Wednesday, December 21, 2016

გულო

ჩვენი ეზოს ყველა მაცხოვრებელმა იცის, რომ დილის 9 საათზე გულო ყავის მომზადებას იწყებს. ზაფხულობით ეზოში ეწყობა  საყოველთაო ყავის სმა, ზამთარში გულოსთან, სახლში. არ მიყვარს თურქული ყავა და არასდროს  ვსვამ,  გამონაკლისი დილის ყავაა, რომელსაც ისეთი მონდომებით აკეთებს და ისეთ გემრიელს, არ არსებობს დალიო და არ მოგეწონოს.
გულო მეეზოვეა. კამოს ქუჩას ალაგებს. დილის 5-ზე გადის და 9-ზე უკვე სახლშია. 54 წლისაა და უკვე შვილთაშვილები ყავს. 14 წლის გავთხოვდიო, ყვება. ქმარი ბედოვლათი ყავდა, „იგროკი“ და „კარმანშიკი“, როგორც თვითონ ამბობს. ურტყამდა. რატომ არ შორდებოდი თქო რო ვეკითხები, დურაკი ვიყავიო, მიყვარდა და მეგონა გამოსწორდებოდაო. 10 წლის მერე მოვედი აზრზე და გავშორდიო. საოცარი თვისება აქვს, ნეგატიურ ამბებსაც ისე ყვება, სიცილით გაიგუდები. „ეს რეზო, ეს პიდარასტი, მაგის სახლში მოსვლამდე დაძინებას მიკრძალავდა, ვაი ჩემი ბრალი, თუ დავიძინებდი. გამაღვიძებდა და გამხეთქავდა ცემაში. ერთხელ ეგრე დაძინებული გამაღვიძა და ბოთლი ჩამცხო თავში, გავითიშე და ისევ დამეძინა. აბა რა მნიშვნელობა ქონდა ეხლა მაგისთვის, რაღას გამაღვიძა, ხო მეძინა ისედაც, ბარემ მთელი თავით მძინებოდა, რაღას გამიტეხა, მარა ეგეთი საზიზღარი იყო ეგ ვირიშვილი". რო მოკვდა პანაშვიდზე იყავი თქო? არა, ჩემი შვილის თხოვნით დასაფლავებაზე წავედიო. მერე ისე გამისწორდა, ქელეხშიც დავრჩი და ისე მოხდა, რომ ზუსტად ჩემ წინ ეკიდა მაგის გადიდებული ფოტოო. მე თან ხაჭაპურს ვჭამდი და თან სურათს ვეუბნებოდი, აი შენი დედა შევეცი, ხო მოკვდი და მე აგერ შენ ქელეხში ვჭამო. მთელი ახალგაზრდობა გაუმწარა. ნატრობს ნეტა ახლანდელი ჭკუა მაშინ მქონოდა, მაგას ვუტირებდი დედასო.
ანას პირველი სიტყვა გულომ ასწავლა - ბდა, რაც ქურთულად მომეცის ნიშნავს და ძალიან ამაყობს ამით. - აი ბავშვი, ერთხელ ვუთხარი და გაიმეორა. იმის მერე ახსოვს. ამისთანა ბავშვი არ დადის. ჩვენი ეზოს მზეა ესა. შენზე ჭკვიანი კი არის, ხან რა სისულელეს გააკეთებ, ხან რას, გამოშტერებული დადიხარ. არა, კაი გოგო ხარ შენ, ჯიგარი, მარა ამ ბავშვზე სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებე. არ გავიგო ვინმემ რამე გადაბრუნებული სიტყვა თქვას ამაზე. ტაშკა-მუშკა (ასე დაარქვა თვითონ) ყველაზე კაი გოგოა. ამას წინათ ვიღაც შტერმა ქალმა რო იკითხა ანაზე, დაუნებსაც ცრიანო? ეს ამბავი გულომ რომ გაიგო, შემომივარდა სახლში და სულ ჩმორი მეძახა, როგორ თავი არ გაუხეთქე იმ ტუტუცსო? ნეტა იქ ვყოფილიყავიო, ორი დღე ვერ დავამშვიდეთ.
უმუშევარი რომ დავრჩი და ვთქვი, ეს სახლი უნდა გავყიდო თქო, თავზარდაცემული დადიოდა, ხმას არ იღებდა, რა გჭირს თქო რო ვეკითხებოდი, მაცალე, ვფიქრობო. მესამე დღეს გამომიცხადა, სანამ მე აქ ვარ, შენ აქედან არ წახვალო. სესხს გამოვიტან და მოგცემ, ცოტა ხანს ხო გეყოფაო და მერე კიდე რამეს ვიზამთო. 400 ლარი აქვს ხელფასი გულოს. გადაწყვეტილი აქვს, რომ სანამ სამსახურს ვიშოვი, უნდა გამომკვებოს. შუადღისას უყვარს შემოსვლა, იმ დროს როცა ანას ძინავს.  საქმე თუ არ მაქვს მეც ვიძინებ ხოლმე. არ არსებობს არცერთი ასეთი დაძინება, გულო რომ არ შემოვიდეს. -დაუძინიათ ჩაილაპარაკებს, მერე სინათლეს ჩააქრობს - გაუჩაღებია ყველაფერი მილიონერს, ჩაიბუტბუტებს, მერე ისმის თეფშის მაგიდაზე დადგმის ხმა, გაიღვიძებს და შეჭამს, აბა ეგ რისი გამკეთებელია და გადის. თავის ჭკუაში ძალიან ფრთხილად და უხმაუროდ. სინამდვილეში ერთ რახარუხს აუტეხავს კარს და თან ვითომ ჩუმად ჩხუბობს, ჯანდაბა, რა კარი აქვთ, წესიერად ვერ გააღებ და დაკეტავ.
ყველა მეზობელი მიყვარს, მაგრამ ნინო და ლელა გამორიცხულადო, ამბობს ხოლმე. ლელა ჩემს ზემოთ ცხოვრობს და ისიც ჩემსავით გიჟდება გულოზე. სასაცილო სიტყვებს რომ ამბობს, ერთად ვიცინით ხოლმე.  გამოშტერებულებს გვეძახის, ნეტა თქვენო.
ერთხელ ლაქის (მანიკურის) გასაცლელი აცეტონი გამომიტანა ამაყად და მეუბნება, ნახე რა მაგარი რამე ჩამომიტანა ჩემმა ნათესავმა ესპანეთიდან?! სუ ბზინვა გააქვს ავეჯს, დილას გავაპრიალე ყველაფერი. აბა ერთი ნახე, კიდე რისი გაწმენდა შეიძლება, ინგლისურად აწერია მგონი, თან შენ ხო იცი ეგეთი ფოე-ფოე რაღაცეები. მე რა თქმა უნდა მთელ ეზოს მოვდე რო გულო ავეჯს აცეტონით აპრიალებს. ძაან ბევრი ვიცინე. კიდე კაი ჭურჭელსაც არ მოასხი თქო. ვაი, ვაი, ამისი სასაცილო რო გავიხადე თავი, იცინებს ეხლა ორი დღე გიჟივით. მიდი იმ ბუქზე თუ რაღაცა ინტერნეტში რო დაძვრები იქაც დაწერე. თვითონაც იცინოდა და პერიოდულად ამბობდა, ფუ, ტუპოი რო დაიბადება ადამიანი რა.
