–ეგ რადიო იქნება რომ დაგღუპავს.
–დაღუპული არ ვარ? საკუთარი სახლის სარდაფში ვიმალები. უარესი რაღა დამემართება.
–თუ უარესის არ გეშინია, რატომ იმალები, წადი, სახლში დაჯექი, შუქიც აანთე და ტელევიზორიც ჩართე. წადი, რატომ არ მიდიხარ?
–ნუ იცი შენ სიტყვებზე გამოკიდება
–ნერვებს მიშლის შენი ფილოსოფოსობა
–ცოლად რომ შეგირთე რა კარგი ხასიათი გქონდა. სიბერეში როგორ გაავდი.
–შენ მაშინაც ტრაბახა იყავი და ახლაც.
–კაი, კაი, ნუ გეწყინა. გაავდი, მაგრამ სამაგიეროდ ისევ ისეთი ლამაზი ხარ.
–ავიც არ ვარ, ხანდახან რომ გავბრაზდები, თავს ვეღარ ვიკავებ ხოლმე.
–ჰო, არ ხარ. მოდი დაწექი. იქნებ ცოტა გავთბეთ და დაგვეძინოს. რაც აქ ვართ, ძილი შემიყვარდა. თითქმის ყოველ ღამე ჩვენი ახალგაზრდობა მესიზმრება. მზით განათებული ქალაქი, სანაპირო და თოლიები.
ჭიშკარმა გაიჭრიალა. მოხუცები გაჩუმდნენ. თითქოს დროებით სუნთქვაც შეაჩერეს.
–რძე, ცოტა მჭადი და ყველი მოგიტანეთ. აქამდე ვერ მოვედი. ხომ იცით, სანამ არ დაბნელდება, საშიშია.
–შენ რომ არ იყო, შიმშილით დავიხოცებოდით.
–აბა რის მეზობელი ვარ, ნინა. წავალ მე სანამ სიწყნარეა. ვეცდები ხვალაც მოვიდე.
გიორგიმ მჭადის მოზრდილი ნაჭერი ნინას მიაწოდა.
თვითონ რძე მოსვა. ცივი იყო.
–შენ მჭადი და ყველი ჭამე. მე რძეს დავლევ, არ მშია.
–მადა სარდაფის ჰაერმა გაგიქრო, გიორგი? ჭამე, გამომართვი, ორივეს გვეყოფა.
ჩუმად ჭამდნენ. სანთელი ბჟუტავდა.
–ეს ბოლო სანთელია. ხვალიდან ბნელში მოგვიწევს ჯდომა.
–მთავარია, რომ ერთად ვართ.
–ჰო.
გიორგის ღამე სანაპირო ესიზმრა.
––––––––––––
–ფეხის ხმა იყო
–სუსანა იქნება.
კარი გაიღო.
– აი, თუ არ არიან.
სარდაფში სამი სამხედრო იდგა.
–ადექით და სწრაფად გარეთ. მოუწყვიათ რომანტიკა ბებრებს.
მოხუცები უსიტყვოდ წამოდგნენ.
ნერწყვგამშრალი გიორგი თავჩაქინდრული მიაბიჯებდა სამხედროს წინ.
ეზოდან გასვლისას ნინამ დაინახა, როგორ შეირხა ოდნავ შესამჩნევად მეზობლის ფარდა.
––––––––––––––
–აი კიდევ ორი ქართველი იმ ქუჩიდან. "პატაკი" ჩააბარა წვეროსანმა უფროსს.
უფროსს კეხიანი ცხვირი და მწვანე თვალები ჰქონდა.
–ხოდა გაიყვანეთ ეზოში.
ნინა დაჟინებით მისჩერებოდა მწვანეთვალება სამხედროს. კაცმა მზერა იგრძნო. მოხუცისკენ გაიხედა....
–ამათ მე მოვუვლი, ცალკე. აქ დატოვეთ. თქვენ ეზოში გადით და დანარჩენებს მიხედეთ.
გიორგი ერთ წერტილს მიშტერებოდა იატაკზე.
ნინა თვალს არ აშორებდა სამხედროს.
–საზღვრამდე ჩემი მეგობარი მიგიყვანთ. მერე თქვენც მოახერხებთ რამეს. უკვე სამშვიდობოს იქნებით.
გიორგი გაოცებული უყურებდა ნინას, რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
––––––––––––––––
–აქედან აღარაა საშიში. ვინმე შეგიფარებთ. თქვენიანები ცხოვრობენ.
–გმადლობ, ძლივს გასაგონად თქვა ქალმა.
ცოტა ხანს ჩუმად იარეს.
–ცოცხლები ვართ.
–ვინ იყო ის კაცი, ნინა?
–ხუთი წლის წინ მომაკვდავი შვილი გადავურჩინე.
ქალს ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა ნიკაპი.
იმ ღამეს, სამშვიდობოს გასულ გიორგის თავისი სახლის სარდაფი ესიზმრა. ზღვის ხმა და თოლიების კივილი.
P.S. ამ ისტორიაში არაფერი არ შემიცვლია. სახელებიც კი. დავწერე ის, რაც წლების წინ მოვისმინე უკვე თბილისში ჩამოსული მოხუცი ცოლ–ქმრისგან.
ძალიან მინდა ისევ შემეძლოს მათ სახლში მისვლა, სადაც თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი დასასვენებლად, სანამ იქაურობას წაგვართმევდნენ.
8 comments:
რას მაბღავლე ეხლა! ტუტუცი :)
მეც სულ მეტირება ამ ისტორიაზე :–(
რა სევდიანია...
ვეცადე და ვერ ავინაცვლე ზემოთა პოსტზე, ნინ...
ამაზე გავჩერდი. თუ გავშტერდი...
:(
auuuuuu :((( ras merchodi susana!
მეც ვიცი ასეთი ისტორიები.
ბაბუაჩემის ძმაც ასე გადაარჩინეს შვილებთან ერთად, ხვალ მოვლენ შენს მოსაკლავადო. შვილები მანამდე გამოუყვანეს.
ცოლი მოხუც დედასთან ერთად დარჩა, ლოგინად იყო ჩავარდნილი. ქალებს ხელს არ გვახლებენო. მერე ვეღარ გამოვიდა და რაღაც პერიოდის მერე ორივე საკუთარ ეზოში დახოცეს :|
მაგრამ მაინც ვერ გავიგე, სუსანამ ჩაუშვა თუ გააყვანინა?
ჩაუშვა :–(
Post a Comment