Wednesday, August 24, 2011

იქ, სადაც მსუბუქად დადიხარ და ღრმად სუნთქავ

–აი, ესაა კალა პი, გვითხრა ტაქსის მძღოლმა, თვალი ჩაგვიკრა, 30 ევრო წაგვგლიჯა და ბღუილით დაეშვა ქალაქისკენ მიმავალ გზაზე.
–კიბეებით ჩადით, ქვემოთაა სანაპირო, ფანჯარაში თავგამოყოფილმა მოგვაძახა, ხელი აგვიწია და გიჟური სისწრაფით გაუჩინარდა მოსახვევში.
ესპანური არ ვიცი, მაგრამ ზუსტად მივხვდი რა გვირჩია მძღოლმა. რამდენიმე ნაბიჯში მართლაც აღმოვაჩინეთ ქვის კიბე.
როცა ჩემ მეგობრებს კარგი ახალი ამბავი აქვთ მოსაყოლი, არასდროს მინდა, რომ ორი სიტყვით  ტელეფონში მომიყვნენ.  სიამოვნებას ვიხანგრძლივებ ხოლმე "კარგად მოყოლამდე", მანამდე  აბსტრაქტულად მიხარია "რაღაც". ზუსტად ასე ვიხანგრძლივებდი სიამოვნებას მაიორკის იმ მთიანეთში – მოაჯირს დაყრდნობილი, ზემოდან ვუყურებდი ჩალისფერ ქვიშას და კლდეებს შორის მოქცეულ ზურმუხტისფერ ზღვას.
ქვიშა ისეთი ცხელია, სწრაფად და მსუბუქად უნდა მიირბინო წყალთან, ზღვა კრიალაა და მსუბუქი.
გახურებული შეზლონგიდან კლდის  გრილ ქიმზე გადავინაცვლე. მზე აცხუნებდა, ცაზე კურდღლის ფორმის თეთრი ღრუბლები უძრავად იდგნენ, თითქოს ვიღაცას მიუჭედებიაო, ურიკით "coco-melone"-ს დაატარებდნენ, მთის ძირში ესპანელი მოხუცი უტკბილესი ხმით მღეროდა "cucurrucucu paloma"-ს და მე ვფიქრობდი, რომ დაუსრულებლად ვიწვებოდი ზღვაში შეჭრილ კლდეზე, ღრმად ჩავისუნთქავდი წყალმცენარეების სუნით გაჟღენთილ ჰაერს და ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სხვათა შორის, მაიორკაზე ერთი კარგი რადიოსადგური აქვთ. Rock and Gol ქვია. ერთ–ერთი "კალა"–დან პალმას ცენტრში მივდიოდით. სწორედ იმ ტაქსიში აღმოვაჩინე ეს რადიო. ერთმანეთს ისეთი მუსიკოსები ცვლიდნენ, ნახევარი საათი როგორ გავიდა ვერ გავიგე. ბობ დილანის Forever Young-მა ესპანეთის მოედანზე მოგვისწრო.  მენანებოდა მანქანიდან გადმოსვლა. მძღოლს ვუთხარი, რა კარგ მუსიკას უსმენ თქო. გაუხარდა – გრასიას სინიორიტაო. მეც სახელდახელოდ ნასწავლი "ნადა" მოვიშველიე და რაზეც შევთანხმდით, იმაზე 5 ევროთი ნაკლები გადამიხადეთო ბოლოს გვითხრა.
ისე, უცნაურია, რატომ დაარქვეს ამ ქალაქს პალმა. თუ პალმის ხეების სიმრავლის გამო, ასეთივე წარმატებით შეეძლოთ ლეღვი, წითელი ტყემალი ან ქლიავი დაერქმიათ – პალმებზე მეტიცაა მგონი. ქალაქი ტურისტებით სავსეა, მაგრამ 12 საათზე ყველა კაფე იკეტება. სულ არ ადარდებთ შენ რომ არ გეძინება და აქეთ–იქით ბოდიალის ხასიათზე ხარ. მთელ პალმაში ერთადერთი კაფე მუშაობდა გვიანობამდე და ჩვენც ყოველ ღამე დაბარებულებივით იქ მივდიოდით. მე ყოველ ჯერზე, ახალ ოფიციანტთან ვცდილობდი გამერკვია, რომელი ხილის ნატურალური წვენი ჰქონდათ ფორთოხლის გარდა, რაზეც ყოველთვის ერთიდაიგივე პასუხს ვიღებდი – Yes! ამიტომ, კალა სანტინიში, ხილის კი არა, სტაფილოს წვენიც გვაქვსო რომ მითხრეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა იქ ჩემს მეგობარს არ გაუმართლა, რომელმაც ცივი ყავა შეუკვეთა და გაბადრულმა ოფიციანტმა ერთი ფინჯანი მდუღარე ყავა და ერთი ყინულებით სავსე ჭიქა მოართვა. შეკითხვაზე, მე ხომ ცივი ყავა შევუკვეთეო, ესპანურ, ინგლისურ და ჟესტების ენაზე მშვენივრად ჩამოაყალიბა პასუხი – დაასხი ამ ყინულებს ეგ შენი ცხელი ყავა და ცივი გამოვაო. 
მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია, პალმას ქუჩებში სიარულისას სულ მქონდა შეგრძნება, რომ კინოს გადასაღებ დიდ პავილიონში დავდიოდი. თითქოს ისიც კინოს ნაწილი იყო, პატარა, ვიწრო ქუჩაზე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მანქანით მეფემ რომ ჩამიარა და ღია ფანჯრიდან ხელი დამიქნია. სხვათა შორის, არც არაფერი გადაუკეტიათ და სულ რაღაც ორი კინკილა მოტოციკლეტი მოყვებოდა უკან. იმ ქუჩაზე მე და ერთი პოლიციელი ვიდექით მხოლოდ. ჩემს სახეზე დიდი აღფრთოვანება რომ ვერ შენიშნა (რა ვქნა, ვერ ვიცანი ასე უცებ მეფე  ), მომიახლოვდა და განსაკუთრებული სიამაყით მითხრა – "ით ვოზ ა ქინგ, ჟუან კარლოს. ჟუან კარლოს იზ ქუულ".  ესპანელების დიდ ნაწილს, როგორც იმ პოლიციელმა მითხრა მოსწონთ  ხუან კარლოსი, რომელმაც სასახლეში ცხოვრებაზე და ზედმეტ ფუფუნებაზე უარი განაცხადა და მთლად ჩვეულებრივი ესპანელივით არა, მაგრამ მეფესავით ნამდვილად არ ცხოვრობს.
ყველაზე შთამბეჭდავი პალმაში უძველესი კათედრალია – "La Seu" - უზარმაზარი და მისტიკური. რომ შეხვალ, ზემოთ აიხედავ და ენა რომ ჩაგივარდება, ისეთი.
პალმაში თუ მოხვდებით, ჩემი რჩევა იქნება – შეელიეთ რამდენიმე საათით ზღვას და აუცილებლად წადით მიროს სახლში – იქ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. შეიხედეთ მის სახელოსნოში, შემოიარეთ დარბაზები, სადაც ბევრი მიროა, ბევრი ფერადი, ნამდვილი მირო, ჩამოჯექით ბაღში, ადით ვერანდაზე და თუ გიყვართ ეს არაჩვეულებრივი კაცი, ბედნიერებას ისევე მძაფრად შეიგრძნობთ, როგორც მე დამემართა. თუმცა როგორი და რამხელა იყო ეს ბედნიერება, რამდენიც არ უნდა ვწერო, მაინც არ გამომივა. ამიტომ, სიტყვაზე მენდეთ.
ცოტა ხელოვნური ქალაქია თქო, კი ვამბობ, მაგრამ პალმას ყველაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ იქ "La Seu" –ს კათედრალი და მიროს სახლია.
––––––––––––––––
ბარსელონას აეროპორტიდან ცხვირს გაყოფ თუ არა, ათასგვარი სუნი და არომატი თავბრუს დაგახვევს. პირველი  მაინც მარილიანი ზღვის სურნელია, მსუბუქ ბრიზს რომ მოაქვს შენამდე (უცნაურია, მაგრამ პალმას აეროპორტიდან გამოსულს, მსგავსი არაფერი მიგრძვნია).
თენდებოდა ჩვენ რომ ჩავედით. არკ დელ ტეატროს შესახვევში, პალმის ხის ძირში, თუთიყუშებს ისეთი გნიასი ქონდათ ატეხილი, აშკარად ნერვებს უშლიდნენ ახლო–მახლო მყოფ მტრედებს.
ჰოდა, საოცარია როგორი ჰარმონიულია ერთ ქალაქში თავმოყრილი, ამ რადიკალურად განსხვავებული სუნების თანაარსებობა.
დილით, როცა ვიწრო ქუჩებში დადიხარ, შმორის და ნესტის სუნს უცებ ენაცვლება ყავის, დარიჩინის და ახლადგამოწურული ციტრუსის სურნელი. შუადღისთვის დომინანტი სანელებლების არომატი ხდება და შენც გახსენდება, რომ სადილის დროა. საღამოს შოკოლადის სუნი თამბაქოს სუნთან ზავდება და ნისლივით დგება ქალაქის თავზე.
ისე, ყველა ის მითი, რასაც ბარსელონაში წასვლამდე მიყვებოდნენ, დაიმსხვრა – ის, რომ იქ გაუსაძლისი სიცხეა, რომ ქურდები პირდაპირ ხელიდან გგლეჯენ ჩანთას და საფულეს, რომ უგემური საჭმელი აქვთ და თევზი თუ არ გიყვარს, მშიერი მოკვდები, 3–დან 6–მდე ყველას სძინავს და ყველაფერი დაკეტილია, რომ საგრადა ფამილია მარტო მარიაჟ ტიპებს მოსწონთ, რომ სიძვირეა და ბევრი ტურისტის მიუხედავად, ნაგავს ყველა ურნებში ყრის. 
ამ ქალაქის მთავარი ხიბლი ისაა, რომ პირველივე დღიდან გიჩნდება შეგრძნება, რომ მისი შემადგენელი ნაწილი გახდი. პალმასგან განსხვავებით, ის ცოცხალია და ნამდვილი. ბინძურია და თან ლამაზი,  ხმაურიანი, თავისუფალი, ლაღი და არადაბოღმილი.
საგრადა ფამილია არაა მარტო მარიაჟების მოსაწონი ადგილი, როგორც ბევრი თვლის. ლამაზია და ძალიან შინაარსიანი. ფაქტობრივად მთელი ნაგებობა ქვად ქცეული ფლორა და ფაუნაა. ყოველი პატარა დეტალით ხვდები, შთაგონების როგორი უწყვეტი წყარო იყო ბუნება გაუდისთვის. თუმცა ჩემთვის პალმას კათედრალი ბევრად უფრო მომნუსხველი აღმოჩნდა (არ გეგონოთ ოღონდ, რომ იქ გაუდის ხელი არ ურევია).
ბარსელონა გაუდის ქალაქია, უდაოდ. და კიდევ მიროსი. ვერ ნახავთ ვერცერთ საგამოფენო დარბაზს, მიროს ერთი ნამუშევარი მაინც რომ არ იყოს წარმოდგენილი. აღარაფერს ვამბობ უზარმაზარ სკულპტურებზე ქუჩებში, მის მუზეუმზე და მისი სახელობის პარკზე.
არ მინდა იმ არქიტექტურული ძეგლების და მუზეუმების ჩამოთვლა დავიწყო, სადაც ვიყავი. მთავარი მაინც ის შეგრძნებაა, რაც ამ ქალაქში სიარულისას გიჩნდება.
თუ გინდა ბარსელონა კარგად გაიცნო, ფეხით უნდა იარო. ბევრი. სხვანაირად შეუძლებელია. სხვანაირად მართლა მარტო მუზეუმებს ნახავ და მორჩა.
ერთ დღეს, ჯორჯ ორუელის მოედანზე (დიახ, ზუსტად იმ ჯორჯ ორუელის, საგრადა ფამილია რომ სძულდა და ნეტა დაებომბათ და დაენგრიათო რომ ამბობდა) ქუჩის მომღერალს გადავაწყდი, რომელიც სუად მასის "Le Bien Et Le Mal"-ს ისეთი გრძნობით მღეროდა, ადგილზე გამაშეშა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, შუაგულ ბარსელონაში ამ ალჟირელი ქალის სიმღერას თუ მოვისმენდი, თან ასე კარგად ნამღერს და თან ქუჩის მუსიკოსისგან. ეს პირველი "დარტყმა" იყო.
მოკლედ, თუ გინდათ კარგი მუსიკა მოისმინოთ, ის მუსიკოსები ეძებეთ, ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში და პატარა მოედნებზე რომ სხედან. ზუსტად ასეთ ქუჩაზე წავაწყდით ახალგაზრდა ბიჭს, მინუს ფონოგრამაზე არიებს რომ მღეროდა ოპერებიდან.
