Monday, November 23, 2009

ირაკლი ჩარკვიანი – თანამედროვეობის ქართველი გენიოსი

დიდი ხნის წინ, ჟურნალში ("ცისკარში" ალბათ) ირაკლი ჩარკვიანის მოთხრობები წავიკითხე. მერე მახსოვს, დავდიოდი და ყველას, აინტერესებდა თუ არა, ამ მოთხრობებზე ველაპარაკებოდი.
ის ჟურნალი დაიკარგა. მას მერე ბევრი დრო გავიდა. მოთხრობების შინაარსმა ნელ–ნელა გაფერმკრთალება დაიწყო. დამამახსოვრდა მხოლოდ ის შეგრძნება, დიდი ხნის წინანდელი – აღფრთოვანების. წერის მანერა დამამახსოვრდა – რაღაცნაირად მსუბუქი და გენიალური.
მერე იყო ირაკლის მუსიკა – მელოდიების და ტექსტების საოცარი თავსებადობა. 
მუსიკა მანამდეც იყო, ფართო მასებისთვის ნაკლებად აღსაქმელი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი იმდროინდელ თბილისში.
არ მინდა ტრაფარეტული ფრაზების ხარჯვა და შაბლონური "ხოტბის შესხმა", როგორ მუსიკას ქმნიდა ირაკლი ჩარკვიანი. არცაა საჭირო. ეს ისედაც ნათელია. მე იმის თქმა მინდა მხოლოდ, რომ მაშინ ის მოთხრობები დამეხმარნენ უფრო სწორად აღმექვა ირაკლი ჩარკვიანი და მისი მუსიკა.
მერე... მერე იყო "მშვიდი ცურვა" და აღარ იყო ირაკლი. ის შეგრძნებაც მახსოვს – სასოწარკვეთის. ლოდინის რეჟიმის დასასრულის – მის სახელთან დაკავშირებული არაფერი რომ აღარ იქნებოდა ახალი.
შევცდი.
გუშინწინ "ძველი სათამაშოების " პრეზენტაცია იყო.
დიახ, ზუსტად იმ მოთხრობების, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე.
პოზიტიური სიახლე.
ირაკლის ძველი "ახალი" მოთხრობები.
დაბადების დღე, მისი – საჩუქარი, ჩვენ.
პრეზენტაციაზე ცოტანი მოვიდნენ. გული დამწყდა.
იყიდეთ და წაიკითხეთ!
გუშინ ირაკლის დაბადების დღე იყო. და კონცერტი. კონცერტი და ქეთათო. 
"ვალსი".
სულ მეტირება ამ სიმღერაზე. სევდიანია. ოღონდ თან ენერგიული, ძლიერი.
ზაფხული მახსენდება და ზღვის ნაპირი. კენჭები... გონიოს ტრასაც.... პატარა ნანა და "სუფთა ჰაიერი" :–)
თანამედროვეობის ქართველი გენიოსი. ჩვენს გვერდზე დადიოდა და შედევრებს ქმნიდა. ადამიანი, რომელიც უკვე კლასიკად გადაიქცა.
მაინც გადავედი ტრაფარეტულ ფრაზებზე. ვერ ავცდი.
და მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ბოლომდე ვერ ვხვდებით, ვერ ვაცნობიერებთ.
ჯორჯ ბუშის ქუჩა გვაქვს თბილისში.  სირცხვილია. და გულდასაწყვეტი.
ძალიან ცოტა ხანს იყო ირაკლი, მაგრამ დატოვა ის, რაც ყოველთვის  აქტუალური იქნება და  არასდროს დაძველდება. 
გუშინ კონცერტი იყო... გულიანი და ნამდვილი.
ირაკლის რომ მოეწონებოდა ისეთი....


