართლა კარგი იქნებოდა ცოტა დინამიური რომ ყოფილიყო ფილმი, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაუყარო ადამიანს. არა – მაინცდამაინც უარყოფითი შეფასება უნდა მივცეთ ყველაფერს, არ დავინდოთ, არ ვაპატიოთ ერცერთი ლაფსუსი და ამისთვის მედლებს დაგვირიგებენ. ასეთი მიდგომა არ შეიძლება და მორჩა. ამ კრიზისის ფონზე რამეს მაინც თუ დავინახავთ კარგს, ვთქვათ რა. კარგიც ვთქვათ, ხომ შეიძლება?
და კიდევ. ერთი საგულისხმო ფაქტი – ფილმის გამოსვლამდე თვეებით ადრე შემოქმედებით ჯგუფს არ შევუწუხებივართ ფილმის წინასწარი ქება–დიდებით, არ გაუხვრეტიათ ჩვენთვის ტვინი სხვადასხვა შოუებიდან. ამისთვის ნამდვილად არიან მადლობის ღირსები.
მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ამიტომ ვეცდები ნელ–ნელა დავასრულო. ვინმეს არ ჩაეძინოს კითხვისას :–)))))
ერთი რამ მინდა ვთქვა მხოლოდ – ნუ ჩავუკლავთ ყველაფრის კეთების სურვილს ახალგაზრდა რეჟისორებს, მათ ვისშიც არის იმის პოტენცია, რომ დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწონ და კარგი ფილმები გვაჩვენონ. ეს რა, ჩვენთვისაც კარგი არ იქნება?
მე წარმატებას ვუსურვებ რეჟისორს და ვეტყვი, რომ მისი ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ნამდვილად არ გამოვსულვარ ტექსით – "რით ვერ ვისწავლე ჭკუა, რას დავდივარ ამ ქართულ ფილმებზე" :–))

