Wednesday, August 18, 2010

სურამი Open Air Horror


შენიშვნა: მოთხრობაში ნახსენებ ყოველ პერსონაჟს (გარდა ვარხვი ზიგმუნდისა, რომელიც გამოგონილია) თავისი პროტოტიპი ჰყავს რეალურ ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, ყოველი მათგანი თავის თავს ამოიცნობს :–)



მოქმედი პირები:
პაციენტები: 1. გიიომ მესაბლიშვილი
2. შოსტაკოვიჩ ციხითათრიშვილი

ექიმები: 1. დიტმარ ფონ დერ ფოგელვაიდე
2. ლუსიენ კუზნეცოვი

სურამის ადგილობრივი მოსახლეობა (დიტმარის და ლუსიენის მეგობრები):
1. მერიდიტ პარწიკანაშვილი
2. თეთნულდ ბერგმანი
3. ნაომი პაკაცოშვილი
4. ცეზარია დონღუზაშვილი
5. მარჯორი ოქრუაშვილი

ეპოზოდებში: 1. ზიგმუნდი
2. სასწრაფო დახმარების ექიმები



––––––––––––––

–უჰ, პარიკი ოთახში დამრჩა.
გიიომ მესაბლიშვილი პარიკის გარეშე ნახევარი კაცი იყო.
–შოსტაკოვიჩის გამო ღირს უკან აბრუნება?
ხელი ჩაიქნია და თავის ოდნავ შესამჩნევი კანტურით აგურისფერ ბილიკს დაადგა. ბაღის ბოლოში, ტბორთან მისი საყვარელი ვარხვი, მარტოხელა ზიგმუნდი ბუდობდა.
–დილა მშვიდობის, ზიგმუნდ. შენი საყვარელი კაკლის მურაბა მოგიტანე.
ზიგმუნდმა ალმაცერად შეხედა გიიომს და დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა სკორეთი წაებილწა მისი ვარდისფერი სკალპი.
გიიომმა მურაბის ქილა ხელის ცახცახით ჩამოდგა ტბორთან. თვითონ იქვე თავშავას ბუჩქთან ჩაიმუხლა. მორიდებულად იღიმოდა და პერიოდულად იფურთხებოდა. გარეთ გამოსულს სულ ჰქონდა იმის შიში, ცოცხალი არსებები არ გადაყლაპვოდა. სწორედ ეს იყო მისი ფურთხების მიზეზი – პრევენციის მიზნით. თორემ ისე საკმაოდ კულტურული ადამიანი ბრძანდებოდა.
ტყიდან შავგვრემანი ყმაწვილი გამოვარდა. თვალებს უცნაურად აბრიალებდა და ხმადაბლა ბუტბუტებდა.
გიიომის ყურს ტრანზისტორის ხრიალი მისწვდა.
–მაინც შემეფეთა წყეული შოსტაკოვიჩი.
ერთხელაც გადააფურთხა, გაჭირვებით წამოდგა და კოჭლობით გაემართა სახლისკენ.
–ჰეი, სად გარბიხარ, ნაგიჟარო?
გიიომი შედგა და ისე, რომ უკან არ მოუხედავს, კბილებში გამოსცრა:
–ზიგმუნდთან ნაგიჟარს ნუ მეძახი!
–ყველამ და მათ შორის ზიგმუნდმაც კარგად იცის ამ სახლის ბინადრების ამბავი. სირცხვილი ის იქნებოდა რომ არ გემკურნალა.... მოიცა, მოიცა, პარიკი ვინ აგაგლიჯა მაგ ბურთივით მრგვალი თავიდან?
–შოსტაკოვიჩ, შეწყვიტე.
გიიომს ნერვიულად აუთამაშდა მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი. ყოველთვის ასე ემართებოდა ძლიერი აღელვების დროს.
შოსტაკოვიჩ ციხითათრიშვილს თავი უკან გადაეგდო და ისტერიულად ხარხარებდა. ნელ–ნელა ტუჩის კუთხეებში ქათქათა დუჟი მოადგა.
–სიცილის შეტევა დაეწყო, გაიფიქრა გიიომმა. ახლა ყველაფერს მე დამაბრალებენ.

