Thursday, July 2, 2009

ლადო ასათიანი

წაიკითხეთ გთხოვთ. ყოველი სიტყვა წაიკითხეთ.
როგორი ლაღია, როგორი იუმორი აქვს, როგორ უყვარს ცხოვრება.
მისი უბრალო ჩანაწერებიც შედევრებია.
და რატომ იცოცხლა ამ კაცმა 27 წელი?
წაიკითხეთ.... არ დაგეზაროთ

ჩანაწერები - ლადო ასათიანი

*** ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყეელაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე „ოდისეამ“ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები. ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!
*** ქვეყნად ვეძებდი სამოთხეს, სამხრეთისაკენ ედემსა, ეფრატის გაღმა გავხედე გადახრუკულსა ქედებსა, - ეს სამი გა-გა-გა და ექვსი სა-სა-სა-სა-სა-სა - რუსთაველისად ჟღერს სტრიქონებში; კაი ოსტატი იყო სწორედ ჩვენი მოხუცი რაფიელი.
*** ქართველი გლეხი. ნამდვილი გლეხი. კარგად ვიცნობ იმერელ გლეხს, ლეჩხუმელს, მეგრელს, გურულსა და რაჭველს... ქართლელსა და კახელს -უფრო წიგნებით. პრუდონი ამბობდა: მე მყავს 14 წინაპარი გლეხთა შთამომავლობა. დამისახელეთ თუნდ ერთი ოჯახი, რომელსაც ამაზე უფრო კეთილშობილი წინაპრები ჰყავდაო.
*** დიდუბის საავადმყოფოში ვინახულეთ ახალგაზრდა პოეტი ვასო ლომიძე, - ვლადიმერ უბილავამ წაგვიყვანა. სანთელივით ჩამომდნარს, სახეზე მიწის ფერი ედო. სიცხისაგან ისედაც გათანგული, ცხელ ქვეშაგებში იწვა და სქელ ლეიბზე კიდევ ცხვრის ტყაპუჭი ეგო: მცივაო, შემოგვჩივლა, - არაფრით არ იქნა ჩემი გათბობაო. გათხელებული, გამჭვირვალე ცხვირი... ჩამოღვენთილი თითები! ჩვენთან საუბარი უნდოდა, მაგრამ სიტყვის თქმა უჭირდა. რედაქციიდან გამოგზავნილი ფული გადავეცით და, გარეთ რომ გამოვედით, ბაღში გაზაფხული იყო, ალუჩები ჰყვაოდნენ... ის კი ჭლექით კვდებოდა.
*** ერთმა კრიტიკოსმა (კიდევ ერთმა!) ჩემი პოემა „კოლხიდა“ გააბიაბრუა. არ ღირდა ამ პოემაზე კალმის წვერის დაღლა, მელნის დახარჯვა, თოვლივით ქათქათა ქაღალდის დასვრა... ამდენიც არაფერია ის პოემაო... ამის შემდეგ, იქნებ, გვეღირსოს და ტალახიდან ამოგვიყვანოს მსგავს კრიტიკოსთა სიმძლავრემ, მათმა დიდებამ და მათმა სიქველემ!
*** შალვა დადიანმა მიიღო ლენინის ორდენი. მივულოცეთ ახალგაზრდებმა ბინაზე - თერთმეტსართულიან შენობაში; ვიყავით: ლადო ავალიანი, რევაზ მარგიანი, გიორგი კალანდაძე, ალეკო შენგელია, ალიოშა საჯაია, ანდრო თევზაძე, შალვა ამისულაშვილი და მე. „შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა“, უხაროდა. თმაშევერცხლილი მწერალი დინჯად უჯდა მაგიდას და დიდხანს გვესაუბრა. ჩვენი შეხვედრა კინო-ქრონიკაში გადაიღეს და უჩვენებდნენ კიდეც სრულმეტრაჟიანი ფილმების ბოლოს: დინჯად უზის მაგიდას თმაშევერცხლილი, სახელოვანი მწერალი და თვალებში შევსციცინებთ პირტიტველა ჭაბუკები, - „ჩვენი მწერლობის საიმედო ცვლა“, - ასე გვიწოდა შალვამ მაშინ.
*** როგორ გამეხარდა, „დონ კიხოტში“ რომ ვნახე ფრაზა: ქვა მოხვდა ლიტრას თუ ლიტრა მოხვდა ქვას, მაინც ვაი ლიტრის ბრალიო. „ქილილა და დამანაშია“ ასეთი - ჭაროს ნათქვამი არაკი - „ხელმწიფე და დიდებული“: „მე და შენი საქმე ჭიქასა და ქვასა ჰგავს, თუცა ქვა ჭიქასა ეცა, ანუ ჭიქა ქვასა დაჰკრა, ორგანვე ჭიქა დაილეწება და ქვა უვნებლად დადგება“. *** რამდენი ნოდარი, რევაზი, თამაზი, ვახტანგი, შოთა, ოთარი, რამაზი, მერი, მეგი და სხვა გმირებია თანამედროვე მწერლების ნაწერებში. როგორი სახე აქვთ? რა აცვიათ? ხშირად ზოგ ავტორს აღარც კი ახსოვს, როგორები არიან მისი ნაწარმოების უსისხლხორცო და უსახო გმირები. აბა, დაიძახე: ლუარსაბ თათქარიძე! ოთარაანთ ქვრივი! ტარიელ მკლავაძე! სოლომონ მორბელაძე! მოსე მწერალი! ერემია წარბა! სპირიდონ მცირიშვილი!
