Tuesday, December 26, 2017

უმუშევრობის აუტანელი სიმძიმე. საახალწლოდ საკითხავი

-აუ, შენ ისეთი მოთხოვნები გაქვს, ეგრე რა სამსახურს იშოვი. 2000 ლარიანი სამსახურები სადაა, ნინო?

ხო რა, მე რათ მინდა სამსახური, სადაც ხელფასი 2000 ლარი მექნება, გაუმაძღრობაა. 400-500 ლარიანი სამსახური და მისი ჯანი. არც დაზღვევა და არც არაფერი. ჩემ შვილს  400-500 ლარად უნდა ვაჭამო, ვასვა, მასწავლებლებთან ვატარო, ექიმებთანაც, წამლებიც ვუყიდო. ზამთარში ცენტრალური გათბობა არ ჩავრთო, „გრელკით“  გავათბო ღამე, სახლში ერთი ნათურა მენთოს და ჰა-ჰა ტელევიზორი. არ გეგონოთ ოღონდ, რომ ან 400 ლარიან სამსახურზე დაგახევთ ვინმე კალთებს. ან მე ვარ მართლა უვარგისი და გამოუსადეგარი. 2016 წლის სექტემბრის მერე იმდენი გასაუბრება/ტესტირება გავიარე, ზოგი ამდენს ანაზღაურებად სამსახურში არ დადის და არ მუშაობს. ერთ-ერთ კომპანიას ეჭვი მაქვს სათარგმნი ქონდა და თავისი რესურსებით ვერ აუდიოდა,  ორი კვირის მანძილზე იმდენი ტექსტები მათარგმნინეს და გამარედაქტირებინეს. ჩემი თვითშეფასება ისედაც სადღაც ჯურღმულებში დაფორთხავდა და საკონტროლო გასროლა კარფური იყო, რომელმაც ურიკების მეთვალყურის ვაკანსია გამოაცხადა. გავაგზავნე ჩემი რეზიუმე. პირველ რიგში მაინტერესებდა რა ტიპის ტესტირებას გამატარებდნენ და მერე, ამიყვანდნენ თუ არა. ყველა სხვა კომპანიისგან განსხვავებით, ამათ არც დაურეკავთ.

-აი, ღმერთის რო გწამდეს, ასე კი არ იქნებოდი.
-ღმერთი რო გეხმარება მაგას არ გინდა და არ ხედავ.

ღმერთზე არ ვილაპარაკებ. რელიგიის მცველთა მსვლელობა მოყვება. არც მათი სმენა მინდა, არც მათთან დავა, მაინც ბოლოს უწიგნურის, უცოდინარის, უზრდელის და უმადურის ძახილით დაასრულებენ და მეზარება. სწამდეთ ჰა, მე რა. მარა ნეტა ისე სწამდეთ, გულწრფელად და აგრესიის გარეშე. თუ არსებობს, დარწმუნებული ვარ ფარისევლები არ ეყვარება.  ნეტა ვის უყვარს მაგას რომ უყვარდეს.

სახლი რომ გავყიდე, ნაძვის ხე თავისი სათამაშოებიანად ნაცნობს მივაბარე. ცოტა ხნის წინ დავურეკე, წავიღებ თქო და ჩემმა შვილმა გადაყარა, ნაგავი ეგონაო. ვისაც უმუშევრობა არ გამოუცდია, ვერ მიხვდება რას ნიშნავს, როცა ჯიბეში (ან ბარათზე) 100 ლარი გიდევს და წარმოდგენა არ გაქვს როდის ან რამდენით შეივსება შენი ჯიბე/ანგარიში. საახალწლოდ ერთი ნაძვის ხე რო დაგრჩა შვილის გასახარებლად და ისიც ვიღაცამ რო გადაგიგდო. სუპერი კი გაქვს სახლის წინ და შენი აივნიდან, მოსაწევად გასული ყოველ დღე ნაძვების უსიერ ტყეს ხედავ, მარა ამ ნაძვებს შეგიძლია მხოლოდ უყურო, ყველაზე იაფი 300 ლარი ღირს. კომენტარები აქაც უშურველად იღვრება: უი, რატო გადაგიყარეს? ვაა. კაი ხო, რა მოხდა, ღმერთის არ გწამს და რაღა ამ ახალი წლის და ნაძვის ხის იწამე. არ იქნება, ნუ იქნება. შენი ჭირიც წაუღია. ვაახ. ხო არ გთხოვთ ამ ნაძვის ხეს, არც სათამაშოებს და არც არაფერს საერთოდ. არც იმას გთხოვთ, რომ ასეთი ყლეობები არ ილაპარაკოთ, ამას წესით თქვენით უნდა ხვდებოდეთ.

-ცოტა მეტი გესწავლა და იშოვიდი სამსახურს.

ნეტა იმდენიც ვერ ვისწავლე ურიკებისთვის რომ თვალყური მედევნებინა?

-შენი ბრალია. ყველა შენ როგორ გიგვიანებს ფულის გადახდას. არ უფორმებ ხელშეკრულებას და იმიტომ, იჯექი ეხლა ეგრე.