Monday, November 1, 2010

"შუშანიკის წამება" – ოჯახური დრამა

"იყო მერვესა წელსა, სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძეი არშუშაისი".
პირადი კეთილდღეობის სურვილით შეპყრობილმა ვარსქენმა უპრობლემოდ უარყო სარწმუნოება და მეფის გულის მოსაგებად ასულის ხელიც ითხოვა. თანხმობაც მიიღო და სახლში იმ იმედით წამოვიდა, რომ ცოლ–შვილსაც ადვილად მოაქცევდა ახალ რჯულზე. თუმცა მაინც თადარიგი დაიჭირა და გზიდან შეატყობინა ოჯახს, არტოშანი ვაღიარე, მოვდივარ და თქვენც იგივეს გიპირებთო. იცოდა ალბათ თავისი ცოლის ხასიათი და იფიქრა, სანამ მე ჩავალ მანამდე მოითავებს ჩხუბს და სიბრაზესო. და ძალიანაც შეცდა. შუშანიკი ის ქალი არ იყო ასე ადვილად გადაეყლაპა შეურაცხყოფა.
"ქუეყანასა ზედა დავარდნა და თავის დამართ ცემა" მხოლოდ დასაწყისი იყო.
ვერავინ იტყვის იმას, რომ შუშანიკი არ იყო ნამდვილად მორწმუნე ქრისტიანი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, მისი პირველი ასეთი მწვავე რეაქცია მხოლოდ ვარსქენის გამაზდეანებას არ გამოუწვევია. პირველ რიგში ის იყო ქალი, რომელმაც გაიგო, რომ სხვაში გაცვალეს. მისი თავმოყვარეობა შეილახა. ამიტომაც წავიდა მახლობელ ეკლესიაში და "მიეყრდნა ყურესა ერთსა და მწარითა ცრემლითა ტიროდა". შეიძლება ვცდები, მაგრამ არა მგონია, რომ შუშანიკი ცხარე ცრემლით მხოლოდ ქმრის გაურჯულოებას დასტიროდა.
ის პირველი ქალი იყო (საქართველოში. სხვაგან არ ვიცი ამ დროს რა ხდებოდა), რომელიც ქმარს გაეყარა – "არა დამონებულ არს ძმაი, გინა დაი, არამედ განეყენენ". როდესაც ვარსქენმა სახლში დაბრუნება უბრძანა, შუშანიკმა საკმაოდ მკვახე პასუხი შეუთვალა – მე შევქმენი შენთან ოჯახი და მევე შემიძლია მისი დანგრევაო. აქედან ჩანს, რომ ის საკმაოდ ჯიუტი და თამამი ქალი იყო.
შუშანიკმა თავიდანვე იცოდა ვარსქენის სპარსეთში წასვლის მიზანი. მას შეეძლო წინასწარ, მის წასვლამდე გაეკეთებინა ის, რაც ქმრის ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ვარსქენი "საქმიანი შეხვედრიდან" ახალი ცოლით ხელდამშვენებული დაბრუნდებოდა. აი სწორედ მაშინ გადაწყვიტა შუშანიკმა სამაგალითოდ დაესაჯა მოღალატე ქმარი.
მათი დაპირისპირება კარგად ჩანს "პურობის" ეპიზოდში, როდესაც პიტიახშმა მოინდომა ჯოჯიკის და მისი ცოლის გარემოცვაში შერიგებოდა მეუღლეს. აქ გამოიკვეთა პირველად შუშანიკის მძიმე ხასიათი, როდესაც მან "ჭიქაი იგი პირსა შეალეწა" მაზლისცოლს. ამ უტაქტო საქციელმა ვარსქენი გადარია და გათამაშდა "გრუზინი" ქმრის და ურჩი ცოლის სკანდალური სცენა თავისი ასტამებით, თვალის დაბუშტვით, მძვინვარებით და ყივილით. კეთილშობილი ჯოჯიკი შუშანიკის დაცვას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსანახულებლად მისულს, რძალმა არც მას დააკლო ჩხუბი – "და შენ ჯოჯიკ არღარა ჩემი მაზლი ხარ, და არცაღა მე შენი ძმისცოლი, არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს".
ნაცემ დედოფალს იმის თავი მაინც ჰქონდა, რომ იაკობ ხუცესისთვის მოეთხოვა თავისი სამკაულები ვარსქენისთვის დაებრუნებინა. მაგისი არაფერი აღარ მინდაო :–))) და თან ამშვიდებდა სულიერ მოძღვარს, ნუ ნერვიულობ, "დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე"–ო. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ღრმად მორწმუნე ადამიანმა ქმარი, თან რეგვენი, ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, რომ თავი აცემინო და ამით კიდევ უფრო დაუმძიმო ისედაც ურწმუნო სული?
