ამ ბოლო დროს მე და ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად ვიხსენებთ 90-იან, შავ-ბნელ წლებს და სულ გვიკვირს როგორ გავუძელით.
რამდენიმე დღის წინ ჩემს ძველ ბლოკნოტს ვათვალიერებდი და ერთი იმდროინდელი ჩანაწერი ვიპოვე. გადავწყვიტე აქაც დავდო და 90-იანი წლების კვირეული ამ მოთხრობით (თუ რაც ქვია, არ ვიცი) დავასრულო.
მაშ ასე:
მე ვარ ქართველი, ესე იგი ევროპელი
დიდი ხნის ორჭოფობის და ვნებათაღელვის შემდეგ (რომელიც ძირითადად ბილეთის ფულის შოვნასთან იყო დაკავშირებული), მეგობრებთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში წავედი.
თეატრის ფოიეშივე მომესპო იმედი(პრინციპში, რატომ მქონდა იმედი, ეგეც გასაკვირია), რომ პალტოს გარდერობში დავტოვებდი და როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეეფერება, პროგრამით ხელში, უხელთათმანებოდ დავჯდებოდი პარტერში, ჩემთვის განკუთვნილ სკამზე.
10 წუთიანი ფუსფუსის შემდეგ, სპექტაკლი დაიწყო. ხელ-ფეხგალურჯებული მსახიობები თავს ძალას ატანდნენ, რომ ტოლსტოისეულ "ანა კარენინაში" უნებლიე ცვლილებები არ შეეტანათ, თუმცა მათი დიდი მცდელობის მიუხედავად, თავმომწონე ვრონსკის ხშირად ებმოდა ენა, სილამაზით განთქმული კიწი კი პარკინსონიანივით კანკალებდა.
პირველი მოქმედების დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლდა, როცა უცებ რაღაცამ გაიტკაცუნა და დარბაზში უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა. გავიფიქრე, ალბათ რეჟისორმა სცენარი სპეცეფექტებით გაათანამდეროვა თქო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ დარბაზის ჩაბნელების მიზეზი აბსოლუტურად ბანალური იყო - ქალაქში შუქი ჩაქრა.
45 წუთიანი პაუზის დროს, წინა რიგში მჯდომმა თბილისური "ბომონდის" თვალსაჩინო და დაფასებულმა წარმომადგენელმა, მეგობრის დახმარებით სპექტაკლის შინაარსი ასე თუ ისე გაარკვია, ოღონდ დაჟინებით მოითხოვდა ფინალი არ მოეყოლათ, რადგან შემდეგი მოქმედების ნახვის ინტერესს დაკარგავდა :–))
როგორც იქნა სცენა განათდა და ამის შემდეგ ტექნიკურ შეფერხებებს ადგილი აღარ ქონია.
სპექტაკლის ბოლოს, მსახიობების გმირობით აღტაცებულს მინდოდა ტაში დამეკრა და ამით გამომეხატა ჩემი მათდამი პატივისცემა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხელები სიცივისგან დამბუჟებოდა და საერთოდ აღარ მემორჩილებოდა.
ქუჩაში კმაყოფილები გამოვედით (თეატრში ვიყავით მაინც) და ჩვენ-ჩვენი სამარშრუტო ტაქსების მოლოდინში გადავწყიტეთ ცოტა ფეხით გაგვესეირნა. თუმცა ამ სეირნობას კინაღამ გადავყევი - სიბნელეში (ქუჩის ლამპიონებს არც შუქის მოსვლამ უშველა) საკანალიზაციო თავახდილი ჭა ვერ შევამჩნიე და რომ არა ჩემი მეგობრის უსწრაფესი რეაქცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილება იმ ღამეს ერთით მეტ ავადმყოფს გაატარებდა რეგისტრაციაში(ან არც გაატარებდა).
აშკარა ხიფათს გადარჩენილმა, სამარშრუტო ტაქსი გავაჩერე და გაჭირვებით დავჯექი მძღოლის უკან. ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჩექმები თვალსა და ხელს შუა ტალახის წინწკლებით იფარებოდა. უკვე შეშინებული ვფიქრობდი, ალბათ ასე იწყება ჰალუცინაციები თქო, რომ უცბად ჩემს გვერდით მჯდომი ქალის უკმაყოფილო ხმა მომესმა - ნუთუ არ შეიძლება ძირგავარდნილი ტრანსპორტით მაინც არ ვიმგზავროთ, ბოლოსდაბოლოს ადამიანები ვართ, ცხოველები ხომ არაო და შვებით ამოვისუნთქე :–))
სახლში ოჯახური "იდილია" დამხვდა. ყველანი მაგიდას შემოსხდომოდნენ და მხრჩოლავი ლამპის შუქზე გაცხარებულები ავსებდნენ კროსვორდს. ოთახში შესვლა ვერ მოვასწარი, რომ დედაჩემმა მაშინვე კითხვა დამისვა - ევროპის სახელმწიფო, 10 ასოსგან შედგება, მესამეა - ქ. ვერაფრით ვერ გავიხსენეთ, იქნებ დაგვეხმარო.
დავფიქრდი....
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, ნელა, დამარცვლით ვთქვი და გამეცინა - რა დაგემართათ, ჩვენ ხომ ევროპელები ვართ !
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
ბრავო, მაესტრო!
ბრავო!
შავ–ბნელი დრო, შავ–ბნელი:))
ვგიჟდები შენ ნაწერებზე, კალო, გადარეული ვარ:)
ai molodec kalandia:)
ra magariaaa :)
ევროპელებამდე ცოტა გვიკლია : )))
Post a Comment