Thursday, February 21, 2013

მილიტარისტული აბსურდი – თარჯიმნის დღიურები


ჰო(ჰ)ენფელსის საწვრთნელი ბაზა.  ვითომ გერმანია

პირველი დღე – თვითმფრინავი
თვითმფრინავის ტრაპზე ასვლისას თავში მუდმივად ერთი აზრი მიტრიალებს – გავიქცე და ისე დავიმალო, რომ ვერავინ მიპოვოს. თუმცა მაინც ყოველთვის ჩემი ფეხით შევდივარ რკინის ამ საშინელ ურჩხულში, რომელიც რამდენიმე წუთში ჰაერში გამოეკიდება და რამე თუ გაუფუჭდა, უყარე მერე კაკალი.  ამ დროს ჩემი ერთადერთი იმედი ის ჯადოსნური ტაბლეტია, რომელიც მუხლების კანკალსაც მიჩერებს, გულისცემასაც მირეგულირებს და მემგონი საერთოდ აზროვნებასაც მაკარგინებს. რა საჭიროა თვითმფრინავში აზროვნება? ჩემი აზრით, ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანისთვის საღი გონება ზედმეტ ბარგს წარმოადგენს, თვითმფრინავია.
ნიურნბერგში ღამე ჩავფრინდით. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერც მეორე დღეს და ვერც უფრო მოგვიანებით, ვერაფრით გავიხსენე გზა აეროპორტიდან ჰო(ჰ)ენფელსამდე. ავტობუსით ჩამოვედით. ეს ვიცი – გადმოცემით, მაგრამ თვითონ ფაქტი მთლიანად ამოვარდნილია ჩემი მეხსიერებიდან. იდგა 20 ივლისის ღამე, ციოდა და მინდოდა რაც შეიძლება მალე დამეძინა, რომ დილით აქ ყოფნის ერთი დღე უკვე გასული ყოფილიყო.
მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე  მივხვდი, რომ პირველი ღამე ყველაზე მშვიდი იყო ჩვენს ჰო(ჰ)ენფელსურ ცხოვრებაში და ის აღარასდროს განმეორდებოდა.

მეორე დღე – ბულგარელთა ტრიუმფალური სვლა და ქალ თარჯიმანთა ბარაკის სრული ოკუპაცია
ცივა. ვნანობ, რომ „Ugg”-ები არ წამოვიღე, რომლებიც ამავე ბაზაზე თებერვალში, –29 გრადუსში მეცვა. ქუდიც მინდა და კაშნეც. ბარემ თოვლიც მოვიდეს, ამის დედაც ვატირე. დისკომფორტია. ისე, ბულგარელების მოსვლას თოვლის მოსვლა ჯობდა. ბარაკის კარი გაიღო და ფორმიანი ქალები ზუსტად 5 წუთში მთელს ოთახს მოედნენ. 9 ქართველი თარჯიმანი  აშკარა უმცირესობაში ვართ. ნეტა ყველა ბულგარელი ასეთი მომაბეზრებელია?  თვალისდახამხამებაში შეიცვალა  საწოლების განლაგება. დადგინდა წესები. ნელ–ნელა ოთახის ბოლოსკენ მივიწევთ. იმედია გარეთ არ გაგვყრიან ჩვენი ლოგინებიანად.
ვინც არ იცის გაურკვეველ  ჟანრში მოღვაწე ბულგარელი მომღერალი აზისი, ის ვერასდროს მიხვდება რა მშვენიერია ცხოვრება. ყველაფერი შეიძლება დააბრალო ბულგარელ „ჯარისქალებს“, მაგრამ პატრიოტები არ არიანო, ამის თქმა არავინ გაბედოს.
ყველაფერი წინაა. ბარაკი #1118 – 9 ქართველი, 25 ბულგარელი, აზისი და ფანჯრებზე გაკრული შავი პარკები (სატანისტები ხომ არ არიან? )
ჰარდ როკი დაიწყო!

მესამე დღე – სათაურის მოფიქრების უნარი აღარ მაქვს
Azis Forever! დილის 6–ის ნახევარია. ჩემს თავთან რაღაც დუღს. ნამდვილად არ მეგონა, რომ წყლის გასაცხელებლად ვინმე კიდევ იყენებდა ე.წ. “კიპიწელნიკს“.
ოთახი ახალი აქსესუარით გამდიდრდა – საწოლებს შორის გაბმული თოკით, რომელზეც ნაირ–ნაირი ფერის და ზომის ტრუსიკებია გაფენილი. ვინმემ უთხარით ამ ქალებს, რომ ორ ნაბიჯზე ოქროსავით სამრეცხაოა. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ პატრიოტმა ქალებმა არც ინგლისური იციან და არც რუსული. კომუნიკაციის შანსი ნოლია. აზისი უკვე ხავის, გაცხარებული, ჯვარედინი დიალოგები პერიოდული შეკივლებით და ისტერიული სიცილითაა გაფორმებული. კარი მალე ჩარჩოდან ამოვარდება. თავი ჯიმ კერი მგონია, ფილმიდან „Bruce Almighty”, მთელი დედამიწის მოსახლეობის ლაპარაკი რომ ესმის ერთდროულად და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ვერაფრით რომ ვერ ახერხებს ამ კოშმარის შეჩერებას.
მაღვიძარამ ფუნქცია დაკარგა. რა საჭიროა, ბულგარელები აქ არ არიან?