ვარსქენმა თავის მხრივ, ძალიან კმაყოფილმა მიითვალა სამკაულები და ნიშნისმოგებითაც თქვა: "მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს"–ო. ისიც მეშჩანი :–)))
ჩვეულებრივი ოჯახური დრამაა, არა?
შემდეგ? შემდეგ შუშანიკი კვლავ განაგრძობდა ვარსქენის დასჯას, უინტელექტო პიტიახში კი ცოლის წამებას. თუმცა, არა მგონია, რომ ვარსქენის ასეთი სადისტობა მაინცდამაინც გამაზდეანებით ყოფილიყო გამოწვეული. ის ნებისმიერი აღმსარებლობის შემთხვევაში იქნებოდა ე.წ. "ვირი ქმარი", რომელსაც ცოლი არცერთ სიტყვას არ არჩენდა.
შეეძლო ალბათ შუშანიკს, ქმრის გამაზდეანების შემდეგ, წასულიყო რომელიმე შორეულ მონასტერში, აღკვეცილიყო მონაზვნად და ელოცა თავისი უბადრუკი ქმრის სულისთვის. არა მგონია ვარსქენს თავი მოეკლა და მონასტერ–მონასტერ ეძებნა ხვეწნით,დამიბრუნდი შენი ჭირიმეო. მოქცეულიყო ისე, როგორც მრავალი საუკუნის მერე რუსუდან დედოფალი მოიქცა, როცა მისმა ქმარმა დავითმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ყივჩაღი ქალი მოიყვანა ცოლად. იტირა იმ ქალმა, იგლოვა თავისთვის და არავინ არ შეუწუხებია ისე წავიდა მონასტერში. რატომ არ იხსენიებენ არსად რუსუდანს? იმიტომ, რომ ის არ უცემიათ, მას სხეული არ დაწყლულებია, მატლები არ დახვევია და არავისთვის მიუცია საშუალება გაეროზგათ.
შუშანიკი ცდილობდა ვარსქენის გამაზდეანება და მისი წამება ქართლის საპიტიახშოს საზღვრებს გასცდენოდა და მთელს საქართველოს მოსდებოდა. რასაც მიაღწია კიდეც.
შუშანიკს ძაძები ეცვა, თუმცა ამას ძვირფასი სადედოფლო წამოსასხამით ფარავდა. მიუხედავად ზეციური ცხოვრებისკენ სწრაფვისა, თავმოყვარეობა არ აძლევდა ნებას ძაძები გამოეჩინა. ან ეს დიდებული წამოსასხამი რაღად უნდოდა ნაგვემ დედოფალს, ესეც გაუგებარია. ქმარს გაშორდა და წამოსასხამს მაინც ვერ თმობდა.
მისი წამება 7 წელს გაგრძელდა.
დარმაედი ვარსქენი გადაწყვეტილებას არ ცვლიდა.
არ თმობდა არაფერს შუშანიკიც.
თუმცა წლებმა ქალს ბრაზი ვერ გაუნელა, ვერ აპატია ქმარს დანაშაული. ის ამდენი წლის მერეც ვერ შეეგუა არსებულ მდგომარეობას. მაინც მისტიროდა თავის ძველ ცხოვრებას და ღმერთს ვარსქენის სათანადოდ დასჯას თხოვდა – "მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოსთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო და შუენიერებაი სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდებაი ჩემი დაამდაბლა".
მასთან თითქმის ყოველ დღე მიდიოდა მისი სულიერი მოძღვარი, ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა სასულიერი პირები, უბრალო ხალხი (ერთი მოგვი ქალი მოექცა კიდეც), მოინახულეს ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა. დიახ, სწორედ იმ ქალმა, ჭიქა თავზე რომ გადაალეწა შუშანიკმა.
ასეთი ყურადღების და პატივისცემის მიუხედავად, სიცოცხლე შუშანიკმა მაინც უკმაყოფილო სიტყვებით დაასრულა– "არავინ იპოვა კაცთაგანი, რომელსამცა აქუნდა წყალობაი და ტკივილი ჩემთვის".

