კომბოსტოს პლანტაციას თვალს ვერ ვაწვდენ. მთის ძირში ნისლშერეული ლაჟვარდი გადაწოლილა. ხელის გადასმა რომ მოგინდება ისეთი.
არ მეგონა ეს საძულველი ბოსტნეული ჩემში ასეთ აღფრთოვანებას თუ გამოიწვევდა ოდესმე. მინდა მანქანამ სიჩქარეს მოუკლოს, რომ დიდხანს ვუყურო, დავტკბე ამ სილამაზით, კარგად დავიმახსოვრო მწვანესა და ბაც იისფერში გაზავებული ეს უცნაური ლურჯი ფერი.
კომბოსტოს თაიგული.
უცებ წარმოვიდგინე, კომბოსტო რომ მომართვას ვინმემ საჩუქრად და სიცილი ამიტყდა. პლანტაცია თვალს მიეფარა, თუმცა ლურჯის ეს საოცარი ინტერპრეტაცია სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში.
ლამაზი ეზო, ბევრი ყვავილებით. ფუტკრების მონოტონური ზუზუნი, სოფელში გადასახლებული ბებია და ბაბუა. სიყვარულით სავსე თვალები. ამ სახლში ფეხის შედგმა და ჩემი გამგელება ერთია. არ ვიცი რა განაპირობებს ამას, დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ აღმიძრავს ჭამის დაუოკებელ სურვილს ეს გარემო.
ალბათ მაინც იმიტომ, რომ ყოველთვის გემრიელი სურნელი ტრიალებს. გემრიელი და ჯანმრთელი.
გამომშვიდობება ყოველთვის მიჭირს - სევდით სავსე თვალების დანახვა. გამოსახულება თანდათან პატარავდება, მაგრამ თვალები მაინც ჩანს, ბოლომდე მაცილებს.
გული მეწურება.
გზაში ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობა ჯერ კიდევ ცოცხლობს... მათი წყალობით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
ისეთი კომბოსტოები იყო, ამასწინათ ფოტოები რო დადე? იისფერები, ლამაზები?:)
აუუ, როგორ ვეპოტინებით არა ბავშვობას?:)
უდარდელ ყმაწვილობას, მოხუცი გრენის არ იყოს:)
Post a Comment