ეს იმის პასუხად, ყოველი მეორე დამკვეთი თვეობით რომ აღარ იხდის ჰონორარს. მართალია, ჩემი ბრალია. ყველასთან ხელშეკრულება არ მაქვს. თუმცა ამასაც აქვს ახსნა. სასოწარკვეთილებაში რომ ხარ, ის 100 ლარიც რომ აღარ გაქვს და ამ დროს ნაცნობი გირეკავს, სასწრაფოდ მილიონი გვერდია სათარგმნი, ან ათიათასი სტატიაა დასაწერი 2 ლარად, აი ხვალისთვის რომ მზად იყო, გინდა? ამ სასოწარკვეთილებაში აღარ იწყებ კონტრაქტზე ლაპარაკს, ეჩქარება, შენ თუ გაუჯანჯლებ და ხელშეკრულებებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე დაუწყებ ლაპარაკს, წავა, სხვას მოძებნის და იმ 2 ლარსაც დაკარგავ. სხვა ამბავია იმ ორგანიზაციების უნამუსობა, შენი შრომის საფასურს  თვეობით რომ აღარ გიხდიან. ზოგი ე.წ. „სატესტო“ თარგმანსაც აგზავნის, გაუგზავნი გადათარგმნილს და მერე მოგწერს, იცით, ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა კანადიდან და ის გადაგვითარგმნის, მადლობა და დიდი ბოდიშიი.

-სიგარეტს კარგად ყიდულობ, უმუშევრის კვალობაზე.

ამაზე პასუხის გაცემა არ მინდა ხოლმე. და ალბათ ეს კარგია. ისევ მათთვის.

მოკლედ ასეთი ფრაზები ბევრი დაგროვდა. ზოგი დამავიწყდა, ზოგი დროთა განმავლობაში დამავიწყდება. ზოგი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ახლა ასე ვფიქრობ. შეიძლება ეგენიც დამავიწყდეს.
ყველაზე საშიში ამ დროს ის კი არაა, სამსახური რომ არ გაქვს, რაღაცეებს რომ ვერ ყიდულობ, ტესტებს რომ წერ, შენი შრომის საფასურს დროულად რომ არ გიხდიან.
ყველაზე საშიში ამ დროს შენ ხარ. შენს პრობლემებთან მარტო დარჩენილი. თავში საშინელი აზრები მოგდის.  გინდა, რომ  ვინც სამსახურის გარეშე დაგტოვა (და სრულიად ობიექტურად ვთვლი, რომ აბსოლუტურად უსამართლოდ ) მან გამოსცადოს ეს ყველაფერი, გაიაროს ყველა ის ეტაპი, რომელიც შენ გაიარე მისი გადაწყვეტილების წყალობით.  თან ფიქრობ, ეს  რომ მინდა, ე.ი. გავბოროტდი? მოკლედ სულ გაწამაწიაში ხარ, ემოციურადაც, საყოფაცხოვრებო კოშმარებიც არ თავდება და კიდევ უფრო გაავებული აკეთებ აღმოჩენას - ცუდი ადამიანი ხარ, სულ უკმაყოფილო და მარტო ნეგატიური გახსოვს რაც ამ ერთი წლის მანძილზე მოხდა.
უმცირესობაში მოქცეული ადამიანებიც მახსოვს. ეგრეც არაა.  ვინც არც ნიშნს მიგებს და არც ჭკუას მასწავლის. ისეთი მადლობელი ვარ მათი. აი ეს კი გარანტირებულად არასდროს დამავიწყდება. და არც ის ზარი: -პოლონეთში რო მიდიხარ, ფული არ გჭირდება, შე საცოდავო? ეს საცოდავო სიბრალულს არ გამოხატავს ოღონდ და ესეც ერთ-ერთი ის ამბავია, დავიწყება რომ არ უწერია.

ხო და კიდევ ერთი. -კაცმა რო გკითხოს უმუშევარი ხარ და ამ უკრაინაში და პოლონეთში როგორ დადიხარ ერთი?

არ ვარ კარგი ადამიანი, მაინც ცუდი შეკითხვით დავასრულე.
მოკლედ ახალ წელს გილოცავთ და გისურვებთ არ გამოგეცადოთ უმუშევრობა. რომელიც ცუდ ადამიანად გადაგაქცევთ.


Wednesday, March 1, 2017

ძალიან დაბალი დონის ლექსი

კალენდარზე მარტია
ზედ კომბოსტო ხატია,
მარიკასთან დავაარსეთ
უსაქმურთა პარტია.
რომ იმღეროს ტოსტერმა
უნდა მისცე ნოტები
ინაშვილის პარტიამ
გაინაღდა კვოტები.
ქანდარაზე შემომჯდარა
ერთი ვინმე მამაო
ზურგზე ადევს კოტოშები,
ციანიდი ჭამაო.
ვილნიუსის ჟალგირისმა
დააგროვა ქულები,
ლ. ვასაძეს მესინჯერში
ამოუხტა გულები.
მეეზოვემ გულმოდგინედ
დაალაგა ეზო,
არ ასვენებს გამჩენი
ამაშუკელ რეზოს.
კარგი დილა გათენდა
ახმაურდა ქუჩა
ქუმსიშვილმა ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა.
გარეთ ისევ მარტია
აბობობოქრდნენ კატები
ამ ლექსზე რომ დრო დავხარჯეთ
ვართ დეგენერატები.