Monday, November 9, 2009

ლიტერატურული თამაში

უცებ მეგობრობის დღიური გამახსენდა :-)
გახსოვთ? სკოლაში რომ ვუვსებდით ხოლმე ერთმანეთს კლასელები:-)
ნუ, ეს უფრო სერიოზულ თემას ეხება და სიამოვნებით გავცემ ყოველ კითხვას პასუხს.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
ავტორს დავწერ და არ ჩამოვთვლი რა წავიკითხე.
ტერი პრეტჩეტი.
ვისაც გიყვართ ფანტასტიკა, წაიკითხეთ. ისიამოვნებთ.
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
არასოდეს არ მიყვარდა ლექსების კითხვა და არც მათი დაზეპირება. ეს ალბათ ცუდია. როცა ქართულის მისაღებ გამოცდაზე, ბილეთში 4 ლექსი შემხვდა (ნუ, ისინი ვიცოდი, მეტი გზა არ მქონდა) და მოვემზადე მოსაყოლად, გია ალიბეგაშვილმა მითხრა, აბა, აბა, სტოპ. არ მინდა ეგ დაზეპირებული რაკრაკი, მომიყევი რა გაიგეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ ყოველთვის ვგიჟდებოდი ანალიზზე. ხოდა მივიღე ხუთიანი :-) ამის მიუხედავად მაინც მყავს საყვარელი პოეტები. პირველ ადგილზე შოთაა, რუსთაველი. ცისფერყანწელები მიყვარს, განსაკუთრებით კოლაუ ნადირაძე და პაოლო იაშვილი.
ლადო ასათიანის სილაღე მაგიჟებს და სულ ვწუხვარ, ეს კაცი ასეთი ახალგაზრდა რომ გარდაიცვალა.
მემგონი ლიმიტს გადავაჭარბე, მაგრამ ერთსაც დავწერ და მოვრჩები - ემილი დიკინსონი. მიყვარს.
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ძალიან ძნელი დავალებაა. სამი ცოტაა. ისევ ქართველებით დავიწყებ და უკვე ვხვდები, რომ აქაც გადავაჭარბებ ლიმიტს. რა ვქნა? მაპატიეთ.
გურამ დოჩანაშვილი და ოთარ ჭილაძე, დოსტოევსკი და ზოშჩენკო, ჰემინგუეი... და ფრანსუაზა საგანი, რომელიც რა თქმა უნდა above mentioned მწერლებთან ვერ მოვა, მაგრამ მე მაინც მიყვარს.
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
მახსოვს ძალიან ბევრი ვიტირე დოსტოევსკის "Униженние и оскорбленные"-ზე. იმდენი ვიტირე, რომ ბოლოს ცხვირი გამეჭედა და ვეღარ ვსუნთაქვდი :-)
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ზუსტად გუშინ დავცინოდი ბუვიეს "იზას". ეს იმ პერიოდში წავიკითხე, ადამიანი ყველანაირი საოცრებით რომ იტვირთავს და იბინძურებს ტვინს.
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
გურამ დოჩანაშვილს. ყოველგვარი ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
"ამ ქვეყანაში ხალხი პტივს არ სცემს დილას. მაღვიძარათი იღვიძებენ, რაც მათ ძილს ნაჯახივით აწყვეტს თავს და მაშინვე თავფეხიანად ეშვებიან ყოველდღიურობის დამღუპველ მორევში. აბა მითხარით, როგორი იქნება შემდგომი მთელი დღე, რომელიც ასეთი ძალადობის აქტით დაიწყება? რა შეიძლება დაემართოს ხალხს, რომელზეც საკუთარი მაღვიძარა ყოველდღიურად სუსტი დენის დარტყმასავით მოქმედებს? დღითი დღე ეჩვევიან ძალადობას და დღითი დღე კარგავენ სიამოვნებისთვის გემოს ჩატანების უნარს.დამიჯერეთ, დილა განსაზღვრავს და აყალიბებს ადამიანის ხასიათს".
ნაწყვეტი მილან კუნდერას რომანიდან ”გამოსათხოვარი ვალსი”
ყველაზე აქტუალური ციტატაა დღეს ჩემთვის :-)
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
"კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი".
დღესაც შემიძლია წავიკითხო და ზუსტად ისეთივე სიამოვნება მივიღო, როგორც მაშინ. კალე ბლუმკვისტი ჩემთვის იდეალური ბიჭი იყო :-) პრინციპში, გაზრდილ კალე ბლუმკვისტსაც გავაიდეალებდი ალბათ, თუ არ შეიცვლიდა ზნეს :-):-)
ვგიჟდები კალე ბლუმკვისტისნაირ ბიჭებზე :-):-)
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
დოსტოევსკის "იდიოტის" იდიოტი, იგივე მიშკინი. მემგონი ნამეტანი ქება გამომივიდა თავის, მაგრამ მახსოვს, რომ ვკითხულობდი, ბევრი საერთო დავინახე მას და ჩემს შორის.
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არა და ვერ ვიტან ხალხს, ვინც ითვლის რამდენი წიგნი წაუკითხავს. თუმცა მე ისეთებსაც ვიცნობ, წიგნის კითხვისას რომ ითვლიან რამდენი გვერდი წაიკითხეს დღეში :-)


მოვუწოდებ თამაში განაგრძონ ცისიამ , ქეთამ და პაჭომ. უნდა "დავთაგო" ოღონდ, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება ე.წ."თაგის" გაკეთება. მე ხომ გამოჩენილი ტექნოკრეტი(ნი) ვარ :-). ამიტომ ჯერჯერობით ასე დავტოვებ და მერე იქნებ მომეხმაროს ვინმე :-)

P.S. ასე კეთდება თურმე Tag-ი. რა ადვილი ყოფილა :-)
ცისია, Danke Schoen :-)