მეოთხე დღე
სადაც 25 ბულგარელი, იქაც 2 ქართველი სამხედრო ქალი. რა მოხდა, მაინც უკვე ვაგზლის მოსაცდელს გავს ჩვენი ოთახი. წყნარად სხედან თავის საწოლებზე, იცხოვრონ აქ, რა მენაღვლება.
მაღალინტელექტუალური ტექსტები ვთარგმნეთ. მეზარებოდა, მაგრამ ამისთვის გამოვიარე ამხელა გზა, ბოლოსდაბოლოს ფულს თარგმნაში გვიხდიან და სირცხვილია J
„ზონა“ აქაური საღამოს ბარია. საღამოს იმიტომ, რომ 9–ზე იკეტება. ჰოდა, „დროის გატარება“ თუ გინდა, იქ უნდა მიხვიდე. სასმელს ნერვებდაგლეჯილი ბარმენი ყიდის, რომელსაც განსაკუთრებით მე და გიორგი ბუნტური არ მოვწონვართ და ყველანაირ საშუალებას იყენებს, რომ თავიდან მოგვიშოროს. რა დავუშავეთ გაუგებარია და არც მაინტერესებს, მთავარია, რომ დალევას მაინც ვახერხებთ. In Jack Daniels Veritas J აბა აქ მუდმივად ფხიზელი ჩემი მტერი იყოს. ისე, ან მტერს რას ვერჩი, რა დამიშავა ასეთი და არც მყავს ეს მტრები საერთოდ. სანამ არ გვეტყვიან  წადითო, რა თქმა უნდა ფეხს არ ვიცვლით, იქნებ დაავიწყდეს ფსიქოპატ ბარმენს და 10–15 წუთით გადავაჭარბოთ ლიმიტს.
კარგ ხასიათზე ვარ და არ მენაღვლება მინიმუმ კილომეტრნახევარი რომ მაქვს გასავლელი იმ საგიჟეთამდე, ჩვენ  ბარაკ # 1118–ს რომ ვეძახით.
წყნარი ქართველი სამხედრო ქალი მთელი ღამე Metro Goldwin Mayer-ის ლომივით გრგვინავდა. არ მახსოვს როდის დამეძინა. ალბათ გამთენიისას. 6–ის ნახევარზე ბულგარელების ყიჟინამ გამაღვიძა. აზისი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა.
ღმერთო, მრცხვენია გაჭირვების დროს რომ გამახსენდი, მაგრამ მიშველე, გთხოვ! J


მეხუთე დღე
ამდენი უძილობისგან მალე ჰალუცინაციები დამეწყება. მაგრამ იქნებ რეალობაზე უკეთესიც იყოს. ხომ შეიძლება რამე კარგი მომელანდოს. გავმხიარულდები მაინც.
ბოულინგ ცენტრში Juke Box-ით გავერთეთ, თუმცა კარგი მუსიკა Java Cafe–მ სულ ცხვირში ძმრად ამომადინა. დიახ, ეს კაფე კიდევ ერთი სასჯელია ამ სიურეალისტურ გარემოში – ინტერნეტი თუ გინდა, ყველაზე საშინელ პოპ მუსიკას უნდა უსმინო, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში დაწერილა. აღარც ამათი WiFi მინდა, აღარც ამათი გემრიელი ყავა და საერთოდ ამათი დედაც… იცით რისი  ღირსები არიან ესენი ყველა? Rage Against Machine უნდა ჩამოიყვანო და ბურგერ კინგის წინ  „Killing in the name of“  ამღერო. მე და რამდენიმე ადამიანი კი ვიქნებით კმაყოფილი, დანარჩენებმა იდარდონ. რამდენიმე რა,  პრინციპში  მე და გიორგი ბუნტური, დანარჩენებს მგონი სულ ფეხებზე კიდიათ ასეთი მუსიკა.
10–ში ზალცბურგში პროდიჯის კონცერტია. მე კი ამ დაწყევლილი ბაზიდან გასვლის უფლება არ მაქვს და ყოველ ღამე ქართულ–ბულგარულ ხვრინვას ვუსმენ უნისონში. მერე გამწარებული გარეთ გავდივარ და სამფეხა მელია თედოს გარემოცვაში თბილისიდან წამოღებულ სიგარეტს ვეწევი.

მეექვსე დღე
ავტობუსში ვსხედვართ და Liquer Store-ში მივდივართ. ავტობუსი უფასოა, მძღოლი იმ მანეკენი ჯარისკაცისგან დიდად არ განსხვავდება, TAF-ის დერეფანში რომ დგას, უბრალოდ ამან მანქანის ტარება იცის. რატომაა უფასო? რა ვიცი –  აბსურდში ვცხოვრობ.
სალომეს, რომელიც პირველად ზის ამ „შატლში“, ვატყუებთ, რომ მგზავრობა ფასიანია – ერთი გაჩერება 50 ცენტი. მეტი დამაჯერებლობისთვის ვამატებ:
 – იმიტომ დადის ასეთი გრძელი გზით, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გადაგვახდევინოს.
სალომე გაჩერებებს და ხურდას ითვლის. რამდენიმე ცენტი აკლდება. ფულის დამატებას არავინ სთავაზობს. ცოტა გაოცებული იძულებული ხდება ასდოლარიანი მისცეს მძღოლს. კესო არწმუნებს, რომ ხურდას უპრობლემოდ დაუბრუნებენ. ნათია თავს ვეღარ იკავებს და ისტერიულად იცინის. სალომე როგორც იქნა მიხვდა, რომ გააბრიყვეს.
Liquer Store-ში 4 ცალ პატარა, 0.75 გრამიან კონიაკს ვყიდულობთ. მეტი გვინდა, მაგრამ უფლება არ გვაქვს – კაცზე 4 ყლუპი და მორჩა. ჰო, კიდევ სიგარეტის ყიდვა გვეკრძალება, ბანკში ფულის გადახურდავება, ჩეკპოინტზე ყოველი გავლისას პასპორტებს საათობით გვიმოწმებენ. ჩვენ ვდგავართ და ველოდებით, როდის დარწმუნდებიან, რომ გაურკვეველ საზღვარს თვითნებურად არ ვკვეთთ.  რა ქვეყნიდან ვართ, სად ვეტენებით, რა გვინდა? რა ავღანეთი, რა ISAF-ი, ფუი, ჯანდაბა ჩვენ. იდიოტები ვართ – აი სიმართლე თუ გინდათ.
საღამოს 20 ქართველი თარჯიმანი გოგო შემოგვემატა. ახლა უკვე თავისუფლად შეგვიძლია შემოსასვლელ კარზე წარწერა გავაკრათ – პალატა # 1118.