*** გრიგოლ აბაშიძეს ჰქონდა ფრანგულიდან თარგმნილი ფრანსუა ვიიონის რვასტრიქონიანი ლექსი: მე არ ვიცოდი, რა იყო დარდი, ახალგაზრდობა ვატარე ტკბილად, სად მომეპარა სიბერის ლანდი, სად გაქრა ჩემი სიცოცხლის დილა? იქნებ ორი ფრთა მიაფრენს წყვილად, იქნებ გაქროლა რაშით ფარულად? დავდივარ, ვეძებ გაპარულს ფრთხილად, ვერ გამიგია, საით წასულა. ალიოშამ წაიკითხა და თქვა: ეს კაცი (ფრანსუა ვიიონი) ჩვენსავით ახალგაზრდა იყო, ქეიფობდა, ლაღობდა, დროს ატარებდა, ახალგაზრდობას კი მისტირისო. ასეთი წუწუნი ჩვენთვის ჯერ ადრეაო.
*** აქილევსს რუსთაველის გმირები მირჩევნია: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ - აქილევსმა არ იცის. ოღონდ ცოცხალი იყოს, მკვდართა სამეფოში არ დარჩეს და... მკვდარ ლომს ცოცხალი ძაღლი ურჩევნია. ამის მსგავსი უთხრა მან რაღაც აიდესში ჩასულ ოდისევსს.
*** მწერალთა სახლის ბაღში ერთი მწერალი იჯდა - რაფიელის “სამშობლო ხევსურისა” ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო, შოვინიზმის სუნი უდისო. სულ სულელი ვუძახე: უნდა მეცემნა, ძლივს გამასწრო...
*** ისტორიული რომანი, რომელიც აამაღლებს ერს! გამოგონილი კი არა, ნამდვილი! არა ისეთი მეფეები, მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილები რომ არიან, თავადები - მოღალატენი და გლეხობა - აჯანყებული და გაყაჩაღებული! ასეთი ქვეყანა აქამდე დაიღუპებოდა!
*** აკაკი! აკაკი და სულ აკაკი! სადაც დიდოსტატი აკაკი იყო, მასთან იყვნენ: მამია გურიელი, დუტუ მეგრელი, გრიშა აბაშიძე, ჭალადიდელი, ცახელი, მაჩხანელი, ვოლსკი-უმწიფარიძე, ჩვენი დომენტი თომაშვილი და კიდევ... და კიდევ... სხვა ცნობილი და უცნობი ქვეოსტატები.
*** სოფლიდან ჩამოვიდა პოეტი გიორგი შატბერაშვილი. იქ მასწავლებლადაა. ცოტა გამხდარია, გასოფლელებულია. ახლდა პატარა ბიჭი - ზებედე, პაპის სახელი ჰქვია. ლექსებს ხომ არ წერს შენი შვილი-მეთქი, გავეხუმრე, მაგას კი არა, მეც აღარ მცალია ლექსების საწერადო, მომიგო გიორგიმ.
*** რა იქნებოდა ტოლსტოისა და გოეთეს ხნის ბაირონი, პუშკინი, ბარათაშვილი ან ლერმონტოვი?
*** მწვანე ბაზარში ვნახე გალაკტიონი. ქეიფობდა ქუთაისელ მემწვანილეებთან და „მეტაჩკეებთან“. ზამთარი იყო, - ქუთაისური ქარ-ყინვა. გულგაღეღილს მოუჩანდა წითლად აღაჟღაჟებული ვაჟკაცური მკერდი.
*** „გამო შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს!“ მე-19 საუკუნეში არავის არა აქვს ასეთი რითმები. აქ რაფიელ ერისთავი სწორუპოვარია. კიდევ აქვს იმ დროისათვის ახალი:მერანი-ვერავინ-ფერავენ, ხირიმი-ჭირიმე და ა. შ.
*** ძველებში: შოთა - საბა - გურამიშვილი - ბარათაშვილი - ილია - აკაკი - ვაჟა - ყაზბეგი - კლდიაშვილი - ნინოშვილი; ცოცხლებში: ნიკო ლორთქიფანიძე - გალაკტიონი! ამათ თავიანთი საკუთარი მადლი და შუქი აქვთ!
*** „ვინც ღვინოს არ ეტანება, ყველა ღვინისმსმელი ლოთი და ვაგაბუნდი ჰგონია. ყურძნისა და ღვინის ქვეყანაში ლოთები უფრო ნაკლებია, ვიდრე უვენახო და უვაზო მხარეში“, - ეს გერცენის ნათქვამია.
*** რა მომწონს „კაკო ყაჩაღში“?: „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს, მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი“; „მითხარ, დედალო რას აკეთებდი?“ „და შეუნგრია გულის ფიცარი“; „შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!“; „ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა“...
*** სამოციანელთა მსგავსად ჩვენც უნდა ვუცადოთ ვინმე დიდის მოსვლას. ჩვენს ზურგზე გადაივლის ის დალოცვილი, წარუძღვება მთელს მწერლობას: თავს ისახელებს, ჩვენც გვასახელებს, ხალხს ასახელებს. წინასწარ ქედს ვიხრი მის წინაშე!