ა ბატონო, სრულყოფილად და-tag-ულები :-)

ცისია, ქეთა, პაჭო

Thursday, November 5, 2009

აბსურდი

ძილის წინ აზრების გააბსურდებაზე ვგიჟდები.
მეორე დღეს რომ იხსენებ. ან ვერ იხსენებ.
იმ დღეს თითქმის უკვე დაძინებული გამაღვიძა შეყვირებამ.
უცებ, ჩემს აბსურდულ სამყაროში ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა - ფორთოხალი :-):-):-) და აბსოლუტურად გამომაფხიზლა.
ეს არ მაწყობს.
წყნარი აბსურდი მირჩევნია, ძილს რომ არ აფრთხობს.

Wednesday, November 4, 2009

გაფრენილი წერილი

ჯერ კიდევ ძილში იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. უფრო სწორად სიზმარში ნახა. ზოლიან ქურქში გამოწყობილი მაწანწალა თვალს არ აშორებდა მძინარე ჯეიმსს.
გაღვიძებულმა განსხეულებული "სიზმარი" დაინახა და თვალები დახუჭა. სათანადოდ არ გამოვფხიზლებულვარო, გაიფიქრა.
-Jepilpilin ke ejukaan - ალაპარაკდა "სიზმარი".
ძილი გაქრა. ჯეიმსი გაოცებული უყურებდა "ზოლიან სიზმარს".
ქვიშა ცივი იყო. ცა ბინის დაბალი ჭერივით იდო სანაპიროს თავზე, წყალი ზანტად ისროდა უდღეურ ტალღებს. მზე ჩადიოდა.
-მზე... უკვე ჯეიმსისთვის გასაგებ ენაზე თქვა ზოლიანმა
-ვინ ხარ?
-მზე სპექტრული ტიპის ყვითელი ვარსკვლავია. წყალბადის, ჰელიუმის და სხვა აირებისგან შემდგარი გიგანტური, გავარვარებული სფერო.
-სად ვარ?
-მზის ზედაპირულ ფენაში, რომელსაც ფოტოსფერო ქვია, ტემპერატუტა 6000 გრადუსს აღწევს.
-სად ვარ? ნერვიულად იკითხა ჯეიმსმა და იგრძნო, როგორ უკანკალებდა მუხლები.
-ეს წყნარი ოკეანეა, Mare Pacificum, "მშვიდი ზღვა", ასე დაარქვა მაგელანმა. ეს ოკეანე მსოფლიოს....
-ვინ ხარ? ვინ ხარ? ვინ ხარ? - იმეორებდა ჯეიმსი და ისტერიულად ურტყამდა ქვიშას ხელისგულებს.
-მე ტომეინგი მქვია
-სად ვარ? საცოდავად ამოილუღლუღა
-მაჯურიში, მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში

ჯეიმს, თუ გძინავს, გიბრძანებ გაიღვიძო. ახლავე! გესმის?!
ჯეიმსს ეღვიძა.

-მზემ მოგიყვანა. მშვიდ ზღვასთან. მე შენ 20 წელი გელოდი.
ჯეიმსმა იგრძნო, როგორ გაჯერდა ოფლნარევი შიშით მისი სხეული.
-ცივა. და ცა? ცა რატომაა ასე დაბლა?
-დაღამდა. ცა ატმოსფეროს ან გარე კოსმოსის ნაწილია. მისი ზუსტი განსაზღვრა რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. ცა ზოგჯერ განმარტებულია, როგორც პლანეტის ატმოსფეროს ხშირი, აიროვანი ზონა. დღის განმავლობაში ცა ლურჯია, ჰაერის მიერ მზის შუქის მიმობნევის გამო. მზე ალამაზებს ცას. ღამით კი ვარსკვლავებით მიმოფანტულ შავ ზედაპირად ჩანს.
-ტომეინგ
-მარშალის კუნძულებზე ხარ, ჯეიმს. მზემ ამოგიყვანა ოკეანიდან
-ჯეიმს?
-ჯეიმს ბოლდი, ლონდონიდან. გაიღიმა ტომეინგმა
-შენ? შენ საიდან იცი ჩემი სახელი? მე გემით, მე, მე...
-შენი გემი აღარ არსებობს. არც არასდროს არსებობდა. შენ მზის დესპანი ხარ.
ჯეიმსმა უმწეოდ შეხედა მოხუცს.
-ჩემთან წამოდი. ცხელ ჩაის დავლევთ
-სახლი გაქვს? მაწანწალა მეგონე.
-მე ტომეინგი ვარ. ბოტანიკოსი. გვიმრის ბუნებას ვსწავლობ.