მეშვიდე დღე
ბარაკში სამი ახალი შავკანიანი გოგო გვყავს, ე.წ. Opfor–ები. ჩემს გვერდით დაბინავდნენ. ბულგარელებისგან განსხვავებით ამათ ინგლისური იციან J კეთილგანწყობილები არიან და თავაზიანები.
ირაკლი მარი ჩამოვიდა. სიცოცხლით სავსე და მხიარული. ვინც იცნობს, მიხვდება, რომ ვხუმრობ. ვინც არ იცნობს, იცოდეთ, რომ ვხუმრობ J იმუქრება, რომ არაფერს არ გააკეთებს, მხართეძოზე წამოწვება და საერთოდაც, როგორც უნდა ისე მოიქცევა. რა თქმა უნდა არავინ არ ეწინააღმდეგება.
–როგორც გინდა, ირაკლი, აბა რა.
–კი, მართალი ხარ, თარგმნო არა ისა.
უზარმაზარი სათარგმნი მოიტანეს. დიდი ნაწილი ირაკლიმ წაიღო – თავისი ინიციატივით J პერიოდულად გარეთ გამოდის, ბოლთას სცემს და ოხრავს. უნდა, რომ უკვე ზამთრის გერმანიაც მოლეული გვქონდეს. უფრო კარგი იქნებოდა, მომავალი წლის ზაფხულის გერმანიიდან ვბრუნდებოდეთ სახლში, ან, საუკეთესო ვარიანტია, უკვე მკვდარი იყოს. და საერთოდ, რა საჭიროა ამდენი ნერვიულობა და ვნებათაღელვა, ბოლოს ხომ მაინც ყველა დავიხოცებითJ მთხოვს, რომ ყავა დავალევინო. ვეთანხმები და ოთახისკენ მივდივარ. გზაში მაწევს სიტყვებს, რომლებიც  ყოველთვის განსაკუთრებულად მამხიარულებს: –თუ გეზარება არ გამიკეთო, არ მჭირდება ეგეთი ყავა... და იქვე ამატებს: – უშაქრო მინდა, ხო იცი? მოკლედ, როგორც წეღან ვთქვი სიცოცხლით სავსე ნამდვილად არაა, მაგრამ მე ძალიან ვერთობი ამ ბიჭთან ურთიერთობით, რომელიც 5 წუთიან ინტერვალებში ასწრებს იყოს შეშფოთებულიც და აპათიურიც, თან უჟმურია, თან ვერავის ვერ გვიტანს, კრწანისის ბაზა სძულს, მაგრამ  9 წელია მაინც ჯიუტად მუშაობს, კარგი იუმორი აქვს და მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ უპირატესობას, რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ამის მტკიცედ სჯერა J ჰო, კეთილიცაა, მაგრამ არ აღიარებს J
გოგოების ბარაკში უცნაურად წყნარი ღამე დადგა. ბულგარელები არ იცინიან. აზისიც დუმს. მგრგვინავ დეიდას დაძინება დავასწარი. ნირვანაში ვარ ფაქტობრივად.
ყველაფერი კარგი მალე მთავრდება. ჩემი მშვიდი ძილიც სულ რამდენიმე საათში დასრულდა, მაგრამ ამჯერად ოთახში ატეხილი გაუგონარი ხმაურის მიზეზი უნებურად  მეთვითონ აღმოვჩნდი – მოულოდნელად აღრიალებულმა Fatboy Slim-მა მთელი ბარაკი ერთდროულად გააღვიძა. ძლივს გავარკვიე სად ვიყავი და რა ხდებოდა. აღშფოთებულმა მოვითხოვე ტელეფონისთვის ეპასუხათ. მუსიკა არ ჩერდებოდა. ნახევრადმძინარე თეა ჩემს ლოგინს მთვარეულივით მოადგა, თითი ჩემი ლეპტოპისკენ გამოიშვირა და მითხრა, აი ეს უკრავსო. დღემდე ვერ გავარკვიე როგორ მოახერხა Fatboy Slim-მა გამორთულ ნოუთბუქში ამღერება. მერე, უკვე ბოლომდე გამოფხიზლებული, ლოგინში ვიჯექი და ყველას ბოდიშს ვუხდიდი „იმერული ესკიზების“ ბებიასავით, ერთი უწყინარი დეპეშის გამო მთელი სოფელი რომ შეყარა.
ეღვიძა მთელს ოთახს. ეძინა მხოლოდ ნათიას. ტკბილად და მშვიდად. რომ კითხო მსოფლიოში ყველაზე ფხიზელი ძილი აქვს J