P.S. ამას რომ ვწერდი, ერთი, ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში წაკითხული მოთხრობა გამახსენდა. ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს. სადაც უმცროსი ძმა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლე გაუმწაროს უფროს ძმას. ერთხელაც, მშობლები 2 დღით დატოვებენ ძმებს მარტო და რაღაც საქმეზე სხვა ქალაქში წავლენ. იმავე საღამოს უმცროსი ბიჭი სახლის სახურავზე ავა და იქიდან გადმოხტება. თავს მოიკლავს. გადმოხტომის წინ კმაყოფილი გაიფიქრებს – ოჰ, რა დღეში ჩააგდებენ ჩემს ძმას, იმის გამო, რომ სათანადო ყურადღება არ მომაქციაო.

Monday, September 6, 2010

ყვავილებს შორის გაფრენილი პეპლები

ნიკამ ფული კიდევ ერთხელ გადათვალა. კონვერტში ჩადო და უჯრაში შეინახა.
–50 ლარი დამრჩა საშოვნელი, გაიფიქრა კმაყოფილმა და გაიღიმა.
ყოველთვის, როცა თვალებს ხუჭავდა, ფერად–ფერადი ფოიერვერკი და ელენეს გაბრწყინებული სახე წარმოუდგებოდა თვალწინ.
–ელენე ჭკვიანია. ყველაფერს მიხვდება. თუ არადა, ვეტყვი, გაიფიქრა და შეეშინდა.
სახლიდან გამოვიდა.
ელენეს აივანთან ნაბიჯი შეანელა. აიხედა.
–ნიკა, როგორ ხარ?
ელენე ხელს უქნევდა და უღიმოდა.
გაწითლებულმა ნიკამ სირბილით გადაჭრა ქუჩა.
–––––––––––
–ჩემთვის არ გაქვთ საქმე?
–აბა მოუსვი აქედან. ძალიან შემოგვეჩვიე შენ.
–გეხვეწებით რაა. აი, ამ ბლოკებს გადავზიდავ.
–წადი მეთქი. რას გადაგვეკიდა ეს ჭკუასუსტი.
–ნუ ეჩხუბები. ჭკუასუსტია, მაგრამ ძალა ერჩის. კარგი ბიჭია. წამოდი ბიძია ჩემთან.
კაცმა თავჩაღუნულ ნიკას მხარზე ხელი დაჰკრა.
–ქვიშას აი იმ სახლთან მიიტან. შეძლებ?
გახვითქული ნიკა მთელი დღე კმაყოფილი დააგორებდა ქვიშით სავსე ურიკას ხარაჩოების მიმართულებით.
–სკოლაში არ დადიხარ ბიძია შეენ?
–არა, ჩემნაირებს სკოლაში არ იღებენ.
–ეს ფული რაში უნდა დახარჯო?
–ვაგროვებ. სალუტები უნდა გავუშვა.... ერთი გოგოს ფანჯრებთან
–კარგი ბიჭი ხარ შენ.
–შეიძლება ხვალაც რომ მოვიდე?
–მოდი ბიძიკო, მოდი.
გახარებული ნიკა სახლისკენ გარბოდა.
–ჭკუასუსტი ეძახე შენ. გოგოს სიურპრიზს უმზადებს. არ ეჩხუბო ხვალ. იმუშაოს.
–პრემიაც ხომ არ მივცეთ? დამცინავად ჩაიცინა წითურმა მუშამ
–ხვალ მოვა და იმუშავებს, დამარცვლით თქვა კაცმა და წამოდგა.
––––––––––––––
ნიკა ლოგინში იწვა. ელენეზე ფიქრობდა. თვალებს ხუჭავდა და ყვავილებს შორის გაფრენილ პეპლებს ხედავდა.
–––––––––––––––
–ნიკა, მოდი აქ. დაისვენე. აი, პური და ძეხვი. შეჭამე. დღეს კარგად იმუშავე. ამიტომ დამატებით 10 ლარს მიიღებ.
ნიკა გაბადრული ჭამდა ბუტერბროდს და ენის ბორძიკით ცდილობდა მადლობის გადახდას.
––––––––––––––––
დიდხანს ითვალა ფული.
–ერთი დღეც და ბოლომდე შევაგროვებ. ელენეს გაუხარდება. ვიცი.
კონვერტი ისევ უჯრაში ჩადო.
ქუჩაში გავიდა.
ელენეს აივნის ქვეშ ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
-მაინც როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
–რა ვქნა?
–რას ქვია რა ქნა, ბავშვს ხვალ–ზეგ სწავლა ეწყება. წიგნები არ აქვს.
–რამეს მოვახერხებ.
–ვიცი მე შენი მოხერხებულობის ამბავი. წელსაც იმ დახეული ფეხსაცმლით გავუშვათ სკოლაში? დიდია უკვე. დაკომპლექსდება. პალტოც დაუმოკლდა, მესამე წელია აცვია.
–რა ვქნა, არ მაქვს. ვიქურდო?
–რაც გინდა ის ქენი. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. ბავშვი მეცოდება, თორემ ჩემი თავი ჯანდაბას.
ნიკა შეშინებული უსმენდა ცოლ–ქმრის დიალოგს.
კაცი აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა.
ქალი ნერვიულად ფენდა სარეცხს.
–და სხვათა შორის , სარეცხის ფხვნილიც დამთავრდა. იარე გასარეცხი ტანსაცმლით.
კაცმა სიგარეტი მოისროლა და ოთახში შევიდა.
ნიკა წამოდგა, შარვალი ჩამოიფერთხა და ნელი ნაბიჯით სახლისკენ წავიდა.
–ელენეს წიგნები არ აქვს. ელენეს დახეული ფეხსაცმელი აცვია. ელენეს პალტო დაუმოკლდა; ჩუმად იმეორებდა.
უჯრიდან კონვერტი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო.
–ნიკა, ნიკაა, მოდი გვეთამაშე
ბავშვები ყვირილით მისდევდნენ. ნიკას მათკენ არც გაუხედავს, ხელი აუქნია და ქუჩაზე გადავიდა.
სადარბაზოში შევიდა. საფეხურები მუხლების კანკალით აიარა.
კონვერტს კიდევ ერთხელ დახედა, კართან ფრთხილად დადო, ზარი დარეკა და კიბე კისრისტეხით ჩაირბინა.
–––––––––––––––––––––
ოთახს ლამპიონების შუქი მკრთალად ანათებდა.
ნიკა ლოგინში იწვა.
–კიდევ შევაგროვებ ფულს, გაიფიქრა და თვალები დახუჭა.