*** არ მეხარბება პინდაროსის ბედი, ოდებს ტირანებისა და ცნობილ დიდკაცთა დაკვეთითა და გარიგებული ფასით რომ წერდა. საზიზღარია დაქირავებული პოეტი!
*** დღეს ბაღში გადავიღეთ სურათი მე, მირზამ, შალვა დემეტრაძემ, იაკობ (ჟაკი) ბალახაშვილმა. ვზივართ მერხზე და შევყურებთ ფოტოაპარატს. ესაა და ეს, მეტი რაღა გვინდა!
*** სახარებას ქართული სიტყვისათვის უფრო ვკითხულობ. „ნეტარ იყვნენ გლახაკნი“ - ჩემი საქმე არ არის. ცხოვრება წარმართივით უნდა გიყვარდეს.
*** უნდა დავწერო ზღაპრები ლექსად: როგორი იქნება გალექსილი „ასფურცელა“ და „ირმისა“ - ორი საუკეთესო ქართული ზღაპარი?
*** ჩვენს ნიკას „ორმოცი წლის ვუნდერკინდი“ შეარქვა ალიოშა საჯაიამ. მასვე ეკუთვნის ნიკაზე თქმული: „მდივანი გვყავდა ნიკოლა, ვაქებდით, - არა იყო რა!“
*** მშვენიერი ხალხური სიმღერები: „ფერად შინდი“, „ვახტანგური“, „შვიდკაცა“, „წინწყარო“, „ბროლის ყელსა“ და სხვები, - მეტად ძნელად შესასრულებელი და ჩახლართული სიმღერებია. *** „ბედი ქართლისა“, „აჩრდილი“ და კიდევ სხვა რომელი? „თორნიკე ერისთავი!“ ეს სამი პოემა ეყოფა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს.
*** ქვეყანას მორწმუნე ადამიანი უნდა მართავდესო, გვითხრა ერთხელ ქუთაისის კათოლიკეთა ტაძარში პატრმა დონ დამიანე სააკაშვილმა.
*** „სულმნათნო, მადლი თქვენს გამჩენს, დიდება ერსა, თქვენს მშობელს“ - ეს სიტყვები უნდა წაეწეროს ილიასა და აკაკის ერთობლივ ძეგლს, თუკი ოდესმე დაიდგმება ასეთი.
*** მშვიდობით, ქალავ, დე არხვატს დარჩეს ჩემი ლურჯაის დაკრული ტორი! - ეს ჩვენი კარგი გაბრიელისაა, ჯაბუშანურის.
*** დამამახსოვრდა: უშანგი ჩხეიძის ელვარე თვალები, ოდნავ მოღიმარი, ვაჟკაცურად ლამაზი სახე, შნოიანი აღნაგობა. ქუთაისის თეატრში ვნახე ერთხელ.
*** კარგი სიტყვებია: ლაჯანური, ლაბეჭინა, ლეხიდრისთავი, ლეშკაში, ლაღუმელა, ლეხიდარი, ლაილაში, ლარჩვალი, ლაჯანა, ლასხანა, ლახეფა, ლასურაში, - მთელი ლეჩხუმი ...
*** „შემოდგომის საღამოა მშვიდი,“ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“ - ეს - ტერენტი გრანელია! ძალიან მომწონს!
*** სასადილოში რომ კაცი იყო, წარბს ზემოთ ხალი ჰქონდა, თითქოს ბუზი აჯდა. როგორ მინდოდა ამეფრინა: ერთხელ „აქშაც“ კი შევუძახე...
*** ალიოშა საჯაიას თვალები - რიბირაბო, დანისლული, დანაშაულზე წასწრებულივით დამორცხვებული.
*** ერთის სურათზე თქმული: ისეთი გამოხედვა აქვს, ყველაფერს იკადრებს: გიღალატებს, მოგატყუებს, ორ გროშად გაგყიდის.
*** ნარიყალა - ნარიგ-ყალა (მიუვალი ციხე სპარსულად); სოლოლაკი - სულუ-ლახი (სარწყავი არხი - იმავე ენაზე).
*** „რა ფერისაა ქვეყანა, ნეტავ მაჩვენა თვალითა?“ - რა სევდა ვიგრძენი ვაჟას ამ სტრიქონების წაკითხვისას!..
*** ხომ გენიალურია, დავით კლდიაშვილის არისტო რომ ბოხოხს დაახეთქებს მიწაზე?
*** ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ სვეტიცხოვლის კედელზე რომ ეხატოს, რა დიდებული საქმე იქნებოდა!
*** „ბუნების კარი“, - იშვიათია ასეთი სახელწოდება. ბევრ წიგნს არ ჰქვია ასეთი დიდებული სახელი.
*** მინდა, მქონდეს საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის... ისე, დიკენსმა რომ დაწერა და შეადგინა.
*** ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება...
*** უნდა დავწერო ქართული კომიკური რომანი ლექსად.
*** უნდა გავმრავლდეთ მალთუსის ჯინაზე!
*** ფიროსმანს ყველაფერი გულუხვადა აქვს: პური ვარო, ღვინო ვარო!
*** დავდივარ იმ ადგილებში, სადაც ნიკალას დაუდგამს ფეხი.
*** ასი წლის კაცი, დოსტი ფიროსმანის, დადის ქუჩაში, უსინათლო...
*** სანჩო-პანსა - იმერელი გლეხია, ზემოური, ან ოკრიბელი.
*** ანდაზა: მდივნები წავლენ, წამოვლენ, მწერლები დარჩებიანო.

4 comments:

ally said...

უსაყვარლესი ვინმე იყო და ძალიან მაგარი. მგონი პირველი პოეტია, რომლითაც დავიწყე პოეზიის კითხვა და ბავშვობიდანვე ძალიან შემიყვარდა.
კარგად მახსოვს, მწვანე, მაგარ ყდიანი ძველი წიგნი გვქონდა, ეგ მომცა მამაჩემმა და მერე, მიუხედავად იმისა, რომ ლადოს ბევრი სხვა წიგნიც გვქონდა, ეგ წიგნი მაინც განსაკუთრებულად მიყვარდა, კითხვისგან და ფურცვლისგან თითქმის დახეული და გაცრეცილი ფურცლებით. ლექსებზე ხომ ვგიჟდებოდი და სწავლა არ მჭირდებოდა, ისე მამახსოვრდებოდა ზეპირად, და წერილები და პატარ-პატარა ფრაზები და ჩანაწერები რომ წავიკითხე, კიდევ უფრო შემიყვარდა.
მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დადებითი, ძალიან კარგი ადამიანი იყო.
როცა გავიზარდე, მერე მივხვდი - რა პატარა ყოფილა თურმე. და რანაირად მოასწრო ამდენი?!

ცოტა მხიარული გადახვევისთვის, რაც მახსოვს ერთი ექსპრომტი, სახუმარო, ლადოსი:
"მსურდა ჩაი დამელია,
მაგრამ ფული დამელია
გვითხრა ნიკომ უპანიკოდ.

ღვინო მინდა, ჩაი - არა
თქვა ლადომ და ჩაიარა.

ო, როგორ გვიყვარს ჩვებ ერთმანეთი
ნიკო, მომეცი ერთ(ი)მანეთი"

აი, ასე :)

მაკომენტებელის შენიშვბა: ნიკო - ნიკა აგიაშვილია, თუ არ ვცდები

s.p. said...

*** ქვეყანას მორწმუნე ადამიანი უნდა მართავდესო, გვითხრა ერთხელ ქუთაისის კათოლიკეთა ტაძარში პატრმა დონ დამიანე სააკაშვილმა.

:))))))))))))))

რა იცოდა ლადომ რომ 2009 ში ეს პატარა ჩანაწერი ანეგდოტურ ელფერს მიიღებდა.


გენიოს!

Xato said...

ლადოსეული ლეჩხუმიც მაგარია და მისი ლექსებიდან მახსოვს ”ორი საახალწლო” სულ პატარაობაში ვისწავლე და დღესაც ყველზე მეტად მეტად მიყვარს...

ნასტასია said...

marto lado ara,me saertod eg taoba da ar sheefereba es sityva,magram ,,sastavi'' miyvars...

alali,sicocxlis moyvaruli,ragacnairad gulubryvilo da tragikulic,da gmerto chemo,rogor uyvardat saqartvelo...:))))