მერვე დღე
Opfor გოგოებს ერთი უცნაური ჩვევა აქვთ – საღამოობით წიგნებს ხმამაღლა კითხულობენ  რი(ჰ)ანას გულისგამაწვრილებელი სიმღერების ფონზე. ტყუილად მქონდა იმედი ხვრინვასთან დაკავშირებით. ლოგინი უნდა შევიცვალო. ეს უკვე ნამეტანია. 
საღამოს საოცარ ინტრიგაში გავეხვიე. ანამ, ისე რომ წარბიც არ შეუხრია, ცილი დამწამა, რომ ღამე კესოს მოწონების ობიექტი მესიზმრებაJ რაც ამას მოყვა მტერსაც არ ვუსურვებ. „განრისხებული“ კესო გააფთრებული დამდევდა და მოკვლით მემუქრებოდა. მე გაუგებარი მიზეზების გამო ჩემი გადამრჩენი ლელაში დავინახე და მისი საწოლის უკან ვცდილობდი გადაძრომას, თან დახმარებას ვითხოვდი და ვამტკიცებდი, რომ არ დამსიზმრებია ის გაქუცული კაცი და საერთოდ, აქ ყოფნის მანძილზე სიზმარი არ მინახავს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თითქმის არ მძინავს. ყურთასმენაწართმეულმა კესომ  ჩემს „კნავილს“ ყურადღება არ მიაქცია და რულონებად დახვეული, ერთი თვის მარაგი ტუალეტის ქაღალდი დამიშინა. დაბომბვაში თეაც მოყვა, რომელიც ვერაფრით ვერ გაერკვა რატომ დავრბოდი მე, რატომ დამდევდა კესო, რატომ დაფრინავდა ჰაერში თეთრი რულონები და მითუმეტეს რატომ მოხვდა მას თავში ტუალეტის ქაღალდების კაი მძიმე შეკვრა J
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. რაღაცით ხომ უნდა გავერთოთ ამ ოხერ „ვითომ გერმანიაში“.  ისე, კესოს ხელი ჩემს მტერს მოხვდა J
სხვათა შორის იმ საღამოს შემდეგ ბულგარელებს აღარ უხმაურიათ. აზისიც სადღაც გააქრეს და ბარაკშიც ფეხაკრეფით დაიწყეს სიარული.

მეცხრე დღე
ჯოკერს ვთამაშობთ. აი სადამდე მივედი. არ მგონია კარტის ჩემზე დებილი მოთამაშე არსებობდეს. სულ ოთხი კაცი თამაშობს და ეგ მშველის, თორემ თავისუფლად შემიძლია მეათე ადგილზეც გავიდე. ისეთ სისულელეებს ვაკეთებ, დანარჩენი მოთამაშეები იბნევიან და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა „ფუჭდება“ ჩემს გარდა. ბოლოს რა თქმა უნდა წავაგე და მიუხედავად იმისა, რომ კარტი და მასთან დაკავშირებული ყველანაირი თამაში მძულს, მაინც კარგად გავერთე. თუმცა ერთ მომენტში ნათიამ მეც კი გადამასწრო და გაქანებული „შეტენვის“ დროს ჯოკრით ხელში „გახიშტული“ დარჩა J
საღამოს გიორგი, ლევანი და ზვიადი ჩამოვდნენ FOB-იდან. სამრეცხაოს წინ ვისხედით და ერთმანეთს ვუყვებოდით ვინ უფრო იტანჯება – ჩვენ აქ, ქვემოთ, თუ ისინი ზემოთ. აღმოჩნდა, რომ FOB-ზე მშვენივრად ერთობიან.  ამასობაში 20 ღერი სიგარეტი მოვწიეთ, სისულელეებზე ვიცინეთ (ნეტა ვინმემ იცოდეს, როგორ მიყვარს სისულელეებზე სიცილი. და საერთოდ სიცილი. მიხარია ამათი ყოველი ჩამოსვლა – ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებენ, იმიტომ, რომ არაფერი ნეგატიური ამ ადამიანებში არ არის) და დავიშალეთ. ბარაკში გვიან დავბრუნდი. კედელი, სადაც ჩემი ორსართულიანი საწოლია მიდგმული (რომლის პირველ სართულზეც მძინავს და მგონია, რომ კუბოში ვწევარ) საოცარი ბოდიბილდერი კაცების ფოტოებით დამხვდა აჭრელებული. პირველი საათი იყო და ყველას ეღვიძა. ჩემს მოსვლას ელოდებოდნენ. ღამე გავათენებინე ფაქტობრივად. როგორც წესი 10 საათზე იძინებენ, ქათმებივით. გაუგებარია ასე ადრე როგორ უნდა დაიძინოს ადამიანმა.  მაგრამ იმ საღამოს იმდენად კმაყოფილები იყვნენ თავისი ნამოქმედარით, რომ „უძილობაზეც“  (გვიან დაწოლას 12 საათზე დაძინებას ეძახიან) კი წავიდნენ, ოღონდ ჩემი რეაქცია ენახათ. ცოტა უცნაურად კი მომეჩვენა, მაგრამ კაი ხანს ვერ მივხვდი რატომ იგრძნობოდა ბარაკში ასეთი გამოცოცხლება, რატომ დამდევდნენ კესო და თამუნა კამერებით და რატომ მოითხოვდნენ დროზე  დავწოლილიყავი დასაძინებლად.  როგორც გამოჩენილმა ბრმამ, ძალიან გვიან შევამჩნიე ჩემს საწოლთან მოწყობილი „გალერეა“. ღამენათევი გოგოების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება გარკვეულმა გარემოებებმა თვალსა და ხელს შუა გააგიჟოს ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი J

