Wednesday, November 4, 2009

გაფრენილი წერილი

ჯერ კიდევ ძილში იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. უფრო სწორად სიზმარში ნახა. ზოლიან ქურქში გამოწყობილი მაწანწალა თვალს არ აშორებდა მძინარე ჯეიმსს.
გაღვიძებულმა განსხეულებული "სიზმარი" დაინახა და თვალები დახუჭა. სათანადოდ არ გამოვფხიზლებულვარო, გაიფიქრა.
-Jepilpilin ke ejukaan - ალაპარაკდა "სიზმარი".
ძილი გაქრა. ჯეიმსი გაოცებული უყურებდა "ზოლიან სიზმარს".
ქვიშა ცივი იყო. ცა ბინის დაბალი ჭერივით იდო სანაპიროს თავზე, წყალი ზანტად ისროდა უდღეურ ტალღებს. მზე ჩადიოდა.
-მზე... უკვე ჯეიმსისთვის გასაგებ ენაზე თქვა ზოლიანმა
-ვინ ხარ?
-მზე სპექტრული ტიპის ყვითელი ვარსკვლავია. წყალბადის, ჰელიუმის და სხვა აირებისგან შემდგარი გიგანტური, გავარვარებული სფერო.
-სად ვარ?
-მზის ზედაპირულ ფენაში, რომელსაც ფოტოსფერო ქვია, ტემპერატუტა 6000 გრადუსს აღწევს.
-სად ვარ? ნერვიულად იკითხა ჯეიმსმა და იგრძნო, როგორ უკანკალებდა მუხლები.
-ეს წყნარი ოკეანეა, Mare Pacificum, "მშვიდი ზღვა", ასე დაარქვა მაგელანმა. ეს ოკეანე მსოფლიოს....
-ვინ ხარ? ვინ ხარ? ვინ ხარ? - იმეორებდა ჯეიმსი და ისტერიულად ურტყამდა ქვიშას ხელისგულებს.
-მე ტომეინგი მქვია
-სად ვარ? საცოდავად ამოილუღლუღა
-მაჯურიში, მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში

ჯეიმს, თუ გძინავს, გიბრძანებ გაიღვიძო. ახლავე! გესმის?!
ჯეიმსს ეღვიძა.

-მზემ მოგიყვანა. მშვიდ ზღვასთან. მე შენ 20 წელი გელოდი.
ჯეიმსმა იგრძნო, როგორ გაჯერდა ოფლნარევი შიშით მისი სხეული.
-ცივა. და ცა? ცა რატომაა ასე დაბლა?
-დაღამდა. ცა ატმოსფეროს ან გარე კოსმოსის ნაწილია. მისი ზუსტი განსაზღვრა რამდენიმე მიზეზის გამო შეუძლებელია. ცა ზოგჯერ განმარტებულია, როგორც პლანეტის ატმოსფეროს ხშირი, აიროვანი ზონა. დღის განმავლობაში ცა ლურჯია, ჰაერის მიერ მზის შუქის მიმობნევის გამო. მზე ალამაზებს ცას. ღამით კი ვარსკვლავებით მიმოფანტულ შავ ზედაპირად ჩანს.
-ტომეინგ
-მარშალის კუნძულებზე ხარ, ჯეიმს. მზემ ამოგიყვანა ოკეანიდან
-ჯეიმს?
-ჯეიმს ბოლდი, ლონდონიდან. გაიღიმა ტომეინგმა
-შენ? შენ საიდან იცი ჩემი სახელი? მე გემით, მე, მე...
-შენი გემი აღარ არსებობს. არც არასდროს არსებობდა. შენ მზის დესპანი ხარ.
ჯეიმსმა უმწეოდ შეხედა მოხუცს.
-ჩემთან წამოდი. ცხელ ჩაის დავლევთ
-სახლი გაქვს? მაწანწალა მეგონე.
-მე ტომეინგი ვარ. ბოტანიკოსი. გვიმრის ბუნებას ვსწავლობ.