––––––––––––––

დიტმარ ფონ დერ ფოგელვაიდემ ბოლო პაციენტი გაისტუმრა, რამდენიმე, სხვადასხვა ფერის აბი გადაყლაპა და ხელების ფშვნეტით გაემართა ბუფეტისკენ. დღეს შემწვარი ბატი ქონდათ სადილად.
ექიმი ლტოლვილი იყო გერმანიიდან, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. ყოველთვის აკურატულად გამოწყობილი, ღიღინით დადიოდა კლინიკის დერეფნებში. ოღონდ რატომღაც ყოველთვის ქალის პარტიას ასრულებდა სხვადასხვა ოპერებიდან. თავისთვის, ხმადაბლა მღეროდა. მხოლოდ ხანდახან თუ შეიჭრებოდა როლებში და წამოიკივლებდა, მაგრამ მალევე მოეგებოდა გონს და დაბნეულ პაციენტებს ღიმილით ესალმებოდა.
შოსტაკოვიჩის ხარხარი დიტმარს ბუფეტისკენ მიმავალ გზაზე შემოესმა.
სასწრაფოდ ეზოში გავარდა. ჭიშკართან გიიომი შეეფეთა, რომელიც დაოთხილი გამორბოდა კლინიკის მიმართულებით.
–ისევ უპარიკოდ დაენახეთ, არა? ხომ იცით მისთვის გაცინება არ შეიძლება. ბოროტი ადამიანი ხართ, გიიომ.
–მე ზიგმუნდთან ვიყავი სტუმრად. სულ არ მიფიქრია, რომ შოსტაკოვიჩი ამ დილაადრიან გადაწყვეტდა ტყეში გასეირნებას.
დიტმარი აღარ უსმენდა. ტყისკენ გარბოდა. გიიომიც ცახცახით მიჰყვებოდა უკან.
შოსტაკოვიჩი ხავსმოდებულ მიწაზე იჯდა თვალებგადმოკარკლული და სიცილისგან ღონემიხდილი ხაოდა.
დიტმარი შეეცადა პირი გაეღო მისთვის და წამალი ჩაესხა, თუმცა იცოდა, რომ აუცილებლად დაკბენდა შოსტი, როგორც თვითონ შეარქვა მოფერებით საყვარელ პაციენტს.
რამდენიმე წუთში დაკბენილი ექიმი ვენაში დამამშვიდებელს უკეთებდა თავჩაქინდრულ შოსტაკოვიჩს.
–ექიმო, ხელში ამიყვანეთ და ისე წამიყვანეთ ჩემს ოთახში, ძლივს ამოილუღლუღა.
წამალი მოქმედებას იწყებდა.
–გიიომ მესაბლიშვილო, მე არ ვიყო შოსტაკოვიჩი, შენ თუ გონების დაკარგვამდე არ გატირო. ოღონდ შეტევა რომ დაგემართება, შენ კი არ აგიყვანს ხელში დიტმარი. მიდი მერე და შენ ქეციან ზიგმუნდს თხოვე დახმარება.
–ნუ ლაპარაკობ ამდენს, შოსტ. შენ ახლა უნდა დაიძინო.
გიიომი დამნაშავის სახით უყურებდა დიტმარის მკლავებზე გადაწოლილ და თითქმის გათიშულ შოსტს, რომელიც პერიოდულად თვალებს ისევ აბრიალებდა.
–ბატი გაცივდებოდა, ფიქრობდა გაავებული დიტმარი, რომელსაც ხელები ჩამოაწყდა საკმაოდ მძიმე პაციენტის თრევით.
საწოლში ფრთხილად ჩააწვინა, კიდევ ერთი ნემსი გაუკეთა, საღამური პერანგი ჩააცვა, თავზე ჩაჩი დაახურა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა.
–ახლა ამას უყარაულე, რომ გიიომი არ ატიროს. ღმერთო, რა დღეში ვარ.
თუმცა ბუფეტისკენ მიმავალი უკვე საკმაოდ ხმამაღლა ღიღინებდა ჯულიეტას პარტიას.