მეათე დღე
ლოგინის შეცვლამ გაამართლა. 10 ღამის მანძილზე პირველად მეძინა ადამიანურად. ისე, საინტერესოა კიდევ რამდენ ხანს გავძლებდი ძილის გარეშე. თუმცა ექსპერიმენტის ჩატარება არ ღირს. ისედაც უკვე ისტერიულ ქოფაკად გადავიქეცი. საკუთარი თავი მაკვირვებს – თურმე კიდევ რამდენი უზრდელური სიტყვა მცოდნია. ფაქტობრივად უცენზურო სიტყვების ერთი დიდი ფოლდერი მქონია თავში და აზრზე არ ვიყავი. ვისაც აქაური ცხოვრება არ გამოუცდია, ვერასდროს მიხვდება რამხელა შვებაა, როცა ვიღაცას, ვინც შენს ნერვებზე თამაშობს, მთელი გულით უშვებ კონკრეტული მიმართულებით, დაზუსტებულ კოორდინატზე. მოკლედ, სერიოზულად დავფიქრდი, სადოქტორო ხომ არ დავიცვა თემაზე „უცენზურო სიტყვების და გამონათქვამების დადებითი გავლენა, გარკვეული დროით, უცნაურ პირობებში გამოკეტილი ადამიანების ფსიქიკაზე“.
TAF-ში მე და კესო ვმორიგეობთ. დილის რვიდან პირველამდე. ამ დროს საათზე ისრები იყინება, არ მოძრაობს. ჩვენ ვთარგმნით და პერიოდულად გვიჩნდება სურვილი, მოცემული ტექსტი სისულელეებით შევცვალოთ. მაგალითად, ბრძოლის ველზე დაშავებულების სამედიცინო ევაკუაციის დროს არენაზე გამოვიყვანოთ დენტისტი, რომელიც დაზარალებულებს ჯიუტად  უპლომბავს კბილებს. ალბათ ესეც უძილობის ბრალია. და კიდევ ჩაკეტილი სივრცის. ჩვენ ყველას თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთთვიან  სასჯელს  ვიხდით  მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. მე უკვე მეორედ. ზოგიერთი მე–5, მე–6  წრეზეა.
TAF-ში შარშანდელს მერე არაფერი შეცვლილა. ისევ ის ხალხი, ისევ იგივე საქმე, ყოველ დილით შემოთავაზებული შოკოლადები, ბუტერბროდები და კრუასანები. ერთადერთი სიახლე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მანეკენია, რომელიც დერეფანში დგას და ყოველი მოწევის წინ გულს მიხეთქავს. თუმცა კესო დაუმეგობრდა ფსევდო ჯარისკაცს და რამდენჯერაც გაივლის და გამოივლის, ლოყაზე ჩქმეტს.
პირველი საათი ახლოვდება. ნახევარ საათში დავბრუნდები ჩემს ბარაკ–პალატაში, სადაც ბულგარელი ქალები ალბათ ისევ ჭიანჭველებივით ირევიან, თოკებზე ახალ–ახალ სარეცხს ფენენ და გაუთავებლად იცინიან.  კარგი იუმორი აქვთ ნეტა თუ მანდაც დისკომფორტის და ფსიქოზის ამბავი ტრიალებს?
ჰო და კიდევ, მხვრინავთა მსხვერპლების სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე რატომ არ უფიქრია არავის?  დავსხდებოდით წრეზე და დავიწყებდით სეანსს:
 – გამარჯობა, მე ნინო ვარ და ერთი თვე მულტინაციონალური ხვრინვა არ მაძინებდა.
მერე ყველა ერთად მომესალმებოდა, გაიზირებდა ჩემს გასაჭირს და იქნებ ეს კოშმარიც როგორმე დამევიწყებინა.

მეთერთმეტე დღე
ბულგარელები FOB–ებზე წავიდნენ.  დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. ოთახში ისეთი სიწყნარეა, უკვე აღარ მომწონს J
მე და კესო ვეჭვობთ, რომ ასე მშვიდად ჩვენ აქ არავინ დაგვტოვებს. ვვარაუდობთ, რომ ახლა თურქ–სელჩუკებს შემოგვისახლებენ, რომლებიც მოგვთხოვენ, ჩვენი პირით ვაღიაროთ, რომ აღარ ვართ თარჯიმნები.  ჩვენ  რა თქმა უნდა უარს განვაცხადებთ. წამებაც  კი ვერ გაგვტეხს. დამპყრობლები ბოლოს თავებს დაგვაჭრიან და მდინარე რაინში გადაგვყრიან. ამ შემზარავი ფაქტის შემხედვარე გერმანელები ააშენებენ ხიდს, სახელწოდებით ST. Terps Bridge, ჩვენს ძეგლებს დადგამენ და თარჯიმნების მფარველებად გამოგვაცხადებენ J მერე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან   ჩვენი კოლეგები ჩამოვლენ და სხვადასხვა,  ძირითადად თარგმნასთან დაკავშირებულ სურვილებს ჩაიფიქრებენ:
– წმინდა მოწამეო კესო, გთხოვ მომცე ძალა, 10 წუთში ვთარგმნო 20 გვერდიანი ვორდის დოკუმენტი; 
– წმინდაო ირაკლი, მასწავლე თარგმნის ისეთი ტექნიკა, შენ რომ იყენებდი, სანამ თავს მოგკვეთდნენ; 
წმინდა ლაშა, დამეხმარე, რომ ერთნაირად წარმატებული ვიყო თარგმნაშიც და ბოდიბილდინგშიც;
მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით, ავუსრულოთ ხალხს თხოვნები თუ არა J