სახლი ქალაქის განაპირას იდგა. ნაცრისფერი კედლებით და ყვითელი შუქით. ცხელმა ჩაიმ და ვანილის, ოდნავ ნესტიანმა ორცხობილამ ჯეიმსი დაამშვიდა.
ოთახის შორეულ კუთხეში ჟანგისფერი ძაღლი იწვა, მოკუნტული.
-აფრენილო ძაღლო, გადი გარეთ.
ძაღლმა კუდი შეარხია
-ძალიან ჯიუტია აფრენილი ძაღლი.
გიჟია, გაიფიქრა ჯეიმსმა და შეამცივნა.
-უკვე 20 წელია ერთად ვცხოვრობთ, მის ხასიათს კი ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი. ერთმნიშვნელოვნად ინტრავერტია. პერიოდულად ციკლოთიმიის შემოტევებიც აქვს. თუმცა ვუყვარვარ. უანგაროდ.
ჯეიმსმა ვერ შეამჩნია, როდის მიეპარა უანგარო ძაღლი.
კისერთან საშინელი ტკივილი იგრძნო.
-აფრენილო ძაღლო, როგორ გაბედე. სტუმარს უკბინე. დაისჯები და ღამეს გარეთ გაათევ.
კუდამოძუებული ძაღლი შემზარავი წკმუტუნით გავარდა გარეთ.
-ვიცი, რომ წერილი შენ გაქვს. ტომეინგმა საფენი სპირტში დაასველა.
-წერილი?
-წერილი აუცილებლად დაბრუნდება უკან, აუცილებლად. ვიცი.
-მე არ მაქვს წერილი. ისიც არ ვიცი სად ვარ. ან რატომ ვარ.
-20 წელია ველოდები. იმედი არ დამიკარგავს.
-მე მსახიობი ვარ, ლონდონიდან. 20 წლის წინ 7 წლის ვიყავი. წარმოდგენა არ მაქვს რა წერილზე მელაპარაკებით.
-აფრენილი ძაღლი მიხვდა, რომ წერილის დაბრუნების დრო დადგა. ის არასოდეს ცდება. ღამე მშვიდობის. საწოლებს არ ვცნობ. იატაკზე დაიძინეთ.
ღამით რამდენჯერმე დაყნოსა ჯეიმსი აფრენილმა ძაღლმა.
აღარ უკბენია.
-სინდისი ქენჯნის. გაიფიქრა ბოლდმა და საკუთარი თავის შეეშინდა.
ოთახში ჯეიმსის სუნთქვის და ძაღლის მსუბუქი ღრენის ხმა ისმოდა.
დილით ჯეიმსს არ გაუღვიძია. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ღამით თვალი არ მოუხუჭავს.
საუზმემ მდუმარებაში ჩაიარა.
სანაპიროზე ციოდა.
აფრენილ ძაღლს ნაქსოვი ჟილეტი ეცვა, ბოტანიკოსს ზოლიანი ქურქი.
არაქათგამოცლილი ჯეიმსი ოკეანის აგრესიულ ფრინველებს იგერიებდა.
-გვიმრებმა მთელი ცხოვრება წამართვეს. ტომეინგი ოკეანეს გაჰყურებდა. - ამას არც ვნანობ. მისია იმდენად დიდია, ერთი სიცოცხლე შესაძლოა არც ეყოს.
აქოშინებული ჯეიმსი ქვიშაში ჩაჯდა.
-გვიმრა სპორებით მრავლდება, მას...
-სად გაფრინდა შენი წერილი?
-ცაში
-ადრესატი ვინ იყო?
-მზე. მან პასუხი 20 წლით დააგვიანა. ამიტომაც ანათებს მორიდებით. ჩემი რცხვენია. მე მას გვიმრებისთვის სულის შთაბერვა ვთხოვე. მან კი 20 წელი მალოდინა. დედამიწას ადამიანები ანადგურებენ. ის გვიმრებმა უნდა გადაარჩინონ. ოღონდ ამისთვის მათ სული სჭირდებათ.
მზე გადამფრენი წეროების გუნდმა დაფარა.
-მზემ შენი წერილი წეროებს გამოატანა. ვნახოთ, მოაღწევს თუ არა ის შენამდე. გავითვალოთ.
-წეროები. დაიწყო ხმადაბლა ჯეიმსმა
-მიფრინავენ. ჩახლეჩილი ხმით განაგრძო ტომეინგმა
-საით?
-შორს
-რამდენი?
-შვიდი
-ერთი
-ორი
-სამი
-ოთხი
-ხუთი
-ექვსი
-შვიდი.
წააგე. გაფრენილ წერილებს უკან ვეღარ დააბრუნებ.
ტომეინგი სევდიანად უყურებდა ბაც იისფერ ღრუბლებს.
აფრენილი ძაღლი ხელისგულს ულოკავდა ჯეიმსს.
წეროები სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ მზეს.