Friday, September 3, 2010

შორეული ნაოსნობის მეზღვაური :–)))

ამ ქალაქში ყველას ყველაფერი რომ აინტერესებს, ეს ახალი ამბავი არაა. თუმცა არის შემთხვევები, როცა ინტერესი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც აუცილებელი ვალდებულება იმისა, რომ, შეხვედრისას რამდენიმე შაბლონური შეკითხვა დაგისვან. დარწმუნებული ვარ ყველა გოგო, ვინც ჯერ არ გათხოვილა, ჩემსავით დატანჯულია შეკითხვით:
–შენ კიდევ სახლში ზიხარ? როდის უნდა გათხოვდე?
ამ დროს ზრდილობა არ გაძლევს უფლებას, ბოლოს და ბოლოს მიახალო, რომ აბსოლუტურად არავის საქმე არაა, რამდენ ხანს ვიჯდები სახლში და როდის გადავწყვეტ გათხოვებას. ამიტომ იძულებული ხარ გაუღიმო და რამე სისულელე უპასუხო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ბოლო დროს შეკითხვა გაახალგაზრდავდა. ანუ, ადრე თუ მარტო ხანშიშესული ქალები ინტერესდებოდნენ, ახლა შეტევაზე უკვე ახალგაზრდა თაობა გადმოვიდა. თან ძირითადად ისეთები ინეტერესდებიან, ისევ ზრდილობის გამო რომ არ უპასუხებ
– "ზუსტად იმიტომ, რომ შენნაირი ქმარი არ მინდა მყავდეს".
ორი თუ სამი დღის წინ, ჩემი მეგობარი მარიამი შემომჩიოდა, აღარ შემიძლია, რატომ ადარდებს ამ ხალხს ჩემი ბედი, ნუთუ არ შეიძლება სხვა თემაზე ელაპარაკონ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ ნაცნობს, რომელიც გზად რომ არ შეხვედროდა, შეიძლება ისე გასულიყო თვეები, საერთოდ არ გახსენებოდაო.
საქმეც მაგაშია. აქ ზრუნვასთან კი არა, თავისმომაბეზრებელ და დაზეპირებულ შეკითხვასთან გვაქვს საქმე, რომელიც თუ არ დასვეს, თვლიან, რომ მოკითხვის "პროგრამა მინიმუმი" შეუსრულებელი დარჩებათ. ვალს კარგად ვერ მოიხდიან :–)))
სწორედ ამ დროს მომივიდა აზრი და მარიამსაც შევთავაზე. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულისგამაწვრილებელი და ყოვლად უაზრო შეკითხვები პირადი ბედნიერების შესახებ, გამოვაცხადოთ, რომ გავთხოვდით. წინასწარ ვიზრუნოთ იმაზეც, რომ (მერე ქმრების გაცნობაც რომ არ მოგვთხოვონ), ყველა პოტენციურ ცნობისმოყვარეს ჩვენ თვითონ ვუთხრათ, რომ ჩემი ქმარი მეზღვაურია და შორეულ ნაოსნობაშია წასული, მარიამის კი სამხედროა და რომელიღაც გადაკარგულ ქვეყანაში (ეს მარიამის პრეროგატივაა და ქვეყანა თვითონ აირჩიოს) იბრძვის :–)))))
დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნით დავისვენებთ.
თუმცა, რაღაც პერიოდის მერე იგივე მზრუნველი ნაცნობები ახალი შეკითხვებით დაგვესხმიან თავს:
– ბავშვს არ აპირებთ? (ჯერ რა ფორმულირებაა, რას ნიშნავს ეს "აპირებთ"?).
ხოდა ვფიქრობ, რა მოვიგონო? ისღა დამრჩენია, ყველა დაინტერესებულ ნაცნობს ვუთხრა:
–ბავშვი გავაჩინე, ბიჭი, როგორ გამოგეპარათ? მამასთან გავაგზავნე, გემზე, იუნგობას სწავლობს. მინდა პატარაობიდანვე მიეჩვიოს სირთულეების გადალახვას :–))))
მარიამმა თვითონ მოიფიქროს სად გაუშვებს შვილს, ჯერ კადეტთა კორპუსში ჩვილთათვის, თუ პირდაპირ მამასთან, ფრონტის ხაზზე :–))))

Sunday, August 29, 2010

ამსტერდამი–თბილისი

იმ წელს ნაადრევად აცივდა. სექტემბრის ბოლოს ქუჩები ქურთუკიანი ადამიანებით გაივსო. მომაბეზრებლად წვიმდა; წვრილად, მონოტონურად, გადაუღებლად. წვიმის წვეთები ციდან ნემსებივით ცვიოდა.
აეროპორტის ფოიეში ზურგჩანთიანი ბიჭი იდგა, ჩალისფერი თმებით.
–არა მგონია მიგნება გამიჭირდეს. პატარა ქალაქია. ტაქსისტს ეცოდინება ცოტა ინგლისური ბოლოს და ბოლოს.
გარეთ გამოსულმა პირველივე ტაქსი გააჩერა.
-Lisilidze street, please
–ლესელიძეზე გინდა, ჯიგარო?
–Yes, yes, Leselidze street.
ფანჯრიდან ხედავდა გაცრეცილ ცას. თაკოს გაოცებული სახის წარმოდგენაზე წინასწარ ეცინებოდა.
–პირველი შოკი როგორც კი გადაუვლის, მაშინვე ცხელ ყავას მოვთხოვ. ნეტა უკოფეინო ყავა იყიდება ამ ქვეყანაში?
ზარი დარეკა.
კარი მოხუცმა ქალმა გააღო.
–თაკო?! მე მისი მეგობარი ვარ, ბილი, ამსტერდამიდან.
ქალმა მხოლოდ თაკო, ბილი და ამსტერდამი გაიგო, დაბნეულმა თავი დაუქნია და სახლში შეიპატიჟა.
ჰოლში ხელით ანიშნა, აქ დამელოდეო და ოთახში შევიდა.
–შენ გკითხულობენ. ბილი ვარო, ამბობს. ამსტერდამიდან. მემგონი მისამართი შეეშალა.
–რას ამბობ? ბილი? როგორ, აქაა?
გაფითრებული გოგო საწოლში წამოჯდა.
–უთხარი, რომ მისამართი შეეშალა, ან უთხარი, რომ დღეს დილას მოვკვდი. რაც გინდა ის უთხარი. არა, სჯობს უთხრა, რომ სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად და მისამართი არ იც...
სიტყვა გაუწყდა.
კარში ბილი იდგა. ზურგჩანთამოკიდებული და ოდნავ დაბნეული.
–მე, მე....... მე არ მეგონა, რომ....... რატომ ჩამოხვედი, მისამართი როგორ გაიგე? მე .... საწოლიდან ვერ ვდგები. მაქსიმუმ იმ სავარძელში გადავჯდე. მინდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ მეშინოდა, რომ აღარ მოინდომებდი ჩემთან ლაპარაკს. მე.... ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩამოხვიდოდი.
გოგოს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. სახეს ხელისგულებით იწმენდდა.
ბილიმ ზურგჩანთიდან რვეული ამოიღო, რამდენიმე წინადადება დაწერა და თაკოს მიაწოდა.
–მუნჯი ხარ?
ბილიმ თავი დაუქნია.
–მეც არ ვიფიქრე რა უცნაური ბიჭია თქო. ქაღალდზე დაწერილი რომ მომაწოდა წეღან – ბილი ვარ და თაკო მინდაო.
სიტუაციაში უცებ გარკვეულმა მოხუცმა ღიმილით მოუსვა მხარზე ხელი ბიჭს და ოთახიდან ფეხების ფრატუნით გავიდა.
–მარტო მუნჯი ხარ? რასაც გელაპარაკები, გესმის?
ბილიმ გაუღიმა და ისევ დაუქნია თავი.
თაკო აღარ ტიროდა. გაოცებული შესცქეროდა მომღიმარ ბიჭს, რომელსაც ნაცრისფერი თვალები და ჩალისფერი თმა ჰქონდა.
–დაჯექი, ბილი. გარეთ წვიმს. შეგცივდებოდა. ცხელ ყავას არ დალევ?
–მთელი გზა ყავაზე ვოცნებობდი.
უკოფეინო ყავის მოთხოვნა მოერიდა.
–დიდი ხანია ვერ დადიხარ?
–ასეთი დავიბადე. ეს ეტლი რომ არ მქონდეს, სახლიდანაც ვერ გავიდოდი. შენც დაბადებიდან მუნჯი ხარ?
–არა, მე 10 წლის ასაკში ვირუსი გადავიტანე. მას მერე ვარ ასე.
–რა საოცრებაა. მე ვერ დავდივარ, შენ ვერ ლაპარაკობ. და მაინცდამაინც ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი.
–ჰო, მართლა საოცრებაა. იქნებ ჩემს ქვეყანაში შველიან შენნაირებს. გავაგზავნოთ შენი დიაგნოზი.
თაკოს გაეღიმა.
–არ გამოვა ჩემი ეტლიდან ადგომა.
–ვცადოთ.
–შეგიძლია აქ დარჩე. სასტუმრო ოთახში დაიძინე. ხვალ თუ არ იწვიმებს, გავისეირნოთ.