მეთორმეტე, მეცამეტე თუ მეთოთხმეტე დღე...   
ნეტა რა აზრი აქვს დღეების თვლას. წასვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
 სიგარეტის კვამლი  ნისლივით დგას ჩვენი ბარაკების თავზე. ამ რაოდენობის სიგარეტი აქამდე ალბათ არასდროს მომიწევია. ცოტა ხანში შეიძლება ჩემმა ფილტვებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტონ.
ჰო(ჰ)ენფელსი ცოტათი ვუდსტოკს წააგავს (ოღონდ მხოლოდ  გარეგნულად და არა შინაარსით – სამხედრო ბაზაზე ვართ ბოლოს და ბოლოს) –  პატარა მწვანე მინდვრებში ოთახებიდან  გამოტანილ მატრასებზე ვსხედვართ/ვწევართ, ვიცინით (ხან ვჩხუბობთ), მუსიკას ვუსმენთ, ვსვამთ (რამენაირი ალკოჰოლური სასმელი  თუ ჩაგვივარდება ხელში), გემრიელ საჭმელებზე ვოცნებობთ (ამოვიდა ყელში ეს ბურგერ კინგი. სასადილოს საჭმელზე, რასაც უფასოდ გვთავაზობენ,  კომენტარსაც არ გავაკეთებ, ყოველი სადილის დროს ვცდილობთ ამოვიცნოთ ამჯერად რომელი  მითიური ცხოველის  ხორცის ჭამას გვაიძულებენ), ვეწევით და ჯერ არ ვნერვიულობთ იმაზე, რომ მალე თბილისიდან წამოღებული სიგარეტი გაგვითავდება და მერე რა უნდა ვქნათ, აზრზე არ ვართ.  
სუპერმარკეტში ნაყიდი უსაზიზღრესი ტკბილი პურით და ლორით ირაკლის და დიტოს ბუტერბროდებს ვუკეთებ. გასამრჯელოდ ერთ ყუთ ნამცხვარს ვიღებ, რომელიც სავარაუდოდ სასადილოს ჩეხ მზარეულ ივანს გამოსცინცლეს :–) ივანი კეთილი კაცია – საოცარი კონსისტენციის სუპს დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაუნანებლად გვთავაზობს  :–) დიტო და კესო ყოველ ღამე დაბარებულებივით მიდიან სასადილოში და იქიდან ისეთი კმაყოფილი სახეებით ბრუნდებიან,  გეგონება, რომ  ჩეხეთის პრინცი სამეფო ვახშმით გაუმასპინძლდა :–)

ჰო(ჰ)ენფელსის ბლოკადა – უსიგარეტობით გამოწვეული ტრაგედია 
აი ახლა უკვე მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა მერამდენე დღეა. სიგარეტი გათავდა!
ფსიქოზი  ნელ–ნელა მასობრივ სახეს ღებულობს.  იმატა ისტერიული სიცილის შემთხვევებმა. ზოგს ნერვული აშლილობა ქრონიკული შიმშილის შეგრძნებით  გამოეხატება, ზოგს ტყის პირას განმარტოებით სმის მოთხოვნილება გაუჩნდა, ვახოს მიაჩნია, რომ რენტაბელური „ნასკები“ მაცვია, შალიკო „ისეა, რომ არაფერი აღარ უნდა“. ერთადერთი სურვილი აქვს, მალე ჩავიდეს ნიუ იორკში და „ბიჭებთან ავიდეს“,  შოთა ამტკიცებს, რომ სასადილოში  „ისტერიკა“ კრუასანებია და მუსრს ავლებს. ჩვენც გვთავაზობს, მაგრამ ვინ შეეცილება? :–)) თათია ნონ სტოპ რეჟიმში ემესიჯება თავის შეყვარებულს (თუმცა ეს უსიგარეტობით გამოწვეული სტრესის ბრალი არაა ), დათო სიხარულიძე ვალუტის გადაცვლით დაკავდა და დღეში ერთი  წარმატებული ოპერაციის განხორციელებას მაინც ახერხებს,  თამუნას უძილობა ტანჯავს, შვილი ენატრება და გონია, რომ აქედან ვერასდროს ვეღარ წავა,  თეას შოპინგის ისტერიკა აქვს და განუზომელი რაოდენობით ტანსაცმელს ყიდულობს თავისი ბავშვისთვის, საინტერესოა სად უნდა ჩატიოს ეს ყოველივე:–), ბექა თბილისის ქლორიან წყალზე და სახლში გაკეთებულ საჭმელზე ოცნებობს.  მე ყოველ გავლა–გამოვლაზე კაკაოს ვსვამ. თავიდან მართლა მინდოდა. ახლა აღარ მინდა, მაგრამ ვერ ვჩერდები.  „Girl Interrupted“–ში ერთი  გოგო  საწოლის ქვეშ  შტაბელებად რომ ინახავს  შემწვარ  ქათმებს, გახსოვთ?  ზუსტად იგივე პრინციპით  მაქვს ჩემს ფანჯრის რაფაზე კაკაოს პატარა კოლოფები გამწკრივებული.
სიგარეტის გახვევაში სერიოზულ წარმატებებს მივაღწიე. ისე, გასახვევი სიგარეტი უფრო გემრიელად იწევა. საკუთარი შრომის ფასიც გავიგეთ.  უკვე მომზადებული და ლანგარზე მორთმეული სიგარეტი ამასთან აბა რა მოსატანია. უბედურება ისაა, რომ რამდენიმე დღეში, მაღაზიებში არსებული გასახვევი სიგარეტების მარაგი მთლიანად ამოიწურა – სულ ჩვენ ვიყიდეთ და ელვის სისწრაფით მოვწიეთ.
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ  სიგარას მოვწევდი, რომელსაც მარწყვის მოტკბო, გულის ამრევი  არომატი დაკრავს. თანაც ისეთი ნეტარებით მოვწევდი, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება აქ, ჰო(ჰ)ენფელსის საწვრთნელ ბაზაზე ავიხდინე.
ერთი ჩიბუხი დამრჩა და იმასაც მოვწევდი ალბათ, რომ არა მოძმე რესპუბლიკა.
სომხეთიდან  ჩამოსულმა ასეულმა სერიოზული გარდატეხა შეიტანა ბლოკადაში.   მათი წყალობით ჩვენს კოლექციას სომხური და „ამერიკული“ სიგარეტებიც შეემატა, რომელსაც საკმაოდ ძვირად ყიდიან.  მათთან ურთიერთობას ყველაზე კარგად ნუცა აგვარებს, რომელიც ბოლოს ლარებით ვაჭრობაზე გადავიდა და ცოტა ხანს კიდევ რომ მოგვიწიოს აქ ყოფნა, ალბათ სომეხ ჯარისკაცებს აიძულებს, რომ სიგარეტი უფასოდ დაგვირიგონ :–))  

