Tuesday, June 26, 2012
Football is in the air
მიყვარს ჩემპიონატების ზაფხულები. ამ დროს განსაკუთრებულად დადებითი ენერგიით იმუხტება ჰაერი.
როგორ მშურს იმ ადამიანების, საკუთარი ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა რომ შეუძლიათ - მოგება უხარიათ და წაგება წყინთ.
ვუვუზელას გაუთავებელი ხმიანობის ფონზე უკვე ვნახეთ მოდუნებული მექსიკა, მოზომილი არგენტინა, დაბნეული ინგლისი, ნიგერიის მონდომებული მეკარე, გაუგებარი იტალია და საფრანგეთი, გაუმაძღარი გერმანია, შეურაცხყოფილი ავსტრალია, მარაქაში გარეული ჩრდილოეთ კორეა, უღიმღამო ბრაზილია, "არის რაა" ჰოლანდია, "საღოლ ამათ" პარაგვაი......
ძირითადად ისეთ ფეხბურთს გვთავაზობენ ეს თითქოს ერთმანეთზე უკეთესი გუნდები, გეგონება საწვრთნელ ბაზაზე იყვნენ და არასრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.
იმედია ნელ-ნელა მოიმატებს ტემპი და ხარისხი.
იქნებ ხვალ ესპანეთი მაინც არ იყოს გაბრუებული.
ჰო, პორტუგალია გამომრჩა წეღანდელ ჩამონათვალში. არაფრისმთქმელი თამაშის გამო ალბათ. კი, კარგი ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მომკალით და მაღიზიანებს ეს პრანჭია პორტუგალიელი, სტადიონზე ლამის "კოსმეტიჩკით" რომ გამოდის.
ნეტა სამხრეთ აფრიკის ჰავა ხომ არ მოქმედებს ამ ფეხბურთელებზე ცუდად, ან ალერგიით ხომ არ იტანჯება ყველა და ანტიჰისტამინური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ დააგორებენ ბურთს?
თუმცა, სამხრეთ აფრიკაში ზეიმია. ვუვუზელები (თუ ვუვუზელისტები) ფეხბურთელებისგან განსხვავებით, სრული დატვირთვით მოღვაწეობენ სტადიონებზე.
ისე, საინტერესოა, საქართველოში რომ ჩატარდეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატი (აბსურდში ვარ ეხლა :-) ან უფრო უარესი - დადაიზმში), რომელი ნაციონალური საკრავით ხელდამშვენებული მივა ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე - ფანდურებით, სალამურებით თუ ჭიანურით? :-)
ამასობაში ბრაზილიამ იკადრა და როგორც იქნა გოლი გაუტანა ხიბლში ჩავარდნილ ჩრდილოეთ კორეელებს.
თბილისში ცხელა და წვიმს.
სამხრეთ აფრიკაში ზამთარია და თბილა.
I არხის კომენტატორები უშედეგოდ ცდილობენ საინტერესოდ წაიყვანონ რეპორტაჟები.
მსაჯები დაუნანებლად არიგებენ წითელ-ყვითელ ბარათებს.
იტალიელები ისევ გორაობენ მოედანზე და გულისგამაწვრილებლად იცავენ კარს. ტინგიცები ეგენი.
სანამ მე იტალიელებს ვაქილიკებ, ბრაზილიამ მეორე გოლი გაიტანა – გამოცოცხლდნენ,იკადრეს.
I არხი როგორც ჩანს ჭექა-ქუხილისთვის მზად არაა. ერთი ეგენი არიან მეტიჩრები. თუ ხარისხიან ტრანსლაციას ვერ უზრუნველყოფ, თუ კომენტატორები არ გივარგა, რაღას გარბიხარ და ყიდულობ ჩვენების უფლებას.
ძალიან უკმაყოფილო ნოტაზე ავეწყვე დღეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოუთმენლად ველოდები ყოველი საღამოს დადგომას. მიხარია ერთთვიანი "football is in the air" მდგომარეობა და თავგამოდებით ვგულშემატკივრობ გერმანიის ნაკრებს, რომელიც იმედი მაქვს, მე რომ გამეხარდება ისეთ წარმატებას მიაღწევს Vuvuzela World Cup 2010-ზე :-)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment