Wednesday, August 24, 2011

იქ, სადაც მსუბუქად დადიხარ და ღრმად სუნთქავ

–აი, ესაა კალა პი, გვითხრა ტაქსის მძღოლმა, თვალი ჩაგვიკრა, 30 ევრო წაგვგლიჯა და სტვენა–სტვენით დაეშვა ქალაქისკენ მიმავალ გზაზე.
–კიბეებით ჩადით, ქვემოთაა სანაპირო, ფანჯარაში თავგამოყოფილმა მოგვაძახა, ხელი აგვიწია და გიჟური სისწრაფით გაუჩინარდა მოსახვევში.
ესპანური არ ვიცი, მაგრამ ზუსტად მივხვდი რა გვირჩია მძღოლმა. რამდენიმე ნაბიჯში მართლაც აღმოვაჩინეთ ქვის კიბე.
როცა ჩემს მეგობრებს, კარგი ახალი ამბავი აქვთ მოსაყოლი, არასდროს არ მინდა, რომ უცებ გავიგო – ტელეფონით, ან მითუმეტეს გზავნილით. სიამოვნებას ვიხანგრძლივებ თითქოს – "კარგად მოყოლამდე" აბსტრაქტულად მიხარია ხოლმე "რაღაც". ზუსტად ასე ვიხანგრძლივებდი სიამოვნებას მაიორკის იმ მთიანეთში – მოაჯირს დაყრდნობილი, ზემოდან ვუყურებდი ჩალისფერ ქვიშას და კლდეებს შორის მოქცეულ ზურმუხტისფერ ზღვას.
ქვიშა ისეთი ცხელია, სწრაფად და მსუბუქად უნდა მიირბინო წყალთან, ზღვა ისეთი რბილი, გეგონება ფუმფულა პლედში გაეხვიე.
გახურებული შეზლონგიდან კლდის სველ და გრილ ქიმზე გადავინაცვლე. მზე აცხუნებდა, ცაზე კურდღლის ფორმის თეთრი ღრუბლები უძრავად იდგნენ, თითქოს ვიღაცას მიუჭედებიაო, ურიკით "coco-melone"-ს დაატარებდნენ, მთის ძირში ესპანელი მოხუცი უტკბილესი ხმით მღეროდა "cucurrucucu paloma"-ს და მე ვფიქრობდი, რომ დაუსრულებლად ვიწვებოდი ზღვაში შეჭრილ კლდეზე, ღრმად ჩავისუნთქავდი წყალმცენარეების სუნით გაჟღენთილ ჰაერს და საერთოდაც, ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნებოდა.
სხვათა შორის, მაიორკაზე ერთი კარგი რადიოსადგური აქვთ. Rock and Gol ქვია. ერთ–ერთი "კალა"–დან პალმას ცენტრში მივდიოდით. სწორედ იმ ტაქსისში აღმოვაჩინე ეს რადიო. ერთმანეთს ისეთი მუსიკოსები ცვლიდნენ, ნახევარი საათი როგორ გავიდა ვერ გავიგე. ბობ დილანის Forever Young-მა ესპანეთის მოედანზე მოგვისწრო. ცოტა მენანებოდა მანქანიდან გადმოსვლა. მძღოლს ვუთხარი, მაგარ მუსიკას უსმენ თქო. გაუხარდა – გრასიას სინიორიტაო. მეც სახელდახელოდ ნასწავლი "ნადა" მოვიშველიე და რაზეც შევთანხმდით, იმაზე 5 ევროთი ნაკლები გადამიხადეთო :–) გეუბნებით, კარგ მუსიკას ცუდი ტიპები არ უსმენენ :–)
ისე, უცნაურია, რატომ დაარქვეს პალმას ასეთი არასერიოზული სახელი. თუ პალმის ხეების სიმრავლის გამო, ასეთივე წარმატებით შეეძლოთ ლეღვი, წითელი ტყემალი ან ქლიავი დაერქმიათ – პალმებზე მეტიცაა მგონი. ქალაქი ტურისტებით სავსეა, მაგრამ 12 საათზე ყველა კაფე იკეტება. სულაც არ ადარდებთ, შენ რომ არ გეძინება და აქეთ–იქით ბოდიალის ხასიათზე ხარ. მთელს პალმაში ერთადერთი კაფე მუშაობდა გვიანობამდე და ჩვენც ყოველ ღამე დაბარებულებივით იქ მივდიოდით. მე ყოველ ჯერზე, ახალ ოფიციანტთან