არცერთი რელიგიის მიმდევარი არაა, მაგრამ განსაკუთრებულ პატივს ცემს ყველა იმ რელიგიურ დღესასწაულს, რომელზეც რამე კონკრეტული საჭმელი კეთდება. გაუმარჯოს აღდგომას, კაი პასკას ვიყიდი. ბარბარობაზე ლობიანები უნდა გაკეთდეს, აბა როგორ, ეგრეა წესი. იმ დღესაც გაუმარჯოს, მაცას რო აცხობენ, იფ, კაი მაცა კაია. მერე ზედა მეზობელს გასძახებს, მარეტა, შენ რო ტოლმას აკეთებ, ტყუილია, სომხებივით ვერავინ ვერ აკეთებს ტოლმას. შევაქოთ კაცო, გაუხარდება, გაგვიკეთებს. ერთადერთი რაც ვერაფრით ვერ ამოვხსენი - ღორის ხორცს არ აკეთებს სახლში, სხვაგან ჭამს, მაგრამ სახლში არ შეაქვს. ჩემი რელიგია კრძალავსო. ერთხელ ვუთხარი ნეტა ერთი არ მატრაკვეცობდე, სხვაგან კარგად ჭამ, მაგას არ კრძალავს შენი რელიგია თქო? ჩემ ბიჭს არ უყვარდა ღორის ხორციო, სუნსაც ვერ იტანდაო. ბიჭი 10 წლის წინ გარდაეცვალა. 27 წლის. არასდროს არავის  ახვევს ამ თავის დარდს, მარტო როცა სიტყვა მოიტანს მაშინ ახსენებს ხოლმე თავის მერაბს და თვალებში ისეთი  სევდა უდგება, ვერ ვუყურებ. რაღაც მახრჩობს და ძალიან ვატან ჩემ თავს ძალას რომ არ ვიტირო. ასეთი სევდა იშვიათად მინახავს - ემოციებისგან დაცლილი, გაუსაძლისი, დასასრული რომ არასდროს ექნება ისეთი, რაც ბევრად უფრო თავზარდამცემი და აუტანელია, ვიდრე  ტირილი და მოთქმა. იცი ჩემ მერაბს როგორი ჭამა უყვარდა? უუჰ, გემრიელი, ისე ჭამდა, შენც მოგანდომებდა.  იმიტომაც მიყვარს ის ხალხი ჩემ გაკეთებულ საჭმელს გემრიელად რო ჭამენ. სუ მერაბი მახსენდება. კულონში აქვს ჩასმული თავისი მერაბის ფოტო და გულზე ჰკიდია. აქ რო იყოს, გულთან ძაან ახლოსო. ვერასდროს ვერაფერს ვეუბნები, როცა თავის შვილს ახსენებს. მარტო ვუსმენ. ჩუმად.
რამდენიმე დღის წინ ხანძარი გაუჩნდა სახლში. მთელი ეზო სახანძროს მოსვლამდე ებრძოდა  ცეცხლს, ვისაც რა შეეძლო. ბეწვზე გადავრჩით, რომ მთელი ეზო არ გადაიბუგა თავის სახლებიანად.  გულო იდგა ჩემი სახლის კართან, თავიდან ბოლომდე გალუმპული, ლოყებზე მური ესვა და ტიროდა. ტიროდა და ბოდიშს იხდიდა, კინაღამ ყველა უსახლკაროდ დაგტოვეთ, მე ქალი ვარ ამის მერეო?!  არავის არ ესმოდა იმ გნიასში ეს ბოდიში, მარა ეს მაინც გაუთავებლად იმეორებდა. მერე, გვიან საღამოს, ჩვენთან გასათბობად შემოსულს ვუყვებოდი, გამურული რო ქონდა სახე.
გამაწყვეტინა ლაპარაკი:
-არა, კინაღამ არ დავიღუპე? კინაღამ ყველა უსახლკაროდ არ დაგტოვეთ? ჩემი თავი ჯანდაბას, სახლი ჭირმაც წაიღოს და თუ მოვკვდებოდი ეგეც ნიჩივო, მარა თქვენ კაცო? შენ კიდე ეგ გინდოდა შე საცოდავო, ისედაც უმუშევარი ხარ. მოიცა, რაო, მურები მესვა? ქურთი რემბო ვარ, ერთი ჩემ ქმარს ვერ მოვერიე მაგ პიდარასტს.


No comments: