–50 ლარი დამრჩა საშოვნელი, გაიფიქრა კმაყოფილმა და გაიღიმა.
ყოველთვის, როცა თვალებს ხუჭავდა, ფერად–ფერადი ფოიერვერკი და ელენეს გაბრწყინებული სახე წარმოუდგებოდა თვალწინ.
–ელენე ჭკვიანია. ყველაფერს მიხვდება. თუ არადა, ვეტყვი, გაიფიქრა და შეეშინდა.
სახლიდან გამოვიდა.
ელენეს აივანთან ნაბიჯი შეანელა. აიხედა.
–ნიკა, როგორ ხარ?
ელენე ხელს უქნევდა და უღიმოდა.
გაწითლებულმა ნიკამ სირბილით გადაჭრა ქუჩა.
–––––––––––
–ჩემთვის არ გაქვთ საქმე?
–აბა მოუსვი აქედან. ძალიან შემოგვეჩვიე შენ.
–გეხვეწებით რაა. აი, ამ ბლოკებს გადავზიდავ.
–წადი მეთქი. რას გადაგვეკიდა ეს ჭკუასუსტი.
–ნუ ეჩხუბები. ჭკუასუსტია, მაგრამ ძალა ერჩის. კარგი ბიჭია. წამოდი ბიძია ჩემთან.
კაცმა თავჩაღუნულ ნიკას მხარზე ხელი დაჰკრა.
–ქვიშას აი იმ სახლთან მიიტან. შეძლებ?
გახვითქული ნიკა მთელი დღე კმაყოფილი დააგორებდა ქვიშით სავსე ურიკას ხარაჩოების მიმართულებით.
–სკოლაში არ დადიხარ ბიძია შეენ?
–არა, ჩემნაირებს სკოლაში არ იღებენ.
–ეს ფული რაში უნდა დახარჯო?
–ვაგროვებ. სალუტები უნდა გავუშვა.... ერთი გოგოს ფანჯრებთან
–კარგი ბიჭი ხარ შენ.
–შეიძლება ხვალაც რომ მოვიდე?
–მოდი ბიძიკო, მოდი.
გახარებული ნიკა სახლისკენ გარბოდა.
–ჭკუასუსტი ეძახე შენ. გოგოს სიურპრიზს უმზადებს. არ ეჩხუბო ხვალ. იმუშაოს.
–პრემიაც ხომ არ მივცეთ? დამცინავად ჩაიცინა წითურმა მუშამ
–ხვალ მოვა და იმუშავებს, დამარცვლით თქვა კაცმა და წამოდგა.
––––––––––––––
ნიკა ლოგინში იწვა. ელენეზე ფიქრობდა. თვალებს ხუჭავდა და ყვავილებს შორის გაფრენილ პეპლებს ხედავდა.
–––––––––––––––
–ნიკა, მოდი აქ. დაისვენე. აი, პური და ძეხვი. შეჭამე. დღეს კარგად იმუშავე. ამიტომ დამატებით 10 ლარს მიიღებ.
ნიკა გაბადრული ჭამდა ბუტერბროდს და ენის ბორძიკით ცდილობდა მადლობის გადახდას.
––––––––––––––––
დიდხანს ითვალა ფული.
–ერთი დღეც და ბოლომდე შევაგროვებ. ელენეს გაუხარდება. ვიცი.
კონვერტი ისევ უჯრაში ჩადო.
ქუჩაში გავიდა.
ელენეს აივნის ქვეშ ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
-მაინც როდემდე უნდა ვიყოთ ასე?
–რა ვქნა?
–რას ქვია რა ქნა, ბავშვს ხვალ–ზეგ სწავლა ეწყება. წიგნები არ აქვს.
–რამეს მოვახერხებ.
–ვიცი მე შენი მოხერხებულობის ამბავი. წელსაც იმ დახეული ფეხსაცმლით გავუშვათ სკოლაში? დიდია უკვე. დაკომპლექსდება. პალტოც დაუმოკლდა, მესამე წელია აცვია.
–რა ვქნა, არ მაქვს. ვიქურდო?
–რაც გინდა ის ქენი. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. ბავშვი მეცოდება, თორემ ჩემი თავი ჯანდაბას.
ნიკა შეშინებული უსმენდა ცოლ–ქმრის დიალოგს.
კაცი აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა.
ქალი ნერვიულად ფენდა სარეცხს.
–და სხვათა შორის , სარეცხის ფხვნილიც დამთავრდა. იარე გასარეცხი ტანსაცმლით.
კაცმა სიგარეტი მოისროლა და ოთახში შევიდა.
ნიკა წამოდგა, შარვალი ჩამოიფერთხა და ნელი ნაბიჯით სახლისკენ წავიდა.
–ელენეს წიგნები არ აქვს. ელენეს დახეული ფეხსაცმელი აცვია. ელენეს პალტო დაუმოკლდა; ჩუმად იმეორებდა.
უჯრიდან კონვერტი ამოიღო და ჯიბეში ჩაიდო.
–ნიკა, ნიკაა, მოდი გვეთამაშე
ბავშვები ყვირილით მისდევდნენ. ნიკას მათკენ არც გაუხედავს, ხელი აუქნია და ქუჩაზე გადავიდა.
სადარბაზოში შევიდა. საფეხურები მუხლების კანკალით აიარა.
კონვერტს კიდევ ერთხელ დახედა, კართან ფრთხილად დადო, ზარი დარეკა და კიბე კისრისტეხით ჩაირბინა.
–––––––––––––––––––––
ოთახს ლამპიონების შუქი მკრთალად ანათებდა.
ნიკა ლოგინში იწვა.
–კიდევ შევაგროვებ ფულს, გაიფიქრა და თვალები დახუჭა.
9 comments:
შემიყვარდა ნიკა :)
ძალიან ლამაზი იყო...
ვაიმე ამ გოგოს გავგლიჯავ შუაზე, სადმე რომ ვნახო.
რას გვერჩი ქალო, რას?
მთელი დღე უნდა ვიარო ეხლა ცრემლიანი თვალებით?
წიგნად მაინც გამოეცი და ვიყიდი და არ წავიკითხავ :(
შენ და მარიკა შეთანხმდით, რომ რასაც დავწერ ყველაფერზე უნდა იტიროთ? :–))))) გააფრინეთ ხოო? :–)))
:))) პაჭო რო იყიდის და არ წაიკითხავს:)))))))))
მეც ძაან მიჩუყდება გული, რა ვქნა, ნინა:)
რანაირად წერ, ცოცხლად:):*
რა თბილი იყოო ;;) ძალიან მომეწონა
ra magaria!!!!! zalian momcons
! shen ise kargad cer,rom poeziasac mokido xeli ar iqneboda urigo!
ცოტაც და ვეღარ დავინახავდი ეკრანს :) თვალის დვორნიკები უნდა ვიყიდო და ასეთი მოთხრობების კითხვისას ჩავრთო ხოლმე
შენ ჩემში მიძინებული ემოციები გააღვიძე, ნინო! :) :)
DZAAN KARQIA, MOMCONS :***
:((( mec minda nikasnairi sikvaruli sheemedzlos
Post a Comment