ვცდილობდი გამერკვია, რომელი ხილის ნატურალური წვენი ქონდათ ფორთოხლის გარდა, რაზეც ყოველთვის ერთიდაიგივე პასუხს ვიღებდი – Yes! ამიტომ, კალა სანტინიში, ხილის კი არა, სტაფილოს წვენიც გვაქვსო რომ მითხრეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა იქ ჩემს მეგობარს არ გაუმართლა, რომელმაც ცივი ყავა შეუკვეთა და გაბადრულმა ოფიციანტმა ერთი ფინჯანი მდუღარე ყავა და ერთი ყინულებით სავსე ჭიქა მოართვა. შეკითხვაზე, მე ხომ ცივი ყავა შევუკვეთეო, ესპანურ, ინგლისურ და ჟესტების ენაზე მშვენივრად ჩამოაყალიბა პასუხი – დაასხი ამ ყინულებს ეგ შენი ცხელი ყავა და ცივი გამოვაო :–))
მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია, პალმას ქუჩებში სიარულისას სულ მქონდა შეგრძნება, რომ კინოს გადასაღებ დიდ პავილიონში დავდიოდი. თითქოს ისიც კინოს ნაწილი იყო, პატარა, ვიწრო ქუჩაზე, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მანქანით, მეფემ რომ ჩამიარა და ღია ფანჯრიდან ხელი დამიქნია. სხვათა შორის, არც არაფერი გადაუკეტიათ და სულ რაღაც ორი კინკილა მოტოციკლეტი მოყვებოდა უკან. იმ ქუჩაზე მე და ერთი პოლიციელი ვიდექით მხოლოდ. ჩემს სახეზე დიდი აღფრთოვანება რომ ვერ შენიშნა (რა ვქნა, ვერ ვიცანი ასე უცებ მეფე :)) ), მომიახლოვდა და განსაკუთრებული სიამაყით მითხრა – "ით ვოზ ა ქინგ, ჟუან კარლოს. ჟუან კარლოს იზ ქუულ". უყვართ ესპანელებს თავისი ჟუან კარლოსი, რომელმაც სასახლეში ცხოვრებაზე და ზედმეტ ფუფუნებაზე უარი განაცხადა და მთლად ჩვეულებრივი ესპანელივით არა, მაგრამ მეფესავით ნამდვილად არ ცხოვრობს. და მე, იმ ქუჩაზე მდგომს, შემშურდა ესპანელების, რომ მათ თავისი მეფე (ამ შემთხვევაში მაინცდამაინც მონარქს არ ვგულისხმობ. წინამძღოლს, ლიდერს, როგორც გინდათ დაარქვით) გულწრფელად უყვართ და ის ამას იმსახურებს.
ყველაზე შთამბეჭდავი პალმაში უძველესი კათედრალია – "La Seu" - უზარმაზარი და მისტიკური. რომ შეხვალ, ზემოთ რომ აიხედავ და ენა რომ ჩაგივარდება, ისეთი.
პალმაში თუ მოხვდებით, ჩემი რჩევა იქნება – შეელიეთ რამდენიმე საათით ზღვას (რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ნამზეური) და აუცილებლად წადით მიროს სახლში – იქ, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. შეიხედეთ მის სახელოსნოში, შემოიარეთ დარბაზები, სადაც ბევრი მიროა, ბევრი ფერადი, ნამდვილი მირო, ჩამოჯექით ბაღში, ადით ვერანდაზე და თუ გიყვართ ეს არაჩვეულებრივი კაცი, ბედნიერებას ისევე მძაფრად შეიგრძნობთ, როგორც მე დამემართა. თუმცა როგორი და რამხელა იყო ეს ბედნიერება, რამდენიც არ უნდა ვწერო, მაინც ვერ გადმოვცემ. ამიტომ, სიტყვაზე მენდეთ.
ცოტა ხელოვნური ქალაქია თქო, კი ვამბობ, მაგრამ პალმას ყველაფერი ეპატიება, იმიტომ, რომ იქ "La Seu" –ს კათედრალი და მიროს სახლია.
––––––––––––––––
ბარსელონას აეროპორტიდან ცხვირს გაყოფ თუ არა, ათასგვარი სუნის და არომატის სამყაროში აღმოჩნდები. პირველი სავიზიტო ბარათი მაინც მარილიანი ზღვის სურნელია, მსუბუქ ბრიზს რომ მოაქვს შენამდე (უცნაურია, მაგრამ პალმას აეროპორტიდან გამოსულს, მსგავსი არაფერი მიგრძვნია).
თენდებოდა ჩვენ რომ ჩავედით. არკ დელ ტეატროს შესახვევში, პალმის ხის ძირში, თუთიყუშებს ისეთი გნიასი ქონდათ ატეხილი, აშკარად ნერვებს უშლიდნენ ახლო–მახლო მყოფ მტრედებს.
ჰოდა, საოცარია როგორი ჰარმონიულია ერთ ქალაქში თავმოყრილი, ამ რადიკალურად განსხვავებული სუნების თანაარსებობა.
დილით, როცა ვიწრო ქუჩებში დადიხარ, შმორის და ნესტის სუნს, უცებ ენაცვლება ყავის, კრუასანის და ახლადგამოწურული ციტრუსის სურნელი. შუადღისთვის დომინანტი სანელებლების არომატი ხდება და შენც გახსენდება, რომ სადილის დროა. საღამოს შოკოლადის სუნი თამბაქოს სუნთან ზავდება და ნისლივით დგება ქალაქის თავზე.
ისე, ყველა ის მითი, რასაც ბარსელონაში წასვლამდე მიყვებოდნენ, დაიმსხვრა – ის, რომ იქ გაუსაძლისი სიცხეა, რომ ქურდები პირდაპირ ხელიდან გგლეჯენ ჩანთას და საფულეს, რომ უგემური საჭმელი აქვთ და თევზი თუ არ გიყვარს, მშიერი მოკვდები, 3–დან 6–მდე ყველას ძინავს და ყველაფერი დაკეტილია, რომ საგრადა ფამილია ყველაზე მაგარია, რომ სიძვირეა და ბევრი ტურისტის მიუხედავად, ნაგავს ყველა ურნებში ყრის :–))
ამ ქალაქის მთავარი ხიბლი ისაა, რომ პირველივე დღიდან გიჩნდება შეგრძნება, რომ მისი შემადგენელი ნაწილი გახდი. პალმასგან განსხვავებით, ის ცოცხალია და ნამდვილი. ბინძურია და თან ლამაზი, ემოციური და ხმაურიანი, თავისუფალი, ლაღი და არადაბოღმილი.
ბარსელონა არაა მარტო საგრადა ფამილია, როგორც ბევრი თვლის. ლამაზი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ტაძარში უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან შინაარსიანია. ფაქტობრივად მთელი ნაგებობა ქვად ქცეული ფლორა და ფაუნაა. ყოველი პატარა დეტალით ხვდები, შთაგონების როგორი უწყვეტი წყარო იყო ბუნება გაუდისთვის. თუმცა ჩემთვის პალმას კათედრალი ბევრად უფრო მომნუსხველი აღმოჩნდა (არ გეგონოთ ოღონდ, რომ იქ გაუდის ხელი არ ურევია :) ).
ბარსელონა გაუდის ქალაქია, უდაოდ. და კიდევ მიროსი. ვერ ნახავთ ვერცერთ საგამოფენო დარბაზს, მიროს ერთი ნამუშევარი მაინც რომ არ იყოს წარმოდგენილი. აღარაფერს ვამბობ უზარმაზარ სკულპტურებზე ქუჩებში, მის მუზეუმზე და მისი სახელობის პარკზე.
არ მინდა იმ არქიტექტურული ძეგლების და მუზეუმების ჩამოთვლა დავიწყო, სადაც ვიყავი. ეს ალბათ ისედაც გასაგებია. მთავარი მაინც ისაა, რა შეგრძნებას იწვევს ადამიანში ესა თუ ის ქალაქი.
თუ გინდა, რომ ბარსელონა კარგად შეიგრძნო, ფეხით უნდა იარო. ბევრი. სხვანაირად შეუძლებელია. სხვანაირად მართლა მარტო მუზეუმებს ნახავ და მორჩა.