მეოცე დღე?
მგონია, რომ ამ ქალაქიდან  ვეღარასდროს გავაღწევ.  სეზონებიც  ზუსტად ისე ზანტად შეენაცვლებიან ერთმანეთს, როგორც ძველ ქართულ მულტფილმ „გოგონა და შადრევანშია“ – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი..... და  ვიდგები ფანჯარასთან  შადრევნის მოლოდინში, რომელიც  არასოდეს არ ამუშავდება.
Lost!
ნუცას ტუალეტში მარტო წასვლის ეშინია, ჰგონია, რომ იქ მოჩვენება დახვდება :–))
ღამ–ღამობით, მე და თედო ისევ ერთად ვეწევით სიგარეტს. უფრო სწორად მე ვეწევი, ის მიყურებს.  და მეჩვენება, რომ  სევდიანია. იქნებ ერთ დროს ესეც ჩვეულებრივი თარჯიმანი იყო, რომელიც სამუდამოდ ჩარჩა ამ მოსაწყენ სამხედრო ქალაქში და დარდისგან გაქუცულ მელიად გადაიქცა, რომელსაც ოთხი ფეხიც კი არ ერგო.  
რომ არ მეზარებოდეს, ცოტას ვიტირებდი. დამღალა დაძაბულობამ. ეს რომ არ იყოს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა აქ, თუნდაც ისეთ დისკომფორტში, როგორშიც ერთი თვე გვიწევს ცხოვრება. გინდა თუ არა, იძულებული ხარ ყველას აზრი მოისმინო, ჩაერთო ამ საყოველთაო ვნებათაღელვაში. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ისევ ცუდად ხარ, ერთი ნაბიჯითაც არ წაგიწევია წინ, ცოტა შვება მაინც რომ გეგრძნო. ამასობაში ყველაფერი თავდაყირა დგება  და შენ, გაჭყლეტილი და დასტრესილი გაოცებული იყურები წინ და ხედავ, რომ მართლა სისულელეა ყველაფერი. მაგრამ ამ აბსურდში გიწევს ცხოვრება და გახსენდება, რომ იყო ადამიანი, ნიშნავს იყო მებრძოლი, რომ შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად და ხვდები, რომ ამ ფაქტს ვერსად გაექცევი. ამას რომ მიხვდები, დაწყნარდები, ღამე მშვიდად დაიძინებ, მაგრამ ეს ერთი, ორი, მაქსიმუმ სამი დღე  გაგრძელდეს. და ყველაზე დიდი საშინელება - როცა გგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ცხოვრებამაც ჩვეული რიტმით უნდა განაგრძოს სვლა, მიხვდები - ამასობაში ისე დაიღალე, არაფრის არც თავი გაქვს და აღარც სურვილი. ზიხარ, ეწევი, მუსიკას უსმენ, რაღაც სისულელეებზე ფიქრობ და შენთვის, ხან გეცინება საკუთარ ნაფიქრზე, ხან ტირილი გინდება. ტირილიც გეზარება და ხარ ასე....
თუმცა  მადლიერი უნდა ვიყო იმით, რომ  მაინც არიან აქ ადამიანები, ვისთანაც  ვახერხებ  ჯანსაღ ურთიერთობას, ვისთანაც გულწრფელად შემიძლია ყველაფერზე ლაპარაკი და ვისი დანახვაც ყოველთვის მიხარია. 
ძილის წინ  Tom Waits–ს ვუსმენ.
 „Well, the band has stopped playing,
But we keep dancing,
The world keeps turning, the world keeps turning….“
ხოდა, თუ Keeps turning, დავიძინებ.
და ხვალ კინოში წავალ „მადაგასკარზე“ :–)


უკვე მერამდენე დღეა კაცმა არ იცის.
მარკესის გმირები ვართ „მარტოობის ასი წელიწადიდან“.  ერთი გადაუღებელი წვიმა გვაკლია.
გამოკითხვა უნდა ჩავატარო და გავარკვიო ვის რა ტიპის პრობლემა აქვს: 
Острый психоз - я говорю с котом.
Острый галлюцинаторный психоз - я говорю с несуществующим котом.
Паранойя - я боюсь взболтнуть лишнего при коте.
Шизофрения - кот говорит внутри меня.
Неврастения - кот меня игнорирует, и мне это кажется совершенно невыносимым.
Маниакально-депрессивный психоз - мой кот меня не ценит
(გთხოვთ დატოვოთ კომენტარები :–)) )
რაც შემეხება მე, ვგრძნობ, რომ  несуществующий кот меня игнорирует, а мне похуй.
წესით აქ წერა უნდა შევწყვიტო.

