Thursday, October 22, 2015

ჩემი და ანას ამბავი

საერთოდ არანაირი წინათგრძნობა არ მქონია.  ცოტა დამეზარა კიდეც რომ მითხრეს შენ უნდა წახვიდეო. უხალისოდ გადავიკიდე ჩანთა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის გამოუძინებელი ვიყავი და ვიფიქრე, გზაში მაინც დავიძინებ თქო. რომ გავიღვიძე უკვე ჭიშკართან ვიდექით. დაახლოებით ერთ საათში - ანას საწოლთან. ეძინა და პერიოდულად ტუჩებს ისე ამოძრავებდა, როგორც ბავშვები „სოსკის“ წოვისას. ანა არარსებულ „სოსკას“  წოვდა ძილში. სხვადასხვა ოთახები შემოგვატარეს. ამერიკელმა „მარინებმა“ გაარკვიეს რისი გაკეთება შეეძლოთ და წამოვედით.
მერე მალე ნეპალში წავედი, ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ღამღამობით მესიზმრებოდა, როგორ წოვდა პატარა წითური გოგო არარსებულ „სოსკას“.  ვიფიქრე, თბილისში რომ ჩავალ,  მოდი კიდევ ვნახავ თქო. სასაცილო ბავშვი უნდა ყოფილიყო წესით.
ვნახე, მერე კიდევ და მერე უკვე აღარ მახსოვს პირველად როდის მივხვდი, რომ მიყვარდა. მიყვარდა და მომწონდა იროკეზივით ყალყზე დამდგარი თმებით, ლურჯი თვალებით და სასაცილო, კოტიტა თითებით. უკვე ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად უნდა გვეცხოვრა, ჩემს ჭრელ სახლში. დარწმუნებული ვიყავი მოეწონებოდა.
ორი წელია უკვე რაც ერთმანეთს ვიცნობთ. ბევრი რამის გამო უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი.  ამ ბევრში, ცუდიც ურევია და კარგიც.
ორ წელიწადში ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინე ჩემს თავში, ისეთი, რომელზეც წარმოდგენაც კი არ მქონდა. მაგალითად, როცა ანამ მეორე ოპერაცია გაიკეთა და რეანიმაციიდან საშინელ მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, მივხვდი, რომ თუ ანას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ალბათ შემიძლია ადამიანი მოვკლა. აღმოვაჩინე, რომ არავის აზრს არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქმე ანას ეხება. ორი წლის მანძილზე ბევრი რჩევა დარიგება მივიღე, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ვიღებ, რაში მჭირდება, დავიტანჯები, მაგისგან რა უნდა „დადგეს“, ისეთი მაინც წამოგეყვანა, სიბერეში რომ მოგხედავდა.. იმასაც მივხვდი, რომ ასეთ ხალხს რომც უთხრა მაინც ვერ გაიგებენ, ქრომოსომების თვლას, ჯობს საკუთარი ცხოვრებით  დაკავდნენ. ასეთი ხალხი ანასნაირ ბავშვებს სიბრალულით უყურებს და გონიათ, რომ ეს სწორი მიდგომაა, თავაზიანი საქციელია. ასეთი ხალხი ვერასდროს მიხვდება, რომ თვითონ არიან ცოდონი და არა ანა, იმიტომ, რომ  ანას ადამიანები უყვარს, იმიტომ, რომ ანას მუსიკა უყვარს და ცეკვა, ანას ქუჩის მუსიკოსი ბიჭი მოწონს და ყოველ ჯერზე კოცნას უგზავნის, იმიტომ, რომ ანა კეთილია. ცუდია ასეთი ხალხის არსებობა, თუმცა მე ისინი ფეხებზე მკიდია და ალბათ ანაც იგივეს იზამს, როცა გაიზრდება.   
ყოველთვის მადლობელი ვიქნები ბებიაჩემის, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრებს შორის პირველმა გამოთქვა ანას გაცნობის სურვილი და გაიცნო კიდეც. ანა უღიმოდა პირველ შეხვედრაზე.  არასდროს ცდება ეს ბავშვი და ყოველთვის ხვდება ვის უნდა გაუღიმოს. და მიხარია, რომ უფრო მეტ ხალხს უღიმის, ვიდრე უბღვერს, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენს ირგვლივ (ამ შემთხვევაში ჩვენ-ში ჩემს თავს, ანას და ჩვენს მეგობრებს ვგულისხმობ და არა ზოგადად ქვეყანას) კარგი ხალხი უმრავლესობაშია.
ყველაზე მთავარი „კარგი“ კი ისაა, რომ მე და ანა ერთად ვცხოვრობთ, საღამოობით ვთამაშობთ და მერე ერთად ვიძინებთ. არ მახსოვს მანამდე როგორ მეძინა ანას სუნის გარეშე. ახლა ამ  სუნითაა გაჟღენთილი ჩემი საძინებელი.
მე ამ სუნს არასდროს არაფერში არ გავცვლი.