ერთ დღეს, ჯორჯ ორუელის მოედანზე (დიახ, ზუსტად იმ ჯორჯ ორუელის, საგრადა ფამილია რომ სძულდა და ნეტა დაებომბათ და დაენგრიათო რომ ამბობდა) ქუჩის მომღერალს გადავაწყდი, რომელიც სუად მასის "Le Bien Et Le Mal"-ს ისეთი გრძნობით მღეროდა, ადგილზე გამაშეშა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, შუაგულ ბარსელონაში ამ ალჟირელი ქალის სიმღერას თუ მოვისმენდი, თან ასე ემოციურად ნამღერს და თან ქუჩის მუსიკოსისგან. ეს პირველი "დარტყმა" იყო.
მოკლედ, თუ გინდათ კარგი მუსიკა მოისმინოთ, ის მუსიკოსები ეძებეთ, ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში და პატარა მოედნებზე რომ სხედან. ზუსტად ასეთ ქუჩაზე წავაწყდით ახალგაზრდა ბიჭს, მინუს ფონოგრამაზე არიებს რომ მღეროდა ოპერებიდან. მივედით, დავსხედით და ნახევარი საათი ვეღარ ავდექით.Nessun Dorma-თი დაასრულა კონცერტი, "ტურანდოტი"–დან. ტაშს რომ ვუკრავდი მეტირებოდა.
წმინდა ეულალიას კათედრალის წინ, ორი გოგო და ერთი ბიჭი, ყოველ საღამოს მღეროდნენ "სუპერსტარიდან" ნაწყვეტებს, ფრედი მერკურის, ბობ დილანის და ჯონ ლენონის სიმღერებს. და რაც მთავარია, ყოველი მათგანი ბევრად უფრო კარგად აკეთებდა ამ საქმეს, ვიდრე ისინი, ჩვენთან მომღერლები რომ ქვიათ და სცენაზე დგანან. მე ბარსელონა მათთან ერთად შემიყვარდა. ეს ეტყობა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ როცა მე და ჩემი ორი მეგობარი ერთად ვისხედით, მოწყალების სათხოვნელად ყველა მაინცდამაინც ჩემთან მოდიოდა. ზოგი იქვე, "კონცერტზე", ზოგი კაფეში მაკითხავდა. მერე მახსენდებოდა – "აა, ეს ის არ იყო, ქსილოფონზე რომ უკრავს?" –"ეს ისაა, ხო, აკორდეონიანი ტიპი?" და მე სიხარულით ვაძლევდი მათ ფულს, ოღონდ არა მოწყალებას – ისინი გასამრჯელოს კარგი მუსიკისთვის იღებდნენ.
ისე, ბარსელონელ პოლიციელებს ეტყობათ, რომ ჰიმნი მათთვის არავის დაუწერია, თორემ ასეთი ზედაპირულები არ იქნებოდნენ :–)) როცა პორტში, სკამზე მჯდარი ძალიან მთვრალი კაცი ვნახე, რომელიც პერიოდულად "კე პასას" ბურტყუნით წამოდგომას ცდილობდა, სულ დამავიწყდა ჩემი კრემიანი და შოკოლადიანი, უგემრიელესი ვაფლი. მივხვდი, რომ ერთ–ერთ წამოდგომაზე, მინიმუმ 4 ნაბიჯი წინ და პირდაპირ თავით გადაეშვებოდა ზღვაში. მარტო დატოვება, პრინციპში მის სიკვდილს ნიშნავდა. პოლიციაში დავრეკეთ. ჩემდა გასაოცრად ინგლისური იცოდნენ, დიდი მადლობაც გადამიხადეს ყურადღებისთვის და პოლიციელის გამოგზავნასაც დამპირდნენ, მაგრამ 1 საათიანი ლოდინის შემდეგ მივხვდი, რომ არავინაც არ მოვიდოდა. ბოლოს, ბედზე ვიღაც გამვლელის ნაცნობი აღმოჩნდა და იმას გადავაბარეთ, საწყალი.
ქუჩებშიც ხშირად შეხვდებით პოლიციის მანქანებს, მაგრამ რატომღაც ყველა ცარიელია :–)