ნიურნბერგი
ნამდვილ გერმანიაში დილით ჩავედით. პირველი რაც გავაკეთე, სიგარეტი ვიყიდე და ისტერიული სისწრაფით მოვწიე. მერე მივბრუნდი და კიდევ ვიყიდე, მერე კიდევ. მომწონს ბარათს რომ არ მთხოვენ და ჩვეულებრივ ადამიანად აღმიქვამენ. სამი დღე დამრჩა. სიგარეტი მაქვს. ყავას ვსვამ ღია კაფეში და ვიცინი, ბევრს ვიცინი და ბედნიერი ვარ. კარგი ამინდია, ნამდვილ გერმანიაში ვარ, არავინ ნერვებს არ მიშლის და თბილისში წასვლამდე უკვე საათების დათვლაც შეიძლება.
შადრევანთან ვზივარ, არაფერზე არ ვფიქრობ, არსად არ მეჩქარება, უკვე მშვიდად ვეწევი და გეგმებს ვაწყობ, თბილისში რომ ჩავალ რას ვიზამ.
უკანა გზაზე, ჰო(ჰ)ენფელსის საზღვარზე პასპორტები შეგვიმოწმეს. ფანჯრიდან ვუყურებ. დიტოს ყველა პასპორტი დაუბრუნეს. მარტო ერთი დარჩა ფანჯრის რაფაზე. ეჭვი კი მაქვს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ვცდები. კი აბა, ვცდები. რა თქმა უნდა ჩემია :–))) ნეტა რაში შეეპარათ ეჭვი? :–) როგორც იქნა დამიბრუნეს პასპორტი.
ღამე მშვიდად ვიძინებ. ახლა თუ გინდათ იხვრინეთ, აღარ მადარდებს. აღარ მადარდებს კი არა, სულ ფეხებზე მკიდია.
თუმცა ერთი სანერვიულო წინ მაინც მაქვს – თვითმფრინავი.

ბოლო დღე!!!!!
ამბივალენტური განწყობით ვიღვიძებ –   მიხარია, რომ მივდივარ და მეშინია იმის, რამაც აქედან უნდა წამიყვანოს.
ტრაპზე გულგახეთქილი ავდივარ. ამ დღისთვის სპეციალურად  შემონახულ ტაბლეტს ჩანთიდან ვიღებ, ვსვამ და ვგრძნობ, როგორ მებინდება თანდათან გონება. თუმცა ის მაინც მახსოვს, რომ აქედან მივდივარ და ისიც მახსოვს, რომ ეს კარგია J)
მილიტარისტული აბსურდის კიდევ ერთი ფაზა დამთავრდა. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ჩემს ცხოვრებაში  აბსურდების ციკლი ამით დასრულდეს, თუნდაც მხოლოდ სამოქალაქო :–))
მაგრამ დღეს ამისთვის არ მცალია.
თბილისში ვარ და ასეთი ბედნიერი ამ ქალაქში ყოფნით არასდროს ვყოფილვარ.
მაგრამ ისიც ვიცი, აქაურობაც რომ მალე მომბეზრდება და ის ხალხიც მომენატრება, ვისთან ერთადაც ამდენი გაჭირვება გადავიტანე ბავარიის ერთ–ერთ ყველაზე უღიმღამო ქალაქში.

25 აგვისტო, 2012 წელი.





14 comments:

anuna said...

ვახ:) რა დავიჯერო და რა არა ვფიქრობ :):D

kalo said...

ყველაფერი უნდა დაიჯერო :–)

Anonymous said...

Oh my goodness! Awesome article dude! Thank you, However I
am experiencing issues with your RSS. I don't understand the reason why I am unable to join it. Is there anyone else having identical RSS issues? Anybody who knows the solution can you kindly respond? Thanx!!

My blog :: レイバンサングラス

Anonymous said...

Hurrah, that's what I was exploring for, what a stuff! existing here at this blog, thanks admin of this web site.

Also visit my blog - http://www.pradaoutlet-sales.com

Anonymous said...

Admiring the time and energy you put into your blog and detailed information you offer.

It's awesome to come across a blog every once in a while that isn't the same
out of date rehashed material. Great read! I've bookmarked your site and I'm including your RSS feeds to my Google account.


My web-site: モンスター ヘッドホン

Anonymous said...

Excellent blog here! Also your web site loads up fast!

What web host are you using? Can I get your affiliate link to your host?

I wish my website loaded up as fast as yours
lol

Take a look at my web-site - ジョーダン

Anonymous said...

Somebody essentially assist to make seriously articles I might state.
That is the first time I frequented your website page and so far?

I amazed with the research you made to create this actual put up extraordinary.
Fantastic task!

my website オークリー

Anonymous said...

I have read so many articles or reviews about the blogger lovers except this article is genuinely a nice post, keep
it up.

Have a look at my blog post :: prada バッグ

Anonymous said...

Hurrah! At last I got a weblog from where I be able to truly take helpful information
regarding my study and knowledge.

Look into my website - サングラス オークリー

Anonymous said...

obviously like your web site however you have to take a look at the spelling on several of your
posts. A number of them are rife with spelling problems and I find it very bothersome
to tell the truth then again I'll certainly come back again.

Also visit my web site: レイバン

Anonymous said...

This paragraph presents clear idea designed for the new people of
blogging, that in fact how to do blogging and site-building.


Here is my web page; プラダ 財布

Anonymous said...

Hey very nice blog!

My blog post - monster beats

Anonymous said...

We are a gaggle of volunteers and opening a brand new scheme in our community.
Your site offered us with helpful information to work on.

You have done a formidable activity and our entire community will
likely be grateful to you.

my page プラダ トートバッグ

Anonymous said...

Good information. Lucky me I ran across your website by accident (stumbleupon).
I have bookmarked it for later!

My website; クロエバッグ