–––––––––––––––––––––

ლუსიენ კუზნეცოვი სადილობდა. დიდი ხანია მობეზრდა დიტმარის ლოდინი. უკმაყოფილო სახით კვნეტდა ბატის ფრთას და ვაშლის თბილ კომპოტს აყოლებდა.
–გადაყევი მაგ არანორმალურებს. მალე შენც მათნაირი გახდები.
–რა ვქნა ლუსიენ, შეტევა ქონდა შოსტაკოვიჩს. არ მიმეხედა? შენ რა გიჭირს, მშვიდი პაციენტები გყავს.
–დროზე შეჭამე და სოფელში ჩავიდეთ. ნაომიმ დამირეკა, ნამცხვარზე გვეპატიჟება.
ნამცხვრის ხსენებით ნასიამოვნები დიტმარი ხარბად დააცხრა ბატის ფერდს და პირისკენ გაიქანა.
–ბრინჯი არ გვაქვს დღეს? პირგამოტენილი ფონ დერ ფოგელვაიდე ოფიციანტს მიუბრუნდა.
–იქნებ ნაწლავების გადახლართვა დაიმართო. ამდენი საჭმელი სად გეტევა?
–შენ მეუბნები მაგას? რაც სურამში ჩამოხვედი კანში ვეღარ ეტევი.
–გადაყლაპე და ისე ილაპარაკე. მაინც რა უკულტურო ხარ
–რას ამბობ, ჩემზე დახვეწილ და რაფინირებულ ადამიანს მთელ სურამში ვერ იპოვი.
დანაყრებული დიტმარი სკამის საზურგეზე ზანტად გადაწვა.
ლუსიენი სიგარეტს ეწეოდა და დაფიქრებული გაჰყურებდა მწვანეში ჩაფლულ ეზოს.

–––––––––––––––––

ნაომი კლინიკისგან მოშორებით, ერთსართულიან კოხტა სახლში ცხოვრობდა.
მუდმივად დიეტაზე მყოფი, ისტერიულად აცხობდა ნამცხვრებს და საღამოობით, კითხვაში გართული, ვერც ამჩნევდა როგორ ავლებდა მუსრს ტკბილეულს.
უკვე ბინდდებოდა, როცა ლუსიენი და დიტმარი ნაომის ეზოს მიადგნენ.
ნაომის უკვე მოესწრო ორი ნაჭერი ნამცხვრის შეჭმა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოედგა და მეგობრების მოლოდინში, სავარძელში კომფორტულად მოკალათებული, ვინსენტ გალოს ახალი ფილმით იქცევდა თავს.
–ოჰ, მობრძანდით? გოგოები სად არიან?
–ცეზარია, მარჯორი და თეთნულდი გზაში არიან. მერედიტი სიმონს და არეტას დააძინებს და მოვა. თვითონაც თუ არ დაიძინა მანამდე. საბრინა და ნათანიელი ვერ მოვლენ. ვალენტინს ვერ უტოვებენ ვერავის.
–ყავა მზადაა. დიტმარ, შენ უშაქრო. ლუსიენ, შენ ჩაი ხომ არ გირჩევნია?
დიტმარმა არაფრისმთქმელი სახით მოსვა ყავა.
–ნაომი, ცივი წყალი არ ჩამიმატე ყავაში? ნამცხვარი მომიჭერი და მომიტანე, რაა
–ღმერთო ჩემო, რა მომაბეზრებელი ადამიანი ხარ. სულ რაღაცას ითხოვ გაუთავებლად. შეხედე ლუსიენს, ზის თავისთვის, ჩაი მივუტანე და სვამს. ამას ყავა მოუმზადე, მერე ცივი წყალი დაუმარე, მერე ნამცხვარი მიართვი....
–ისტერიჩკა, ჩაილაპარაკა დიტმარმა და სიგარეტი აიღო. –ასანთიც გამოაყოლე, რაა.
ნაომი ჩხუბობდა და თან მორჩილად ასრულებდა ფონ დერ ფოგელვაიდეს მოთხოვნებს.
–რა ხდება პლანტაციაზე, დაკმაყოფილდა სარანჩების გუნდი?
–არა, ჯერ კიდევ ეზიდებიან მოსავალს. მემგონი გადაწყვიტეს ბოლო მარცვლამდე წაიღონ ყველაფერი.
ნაომი აშკარად შეწუხებული იყო პლანტაციის ბედით.

–––––––––––––––

ცეზარია დონღუზაშვილი უკვე ერთი საათია თეთნულდ ბერგმანს ელოდება, რომელიც "2 წუთში" უნდა მოვიდეს.
–დროის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნია. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
ცეზარია ნერვულად დადიოდა ოთახში და პერიოდულად სარკისკენ აპარებდა თვალს.
მისი მთავარი გატაცება უცხოპლანეტელებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება იყო. შეეძლო საათობით მჯდარიყო მარტო და ვარსკვლავებისთვის ემზირა, იმ იმედით, რომ რომელიმე პლანეტის ბინადარი მის ფანჯარასთან ჩამოფრინდებოდა.
ახლაც, ლოდინისგან დაღლილი, აივანზე ჩამოჯდა და ცას თვალი გაუშტერა.
ფიქრი თეთნულდის ზარმა შეაწყვეტინა.
მანქანაში, აჟიტირებული მარჯორი ოქრუაშვილი, რომელსაც თმის გაშრობა ვერ მოესწრო და ისე გამოქცეულიყო აუზიდან, ყვებოდა როგორ გაიცნო ბოლოს და ბოლოს ნოელი. ცეზარია კვლავ ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე ფიქრობდა. თეთნულდი კი უკვე მესამედ არტყამდა წრეს სურამის ციხეს და კიდევ ვერ გაერკვია რა მიმართულებით უნდა გაეხვია, ნაომის სახლთან რომ მისულიყო.

–––––––––––––––––––

შუაღამე გადასული იყო, როცა ნაომის სახლის კარი აქოშინებულმა მერიდიტ პარწიკანაშვილმა შეაღო.
–დიტმარ, ნაომის ეზოში შენი პაციენტია. ხელში უზარმაზარი კალია უჭირავს და ტირის.
თეთნულდის კივილმა სურამი შეძრა.
კალიის ხსენებაზე ყოველთვის წარმოუდგენელი ძალა ეძლეოდა. ახლაც, ფეხის ერთი დაკვრით კარადის თავზე მოექცა და იქიდან იმუქრებოდა, სანამ მაგ საზარელ მწერს არ მოკლავთ, აქ ვიჯდებიო.
თუმცა იმ საღამოს თეთნულდზე მნიშვნელოვანი გიიომი იყო.
სახლის კიბესთან იდგა, ცრემლგამშრალი, უკვე გაბმულად ზმუოდა და კალიის მოკვლით იმუქრებოდა, თუ თავის პარიკს არ დაუბრუნებდნენ.
–მოკალით კალია, კარადის თავიდან ბრძანება გასცა თეთნულდმა
–არ მოკლათ, რა დააშავა. შენ ვინმეს რომ ეზიზღებოდე, უნდა მოგკლას? და საერთოდ, რა დროს ესაა, უშველეთ ამ მელოტ კაცს რომელიმემ. ნაომი შეაშინებული უყურებდა გიიომს.
–დიტმარ, შეეშვი ამ ნამცხვარს და მიხედე ადამიანს, შეწუხებული სახით ამბობდა ცეზარია.
მარჯორი უკვე გარეთ იყო და ამაოდ ცდილობდა გიიომის დამშვიდებას.
–დამიბრუნოს ჩემი პარიკი. თმის გარეშე ნახევარი კაცი ვარ. მოთქვამდა შეშლილი და თავში ხელებს იცემდა.
–წამალი მაინც გვქონდეს თან, ჩაილაპარაკა ნერვებმოშლილმა ლუსიენმა
დიტმარი კუზნეცოვის დახმარებით ცდილობდა როგორმე გაეკოჭა გიიომი.
მერედიტი სასწრაფო დახმარების სამსახურში რეკავდა.
ვერავინ დაინახა როდის შემოვიდა ეზოში შოსტაკოვიჩი. დიტმარს და გიიომს უკნიდან მიეპარა და ექიმს ზურგზე მოახტა. ფონ დერ ფოგელვაიდე წაიქცა, პაციენტი ზემოდან დაეცა. კალიამ დრო იხელთა, ისკუპა და სწორედ იმ ოთხში შევარდა, სადაც თეთნულდი იყო გამაგრებული. ცეზარიამ ინსტიქტურად კარი მიხურა. ბერგმანის შეყვირებამ სახლი შეაზანზარა. ფანჯარა ხმაურით გაიღო. თმაგაშლილმა თეთნულდმა გაურკვეველი ტრაექტორიების ხაზვა დაიწყო ეზოში.
მერედიტი ფანჯრიდან ხედავდა, როგორ ებრძოდა დიტმარს მისი საყვარელი პაციენტი შოსტი.
ნახევრადგაკოჭილი გიიომი მარჯორისკენ მიიწევდა და ყველა უბედურებაში, რაც თავს გადახდა, მას სდებდა ბრალს. მარჯორი ოქრუაშვილის განრისხებამ პიკს მიაღწია და გიიომს სახეში სახლიდან ხელს გამოყოლილი მარაო გაარტყა.
სწორედ ამ დროს შეამჩნია ცეზარიამ, როგორ ჩაიქროლა ცაზე სფეროსებრმა მანათობელმა ობიექტმა.
ჭიშკარს სასწრაფო დახმარების მანქანა მოადგა.
უჩვეულოდ გაავებული დიტმარი ერთ დროს საყვარელ პაციენტს ახრჩობდა.
მერედიტი ცდილობდა დუჟმორეული შოსტი გამხეცებული დიტმარისგან დაეხსნა და თვითონაც იმ გორგლის შემადგენელი ნაწილი გახდა, საიდანაც ხან შოსტის თავი და ხანაც ფოგელვაიდეს ფეხი მოჩანდა.
თმაგაჩეჩილი ნაომი დიტმარს ლანძღავდა და პარალელურად მორბენალი თეთნულდის შეჩერებას ცდილობდა.
მარჯორი ნახევრადგაკოჭილი გიიომის გვერდზე იჯდა და თავის სველ თმას დასტიროდა, რომლის გაშრობაც ვერ მოასწრო. პერიოდულად ნოელს ეძახდა, უხილავი კონსულისგან გერმანიის ვიზას ითხოვდა და გიიომს პარიკის დაბრუნებაში დახმარებას პირდებოდა.
ცეზარია ხელებგაშლილი მიიჩქაროდი იმ ადგილისკენ, სადაც მანათობელი სფერო ჩამოვარდა.
ლუსიენ კუზნეცოვი ცდილობდა ექიმებისთვის აეხსნა ვინ იყო შეშლილი და ვინ საჭიროებდა სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას. თან იქვე დასძენდა, რომ ასე მაგრად გიიომი მან გაკოჭა.