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ მგონი მანიაკის ჩანაწერებს დაემსგავსა უკვე და ჯობს შევჩერდე.
სულ რაღაც 10–11 დღე გავიდა და მე უკვე მომენატრა ბოკერიას ბაზრის თვალისმომჭრელი ფერები და ათასნაირი სურნელი, პორტში ხიდის გახსნის ყურება, უგემრიელესი პაეია, მიროს ასე მძაფრად, ყოველ ნაბიჯზე შეგრძნება, გუელის პარკი, მონოპოლისტი თუთიყუშები, ფერადი დარაბები და აივნებზე გადმოფენილი დიდი, თეთრი ფარდები. რამბლაც კი მომენატრა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ლამაზი ქუჩაა მთელს ბარსელონაში.
თურმე მართლა შეიძლება ასეთ მოკლე დროში, მთელი გულით შეიყვარო ქალაქი, სადაც მუდმივად უბერავს მსუბუქი ბრიზი, სადაც სევდიანთვალებიანი მოხუცი სუად მასის მღერის, სადაც ბავშვებს დაუნის სინდრომით სახლში არ მალავენ (არასდროს არ დამავიწყდება ის ულამაზესი პატარა გოგო, MACBA-ს დერეფანში რომ იჯდა ექსპონატივით), სადაც ღამით, განათებული კასა ბატლოს შემხედვარე, დაიჯერებ, რომ ჯადოსნური სამყარო არსებობს. თურმე შეიძლება შეიყვარო უცხო ქალაქი თავისი მათხოვრებიანად, თავისი მოტოებით და არცერთი ჯიპით, ხმაურით, სიცილით, ინგლისურის არმცოდნე, გულღია კატალონიელებით, ფორთოხლის ხეებით და სიმსუბუქით. სწორედ იმ სიმსუბუქით, თავისუფლებას რომ შეგაგრძნებინებს. თავისუფლებას და ბედნიერებას.
ჩვენი თვითმფრინავი მშობლიურ ქალაქში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
თბილისში შუქი არ იყო....