წმინდა ეულალიას კათედრალის წინ, ორი გოგო და ერთი ბიჭი, ყოველ საღამოს მღეროდნენ "სუპერსტარიდან" ნაწყვეტებს, ფრედი მერკურის, ბობ დილანის და ჯონ ლენონის სიმღერებს. მე ბარსელონა მათთან ერთად შემიყვარდა. ეს ეტყობა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ როცა მე და ჩემი ორი მეგობარი ერთად ვისხედით, მოწყალების სათხოვნელად ყველა მაინცდამაინც ჩემთან მოდიოდა. ზოგი იქვე, "კონცერტზე", ზოგი კაფეში მაკითხავდა. მერე მახსენდებოდა – "აა, ეს ის არ იყო, ქსილოფონზე რომ უკრავს?" –"ეს ისაა, ხო, აკორდეონიანი ტიპი?" და მე სიხარულით ვაძლევდი მათ ფულს, ოღონდ არა მოწყალებას – ისინი გასამრჯელოს კარგი მუსიკისთვის იღებდნენ.
ისე, მტრისას თუ ბარსელონელი პოლიციელის დახმარება დაგჭირდათ. როცა პორტში, სკამზე მჯდარი ძალიან მთვრალი კაცი ვნახე, რომელიც პერიოდულად "კე პასას" ბურტყუნით წამოდგომას ცდილობდა, სულ დამავიწყდა ჩემი კრემიანი და შოკოლადიანი, უგემრიელესი ვაფლი. მივხვდი, რომ ერთ–ერთ წამოდგომაზე, მინიმუმ 4 ნაბიჯი წინ და პირდაპირ თავით გადაეშვებოდა ზღვაში. მარტო დატოვება, პრინციპში მის სიკვდილს ნიშნავდა. პოლიციაში დავრეკე. ჩემდა გასაოცრად ინგლისური იცოდნენ, დიდი მადლობაც გადამიხადეს ყურადღებისთვის და პოლიციელის გამოგზავნასაც დამპირდნენ, მაგრამ 1 საათიანი ლოდინის შემდეგ მივხვდი, რომ არავინაც არ მოვიდოდა. ბოლოს, ბედზე ჰაშიშის გამყიდველის ნაცნობი აღმოჩნდა და იმას გადავაბარეთ. 
ქუჩებშიც ხშირად შეხვდებით პოლიციის მანქანებს, მაგრამ რატომღაც ყველა ცარიელია. 

სულ რაღაც 10–11 დღე გავიდა და მე უკვე მომენატრა ბოკერიას ბაზრის თვალისმომჭრელი ფერები და ათასნაირი სურნელი, პორტში ხიდის გახსნის ყურება, უგემრიელესი პაეია, მიროს ასე მძაფრად, ყოველ ნაბიჯზე შეგრძნება, გუელის პარკი, მონოპოლისტი თუთიყუშები, ფერადი დარაბები და აივნებზე გადმოფენილი დიდი, თეთრი ფარდები. 
თურმე მართლა შეიძლება ასეთ მოკლე დროში, მთელი გულით შეიყვარო ქალაქი, სადაც მუდმივად უბერავს მსუბუქი ნიავი, სადაც სევდიანთვალებიანი მოხუცი სუად მასის სიმღერებს  მღერის, სადაც ბავშვებს დაუნის სინდრომით სახლში არ მალავენ (არასდროს არ დამავიწყდება ის ულამაზესი პატარა გოგო, MACBA-ს დერეფანში რომ იჯდა ექსპონატივით), სადაც ღამით, განათებული კასა ბატლოს შემხედვარე, დაიჯერებ, რომ ჯადოსნური სამყარო არსებობს. თურმე შეიძლება შეიყვარო უცხო ქალაქი თავისი უსახლკარო, გაჭირვებული ადამიანებით,  მოტოებით და არცერთი ჯიპით, ხმაურით, სიცილით, ინგლისურის არმცოდნე, გულღია კატალონიელებით, ფორთოხლის ხეებით და სიმსუბუქით. სწორედ იმ სიმსუბუქით, თავისუფლებას რომ შეგაგრძნებინებს. თავისუფლებას და ბედნიერებას.
ჩვენი თვითმფრინავი მშობლიურ ქალაქში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
თბილისში შუქი არ იყო....