–––––––––––––––

–რა კარგია ყველა ერთად რომ ვართ. –იქნებ ჭამის დროს მაინც გაგვიხსნათ ხელები. გააპროტესრა ნაომიმ.
–დღეს ნამცხვარი გვექნება დესერტად? იკითხა დიტმარმა და ტუჩები გაილოკა.
–ნამცხვარს ექიმებს აჭმევენ, ჩვენ ალბათ ისევ კისელი, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თეთნულდმა.
–მერედიტ, მოდი ვთხოვოთ იმ ექიმს, კეთილი სახე აქვს, იქნებ გაგვიშვას ეზოში სასეირნოდ.
–არა მგონია მარჯორი, ხომ ნახე გუშინ ცეზარია რომ გაიპარა, ყველა როგორ დაგვსაჯეს.
–ცეზარია, არ გშია? გასძახა ნაომიმ
–არა, მალე დაღამდება. მანათობელ სფეროს ველოდები. ცეზარია იღიმოდა.
–რამდენი უნდა ჭამო დიტმარ?
–კარგი რა ლუსიენ, შენ თავს შეხედე, კანში ვეღარ ეტევი.

–––––––––––––––––

–გიიომ, აი წებო. პარიკი დაიწებე და აღარ დაგინახო შოსტაკოვიჩთან ერთად გავლილი.
–გმადლობ, ექიმო.

აცრემლებულმა გიიომმა თავზე წებო დაისხა და პარიკი დაიხურა.
თავჩაქინდრული შოსტაკოვიჩი ეზოს კუთხეში იჯდა და მიწას ჩიჩქნიდა.
ზიგმუნდი ამაოდ ელოდა კაკლის მურაბას.








6 comments:

© said...

უმაგრესი იყო!!!! ხმით ვიცინე და ცრემლები მდიოდა ბოლოს! :) :) :)

:)))))))))))))))))

Marika said...

მეც..
ნინო, ძაან მაგარი ხარ, ბოიშვილი ვიყო :))

Anonymous said...

zaaan magari iyo, movkvdi sicilit, zaaan magaria, c, shen rogori xar:)me;0.zaaan bevri vicine

sofi said...

es anonimusi ogond sopo var;):)))))))))))))

kalo said...

ხოო, ცისია ძაან მაგარია, მაგრა რო კიდია ის ორომტრიალი :-))))))

ketketa said...

ნინა, სეროზულად ცუდად შევიქენი სიცილისაგან:)))))))))
მართალია პროტოტიპების გამოცნობა ცოტა გამიჭირდა, ცოტა:))) მარა არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა:))))))))))