–––––––––––––––
ქუჩაში ციოდა. ბილი ფურცელზე რაღაცას წერდა.
–გინდა ცოტა შორს გავისეირნოთ. მე ხომ აქ ვარ, დაგეხმარები.
–კარგი. მოედნამდე ავიდეთ. იცი ეს ქალაქი რამდენი წლისაა?
ბილიმ ხელები გაშალა, საიდან უნდა ვიცოდეო.
–ათას ხუთასის. ძველია. გინდა ლეგენდა მოგიყვე?
ბილი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
თაკო ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა და ბილის უღიმოდა.
ბილი ღრმად ისუნთქავდა საფუნთუშედან გამოსულ სურნელს და უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობდა. თითქოს ჰაერში დადიოდა. გამჭვირვალე ჰაერში. თაკოს ხმა მელოდიური მუსიკასავით ჩაესმოდა.
–აქ უნდა გადავიდეთ.
თაკო წინ მიდიოდა. ბილიმ გაცრეცილ ცას ახედა და გაიფიქრა, რომ თბილისი კარგი ქალაქია. იმიტომ, რომ აქ თაკო ცხოვრობს.
მანქანის მუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა.
საჭეარეული მძღოლი ტროტუარზე ასული თაკოსკენ მიქროდა.
–თაკო, ხმამაღლა დაიყვირა ბილიმ. –თაკო, მარჯვნივ გაიწიე.
მანქანამ დაამუხრუჭა და გაჩერდა.
ბილიმ თაკოსთან მიირბინა და ეტლთან ჩაჯდა. 
–შენ ლაპარაკობ, თქვა ნირწამხდარმა გოგომ.
ბილიმ ზურგჩანთიდან რვეული ამოიღო, სწრაფად დაწერა და თაკოს მიაწოდა:
–ჰო, ყველა დანარჩენისთვის ვლაპარაკობ. შენთვის მუნჯი ვარ. და შეწინააღმდეგებას ნუ ეცდები.
თაკო უყურებდა ასფალტზე ჩამომჯდარ ბიჭს, რომელსაც მზე, რომელიც თბილისის თავზე გამომკრთალიყო, ჩალისფერ თმას კიდევ უფრო უღიავებდა.