Friday, November 14, 2008

ნაწყვეტები მე-20 საუკუნიდან (მეხუთე)

ადრეული ბავშვობა
ფასანაური.
მე და მარიკა გვირილების მინდორში დავრბივართ. ყვავილები ხელებში აღარ გვეტევა. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ბუნებაში ამდენი ფერი არსებობდა.
ოდესმე გინახავთ მთის გვირილა?
მდინარის პირას მწვანე ხალიჩასავით დაფენილან ღილისოდენა ბაყაყები.
ჩვენს გაოცებას საზღვარი არ აქვს. მანამდე არასოდეს გვენახა ბაყაყი ასე ახლოს, მითუმეტეს ამ რაოდენობის და ასეთი გასაოცარი ზომის.
-რატომ არიან ღილებივით?კითხულობს მარიკა და თვალს არ აშორებს მოყიყინე არსებებს.
-ეტყობა ლილიპუტები არიან, ვპასუხობ მე, -ან ჯერ არ გაზრდილან.
-დედა არცერთს არ ყავს? დიდები რატომ არ ჩანან?
-ალბათ ობლები არიან
მთელი ღამე ობოლი ბაყაყების დარდში გავლიეთ.
სანატორიუმის მე-5 სართული.
აივნიდან გადაყუდებულები, ეზოში შემოჩვეულ ძაღლს პურის და ძეხვის ნაჭრებს ვუყრით.
მეორე დღეს ძაღლს მოკლავენ, სხვა, ახლომახლო მობინადრე მაწანწალა ძაღლებთან ერთად.....ეზოში, ბავშვების თვალწინ.
მსგავსი სისასტიკე იშვიათად მინახავს ჩემი თვალით. დღემდე ნათლად მახსოვს "ჩვენი" ძაღლის წითლად შეღებილი ბალანი, მისი განწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის და ყმუილი, რომელმაც მთელი ეზო გაავსო.
აივნის მოაჯირს დაციებული მსუბუქ გულისრევას ვგრძნობდი და ვერაფრით ვატანდი ფეხებს ძალას, რომ ოთახში შევსულიყავი, ყურებზე ხელები ამეფარებინა და მოვცილებოდი ამ ამაზრზენ სანახაობას.
მას მერე ფასანაურში წასვლის სურვილი არასდროს გამჩენია.
თუმცა იქ არაამქვეყნიური სილამაზის გვირილები იზრდება.

2 comments:

© said...

ნინო, შენ იმდენს იზამ რომ ამატირებ :)

კაი ვარ ახლა, რამდენი ხანია ცრემლი არ ჩამომმვარდნია და შენ გერდა იქნები ამ შემთხვევაში :)

Anonymous said...

ნინო, ისე კარგად წერ და ისე ნათლად დავინახე თითოეული კადრი..
ძალიან ემოციურია!