სახლი ქალაქის განაპირას იდგა. ნაცრისფერი კედლებით და ყვითელი შუქით. ცხელმა ჩაიმ და ვანილის, ოდნავ ნესტიანმა ორცხობილამ ჯეიმსი დაამშვიდა.
ოთახის შორეულ კუთხეში ჟანგისფერი ძაღლი იწვა, მოკუნტული.
-აფრენილო ძაღლო, გადი გარეთ.
ძაღლმა კუდი შეარხია
-ძალიან ჯიუტია აფრენილი ძაღლი.
გიჟია, გაიფიქრა ჯეიმსმა და შეამცივნა.
-უკვე 20 წელია ერთად ვცხოვრობთ, მის ხასიათს კი ბოლომდე მაინც ვერ ჩავწვდი. ერთმნიშვნელოვნად ინტრავერტია. პერიოდულად ციკლოთიმიის შემოტევებიც აქვს. თუმცა ვუყვარვარ. უანგაროდ.
ჯეიმსმა ვერ შეამჩნია, როდის მიეპარა უანგარო ძაღლი.
კისერთან საშინელი ტკივილი იგრძნო.
-აფრენილო ძაღლო, როგორ გაბედე. სტუმარს უკბინე. დაისჯები და ღამეს გარეთ გაათევ.
კუდამოძუებული ძაღლი შემზარავი წკმუტუნით გავარდა გარეთ.
-ვიცი, რომ წერილი შენ გაქვს. ტომეინგმა საფენი სპირტში დაასველა.
-წერილი?
-წერილი აუცილებლად დაბრუნდება უკან, აუცილებლად. ვიცი.
-მე არ მაქვს წერილი. ისიც არ ვიცი სად ვარ. ან რატომ ვარ.
-20 წელია ველოდები. იმედი არ დამიკარგავს.
-მე მსახიობი ვარ, ლონდონიდან. 20 წლის წინ 7 წლის ვიყავი. წარმოდგენა არ მაქვს რა წერილზე მელაპარაკებით.
-აფრენილი ძაღლი მიხვდა, რომ წერილის დაბრუნების დრო დადგა. ის არასოდეს ცდება. ღამე მშვიდობის. საწოლებს არ ვცნობ. იატაკზე დაიძინეთ.
ღამით რამდენჯერმე დაყნოსა ჯეიმსი აფრენილმა ძაღლმა.
აღარ უკბენია.
-სინდისი ქენჯნის. გაიფიქრა ბოლდმა და საკუთარი თავის შეეშინდა.
ოთახში ჯეიმსის სუნთქვის და ძაღლის მსუბუქი ღრენის ხმა ისმოდა.
დილით ჯეიმსს არ გაუღვიძია. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ღამით თვალი არ მოუხუჭავს.
საუზმემ მდუმარებაში ჩაიარა.
სანაპიროზე ციოდა.
აფრენილ ძაღლს ნაქსოვი ჟილეტი ეცვა, ბოტანიკოსს ზოლიანი ქურქი.
არაქათგამოცლილი ჯეიმსი ოკეანის აგრესიულ ფრინველებს იგერიებდა.
-გვიმრებმა მთელი ცხოვრება წამართვეს. ტომეინგი ოკეანეს გაჰყურებდა. - ამას არც ვნანობ. მისია იმდენად დიდია, ერთი სიცოცხლე შესაძლოა არც ეყოს.
აქოშინებული ჯეიმსი ქვიშაში ჩაჯდა.
-გვიმრა სპორებით მრავლდება, მას...
-სად გაფრინდა შენი წერილი?
-ცაში
-ადრესატი ვინ იყო?
-მზე. მან პასუხი 20 წლით დააგვიანა. ამიტომაც ანათებს მორიდებით. ჩემი რცხვენია. მე მას გვიმრებისთვის სულის შთაბერვა ვთხოვე. მან კი 20 წელი მალოდინა. დედამიწას ადამიანები ანადგურებენ. ის გვიმრებმა უნდა გადაარჩინონ. ოღონდ ამისთვის მათ სული სჭირდებათ.
მზე გადამფრენი წეროების გუნდმა დაფარა.
-მზემ შენი წერილი წეროებს გამოატანა. ვნახოთ, მოაღწევს თუ არა ის შენამდე. გავითვალოთ.
-წეროები. დაიწყო ხმადაბლა ჯეიმსმა
-მიფრინავენ. ჩახლეჩილი ხმით განაგრძო ტომეინგმა
-საით?
-შორს
-რამდენი?
-შვიდი
-ერთი
-ორი
-სამი
-ოთხი
-ხუთი
-ექვსი
-შვიდი.
წააგე. გაფრენილ წერილებს უკან ვეღარ დააბრუნებ.
ტომეინგი სევდიანად უყურებდა ბაც იისფერ ღრუბლებს.
აფრენილი ძაღლი ხელისგულს ულოკავდა ჯეიმსს.
წეროები სულ უფრო და უფრო შორდებოდნენ მზეს.

9 comments:

Dv0rsky said...

Jepilpilin ke ejukaan
ძაან მაგარიაააააა!!!!!!!!! :)))))))

J.B said...

gmertoo, Jaimss!!! - gamoscra simcrisgan da mas mere aravis unaxavs.

Kalo said...

pacho, eg marshaluri enaa :-):-)

J.B. gmadlob, shtagonebistvis :-):-):-)

c. said...

კალერ ძალიან მაგარია! :) მოვიხიბლე! მოხიბლული ვარ თქვენი ჯეიმსით :))

და რაღაცეები გამახსენა. სხვა ნაწერები და სხვა სიუჟეტები. :) ოდნავ, რაღაცით მსგავსი :) ერთი - ჩემი. ერთი - არა ჩემი

ვოტ ტაკ

საღოლ

Kalo said...

aragoris mcvadi xom ar gagaxsena? :-):-):-):-)

c. said...

:))))) ara :) aragonis :)))

Dv0rsky said...

@კალო - ვიცი, რომ მარშალური ენაა :)
მაგდენი ვიცი :)

ketketa said...

რა ფანტასტიური წასაკითხია, ნინ:)
რაღაცნაირი სრულყოფილი:)

Kalo said...

vitom? me ufro suleluri mgonia, ket :-)