16 comments:

c. said...

ჯერ პალმას ნაწილი წავიკითხე. ახლა ვწყვეტ. სიამოვნებას ვიხანგრძლივებ ;) :))

პ.ს. ით ვოზ ა ზღაპარ!!! :D

c. said...

ჩავიკითხე. ჯერ სუ(რ)ნე(ლე)ბი ვიგრძენი. მერე მუსიკა მესმოდა. თან ვხედავდი ყველაფერს და ბოლოს კინაღამ ამეტირა :)

:)

nino kajaia said...

მეც მომინდა იქ ყოფნა,თავისუფლების შეგრძნება.......გმადლობთ!

lasharela said...

უკაცრავად, პენსიონერთა კლუბი აქ არის?
მიმიღებთ? :))

kalo said...

რა შუაშია პენსიონერთა კლუბი, ლაშა გენაცალე?

ketty said...

ჩემზე ასრულდა კველა მითი, სამაგირეოდ:)))
ვალდებული ვარ დავამატო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი - ფეხბურთი. არა იმიტომ, რომ ბარსა-რეალის თამაშზე ვიყავი და ვნახე როგორ აკეთებენ მეტანიერბს "მესი"-ს შეძახილით:) არასოდეს დამავიწყდება ბარმენი გოგონა, რომელიც ადგილზე გაქვავდა ტელევიზორის ეკრანზე ბარსას ფეხბურთელები რომ დაინახა. პირდაღებული, მაგრამ აღტკინებული მზერით შესცქეროდა ტელევიზორში ფეხბურთელების ვიზიტს საბავშვო ბაღში. არ მომბეზრდა, ვაკვირდებოდი 15 წუთი. ამ ქვეყნის აღარ იყო. თვალი არ დაუხამხამებია. აშკარად აღარ ახსოვდა სად იყო:)

kalo said...

ძაან მშურს შენი, ბარსა–რეალის თამაშის მომსწრე რომ გახდი ნოუ კამპზე, აი, მართლა მაგრა მშურს :–)))

lasharela said...

მარტო მისთვის თუ ლაპარაკობდა ფურცელზე უნდა დაეწერა "თაკოოოო" და უნდა ესროლა, დაკუჭული :))

კარგი იყო :)) მომეწონა.

kalo said...

მე კი მივხვდი ეს კომენტარი რომელ ტექსტს ეკუთვნის, მაგრამ .... :–))))

Anonymous said...

i like it!澎湖民宿澎湖旅遊推薦花火節2012澎湖民宿

MLM Software said...

Thank you,
The given infotrmation is very effective.
I'll keep updated with it.

Software Development Services

sugu.ariestechsoft87@gmail.com

nexrena-net said...

Nexrena.NeT - Портал нового времени! - фильмы, фильмы онлайн, музыка, игры

lika akhobadze said...

დილის 6 საათის მერე არ მძინავს, რაც პირდაპირ ჩემ ნერვებზე ისახბა და მთელი დღე საშინლად დაძაბული მაქვს ყველა ის დარჩენილი ნერვი, რომელიც ჩემი უმცროსი შვილის ზმუილის სმენას გადაურჩა...
ძალაინ ვისიამოვნე, ძალიან დიდი მადლობა!

kalo said...

ლიკა, მეც დილის 6 საათზე ვიღვიძებ ყოველ დღე, ოღონდ მე სამსახურის გადამკიდე :–)))რაც ჩემს ბლოგზეც აისახა – აგვისტოს მერე არაფერი არ დამიწერია და ნერვები მეშლება. გამიხარდა, რომ მოგეწონა. დიდი მადლობა :–)

mjshdiif said...

not part of the use or purpose of the product itself. Aesthetic functionality was at issue in Jay Franco & Sons v. Franek, when the US Court of Appeals for the Seventh Circuit cancelled a federal trademark registration thatChristian louboutin outlet claimed the circular beach towel. The court held that, "[g]ranting a producer the exclusive use of a basic element [such as color] impoverishes other designers' palettes." The

classic - and very stylish - stilettos seems to have branched out into taxidermy.One of his newest pair of heels, as seen on Blake Lively in New York this morning, are sparkly, hairy versions of a lion's paws.Louboutin's heels are a celebrity favourite. Rosie Huntington-Whitely recently admitted that they made her 'feel like a woman'.'I feel they make you look very sexy, the cuts are beautiful; t

e-inch stiletto and those traffic-stopping soles, theyChristian Louboutin Women's Pumps became the ultimate seduction tool, attracting women to Louboutin, and men to women."Indeed, no one ever thinks about the soles of shoes, even though they're very important," Louboutin says. "When you turn around to watch a woman walking away, what do you see? An outline, a gait, and the soles, which have become like two red signals. Several o

ure is a functional element whereby the competitors need to use it in order to effectively compete. Indeed, the red lacquer applicationincreases the costs of manufacturing and points to the opposite conclusion.Under Christian Louboutin Women's Slingbakthe second prong, Tiffany said that the District Court did not appear to have conducted any examination to whether the application of the red lacquer improved the operation of the Loub

ani said...

usayvarlesi xaaaaaaaaaaaaaaaar