Friday, February 27, 2009

QUADRATISCH. PRAKTISCH. GUT








ვგიჟდები ამ შოკოლადზეც და მის სარეკლამო სლოგანზეც.

ცხოვრება მშვენიერია არა ის...

იმ დღეს ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ცხოვრება სულაც არაა მშვენიერი. მშვენიერი კი არა, უინტერესოა. რაღაცეების დაგეგმვასაც რომ არ აქვს აზრი, ისეთი. ყოველ შემთხვევაში ამ ბოლო დროს სულ ასეა: საღამოს დავსახავ შემდგომი დღის გეგმებს...... დილას? მაღვიძარა დარეკავს, ავდგები, მოვემზადები, ავტომატურად წავალ სამსახურში და მშვიდობით გუშინდელო გეგმებო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ღამე მადარდებს. ხვალ, გათენდება და საღამომდე არც გამახსენდება.
კიდევ რა მაწუხებს? ბევრი რომ უნდა იფიქრო და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მაინც დაზარალებული რომ უნდა დარჩე, ეგ. ყველა თავისას რომ გირჩევს, თან თავისებურად ამ მრჩეველებს გულწრფელად კარგი რომ უნდათ შენთვის და შენც გულგახეთქილი და დაბნეული, იძულებული ხარ ყველას აზრი მოისმინო. ბოლოს კი აღმოაჩენ, რომ ვერაფერიც ვერ გადაგიწყვეტია, ისევ იქ ხარ, დასაწყისში და ერთი ნაბიჯითაც არ წაგიწევია წინ, ცოტა შვება მაინც რომ გეგრძნო.
ამასობაში ყველაფერი თავდაყირა დგება და შენ, გაჭყლეტილი, ორად გახლეჩილი, გაოცებული იყურები წინ და ხედავ, რომ მართლა სისულელეა ყველაფერი. მაგრამ ამ აბსურდში გიწევს ცხოვრება და გახსენდება, რომ იყო ადამიანი, ნიშნავს იყო მებრძოლი, რომ შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად და ხვდები, რომ ამ ჭეშმარიტებას ვერსად გაექცევი, გვერდს ვერ აუვლი. ამას რომ მიხვდები, დაწყნარდები, ღამე მშვიდად დაიძინებ, მაგრამ ეს ერთი, ორი, მაქსიმუმ ოთხი დღე გაგრძელდეს. მერე ახალი კოშმარი იწყება - აღმოაჩენ, რომ შენმა თავგანწირვამ სულაც არ გამოიღო ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდი. გეწყინება, მაგრამ თავს იმით დაიწყნარებ, რომ მაქსიმალურად ეცადე და იმედს დაიტოვებ, რომ ოდესმე უკეთესად იქნება ყველაფერი.
და ყველაზე დიდი საშინელება - როცა გგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ცხოვრებამაც ჩვეული რიტმით უნდა განაგრძოს სვლა, მიხვდები - ამასობაში ისე დაიღალე, არაფრის არც თავი გაქვს და აღარც სურვილი. ზიხარ, ეწევი, მუსიკას უსმენ, რაღაც სისულელეებზე ფიქრობ და შენთვის, ხან გეცინება საკუთარ ნაფიქრზე, ხან ტირილი გინდება. ტირილიც გეზარება და ხარ ასე....
და ბოლოს - რომ დარწმუნდები, ღამით დიდის ამბით დაწყობილ შენს გეგმებს დილით განხორციელება არ უწერია და ეს გეგმების დაწყობის მომენტშივე ცხადია, უცებ თავი ძალიან შეგეცოდება, ერთ ღერსაც მოწევ და დასაძინებლად დაწვები.
ცხოვრება მშვენიერიაო, ვიღაცეები ამბობენ და.... რა ვიცი.
ძალიან მინდა, რომ ისევ გამშვენიერდეს.
P.S. ხო, და კიდევ, არ მინდა ეს დაგეგმილი ბედნიერება, დამანებეთ თავი :–)

Wednesday, February 25, 2009

* * *


ვერ გავიგე, ლეონარდო დიკაპრიოს რატომ არ აძლევენ ოსკარს არასდროს. რა წესია? რით ვერ გამოვიდნენ ტიტანიკის შთაბეჭდილებიდან.
არა, შონ პენის საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, პირიქით, მაგრამ ლეონარდო რატომ დაჩაგრეს?

Tuesday, February 10, 2009

Waiting for spring and sun

ზამთარი თითქმის გავიდა, რაც ძალიან მახარებს.
მომენატრა გაზაფხული, სითბო, სიმსუბუქე, ვაშლის ყვავილების სურნელი, ჩემს აივანზე ყავის დალევა....
მზით, სიმწვანით, შაბიამნისფერი ცით გამოწვეული სიხარული მომენატრა.